კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრება საავადმყოფოში

15 აპრილი, 2008

სპეციალური რეპორტაჟი

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ყოფილი ნარკოლოგიური საავადმყოფოს შენობის ეზოში, წყლის ონკანთან რამდენიმე ქალი ფუსფუსებს. ზოგი წყალს ავსებს დასალევად, ზოგიც ჭურჭელს რეცხავს, სხვები კი რიგში დგომისას, დროს უქმად არ კარგავენ და პრობლემებზე საუბრობენ. საერთო პრობლემა ამ ეტაპზე - უშუქობაა.

 

 

 

 

 

ჟურნალისტის მისვლა გაუხარდათ, განსაკუთრებით კი ქალბატონ ლილის: „თქვენ გაიხარეთ, ჩემი გასაჭირი იქნებ პრეზიდენტთან მიიტანოთ“. გასაჭირი კი აქ ყველას აქვს.

შენობაში მცხოვრებლებს კომიტეტის თავმჯდომარეც ჰყავთ - მზია ჯაყელი. „უხელფასო კომიტეტის თავმჯდომარე ვარ. შაბათ-კვირას, ვხუმრობ ხოლმე, დღეს მიღება არ მაქვს-თქო“, ისევ ხუმრობს ჯაყელი, - „შუქის პრობლემასთან დაკავშირებით, ყველა ინფორმირებულია, მაგრამ მაინც ასეთ დღეში ვართ“.

გვირაბის ბოლოს შუქი არა ჩანს - ჩაბნელებული ჰოლში იქ მაცხოვრებლებსაც უჭირთ გავლა, ჩვენ კი მათ „კვალს“ მივყვებით. შუქი ამ შენობაში ორი თვე გათიშულია გადაუხდელობის გამო. „მანამდეც ითიშებოდა, მაგრამ რამდენიმე დღით. ბოლოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი რომ მოვიდა, ჩაგვირთეს და მინისტრის წასვლისთანავე გაგვითიშეს“, - ამბობს დევნილი ეკა ესებუა.

ესებუას საცხოვრებელი ოთახი პირველ სართულზეა. ოთახის კედლებს ძველი საღებავის კვალი ზოგან ახლაც ემჩნევა; ძირითადი ნაწილი კი სველია ნესტის გამო; ერთ კუთხეში, ძველი ტელევიზორი და კარადის ფუნქციის შემთავსებელი მუყაოს კოლოფები ერთმანეთზეა დაწყობილი; ორი საწოლი - ისინი დღისით სკამის ფუნქციას ითავსებენ; ოთახის შუაში კი პატარა გაზქურა დგას, მასზე წვნიანი მზადდება. ამ ოთახში სამნი ცხოვრობენ: ეკა, დედამისი და მისი შვილი ბაჩანა.

ესებუების ოჯახი გაგრიდანაა. აფხაზეთის დატოვების შემდეგ გარკვეული პერიოდი რუსეთში, შემდეგ კი აჭარაში, ნაქირავებში ცხოვრობდა, ქირის თანხას კი 9 წლის ბაჩანა ყვავილების გაყიდვით შოულობდა. ეკა მარტოხელა დედაა: „საცხოვრებელ ფართს კი ვითხოვდი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან, მაგრამ 200-300 დოლარი უნდა მაგ ამბავს და იქნებაო, ასე მეუბნებოდნენ. ჩემი შვილი ამ დროს ქუჩაში ყვავილებს ყიდდა, რომ ბინის ქირა - 50 ლარამდე რომ გადაგვეხადა“.

ესებუების ძირითადი შემოსავალი დევნილობის 14 ლარიანი შემწეობაა: „14 ლარიანი დევნილობის შემწეობით რა გავაკეთოთ, როგორ ვირჩინოთ თავი? ამიტომ მზესუმზირას ვყიდი, ამით ვირჩენთ თავს. არ მინდა საქართველოს მოსახლეობა და აღარც ეს დევნილობა“. 

ეკა მეორე ჯგუფის ინვალიდია, ის ეპილეფსიითაა დაავადებული. პენსიის დანიშვნად ითხოვს, მაგრამ მისი ავადმყოფობის დასამტკიცებლად, სტაციონარში დაწოლას სთხოვენ, ამისთვის კი მას თანხები არ გააჩნია: „რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროში თხოვნით მისული, მოადგილის, ირაკლი ბარამიძის კაბინეტში ცუდად გავხდი და სასწრაფო გამოიძახეს“, - იხსენებს ის.

შენობის პირველი სართულის სინესტეს, მეორე სართულზე თავსახურიდან ჩამოსული წვიმაც ემატება. „ჩვენი გაჭირვება მაშინ დაიწყო, საცხოვრებელი რომ დავტოვეთ. რა ვქნათ, სხვა გზა არ არის, თორემ აქ იცხოვრება განა?“ კითხულობს ლილი კიშიბაძე და საფეხურებს ნელ-ნელა, მოაჯირის მეშვეობით მიჰყვება. მისი საცხოვრებელი ოთახი ყოფილი ნარკოლოგიური საავადმყოფოს მეორე სართულზეა.

70 წლის ქალბატონმა ფოტოალბომში შენახული ფოტოებით, კიდევ ერთხელ გაიხსენა ცხოვრების წლები, რაც აფხაზეთს უკავშირდება. „ეს ჩემი რძლის მშობლების ფოტოა, აფხაზეთში დაიღუპნენ...“, ამბობს.
ლილი კიშიბაძე, ამ შენობაში გადმოსვლამდე, სასტუმრო „მედეა“-ში, #921 ოთახში ცხოვრობდა შვილიშვილთან ერთად. მისი თქმით, იქ 16 წელი ცხოვრობდნენ: „შვილიშვილი ახლა თურქეთშია სამუშაოდ წასული“. კიშიბაძე სასტუმრო „მედეა“-დან  ისე გამოასახლეს, რომ კომპესაციის სახით არც ერთი ლარი მიუღია. „სიაში ჩემს თავს ვეძებდი კომპესაცია რომ მიმეღო და დოკუმენტაცია ხელიდან გამომტაცა იმ უფროსმა, თანხებს ვინც გასცემდა. რაღაც შეცდომააო. თბილისში მივწერე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში და იქედან ნახე რა პასუხი მომივიდა“, და ხელში ის კონვერტი მოგვაწოდა, რომელიც 2006 წლის აპრილში სამინისტროდან მიიღო. „თქვენი მომართვის პასუხად გაცნობებთ, რომ მონაცემთა ბაზაში თქვენი მონაცემების გადამოწმება მოხდა, რის შედეგადაც თქვენს გვარში არანაირი შეუსაბამობა არ არსებობს“. ოფიციალურ პასუხში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო პრობლემების გარკვევას აჭარის შესაბამის სტრუქტურებთან ურჩევდა.  

ყოფილი ნარკოლოგიური საავადმყოფოს ოთახების კარებზე ფურცელია გაკრული ნომრითა და აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს ბეჭდით. ახლა ჩვენ, #33 ოთახის კარი დავხურეთ.

შენობის მიმდებარედ ფსიქიატრიული საავადმყოფოა. მოსახლეობა იმ მხარეს შიშით იყურება და იხსენებენ, რომ შარშან ზაფხულში ფსიქიკურად დაავადებული მოსახლეობა ეზოში გამოჰყავდათ და არანაირი ზომები არ იყო მიღებული. „ხშირად ღამითაც ყვირიან და ძილის საშუალებაც არ გვაქვს“.

ახალი ამბები