კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვიდეოპატრული ადამიანის უფლებების წინააღმდეგ

17 აპრილი, 2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

„დიდი მადლობა პატრულს“ - ეს ფრაზა  შინაგან საქმეთა სამინისტროს სატელევიზიო პროექტების გაშვების შემდეგ ყველასთვის გახდა ცნობილი. თუმცა, შსს-ს პრესცენტრის მიერ მომზადებული გადაცემების დროს ხშირად ისმოდა სხვა ფრაზაც: „არ გადამიღო!“.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები, როდესაც მას ნებართვის გარეშე უღებენ, მაშინაც კი, როდესაც პატრულის თანამშრომლებს დაკავებული ეჭვმიტანილად მიაჩნია. 

საზოგადოებას ამ გადაცემის მიმართ პროტესტი ტელესივრცეში გაჩენის შემდეგ ძალიან  მალე გაუჩნდა. პროტესტს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაციები გამოხატავდნენ.

ნანა კაკაბაძე, ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი: „მაშინ „რუსთავი 2“-ში გვითხრეს, რომ გასაჩივრების შემთხვევაში ვერაფერს მივაღწევდით, რადგან ეს შოუა და ჟურნალისტების მიერ არის მომზადებული. იმ ინფორმაციებზე, რომლებსაც მათ შსს აწვდიდა, ისინი თანხმდებოდნენ.სამწუხაროა, რომ ტელევიზია ღიად თანხმდება  ადამიანის უფლებების დარღვევას“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, უჩა ნანუაშვილის თქმით, ორგანიზაციის პროტესტის და „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც გადაცემის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას ასახავდა, „ვიდეოპატრულში“ გარკვეული ცვლილებები მოხდა:

„ჩვენ მედიასაშუალებებით განცხადება გავავრცელეთ და ამ განცხადებას რეაქცია მოყვა. გარკვეული პერიოდის მანძილზე დაკავებულების სახეებსაც ფარავდენ. დღეს დაკავებულს არა დამნაშავეს, არამედ ეჭვმიტანილს უწოდებენ. მაგრამ დღესაც ბევრია ისეთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც ხშირად უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს“. 

ამ გადაცემას რამდენიმე სკანდალიც უკავშირდება. მაგალითად, ამირან რობაქიძის გახმაურებული მკვლელობის ჟურნალისტური გამოძიების დროს, სტუდია „რეპორტიორმა“ აღმოაჩინა, რომ გადაცემაში ნაჩვენები კადრები რეალობასთან შეუსაბამო იყო.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორი, ვახტანგ კომახიძე იხსენებს, რომ ვიდეოპატრულის მიერ დამონტაჟებულ კადრებში, ოპერატორებს გარკვეული ფრაზები გაეპარათ.

„შევამჩნიეთ, რომ მონტაჟის დროს ხანდახან ხმა და გამოსახულება ერთმანეთს არ ემთხვეოდა. მაგალითად, ხმა მოჭრეს და გამოსახულება დატოვეს, ან პირიქით. გვესმოდა პატრულის ხმა, რომელიც ამბობდა, რომ ბიჭებს არაფერი (იარაღი) ჰქონდათ. როდესაც კადრები მოჭრეს, ეს ხმა დარჩა. ოღონდ ცუდად ისმოდა. ეს მაშინ გავიგეთ, როდესაც ყველა სიტყვის სკრუპულოზური გაშიფვრა დავიწყეთ“.

როგორც ვახო კომახიძე ამბობს, მისთვის მიუღებელია ასეთი გადაცემებს გაშვება მაშინ, როდესაც კანონმდებლობამ სასამართლო პროცესების გადაღება აკრძალა, ხოლო  სისხლის სამართლის საქმეები მიუწვდომელია. როდესაც სასამართლოებში, განხილვის პროცესში ბრალდება უკვე  დადასტურებულია, პირის გადაღება მაინც იკრძალება.

„ამ დროს კი ტელევიზიით აჩვენებენ სრულიად შემთხვევით ადამიანს, რომლის ბრალეულობაც ჯერ დასამტკიცებელია. ასეთი მიდგომა პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებებისადმი ამორალურია.  ფაქტებს ტიტრებით უშვებენ, მაგალითად, „ყაჩაღობა“, „ძარცვა“. „თავდასხმა“ აწერია და ადამიანების სახეს აჩვენებენ. თუმცა, შეიძლება, მალე გაირკვეს, რომ ასე არ არის“.

