კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისი ერთ დიდ ორმოს დაემსგავსა

14 აპრილი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

ის, რომ ქუთაისის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაგეგმარების გარეშე მიმდინარეობს, უკვე დიდი ხანია ქუთაისელთა შფოთის მიზეზი გახდა. სიღნაღის მშენებლები ძველ დიდებას ამჯერად ქუთაისს უბრუნებენ. ესაა ოღონდ, ფინიშისკენ კუს ნაბიჯებით მიიწევენ. მიზეზს სპეციალისტები მარტივად ხსნიან - რეკონსტრუქცია დაუგეგმავად ხორციელდება.

"ძალიან მძიმე და ამავე დროს სასაცილო ვითარებაა. არ შეიძლება ერთი და იგივე ქუჩა რამდენჯერმე გადაითხაროს. სწორედ ამისთვისაა საჭირო გენერალური გეგმის არსებობა. ამ დოკუმენტის მიხედვით უნდა ხდებოდეს მსგავსი სამუშაოების შესრულება. მილები შეიძინეს, შემოიტანეს და 2 კმ. ტერიტორიის გათხრას აპირებდნენ. არც კი იცოდნენ, რომ ეს ქალაქი ნიაღვარსადენებით ჯერ კიდევ წინა საუკუნეშია უზრუნველყოფილი. საჭიროა მხოლოდ გამწმენდი სამუშაოების შესრულება",- ამბობს არქიტექტორი ბადრი მელქაძე.

მან და მისმა მეგობრებმა მოსალოდნელი წინააღმდეგობები სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებისთანავე იწინასწარმეტყველეს, როცა ქალაქის დაგეგმარების გენგეგმის საჭიროებაზე მიუთითეს. თანაც, აღმოჩნდა, რომ სამშენებლო კომპანია "თბილისმა" (ეს არის ფირმა, რომელმაც სიღნაღში აწარმოა სამუშაოები) სარეკონსტრუქციო პროცესზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ისე, რომ ადგილობრივი სპეციალისტები საქმეში არ გარია.

"ჩვენ აღნიშნულ სამუშაოებზე კონტროლს ვერ ვახორციელებთ. ყველაფერს სამშენებლო კომპანია "თბილისი" აკეთებს. თუმცა, არის საკითხები, რომელსაც ჩვენთან ათანხმებენ",- აცხადებს ქალაქის მთავარი არქიტექტორი მამუკა კობზონაძე. მიუხედავად  ამ   თავდაჯერებულობისა, კითხვაზე - რატომ გაიწელა სამუშაოები დროში და რატომაა შეჩერებული რამდენიმე ნახევრად დანგრეული შენობის რეკონსტრუქცია - ქუთაისის პირველ დამგეგმარებელს პასუხი არა აქვს.

"ჩვენ ადგილობრივ მშენებლებს არავინ არაფერს გვეკითხება. რჩება შთაბეჭდილება, რომ არ იციან, რას აკეთებენ. მთავარია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საუკუნოვან ჭადრებს ჭრიან და ნაძვების დარგვას აპირებენ. მთავარია, რაღაც შეცვალონ. ოღონდ, რა და როგორ, ეს არავის აღელვებს. ფაქტია, დღეს ქუთაისი ერთ დიდ ორმოს ჰგავს", - ამბობენ არქიტექტორები.

ქუთაისში მიმდინარე უთავბოლო სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც აპროტესტებენ. "ახალგაზრდულ სამეცნიერო - საინფორმაციო ასოციაციის" ხელმძღვანელის ზაზა ხელაძის განმარტებით: "ყველაფერი იმის ბრალია, რომ საქმეში თავიდანვე არაპროფესიონალები ჩართეს. დამეთანხმებით, დემოგრაფიულ საკითხებზე ინჟინერი ვერ იქნება პასუხისმგებელი. ისევე, როგორც კაცი, რომელსაც კბილი ასტკივდება, ფეხსაცმლის შემკეთებელს არ მიაკითხავს. ქუთაისის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მხარის პროკურორი ზედამხედველობს. რატომ, არავინ იცის. როცა მე მიწისქვეშა სამუშაოებთან დაკავშირებით რიგი საკითხებით  დავინტერესდი, მხარის პროკურორისკენ მიმითითეს, ის გაგცემს პასუხსო. მაშინვე სისულელედ ჩავთვალე, მისთვის მიმემართა. დღემდე ვერ ვხვდები, ის რა შუაშია. რა, საქმის მცოდნეები დაილია?"

