კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკაროდ, პრეზიდენტის ბრძანებულების მოლოდინში

21 აპრილი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

ჯაბაურების ოჯახი სახელმწიფოს  საცხოვრებელი ფართის გამოყოფას უკვე თერთმეტი წელია უშედეგოდ სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ სამსულიანი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია, 12 წლის თორნიკეს კი სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდება, ხელისუფლება მათ იმედსაც არ უტოვებს.

კახა ჯაბაურს უკვე 11 წელია განცხადებები თბილისის სხვადასხვა  სამსახურში შეაქვს. თუმცა რეალურად მას არავინ ეხმარება. მას ერთი უწყებიდან მეორეში აგზავნიან. ასე დადის ის ბიუროკრატიის მოჯადოებულ წრეში მრავალი წლის მანძილზე. განცხადებას განცხადება ემატება, დახმარება კი არსაიდან ჩანს.

იმ საბუთების შეგროვება, რომლებიც ამ ბიუროკრატიულ კითხვა-პასუხს ასახავენ 2004 წლიდან დაიწყო. ფიქრობდა, საქართველოს უწყებებში თუ არავინ დაეხმარებოდა, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს მიმართავდა, საბუთებში კი ასახული იქნებოდა, თუ როგორ ცდილობდა თავშესაფრის მოპოვებას.

„11 წელია წერილები ყველგან შემაქვს, გამგეობებიდან დაწყებული, პრეზიდენტის კანცელარიით დამთავრებული. კვირაში ერთხელ მივდივარ და ამ საბუთებს ვაბარებ, მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მომდის.

2004 წელს მივმართე ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას. ჩემი ოჯახური მდგომარეობა გამგებელს, ნიკო ხაჩირაშვილს ავუხსენი. მაშინ მე და ჩემი მეუღლე ბავშვს ველოდებოდით. თავშესაფარი ვთხოვე. მან გვითხრა, რომ მათ ბალანსზე არ იყო ისეთი ფართი, რომლის გამოყოფაც ჩვენთვის იქნებოდა შესაძლებელი. საჯარო რეესტრში შევამოწმე და აღმოჩნდა, რომ თავისუფალი ბინები მუხიანში იყო, იქ ჩვენი ჩასახლება შესაძლებელი იქნებოდა. 2005 წელს ქალაქის გამგებლის მოადგილეს მივმართე. ვუთხარი, რომ მუხიანში მშენებარე კორპუსი არსებობდა. რამდენიმე ბინა დაკავებული იყო,დანარჩენი კი ცარიელი. ვთხოვდი, დროებით მაინც მოეცათ ნებართვა, რომ ამ ბინაში მეცხოვრა. რაღაცეები მიკიბ-მოკიბა, მითხრა, რომ ეს კორპუსი მათ ბალანსზე არ ირიცხებოდა, თბილისის მერიის ბალანსზე იყო. თბილისის მერიაში წავედი. გიგი უგულავას რამდენიმე განცხადებით მივმართე, ისევ გამგებელთან გადამამისამართეს. მივმართე პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც. როდესაც საჯარო რეესტრის საბუთს ვაჩვენებდი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ჩემი შესახლება შესაძლებელი იყო, მხოლოდ ასეთი პასუხით შემოიფარგლებოდნენ: „არ ვიცით“.

მოგვიანებით, როდესაც საბინაო ფართის გადაცემა რეალური გახდა, და პარლამენტმა შესაბამისი კანონი მიიღო, ყველაფერი ჩაიშალა. რჩებოდა მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულება, თუმცა ბოლო მომენტში ის გაუქმდა. ეს ბრძანებულება გამგეობების მიერ თავშესაფრის გამოყოფას არეგულირებდა. გაუქმდა იმ ადამიანების სიაც, ვისაც თავშესაფარი ეკუთვნოდა. მათ შორის კახა ჯაბაურიც იყო. საბინაო კომისია კი, რომელსაც ბინების გამოყოფა ევალებოდა, დაიშალა. მამუკა ახვლედიანს თავმჯდომარეობის უფლებამოსილება ჩამოერთვა, და მის ბალანსზე რიცხული ქონება ქონების მართვის საქალაქო სამსახურს გადაეცა.

„თბილისის მერიის ქონების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს,  გიორგი გელაშვილს მივმართე. მითხრა, რომ ის საბუთები დაბლოკეს, რომელიც 2003 წელს საბინაო კომისიის განსახილველად ჩემსა და კიდევ 5 ოჯახის მიერ იყო გადაცემული. ახლა პროექტი ხელახლად უნდა შედგეს და გადაიგზავნოს. კომისიაზე გასატანი საბუთები კი ხელახლად არის შესადგენი. ამჟამად არსებობს საბინაო პრობლემების მქონე პირთა სია, რომელთა დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების საკითხი გაურკვეველია. რაღაც სიაში 2007 წლამდეც ვიყავი, მაგრამ მოიხსნა, შესაძლებელია ახლაც მოიხსნას და დავრჩები ღია ცის ქვეშ. არც დაპირება ყოფილა სადმე დროებით შეგიშვებთო, სანამ მოგიძებნით რამეს“.

ჯაბაურებისთვის ბინის პრობლემა არ არის ერთადერთი. პატარა თორნიკეს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ კახა ჯაბაურმა სახელმწიფო უწყებებს მიმართა, დახმარება ბავშვისთვის დღემდე არ აღმოუჩენიათ.