ის, რომ ვიდეოპატრულის მიერ გადაღებული კადრები ხშირად ადამიანის უფლებებს არღვევს, კერძოდ, უდანაშაულობის პრეზუმფციას, ჩვენს მიერ ჩაწერილი ყველა რესპოდენტი თანხმდება.
 
ადვოკატი ლია მუხაშავრია ამტკიცებს, ის ფაქტი, რომ პოლიცია ვინმეს უკანონო მოქმედებისგან იცავს, არ ნიშნავს იმას, რომ მას უფლება აქვს მსხვერპლი ან მოძალადე პირი მისი თანხმობისა და ნებართვის გარეშე ფართო აუდიტორიას აჩვენოს. ის პირები, რომლებიც ვიდეოპატრულის რეპორტაჟებში დამნაშავეებად არიან გამოყვანილნი, ინარჩუნებენ უფლებას, მათი სურვილის გარეშე მათი ვინაობა არ იყოს გამჟღავნებული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ბესო ბოხაშვილის თქმით, ადამიანებს ევროპული კონვენციის მერვე მუხლის „ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების“ შესაბამისად, პატრულს გადაღების უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში აქვს, როდესაც მას ჩვენების კანონიერი მიზანი აქვს.

„აღნიშნული შესაძლებელია არ გავრცელდეს, როდესაც კონკრეტული დამნაშავის აყვანა ხდება. თუმცა ის პირიც, იქამდე, სანამ სასამართლოს განაჩენი ძალაში შევა, და მსჯავრი დაედება, უდანაშაულობის პრეზუმფციით სარგებლობს. შესაბამისად,  პატრულს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას, თუ ის უდანაშაულო აღმოჩნდება. სახელმწიფო გარკეული რისკის ქვეშ იგდებს თავს, როდესაც ყველა დაკავებულ პირს პირდაპირ აჩვენებს.“

„ვიდეოპატრულში“ არ არის იშვიათობა იმ პირების ჩვენება, რომლებსაც თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ პატრულის ჩარევით ვერ მოახერხეს. ცხადია, ასეთი ტიპის მაგალითები საზოგადოებას პატრულის მიმართ დადებითად განაწყობს, რაც ამ გადაცემის პირდაპირი მიზანია. თუმცა, მათ ავიწყდებათ, თავად თვითმკვლელი. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც მის სახესაც აჩვენებდნენ. ბესო ბოხაშვილი საუბრობს პრეცედენტზე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მოხდა, „პეკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“.

„პეკი, რომელსაც თავის მოკვლა სურდა, ტემზაში გადახტა. ეს იქვე დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა. ეს კადრები BBC-ის ეთერით აჩვენეს. ბატონმა პეკმა სასამართლოში შეიტანა განცხადება. ამ შემთხვევაში პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება დაირღვა, რადგანაც სახელმწიფოს არ ჰქონდა არავითარი კანონიერი მიზანი, რომელსაც ის ემსახურებოდა, როდესაც BBC-ის ამ კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენების უფლება მისცა. ამ შემთხვევაში სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად ბრძანა, რომ პეკის პირადი ცხოვრების ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე საჯარო ინტერესები. ამ საქმიდან გამომდინარე,  შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც პატრულში გარკვეული პირის სახეს აჩვენებენ და მისი ვინაობის იდენტიფიცირებას  შესაძლებელს ხდიან, ირღვევა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება“.

ასეთი ადამიანის გადაღებას და ეტერში ჩვენებას არა მხოლო იურიდიული, არამედ ფსიქოლოგიური ნიუანსები, აქვს. ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე ამბობს, რომ თვითმკვლელობის მცდელობის ასახვა არ არის მიზანშეწონილი. „ეს არის ისეთი ქმედება, როდესაც ადამიანი თავის სიცოცხლეს ხელყოფს. ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ბევრი პოტენციალური სუიციდანტია, რომელიც ეძებს დადასტურებას, რომ ეს შესაძლებელია“.

ლია მუხაშავრიას აზრით, პრობლემას კიდევ ერთი მხარე აქვს, საზოგადოებამ არ იცის, რომ მას საკუთარი ანონიმურობის დაცვის უფლება აქვს.
„ვფიქრობ, პირველ რიგში, საზოგადოებას ამ უფლების შესახებ უნდა განუმარტონ. და თუ ამ მოთხოვნას ვინმე არ გაითვალისწინებს, მაშინ საქმე სერიოზულ დარღვევასთან, პირად ცხოვრებაში ჩარევასთან გვაქვს“.