გავრცელებული ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ზედამხედველობის გარდა, იმერეთის სამხარეო პროკურორს აღნიშნული სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის ვალდებულებაც აკისრია. როგორც ამბობენ, 30 მილიონის დახარჯვა სწორედ მიხეილ ჩოგოვაძის ნებაზეა დამოკიდებული. ამ ინფორმაციას ადასტურებს ქალაქის მთავარი არქიტექტორი. მამუკა კობზონაძის განმარტებით: "სიღნაღში იყო მსგავსი შემთხვევა და გაამართლა. ძალოვანები, როგორც ჩანს, კარგად ზედამხედველობენ ამ საქმეს. მუშა-ხელიც ამ შემთხვევაში უფრო ფრთხილად ეკიდება საქმეს. თვითონ მიხეილ ჩოგოვაძეც ისეთი ადამიანია, რომ პროკურატურაში კი არა, ბევრ სფეროში ერკვევა. ახალგაზრდა კაცია, ორგანიზატორობის დიდი ნიჭი აქვს. ჰოდა, ჩააბარეს ეს საქმე. ასეთი იყო მთავრობის გადაწყვეტილება."

თავად მხარის პროკურორი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. კომენტარზე უარს აცხადებენ უშუალოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოებით დაკავებული მუშები, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, უხელფასოდ მუშაობენ. "არ ღირს ამ თემაზე საუბარი. ზედმეტი უსიამოვნებები არ გვჭირდება. მთავარია ეს საქმე მალე დავასრულოთ და სახლში მშვიდობით დავბრუნდეთ", - ამბობს ერთ-ერთი მუშა, რომელიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. მას, როგორც ჩანს, აუღებელ გასამრჯელოზე ნაკლებად არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე ქუჩა უკვე მესამედ გადაითხარა.

"ეს იცით, რისი ბრალია? - უგეგმო და უთავბოლო მუშაობის. პროგრამა არ არსებობს, რომელსაც გაეცნობა ყველა ის ორგანიზაცია, ვისაც კომუნიკაციები მიწის ქვეშ აქვს. გათხარეს, მივიდნენ "ტელეფონისტები" და სერიოზული ხარვეზები აღმოაჩინეს. ისევ გათხარეს, "ელექრიკებს" გაუჩნდათ სირთულეები. მერე "ქუთგაზს" და ასე, უსასრულოდ. თავიდანვე რომ შეეკრიბათ ეს ხალხი და ეკითხათ, ამდენი უსიამოვნებები არ მოხდებოდა და ორმაგი ხარჯიც არ იქნებოდა. საინტერესოა სასტუმრო "ქუთაისის" საკითხიც. რატომაა მისი რეკონსტრუქცია გაჩერებული? ყველაფერი რომ გაკეთდება და საბოლოო სახეს მიიღებს, მერე მიუბრუნდებიან სასტუმროს? რა ხდება, რა უბედურებაა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არავის სურს", - ამბობს ზაზა ხელაძე.

ცალკე თემაა ასწლოვანი ჭადრები, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ ქუჩაზე უკვე დაჭრეს და მის ადგილზე ნაძვების დარგვას აპირებენ. სპეციალისტთა განმარტებით, ისინი ტენის შეწოვას უზრუნველყოფდნენ და რიონისპირა ქალაქისთვის მათი როლი მნიშვნელოვანი იყო. როგორც ირკვევა, პასუხისმგებელი ამაზეც არავინაა. ადგილობრივი მთავრობა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ყველაფერს აკეთებს, რომ ქუთაისი ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადოს. დეტალები კი,  როგორც ჩანს, ნაკლებად აღელვებს.

"ეს რეაბილიტაციის პროექტი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით შეიძლება ზღვაში წვეთი იყოს იმასთან, რაც გურია-სამეგრელოში კეთდება. ვგულისხმობ პრეზიდენტის მიერ გურია-სამეგრელოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებას. ეს ჩვენ აშკარად წაგვართმევს მსხვილ ინვესტორებს. ადამიანი  ქუთაისში თანხას არ დააბანდებს, როცა ამ ქალაქიდან რამოდენიმე კილომეტრში თავისუფალი ეკონომიკური ზონა ეგულება, სერიოზული საგადასახადო შეღავათებით. ამით იმის თქმა მსურს, რომ ხელისუფლებას სტრატეგიული მიდგომები არ გააჩნია", - აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა გვანცელაძე.

ამ და სხვა არაერთი შენიშვნის ფონზე, ქუთაისი "შენდება", გეგმებიც ისახება და მოლოდინებიც დიდია. ხალხი კი, რომელიც უკვე თვეებია გათხრილი ქალაქის გარდა  სასიკეთოს ვერაფერს ხედავს, დღეს მხოლოდ ორმოების ამოვსებაზე ოცნებობს. მათი განწყობა ერთსულოვანია - ძნელია ერთ დიდ ორმოდქცეული ქუთაისის ამდენ ხანს ცქერა.

ახალი ამბები