კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხობელები „გაკოჭილი“ ცოტნე დადიანის გათავისუფლებას მოითხოვენ

11 აპრილი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ძნელად თუ წარმოიდგენდნენ ქართველები იმას, რომ თავის დროზე გმირად აღიარებული, ხოლო შემდეგ წმინდანად შერაცხული ცოტნე დადიანის გათავისუფლების საკითხი 21-ე საუკუნეში კიდევ ერთხელ დადგებოდა. ხობელები სწორედ რაიონულ ცენტრში აღმართული ცოტნე დადიანის მემორიალის ე.წ. „სკოჩისა“ და ბრეზენტისაგან გათავისუფლებას მოითხოვენ. ხელისუფლებამ და სამართალდამცველებმა კი ქართველი წმინდანის ბიუსტი ასეთ მდგომარეობაში შარშან ჩააგდეს.

"ისტორიულად ცოტნე დადიანი ბუზებშემოხვეული გვახსოვს და არა ბრეზენტშემოხვეული, ან კიდევ „გასკოჩილი“. თუ ვინმემ მისი ბიუსტის ასაგები თანხა მიითვისა - დადიანი რა შუაშია?!"

"მონღოლთა ურდოს გადაურჩა ცოტნე დადიანი და ნაცისტებს ჩაუვარდა - აბა ამას სხვა რა ჰქვია?! მტრებმა მისი ვაჟკაცობა აღიარეს, ამ ხელისუფლებამ კი იგი ჩვარში გაახვია! ან საერთოდ აიღონ ეს მემორიალი, ან გახსნან!"

ეს ის შეფასებებია, რასაც ხობის მოსახლეობა ცოტნე დადიანის მემორიალის გახსნა-დახურვაზე აკეთებს. თუმცა, თავის დროზე ხელისუფლებას მათთვის არც გახსნამდე უკითხავს რამე და ნებართვას, მითუმეტეს, არც მის დახურვაზე მოსთხოვს. ხელისუფლება არც იმის მიზანშეწონილობაზე დაფიქრებულა, რაც ჩვეულებრივ, წმინდანად შერაცხული ადამიანების ძეგლად აღმართვას უკავშირდება.

სამაგიეროდ, ხობის ხელისუფლებამ და საოლქო პროკურატურამ 2007 წლის 18 სექტემბერს სასჯელი ისევე გამოუტანა ცოტნე დადიანს, როგორც მემორიალის გახსნის მოსურნესა და ორგანიზატორს, ხობის ყოფილ გამგებელს, თემურ გერგაიას.

გასული წლის 16 სექტემბრის დილას ცოტნე დადიანის ბიუსტი ბრეზენტში გაახვიეს, ხოლო თემურ გერგაია და კიდევ 13 მაღალი თანამდებობის პირი წინასწარი პატიმრობის საკანში გაამწესეს. რამდენიმე დღეში 14-დან 5 ადამიანი: ბადრი ჯობავა, მამუკა ბულია, მალხაზ ბუბუტეიშვილი და შალვა კალანდია პატიმრობაში დატოვეს, დანარჩენები კი მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა, გია ბერიშვილმა დაკავებულებს ბრალი ს.ს. კოდექსის რამდენიმე მუხლით წაუყენა. თემურ გერგაიას მიმართ წაყენებული ბრალდებიდან ერთ-ერთი სწორედ ცოტნე დადიანის მემორიალის მშენებლობას უკავშირდება. 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საერთო ჯამში ყოფილ გამგებელს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა თემურ გერგაიას მემორიალის მშენებლობისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისების განზრახვაში ადანაშაულებს. გამგებლის თანამზრახველად კი პროკურორი ცოტნე დადიანის ძეგლის ავტორს, მოქანდაკე გიორგი წულაძესაც ასახელებს.

ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში წერია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მემორიალის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაში მითითებული თანხიდან, 60 984 ლარიდან გამგებელმა და არქიტექტორმა 19 331 ლარი მიითვისეს. თუმცა, სასამართლოს დაკავებულების მიმართ განაჩენი დღემდე არ გამოუტანია. გიორგი წულაძე, რომელიც გამოძიებამ თანამზრახველად გამოაცხადა, მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხა. ცოტა ხნის წინ კი პატიმრობიდან ხუთივე დაკავებული გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. შესაძლოა, პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის მალე საპროცესო გარიგებაც შედგეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა და ძალოვანები ხელისუფლების ყოფილ სახეებს იმ მუშაობას არ უკარგავენ, რაც მათ საქართველოს ციხეებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე "ხუთიანზე" ჩაატარეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, უდანაშაულო დამნაშავეებმა გისოსებს მიღმა იმდენი ხმა მოუგროვეს მიხეილ სააკაშვილს, რასაც თავისუფლებაში ვერ შეძლებდნენ. ამჯერად კი მათი გათავისუფლება საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, სადაც იმ ადამიანებს, რომლებსაც ცალი ფეხი ჯერ კიდევ ციხეში დარჩათ, კარდაკარ სიარული მოუწევთ. სხვა შემთხვევაში დიდი გარიგება აღარ შედგება, სხვა გზა და გამოსავალი მათ უბრალოდ აღარ ექნებათ.

კონსერვატიული პარტიის ლიდერი, წარმოშობით ხობელი კახა კუკავა ხობში მიმდინარე მოვლენებს საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას პოლიტიკას უკავშირებს და ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ტერორზე საუბრობს.

კახა კუკავა, კონსერვატორი: "გასაგებია, რომ ოპოზიციას და ბევრ ადამიანს ერჩის ეს ხელისუფლება, მაგრამ ცოტნე დადიანს რაღას ერჩიან?! იმდენი მაინც დაიმსახურა ამ ადამიანმა, რომ სამეგრელოს შუაგულში გაკოჭილი არ იდგეს და ბრეზენტი არ ჰქონდეს შემოხვეული... იმას, რასაც სააკაშვილის მთავრობა ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ ახორციელებს-ტერორი ჰქვია... სამეგრელო რაღაცნაირად სიცილიას დაამსგავსეს-ვერ ჩახვალ ისე, რომ ბანდები არ დაგახვედრონ... დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნები ამ ბანდიტურ ხელისუფლებას გაკოჭავს!"

გაკოჭილ მემორიალთან დაკავშირებით ხობის რაიონის ამჟამინდელი გამგებელი, რობერტ გვიჩია აცხადებს, რომ მისი გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული, თუ მართლმადიდებლური ეკლესია მას აკურთხებს. თუმცა ხელისუფლებას ეკლესიის წინამძღვართა მოსაზრებისა თუ რჩევების მოსმენა მაშინ არ გახსენებია, როცა წმინდანის მემორიალს წმინდა სამების სახელობის ტაძართან ახლოს აგებდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ამ თემასთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე გრიგოლთან გასაუბრება არა ერთი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ მოახერხა.


ახალი ამბები