კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლენინოვკა - დავიწყებული ბოშური სოფელი

15 აპრილი, 2008

ნინო ტლაშაძე, ლენინოვკა.

„ბოშათა თემი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდ უმცირესობას წარმოადგენს; მათი უფლებები კი ყველაზე მეტად ირღვევა და ისინი მთელს ევროპაში რასისტული დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან“, ნათქვამია ევროკომისიის, ფუნდამენტური უფლებების სააგენტოსა და ევროსაბჭოს ოფიციალურ განცხადებებში.

საქართველოში დაახლოებით 1 500 ბოშა ცხოვრობს. მათი ყველაზე დიდი დასახლება თბილისშია. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი დედაქალაქში 250-300 აღწევს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თბილისში ლოტკინის დასახლებაში დაახლოებით 800 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ამტკიცებენ, მოლდაველები ვართო, სინამდვილეში კი ბოშები არიან, ზემოთ მოყვანილი ციფრები არადამჯერებლად მოგვეჩვენება.

ბოშები ცხოვრობენ რეგიონებშიც, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. გვყავს აფხაზეთიდან დევნილი დევნილობის სტატუსის არმქონე ბოშებიც. რეგიონებიდან ყველაზე დიდი დასახლება კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ლენინოვკაშია. პირველი ბოშა იქ  1945 წელს ჩამოსახლებულა. იქაური ბოშები თავიანთი ცხოვრების სტილით, მოწესრიგებულობით ნამდვილად განსხვავდებიან ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ბოშებისაგან.

დედოფლისწყაროს რაიონი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს. რაიონული ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულია და სოფლები გვალვისაგან ნახევრად გადახრუკულ მინდვრებზეა გაშენებული. შესაბამისად, აქაური გლეხები დიდ სარგებელს სოფლის მეურნეობისაგან ვერ იღებენ. კახეთის რეგიონისათვის დამახასიათებელი სარწყავი წყლის პრობლემა ამ მხარეში განსაკუთრებულად მძაფრია.

ლენინოვკა მწვანეში ჩაფლული წყნარი რუსული სოფელია. აქაური მოსახლეობის 70 % რუსია; დანარჩენები კი ბოშები. სახლები ერთსართულიანი და რუსული ტიპისაა. შენობები ხეებში ისეა ჩაკარგული, შარაგზიდან ვერც შეამჩნევ. სოფლის გზაზე მხოლოდ მოხუცი ბოშა და რუსი ქალები დადიან ან ეზოების წინ სკამებზე სხედან და ემოციურად ლაპარაკობენ; ალბათ, ისინიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს განიხილავენ თავისებურად, მოხუცებისათვის დამახასიათებელი ვიშვიშით.

ახალგაზრდები თითქმის არ ჩანან; როგორც მოგვიანებით აგვიხსნეს, ისინი თბილისში ბაზრობებზე ვაჭრობენ. ზოგი მათხოვრობს კიდეც. აქაურების პრობლემები მეტ-ნაკლებად გავს საქართველოს შორეულ, ღარიბ სოფლებში მცხოვრები ქართველების პრობლემებს. ლენინოვკელი ბოშებიც ეკონომიკურ გაჭირვებაზე საუბრობენ; მცირე ზომის ნაკვეთები აქვთ და საკმარისი რაოდენობის მოსავალს ვერ იღებენ. ხშირად უწყლობის გამო იმასაც ვერ რწყავენ. არცერთი მათგანი დასაქმებული არ არის. ადრე, ბოშა კაცები ხე-ტყის დამამუშავებელ საწარმოში მუშაობდნენ მაგრამ დიდი ხანია ისიც დახურეს. ახლა მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობაა. 

საქართველოში მცხოვრები სხვა  ბოშებისაგან განსხვავებით, ლენინოვკელ ბოშებს პირადობის მოწმობები აქვთ. შესაბამისად, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში განხორციელებულ ყველა პროგრამაში; ისარგებლონ სამედიცინო დახმარებით და ბავშვებს მისცენ განათლება.
 
