კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოდ-ის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

11 აპრილი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

გენერალური პროკურატურის დავალებით, კახეთის საოლქო პროკურატურამ პრესაში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, სოდ-ის მაღალჩინოსნის მიერ, რეგიონში ნარკოტიკების გაყიდვასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 332-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით არის აღძრული. პროკურატურამ მოწმის სახით უკვე დაკითხა რამდენიმე პირი. არ არის გამორიცხული, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს განყოფილების უფროსი დავით ლეგაშვილი ამ დღეებში დააკავონ.


საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომელი გიორგი დალაქიშვილი სამსახურიდან 2007 წლის დეკემბერში გაათავისუფლა. მანამდე, 27 სექტემბერს, დალაქიშვილი, თელავში, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს და შანტაჟის შედეგად ვიდეოკამერის წინაშე აღიარებინეს, თითქოსდა ის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოწმედების ქვეშ იყო.

"ჩემს დაკავებას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს განყოფილების უფროსი დავით ლეგაშვილი ხელმძღვანელობდა. ლეგაშვილი იმიტომ, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მე დაინტერესებული ვიყავი მისი უკანონო საქმიანობით. კერძოდ, მაქვს ინფორმაცია, რომ მისი შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში მუშაობისას, მისგან ნარკოტიკულ ნივთიერებებს იძენდნენ ვინმე გია რაზმაძე და თენგო დარჩიაშვილი. რამდენადაც ვიცი, მოგვიანებით, ლეგაშვილმა ჩემს მიერ დასახელებულ ორივე პირს ბავშვები მოუნათლა და დაუნათესავდა.

ლეგაშვილმა და სოდ - ის სხვა მაღალჩინოსნებმა ალბათ იცოდნენ, რომ მაინტერესებდა, როგორ ყიდდა უპრობლემოდ, თელავში, რამდენჯერმე ნასამართლევი გია ბალარჯიშვილი სოდ-ის მიერ მიცემულ ჰეროინს და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. საგულისხმოა, რომ ბალარჯიშვილის საცხოვრებელი სახლის გვერდით, ვინმე "სტარიჩუკას" სახლში ცხოვრობს სოდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსი.

საგულისხმოა ასევე ისიც, რაც ლეგაშვილთან მქონდა ნათქვამი. როცა ირაკლი ოქრუაშვილი ღია ეთერით გამოვიდა და ისაუბრა, ლეგაშვილს ვუთხარი, რომ შესაძლოა, ოქრუაშვილს საკმაოდ სერიოზული ოპოზიცია შეექმნა და პირადად მე, მას როგორც პოლიტიკოსს, პატივს ვცემდი. თუმცა, როგორც შსს-ს სამინისტროს თანამშრომელი არანაირად არ ვიყავი პოლიტიზირებული", - ამბობს გიორგი დალაქიშვილი.

მას შემდეგ რაც მან ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და მასალები პრესაში გამოქვეყნდა, სტატიაში მოყვანილი ფაქტებით არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესდა. გენერალური პროკურატურის დავალებით კი კახეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გენერალური პროკურატურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 332-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით არის აღძრული. "კახეთის საოლქო პროკურატურა ნამდვილად იძიებს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრესაში გამოქვეყნებული მასალები, იმის შესახებ, თოთქოსდა სოდ-ის მაღალჩინოსანს ნარკოტიკების გაყიდვასთან აქვს კავშირი. გამოძიებას დაკითხული ჰყავს არაერთი პირი და როგორც კახეთის საოლქო პროკურორმა თამაზ ცაბუტაშვილმა გვაცნობა, გამოძიება ამჟამადაც გრძელდება", - განაცხადა გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ხათუნა იოსავამ.

დავით ლეგაშვილს რომ ნარკობიზნესთან აქვს კავშირი, ამის შესახებ ცნობები, გაზეთში, გიორგი დალაქიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ ერთმა პირმა მოგვაწოდა.

"მის მიერ გაყიდული ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე თუ პოლიციამ ვინმე დააკავა, ლეგაშვილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მათ გათავისუფლებას ცდილობს. ასეთ ფაქტს თელავში რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა ადგილი და ვფიქრობ, რომ თუ პროკურატურას რეალურად აინტერესებს საქმის გამოძიება, მათთვის ამ ცნობების მოპოვება პრობლემა არ უნდა იყოს", - გვითხრა რესპონდენტმა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვა.

როგორც ჩვენთან საუბარში პროკურატურის მიერ მოწმის სახით დაკითხულმა რამდენიმე პირმა აღნიშნა, დაკითხვისას გამომძიებელი ზურა ბეგიაშვილი მათზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა. მოწმეთა თქმით, გამომძიებელი მათგან მოითხოვდა მედიით გავრცელებული ფაქტების გარდა, აღარაფერი ეთქვათ. ამ ბრალდებას კახეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი ზურა ბეგიაშვილი უარყოფს.

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს განყოფილების უფროსს დავით ლეგაშვილს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

ოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურამ უკვე ლეგაშვილიც დაკითხა. ის ნარკობიზნესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. სანდო წყაროს ცნობით, შესაძლოა ლეგაშვილი ეჭვმიტანილად ამ დღეებში სცნონ და დააკავონ. მანამდე პროკურატურა ციხეში მყოფი პატიმრის, გია ბალარჯიშვილის დაკითხვას გეგმავს.


ახალი ამბები