მეორეს მხრივ, განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია, როდესაც ამ საქმეს სახელმწიფო აკეთებს, მისი ძალისმიერი სტრუქტურების წარმომადგენელთა მეშვეობით. ვიდეოპატრული შსს-ს ოფიციალური გადაცემაა და სახელმწიფოს სახელით კეთდება. ასე რომ, სახელმწიფო პირდაპირ არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას“.             

ბესო ბოხაშვილი ამ პრობლემის მოგვარების საშუალებაზე საუბრობს:
„ერთადერთი გამოსავალი, რომ სახელმწიფო აღწევდეს მიზანს და პატრული პოპულარული გახადოს, მეორეს მხრივ კი დაცული იყოს ნებისმიერი პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება, აღნიშნული პირის სახეზე შავი მართკუთხედი უნდა მოთავსდეს, რაც მის იდენტიფიცირებას შეუძლებელს გახდის.

ჩვენ შევეცადეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დავკაშირებოდით და კომენტარი გვეთხოვა. საერთოდ, შსს-ს პრესსამსახურს ჟურნალისტებთან ურთიერთობის ძველი და კარგად ნაცნობი სცენარი აქვს. დავურეკეთ პრესცენტრის ხელმძღვანელს, ზურა გვენეტაძეს, მან შსს-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შოთა ხიზანიშვილთან გადაგვამისამართა. შოთა ხიზანიშვილთან დაკავშირება გაცილებით რთული აღმოჩნდა. როგორც იქნა გვიპასუხა: „სწრაფად ილაპარაკეთ, შეხვედრაზე ვარო“. ავუხსენით, რაც გვინდოდა. მოგვიანებით დამირეკეთო. მთელი დღე ვურეკავდით მისთვის ნაცნობი ნომრიდან, მაგრამ არ პასუხობდა. დავურეკეთ სხვა ნომრიდან და გვიპასუხა:

„უდანაშაულობის პრეზუმფცია არ ირღვევა. ირღვევა იმ შემთხვევაში, როდესაც პირზე ამბობენ, რომ ის არის დამნაშავე. ჩვენს შემთხვევაში ასე არ ხდება. როდესაც ადამიანის დაკავება ხდება, იქ წერია, რომ ის არის ეჭვმიტანილი“.

როდესაც იმ პირების გადაღებაზე ვკითხეთ, რომლებსაც თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდათ, მან ტელეფონი გაგვითიშა. რის შემდეგაც, ჩვენს ზარებს აღარ პასუხობდა.

პატრულის ვიდეო პროექტები საქართველოს ტელესივრცეში ვარდების რევოლუციის შემდეგ გაჩნდა, როდესაც შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელად გურამ დონაძე დანიშნეს. ის ამ პროექტის იდეის ავტორი და პროდიუსერიც გახლდათ. სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, მას პრესსამასხურის ხელმძღვანელის პოსტი დაატოვებინეს. თუმცა, გადაცემის პროდიუსერობას ის კვლავ აგრძელებდა. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, არის თუ არა ის გადაცემის პროდიუსერი დღესაც. ამისთვის შსს-ს პრესსამსახურს დავუკავშირდით. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ზურა გვენეტაძემ გვიპასუხა, რომ არ იცის. უცნაურია, როდესაც შინაგან საქამეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძძვანელმა, იმ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, რომლის უშუალო კომპეტენციაშიც შედის ამ პროექტების მომზადება, არ იცის, ვინ არის გადაცემის პროდიუსერი. მოგვიანებით, პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ეკა ბრეკაშვილმა გვიპასუხა, რომ პროდიუსერი ირმა ალასანიაა. და მისი ტელეფონის ნომერიც მოგვცა.

