კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილი პარლამენტში შევარდნაძის კადრებს აბრუნებს

14 აპრილი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 21 აპრილია. მანამდე რამდენიმე დღე დარჩა, მაგრამ კახეთში, ხელისუფლების კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში რეგიონიდან კენჭს ბიზნესმენებთან და "მოქალაქეთა კავშირის" კადრებთან ერთად, უშიშროებისა თუ  პროკურატურის ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნებიც იყრიან.

პარლამენტის დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხოლო თელავში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" შევარდნაძის მთავრობის სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი იბრძოლებენ. ოფიციალური ინფორმაციით, ლაგოდეხში მმართველი პარტიის სახელით, დეპუტატობისთვის კენჭისყრას, პარლამენტის წევრი გურამ კაკალაშვილი აპირებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში თბილისის პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, ყვარლის რაიონში უშიშროების კახეთის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი ზაზა გელაშვილი, საგარეჯოში მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი ზაზა გულიკაშვილი, დედოფლისწყაროში - რაიონის ყოფილი გამგებელი ავთანდილ ლეკაშვილი. ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი სიღნაღის მუნიციპალიტეტში. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილის, გიორგი ბოტკოველის თქმით, აქტიურად განიხილება კომპანია "აირზენა – საქართველოს ავიახაზების" პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილის კანდიდატურა.

გამინისტრებამდე პეტრე ცისკარიშვილი პრეზიდენტის რწმუნებული იყო კახეთის რეგიონში. მისი გუბერნატორად მუშაობის დროს, რეგიონში უკიდურეს ზეწოლას განიცდიდნენ ბიზნესმენები. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, სწორედ ცისკარიშვილის და იმდროინდელი გენერალური პროკურორის სახელს უკავშირდება, 2004 წელს, კახეთში "ავტოგაზის" ქსელის მესაკუთრეების დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი და მისი შვილები პატიმრობიდან მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მესაკუთრემ ბიზნესის 50% პეტრე ცისკარიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს გადაუფორმა. ცისკარიშვილი რომ კახეთში ავტოგაზის ბიზნესით იყო დაინტერესებული, ამას გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის სახელით აშენებული ავტოგაზგასამართი სადგურიც ადასტურებს.

2005–2007 წლებში, რეგიონული პრესა კახეთის ყოფილ გუბერნატორს აზერბაიჯანიდან საქართველოში დიდი რაოდენობით კონტრაბანდული საწვავის გადმოტანაშიც ადანაშაულებდა. ჟურნალისტებს დღესაც კარგად ახსოვთ, როგორ შეეწირა მათი რესპონდენტის სიცოცხლე, ცისკარიშვილის კონტრაბანდის შესახებ, გაზეთში წერილის გამოქვეყნებას. ლაგოდეხის მკვიდრმა ფრიდონ ბუიძემ, რომელიც კონტრაბანდული საწვავის გადმოტანის ფაქტის თვითმხილველი გახდა, ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოდან გაგზავნილ პოლიციელთა მუქარებს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.

ცისკარიშვილი განსაკუთრებით აგრესიული იყო დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოების მიმართ, რომლებიც გუბერნატორის უკანონო ბიზნეს-ინტერესებზე ხმამაღლა საუბრობდნენ. მოსახლეობისა და გუბერნატორის დაპირისპირება, ცისკარიშვილის დავალებით, სპეცრაზმის მიერ, 2005 წლის 31 დეკემბერს, საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდის ჩაკეტვით დასრულდა. მომხდარის შემდეგ ინგილოები რეგიონული ხელისუფლების მხრიდან მუდმივ ტერორში იმყოფებოდნენ. ჰერების ნებისმიერი მცდელობა, გუბერნატორის ქმედებების თაობაზე, მშვიდობიანი აქციით ხმა მიეწვდინათ ცენტრალური ხელისუფლებისათვის, აქციის მონაწილეთა დარბევით სრულდებოდა. ცისკარიშვილის გუბერნატორობის პერიოდს უკავშირდება, კახეთში დამოუკიდებელი მედიის შევიწროვების, ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატად, სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი მინისტრის კანდიდატურის წამოყენებას ადგილობრივები სიხარულით არ შეხვედრიან. როგორც ახმეტის მკვიდრმა ირაკლი მარგოშვილმა გვითხრა, კახეთის გუბერნატორის ლევან ბეჟაშვილის მიერ ცისკარიშვილის დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას, მხოლოდ სპეციალურად მიწვეული მოქალაქეები დაასწრეს. "ცისკარიშვილს თუ ჰგონია, არ ვიცით რატომ იყო ახალგაზრდა ქალთან ერთად, რამდენიმე წლის წინ, ახმეტაში გატაცებული, ძალიან ცდება. ხეობაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი შედარებით შემცირდა. რა გარანტია გვაქვს, რომ ისეთი მომგებიანი საქმე, როგორიც ნარკობიზნესია, ცისკარიშვილის გადეპუტატების შემთხვევაში ისევ არ აღორძინდება?", - კითხულობს რესპონდენტი.