„იანვარში ბავშვმა ხელი მოიტეხა. ექიმმა რენტგენის სურათი რომ დაინახა, თქვა, ბავშვს სასწრაფო ოპერაცია, ძვლის გადანერგვა სჭირდებაო. იმის შესაძლებლობა არ გვქონდა საავადმყოფოში რომ დაგვეწვინა. გადავწყვიტეთ, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებისთვის მიგვემართა, ვისაც დახმარების გაწევა შეეძლო. ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ოპერაციების დაფინანსება დროებით შეჩერებულია და 25 მაისიდან განახლდებაო. ველოდები ამ 25 მაისს, დღესდღეობით კი ბავშვი ასე გვყავს, ვერც მკურნალობს, ვერც ვაწვენთ სადმე. ყველაზე მთავრი ის არის, რომ ბინის მეპატრონე რომ გამოგვაგდებს, ქუჩაში ავადმყოფი ბავშვით დავრჩები. ქირას ვერ ვიხდი“.

მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე ჯაბაური ჯერ მხოლოდ 11 წლისაა, განცხადებების წერა მანაც დაიწყო. სხვა გზა არ ჰქონდა. წლების მანძილზე უყურებს, როგორ ცდილობს მამა ოჯახისთვის თავშესაფრის მოპოვებას. თავისი პირველი განცხადება პრეზიდენტს  მიხეილ სააკაშვილის სახელზე დაწერა.

„ბატონო მიხეილ, მე ვსწავლიბ 32-ე საჯარო სკოლაში, მე-5-ე კლასში. იმის გამო, რომ ვცხოვრობთ ქირით, ხშირად გვაქვს პრობლემები და ვაცდენ სკოლას. გვიწევს ერთი სახლიდან მეორე სახლში გადასვლა, რადგან საკუთარი სახლი არ გვაქვს. დედ-მამა კი ვერ ახერხებს ქირის გადახდას. კიდევ იმის გამო ვაცდენ სკოლას, რომ ვარ ავად. ექიმმა მითხრა, რომ მაქვს კისტა და მჭირდება მკურნალობა. მამა ბევრჯერ მინახავს მწუხარე იმის გამო, რომ კარგი პირობები არ გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტე მომეწერა თქვენთვის თხოვნით. სულითა და გულით გთხოვთ, რომ მომეხმაროთ.

მე მინდა ვიყო ფრიადოსანი მოსწავლე, მაგრამ ყველა წიგნი არა მაქვს. ბევრჯერ, როდესაც ჩემი კლასელები დაბადების დღეს იხდიან, მე თითქმის  ვერ დავდივარ მათთან, ვერც ექსკურსიაზე დავდივარ. ამხანაგებს კი სახლში ვერ ვეპატიჟები. მეც მინდა ერთხელ მაინც გადავიხადო დაბადების დღე და ვიყო მხიარული. მინდა მქონდეს ჩემი სახლი, ჩემი ოთახი, ჩემი კუთხე. გეხვეწებით, ბატონო პრეზიდენტო, რომ დამეხმაროთ.

4 მარტს მქონდა დაბადების დღე ჩემს მშობლებს იმის საშუალება არ ჰქონდათ, რომ საჩუქარი გაეკეთებინათ და იყო ერთი ჩვეულებრივი დღე. ძალიან მინდა სადაც ეხლა ვართ იქ მობრძანდეთ და ნახოთ, როგორ ვცხოვრობთ“. (სტილი დაცულია)

თორნიკე ჯაბაური

ქალაქ თბილისის მერიაში განგვიმარტეს, რომ ბინის გამოყოფის თემა დიდი ხანია აღარ არის აქტუალური. თბილისის მერია კარგა ხანია თავად არ აშენებს სახლებს.

თბილისის მერიის საბინაო განყოფილების უფროსი, ზურა გაბუნია აღნიშნავს, რომ  გამგეობა ცარიელ ბინას დროებითაც ვერ გაანაწილებს. ის მერიის ქვედა სტრუქტურაა და ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებას უცდის.

„გამგეობები ანაწილებენ გამონთავისუფლებულ ბინებს. მაგალითად, ადამიანი კვდება და ბინას არავის უტოვებს. ამ შემთხვევაში მისი ბინა ეკონომიკის სამინისტროს მიაქვს. და შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ ნება თუ იბოძა და შეატყობინა მერიას ამ ბინის არსებობის შესახებ, წერილობით ვთხოვთ, კერძო საკუთრებაში გადმოგვცენ. ბინის განაწილების უფლება რაიონის გამგეობას მხოლოდ ამის შემდეგ აქვს. ასეთი ბინა რომც იყოს, მოქალაქეს ვერ გადასცემენ, რადგან ხელს პრეზიდენტის ბრძანებულება უშლის. სანამ ბრძანებულება არ გამოვა ყველაფერი ჰაერში იქნება გამოკიდებული“.

ზურაბ გაბუნია ამბობს, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებას 8-9 თვე ელოდება. ასე რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ამ ბრძანებულებამდე ძალა არ აქვს, რადგან ის კანონს არეგულირებს.

„საბინაო კომისია გაუქმებული იქამდე იქნება, სანამ პრეზიდენტის ბრძანებულება გამოვა. შემდეგ, თუ ბრძანებულების შესაბამისად კომისიის შექმნა საჭირო იქნება, შეიქმნება. თუ არადა, პირდაპირ ჩვენი განყოფილება გააკეთებს.

კახა ჯაბაური ორიათასჯერ იყო ჩემთან მოსული. გადასარევად იცის, რა ხდება, ვუთხარი, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებას უნდა დაელოდოს“.

თუმცა როდის მიიღებს პრეზიდენტი ამ ბრძანებულებას არავინ იცის. არც გაბუნიამ, მათ შორის.  ასე რომ უსახლკაროდ, ავადმყოფ ბავშვთან ერთად კიდევ რამდენი ხანი მოუწევს გადაბარგ-გადმობარგება კახა ჯაბაურის ოჯახს, გაურკვეველია. 

ახალი ამბები