დავრეკეთ შემდეგ ნომერზე: 72 44 34 და ირმა ალასანიასაც იგივე  კითხვით მივმართეთ, თუ ვინ იყო პროდიუსერი? მან გვიპასუხა, რომ ამ პროექტს პროდიუსერი არ ჰყავს და რომ ყველა თავის საქმეს აკეთებს. როდესაც ვკითხეთ, რა პრინციპით მზადდება ეს პროექტი, სახელმწიფო ღალატში დაგვდო ბრალი და მტრად გამოგვაცხადა. რადგანაც ირმა ალასანია ვერ ანსხვავებდა სახელმწიფო საიდუმლოებას და იმ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებისთვის ღიაა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, ყველაფერი იცოდეს იმ გადაცემის შეასხებ, რომელიც ფართო საზოგადოებაზე არის გათვლილი. ამაზე გვიპასუხა:

„ამ კითხვის დასმისას თქვენ შეცდომა დაუშვით, თქვენ რომ ამბობთ, ეს გადაცემა არის საზოგადოებაზე გათვლილი, ჩვენ არ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები. ჩვენ ვმუშაობთ ერთ კონკრეტულ პროექტზე, რომელიც შეკვეთილია ერთი კონკრეტული ტელევიზიის მიერ. პატრულს არ ჰყოლია პროდიუსერი და არც ეყოლება, ეს არ არის „პირველი არხი“ ან „კავკასია“.

შეიძლება თქვენ ხართ ქვეყნის მტერი და ამ ინფორმაციას მიაწვდით ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელს. ამიტომ ამ ინფორმაციას ტელეფონით არ გავცემთ“.

სინამდვილეში პატრულს ჰყავდა პროდიუსერი, გურამ დონაძე, რომლის სახელიც გადაცემის ტიტრებში სწორედ ამ სტატუსით იწერებოდა.

ირმა ალასანია ამბობს, რომ ეს გადაცემა საზოგადოებაზე არ არის გათვლილი. რას გულისხმობს ირმა ალასანია, ნუთუ „რუსთავი 2“ ამ გადაცემას მხოლოდ შსს-ს თანამშრომლებისათვის აკეთებს? ამ შემთხვევაში მართლდება ამ ტელეარხის ოპონენტთა სიტყვები, თითქოს ეს არხი შსს-ს ქვედანაყოფია. სხვა შემთხვევაში, რატომ შეუკვეთავს ტელეარხი, რომელიც მოგებაზეა გათვლილი, ისეთ გადაცემას, რომელიც არ არის ორიენტირებული საზოგადოების ინტერესებზე და თან ამაში ფულს გადაიხდის?

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ელიზბარ ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სიტყვა „ეჭვმიტანილის“ თქმის შემდეგ უდანაშაულობის პრეზუმფციის ძალიან ღრმა გაგება ავტომატურად დაცულია. „პირიქით, ეს უფრო ცინიკური დამოკიდებულებაა. ეს ინსტიტუტი მანამდე უნდა იყოს შენარჩუნებული, სანამ სასამართლო არ გაარკვევს დაკავებულის ბრალეულობას და დანაშაულს. როდესაც ილახება უდანაშაულობის პრეზუმფცია, ილახება როგორც შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის მეორე ქვეპუნქტი“.

კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც ვიდეოპატრულის ყურებისას საკმაოდ მძაფრად მოქმედებს მაყურებელზე, ეს არის მოვლენების რეალისტური ასახვა, გვამების და სისხლის გადაჭარბებულად ასახვა.

ფსიქოტერაპევტი გიორგი ბერულავა ამბობს, რომ ნატურალისტური ასახვა და გადმოცემა, მით უმეტეს, გაფრთხილების გარეშე, რომ 18 წლამდე მოზარდებმა ეს გადაცემა არ უნდა ნახონ, არ არის მიზანშეწონილი. „ზოგადად არსებობს გარკვეული ეთიკური კოდექსი, რომელსაც უნდა იცავდნენ, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები. ვიდეოპატრულის კამერა ნაკლებად უნდა იყოს მიმართული მსგავსი კადრებისკენ“.

თუმცა ნოდარ სარჯველაზეს მიაჩნია, რომ ასეთი გადაცემები საჭიროც არის. „მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ეს თრგუნავს. თუ მას აქვს გარკვეული შიში ასეთი გადაცემის დროს ეს შიში კიდევ უფრო მეტად მძაფრდება. მაგრამ მეორეს მხრივ,  შეიძლება არც არის ცუდი, რადგან ადამიანმა სირთულეებს თვალებში უნდა ჩახედოს“.

ყველა ის რესპოდენტი, რომელიც ამ პუბლიკაციაში საკუთარ აზრს გამოხატავს ღრმად დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ვიდეო პროექტები მათთვის, როგორც ფართო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის იქმნება. სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანებს ვიწერდით, არ ვიცოდით, რომ ეს მხოლო შსს-ს თანამშრომლებზეა გათვლილი, თორემ მათ ამის შესახებ აუცილებლად ვეტყოდით.

ახალი ამბები