კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადამხდელთა უფლებები საქართველოში დაუცველია

15 აპრილი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  


„ცხოვრებაში არსებობს ორი გარდაუვალი რამ - სიკვდილი და გადასახადები“, - ამ სიტყვების ავტორი ამერიკის დემოკრატიის ერთერთი მამამთავარი ბენჟამინ ფრანკლინია. „მე ვიცი, რომ უნდა გადავიხადო გადასახადები. ვიხდი კიდეც, მაგრამ ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის და ჩემი, როგორც გადმხდელის უფლებები ამ ქვეყანაში დაუცველია“, - ეს სიტყვები კი, ერთ-ერთ ქართველ მეწარმეს ეკუთვნის.

ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მეწარმეები (გადამხდელები) საკუთარი უფლებების დაუცველობაზე ხშირად ჩივიან. ამას სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს შეკითხვაზე - სად, რომელ სფეროში ირღვევა ყველაზე ხშირად ადამიანის უფლებები? - რესპონდენტები პასუხობენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ჯანდაცვასა და ბიზნესში. მოქალაქეები მიუთითებენ, რომ საქართველოში ხშირია მეწარმეთა დაშინების ფაქტები, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მესაკუთრის, გადამხდელის დაცვაა შესაძლებელი.

„დღეს გადასახადის გადამხდელს ერთადერთი უფლება აქვს - გადაიხადოს გადასახადები. სხვა უფლება მას პრაქტიკულად არ გააჩნია. წინა კოდექსით საგადასახო ინსპექციას არ ჰქონდა უფლება, შესულიყო გადამხდელის ტერიტორიაზე და მისი სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრები ამოეღო. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მას უნდა მოეპოვებინა სასამართლოს ნებართვა. ამის შემდეგ მომხდარიყო შესაბამისი ტერიტორიის დალუქვა და შემდეგ აღსრულება. დღეს კი, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე შედის საგადასახო ორგანო და სასამართლოს გადაწყვეტილება არც ჭირდება, გადამხდელისგან  ფულად სახსრებს იღებს. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. არავის აქვს უფლება შევიდეს პირის საცხოვრებელ ან სხვა, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი შავიშვილი.

„საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის'' ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა გვანცელაძის აზრით: „სასამართლო, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვერ ახერხებს გადამხდელის უფლებების დაცვას. კარგი იქნებოდა, კერძო არბიტრაჟი გვყოლოდა. იგი მიუკერძოებლად გაარკვევდა მეწარმის დავებს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. თავის დროზე ბენდუქიძემ დაიწყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მომენტი საგადასახადო რეფორმის ერთ-ერთი სერიოზული მინუსია. თუმცა, თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ამას თავისი ახსნა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელისუფლების მხრიდან სამეწარმეო სფერო გაცილებით ადვილი საკონტროლებელია. ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს არ დანერგოს ასეთი ტიპის სეგმენტი მეწარმესა და საგადასახადოსთან ურთიერთობაში“.

გადამხდელთა უფლებების დარღვევის ფაქტების მომრავლებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გოჩა ბაძგარაძე. მისი განმარტებით, ორგანიზაციას ხშირად მიმართავენ დაზარალებული ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებულ სხვადასხვა ტიპის ზეწოლაზე ჩივიან. „რა გადამხდელთა უფლებები, რის გადამხდელთა უფლებები? არსებობს კი, საერთოდ ასეთი რამ? მე არ ვიცი, დღეში რამდენი ადამიანი უჩივის უსამართლობას ამ კუთხით. სასამართლო არ არსებობს და გადამხდელთა უფლებები ვინ უნდა დაიცვას? არის კიდეც დაუცველი და კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ ხანს იქნება ეს მდგომარეობა“, - აცხადებს გოჩა ბაძგარაძე.

გადამხდელთა უფლებების დარღვევებზე საუბრობენ ადვოკატებიც. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ესმა ნორაკია განმარტავს, რომ „ბიზნესის განვითარებაზე საქართველოში საუბარიც კი არასერიოზულია და სასაცილო. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამ კუთხით დარღვევებია. მეწარმეები სასამართლოს აღარ მიმართავენ, იმიტომ, რომ წინასწარ იციან, ამას აზრი არა აქვს. ერთი შეხედვით, მთავრობამ გადასახადები შეამცირა. სინამდვილეში კი, მეწარმეებს, ვინ იცის, რა ოდენობით ხარჯის გაცემა უხდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი შეინარჩუნონ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში საკუთრების დაცვასა და ბიზნესის განვითარებაზე ნამდვილად არავინ ფიქრობს.“

არსებობს ცნობილი გამოთქმა - „მომეცით სასამართლო და როგორიც გსურთ, ისეთი საგადასახო გექნებათ“. ექსპერტთა აზრით, იმისთვის, რომ მესაკუთრის, გადასახადის გადამხდელის უფლებები დაცული იყოს, საჭიროა საზოგადოების თავისუფლება. „ამ უფლებების დამცავი მექანიზმის შემუშევება ძალიან მარტივია. უბრალოდ, ამას სჭირდება ადამიანების ნება და სასამართლო. როცა ამჯერად არსებული საგადასახადო კოდექსის პროექტი მუშავდებოდა, მასში საბოლოოდ ჩაიდო კერძო არბიტრაჟის მიერ საგადასახადო დავების გარჩევის შესაძლებლობა. ამასთან ერთად, პროექტში იყო ჩადებული დებულებები საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ. სამწუხაროდ, ეს თავი მოგვიანებით ამოიღეს პროექტიდან იმიტომ, რომ არბიტრაჟი დარჩა. ანუ, მეწარმეს უთხრეს: რაღად გინდა ეს საგადასახადო ომბუდსმენი, არბიტრაჟი ხომ რჩებაო. კოდექსის ამოქმედებიდან სამ თვეში არბიტრაჟიც გაუქმდა. შემდეგ ეს საკითხი, რატომღაც, არავის გახსენებია.მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი შეიძლება გახდეს ომბუდსმენი. თუმცა, ვერც მთლად მასზე დავამყარებთ დიდ იმედებს. გამოსავალი იმაშია, რომ საზოგადოებამ უნდა შეავიწროვოს ხელისუფლება ყველა მხრივ, როგორც შეუძლია, ისე. იგი მუდმივად უნდა ეცადოს, როგორმე დაიცვას თავისი უფლებები“, - ამბობს ირაკლი შავიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართველი საზოგადოება გაცილებით თავისუფალია, ვიდრე 10-15 წლის წინ, საკუთარი უფლებების დაცვას ის მაინც ვერ ახერხებს. მეწარმე (გადამხდელი) ხშირად „ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს“ და მერე დუმილს ირჩევს. შესაბამისად, საფრთხეშია ბიზნესი ქართულ რეალობაში. მეტნაკლებად მსხვილი ზომის ბიზნესი კი, ხელისუფლების წევრთა ხელშია. ისინი ან ბიზნესის მეპატრონეებად გვევლინებიან, ან, სხვა შემთხვევაში, მასზე კონტროლს ახორციელებენ. ისე რომ, გასაკვირი არაა, როცა დღეს საქართველოში ბიზნესის თავისუფლებაზე მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები გვესაუბრებიან. უფლებაშელახული გადამხდელები კი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ამ საკითხზე  დუმილს ირჩევენ.


ახალი ამბები