კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკო-ს და პარლამენტს გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება არ სურს

14 აპრილი, 2008
 სოსო პაპუაშვილი

ნონა სუვარიანი, თბილისი

ცესკო საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობის შეზღუდვას ცდილობს. სწორედ ამას ემსახურება 21 მარტს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება, რომლის თანახმადაც  ვიდეოთვალის ჩანაწერის მონაცემები საჯარო ინფორმაციას აღარ წარმოადგენს.

ცვლილება, რომლის ინიციატორიც რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი იყო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1298  მუხლის მე-10-ე ნაწილს  შეეხო. შეიზღუდა არა მხოლოდ იმ პირთა წრე, რომელსაც ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრების ნახვის უფლება ჰქონდა, არამედ ჩანაწერის  გაცნობის დასაშვები დროც.

„საპარლამენტო არჩევნებისას საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსებული ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნა შეუძლია საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს, რომელიც ვალდებულია, წარდგენილ განცხადებაში/საჩივარში მიუთითოს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის თაობაზე. აღნიშნული განცხადების/საჩივრის წარმომდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალის ჩანაწერის გაცნობა კონკრეტული დროის და დარღვევის მითითებით“,- აღნიშნულია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებაში.

ამ ცვლილებით, ვიდეოთვალის მიერ გადაღებული ჩანაწერის ნახვის უფლება ეზღუდება ისეთ ობიექტურ ინსტიტუტს, როგორიც სახალხო დამცველია. საინტერესო დამთხვევაა: ცვლილებას, რომელიც 21 მარტს მიიღეს, წინ უძღვოდა სახალხო დამცველის ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრების გაცნობის თითქმის ორთვიანი მოთხოვნა. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული, ცესკო-ს თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობდნენ შეექმნათ ყოველგვარი დაბრკოლება, რომ სახალხო დამცველს ეს ჩანაწერი არ ენახა.

თავად თარხნიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაბრკოლების მიზეზი იმით აუხსნა, რომ ვიდეოჩანაწერების გადმოწერა შეუძლებელი იყო, რადგან ის მტკიცებულების შექმნის ერთადერთი საშუალებას წარმოადგენდა და ჩანაწერის ნახვა მხოლოდ ცესკოში იყო შესაძლებელი. ასეთი განმარტების მიუხედავად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ჩანაწერის ნახვას ცესკოში მაინც ვერ ახერხებდნენ.

„მხოლოდ ორი თვის შემდეგ, დროის შეგნებულად გაყვანის შემდეგ, როდესაც უარის ყველა მიზეზი ამოიწურა, 2008 წლის 10 მარტს ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს უპასუხა, რომ გამოთხოვილ მასალას ერთი კვირის განმავლობაში გადასცემდა. ფორმალური თანხმობის მიუხედავად, გადმოწერის პროცესის დროს, ცესკოს თანამშრომლები სრულიად შეგნებულად ქმნიდნენ სხვადასხვა დაბრკოლებებს, რათა მასალის გადმოწერა შეფერხებულიყო.

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შემთხვევით შერჩეული 12 უბნის მასალა გადმოწერეს და მათი შესწავლა დაიწყეს, დანარჩენი უბნების გადმოწერაზე მათ საერთოდ უარი განუცხადეს“, - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სწორედ ამ პერიპეტიების შემდეგ პარლამენტმა ცვლილების შეტანა გადაწყვიტა...

როგორც ჩანს, ბატონ თარხნიშვილს დაავიწყდა მის მიერ გაკეთებული განცხადება: „ვიდეოთვალი, რომელთაგან ერთი მიმართული იქნება საარჩევნო ყუთისკენ, ხოლო მეორე ბიულეტენების გამცემი რეგისტრატორის მაგიდისკენ, საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები, აგრეთვე სასამართლო დავის შემთხვევაში დამატებით მტკიცებულებად გამოდგება“. ამ სიტყვებს აზრი ეკარგება, რადგან ცვლილება ვიდეოთვალის გამოყენების შესაძლებლობას მაქსიმალურად ზღუდავს. შესაბამისად, იზღუდება მისი გამოყენების შესაძლებლობაც.

სახალხო დამცველის მიერ გამოხატულ პროტესტს, რომელიც ცვლილებას შეეხება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც უერთდება. მათი აზრით, განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ისედაც სავალალო მდგომარეობა მეტად დამძიმდა.

ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ეს შეზღუდვები ადამიანის პოლიტიკურ უფლებებს და არჩევნების საჯაროობის ზოგად პრინციპს არღვევს.

„მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ნორმა, რომელიც ზღუდავს არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემოწმებას, შეზღუდვაა სწორედ ამ უფლებებისა. რაც შეეხება 15 წუთიან შეზღუდვას, სრულიად აშკარად ჩანს, რომ ეს არის მცდელობა, შეიზღუდოს დარღვევის გამოვლენის შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, ხმის მიცემის პროცესი 12 საათის განმავლობაში გრძელდება. იმ 15 წუთიანი შუალედის განსაზღვრა, რომლის განმავლობაშიც მოხდა დარღვევა, უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ამ 12 საათის განმავლობაში, შეიძლება უამრავი ასეთი დარღვევა დაფიქსირდეს. ამიტომ ასეთი შეზღუდვა აბსოლუტურად გაუგებარია“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი სოსო პაპუაშვილი, რომელიც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცენტრის დამკვირვებლებს კოორდინაციას უწევდა, საუბრობს ცვლილების აუცილებლობის იმ არგუმენტზე, რომელზიც, შესაძლებელია, ხელისუფლებას ჰქონდეს.

„გარკვეული დაძაბულობა პოსტსაარჩევნო პერიოდის დროს ყოველთვის არსებობს. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წინასწარი ან საბოლოო შედეგების მიხედვით აგებენ, არასტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნას და საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენას ყოველთვის შეეცდებიან. ამისთვის სხვადასხვა მეთოდებს გამოიყენებენ. აქედან გამომდინარე, არჩევნების ლეგიტიმაციის და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისგან ერთგვარი დაცულობაა საჭირო. აუცილებელია ხმის დათვლის პროცესისთვის დაწესდეს კონკრეტული დროის მონაკვეთი. ანუ, თუ არჩევნები ჩატარდა და შედეგები გამოცხადდა, ეს შედეგები გარკვეული დროს მონაკვეთში საბოლოო შედეგებად უნდა იყოს მიჩნეული. განუწყვეტელი გადასინჯვის შესაძლებლობა არ უნდა არსებობდეს. აუცილებელია დამკვიდრდეს ჩარჩო წესები იმისთვის, რომ სუბიექტებს გადამოწმების შესაძლებლობა არ მიეცეს. რადგან ამ შესაძლებლობას ყოველთვის გამოიყენებენ. საბოლოოდ არჩევნების შედეგების გამოცხადება დროში გაიწელება და ქაოტური მდგომარეობა შეიქმნება“.

ამ ყველაფრის მიუხედავად, სოსო პაპუაშვილს მიაჩნია, რომ შეზღუდვა სახალხო დამცველზე არ უნდა ვრცელდებოდეს. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება უფრო ამძაფრებს მდგომარეობას, რადგან საზოგადოებაში არჩევნების გაყალბების საკმაოდ სერიოზული ეჭვი არსებობს. ამ ცვლილების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, ე.წ. „კარუსელი“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იყო გავრცელებული, აღარ გამოჩნდება.

სოსო პაპუაშვილი: „ვიდეოთვალი აფიქსირებს როგორც პროცედურულ დარღვევებს, ასევე „კარუსელს“. შეზღუდვა, რომელიც ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრების მხოლოდ 15 წუთიანი მონაკვეთის ნახვის საშუალებას იძლევა, აბსურდულია. რადგან ჩვენი ძირითადი პრობლემა სწორედ „კარუსელია“, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი ხმას სხვადასხვა უბანზე აძლევს. 15 წუთიანი ჩანაწერით კი „კარუსელის“ არსებობას ვერ გადაამოწმებ“.

სოსო პაპუაშვილს არჩევნების დაკვირვების ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მისი თქმით, ისეთი მასშტაბის დარღვევები, როგორიც ბოლო არჩევნების დროს იყო, არასოდეს უნახავს. „როდესაც საზოგადოების მხრიდან ეჭვები არსებობს, და თუ ხელისუფლებას სურს საზოგადოებაში მსგავსი ეჭვები გააქარწყლოს, მეტ დათმობაზე უნდა წავიდეს და არა პირიქით, შეზღუდვაზე იფიქროს“.

ახალი ამბები