ამომრჩევლებს კითხვები გურამ კაკალაშვილთანაც აქვთ. მოსახლეობას აინტერესებს, შევარდნაძის მმართველობის დროს, ლაგოდეხის პურკომბინატის მაშინდელმა დირექტორმა გურამ კაკალაშვილმა, სასწრაფოდ როგორ გააკოტრა ძვირადღირებული საწარმო თავისი 10 ობიექტით, რის შემდეგაც "ნაციონალური მოძრაობის" ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი გახდა. ვარდების რევოლუციამდე, როცა საწარმოს გაკოტრების საქმით პროკურატურა დაინტერესდა, კაკალაშვილმა სამართალდამცავების ინტერესებს პოლიტიკური განცხადებებით უპასუხა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ. 2004 – 2007 წლებში პარლამენტის წევრის სტატუსით, იგი ხშირად უხეშად ერეოდა ადგილობრივი მმართველობის საქმიანობაში. ფაქტობრივად, მთლიანად კაკალაშვილი კურირებდა საკადრო საკითხებს, ასევე საჯარო სკოლებში დირექტორთა დანიშვნასაც.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გია არსენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დეპუტატობაზე წინადადება რამდენიმე პოლიტიკოსისგან მიიღო. "მაჟორიტარობის კანდიდატი იმ ქალაქიდან ვარ, სადაც დავიბადე და გავიზარდე. პირველად პარლამენტის სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მკითხა, მაჟორიტარად კენჭს ხომ არ იყრიო. იგივე წინადადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემაც მომცეს. მითხრეს, თელავის რაიონში გამოკითხვა ჩატარდა, ვის ისურვებდნენ მაჟორიტარ დეპუტატად და თქვენ დაგასახელესო. ეს კახეთის გუბერნატორმა ლევან ბეჟაშვილმაც მითხრა. არადა კენჭისყრას არ ვაპირებდი. მინდოდა რამდენიმე ადამიანს დავხმარებოდი", - განაცხადა არსენიშვილმა და იქვე დასძინა: "თანამდებობებზე ვიყავი, მაგრამ ვერსად ნახავთ ჩემს ბიზნესწილს და არც ქონება დამიგროვებია იმ დროს".

რომელი გამოკითხვების მიხედვით შეარჩიეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ამ კითხვით მივმართეთ კახეთის გუბერნატორის მოადგილეს გიორგი ბოტკოველს. "გამოკითხვა ჩვენ არ ჩაგვიტარებია. როგორც ჩანს, საზოგადოებრივი აზრი პარტიამ გამოიკვლია".

- ბატონო გიორგი, რა პრიორიტეტებით შეირჩნენ ეს კადრები?

- ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, რომლებიც ძალიან კარგად გაუძღვებიან ამ საქმეს და შეასრულებენ იმ მოვალეობებს, რაც დაეკისრებათ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში.

- მაგრამ ბევრი მათგანი ხომ წინა ხელისუფლების დროს მოღვაწეობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და "ნაციონალური მოძრაობა" მათ კორუმპირებულებად მოიხსენიებდა.

- შეიძლება, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი დაკისრებულ მოვალეობებს თავს კარგად გაართმევენ, - გვითხრა გუბერნატორის მოადგილემ.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველმა პარტიამ დედაქალაქის მსგავსად, რეგიონებშიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად მატერიალურად შეძლებული ადამიანები შეარჩია. საგარეჯოს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოქმედი ბიზნესმენები არიან. სამაგიეროდ მათ გავლენით არ ჩამორჩებიან ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის და სხვა რაიონებში წარდგენილი კანდიდატები, რომელთა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება, სანდო წყაროების ცნობით, გამგეობებთან ერთად, ადგილობრივ ბიზნესმენებს დაეკისრათ.

ახალი ამბები