თუმცა, მიუხედავად ამისა, ლენინოვკელ ბოშებს საკუთარი ქონება, სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, ფინანსური პრობლემების გამო იურიდიულად გაფორმებული არ აქვთ და ამის გამო გარკვეულ პრობლემებს უკვე აწყდებიან.

სამედიცინო მომსახურებით ხშირად ვერ სარგებლობენ, რადგან ყველაზე ახლო პოლიკლინიკა დედოფლისწყაროში მდებარეობს, რომელიც სოფლიდან ათი კილომეტრით არის დაშორებული და იქამდე ტრანსპორტიც არ დადის. თუ ვინმე ავად გახდება, მანქანით უნდა წაიყვანონ პოლიკლინიკაში. თუმცა, ახლა ამის შესაძლებლობაც აღარ აქვთ, რადგან ერთადერთი მანქანა, რომელიც ამ სოფელში მცხოვრებ მიხაილ დენისენკოს ეკუთვნოდა და გაჭირვების შემთხვევაში თანასოფლელებს ეხმარებოდა, ავარიის შედეგად სერიოზულად დაზიანდა. (იხ. http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=2495&lang=ge)

ლენინოვკაში ერთი მოხუცებული ქალბატონი იღებს პენსიას. აქაურებმა სოციალური დახმარებებიც მიიღეს. ზამთარში შეშის ვაუჩერები დაურიგეს ლენინოვკელებს,  მაგრამ ბევრმა მათგანმა უსახსრობის გამო საწვავი ვერ შეიძინა რომ ტყიდან შეშა გამოეტანათ.

გაზაფხულზე პრეზიდენტის ინიციატივით 20-20 ლიტრი საწვავი დაურიგდათ და ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ბაღების მოსახნავად საკმარისი იყო. რაც შეეხება სხვა სოციალურ პროგრამებს, როგორიცაა სიღარიბის დაძლევის პროგრამა, ადგილობრივ ბოშებს ამაზე წარმოდგენაც არ აქვთ.
 
სოფელში დაახლოებით ოცი ბავშვია, მათგან კი მხოლოდ ერთი დადის ათი კილომეტრის მოშორებით  მდებარე სკოლაში. მის მშობლებს ყოველდღე უხდებათ დედოფლისწყაროში ჩასვლა და შესაბამისად, არ უჭირთ ბავშვის სკოლაში ტარება. დანარჩენებისათვის ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს შვილები ასე შორს გაუშვან სკოლაში; მათ სოფელში ხომ ავტობუსიც არ დადის. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სასკოლო ასაკის ბავშვები დილიდან საღამომდე უსაქმურად დახეტიალობენ სოფელში და ზოგიერთი მათგანი მათხოვრობს კიდეც.

სტატიის კითხვისას ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ბოშებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ. არ ვიცი რისი ან ვისი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ლენინოვკელი ბოშები მეტად ინტეგრირებულები არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლოა, ის ფაქტორი მოქმედებს, რომ აქ ისინი საკმაოდ დიდი ხანია მკვიდრად ცხოვრობენ და არ მომთაბარეობენ.

ერთი რამ კი ცხადია, ლენინოვკელ ბოშებს ბევრი პრობლემა აქვთ. მათ სჭირდებათ სერიოზული დახმარება სახელწიფოს მხრიდან. იქნებ ბოლოს და ბოლოს მათი ოცნება ახდეს და მათმა შვილებმა მაინც ისწავლონ წერა-კითხვა სოფელშივე გახსნილ სკოლაში. მერე ვეღარავინ ისარგებლებს მათი უცოდინრობით და ცარიელ ფურცელზე ჯვარს არ დააწერინებენ,  რასაც ხშირად მათივე  წინააღმდეგ იყენებენ... 


ახალი ამბები