კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ოპოზიცია ,,არათანაბარ პირობებს" უჩივის

22 აპრილი, 2008
საბა წიწიკაშვილი, გორი

გორში მძაფრ ,,მაჟორიტარულ ომს" წინასწარმეტყველებენ. საარჩევნო ფერხულში ორ დაპირისპირებულ მხარეს - ნაციონალებსა და გაერთიანებულ ოპოზიციას, მესამე მხარე - ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურაც დაემატა. პატიაშვილის ფაქტორმა პოლიტიკური სპექტრი გორში მთლიანად არია. ადგილობრივი ხელისუფლება პანიკაშია. ,,ნაციონალების" შტაბში მუშაობა გაცხოვებული ტემპით უკვე  მიმდინარეობს.

ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ მათი მთავარი მოწინააღმდეგე გაერთიანებული ოპოზიციიდან ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ,,პოლიტიკურად" გაზრდილი თეო ტლაშაძე იქნებოდა. ტლაშაძის ,,კანდიდატურის" იმედი ბოლომდე არსებობდა. თუმცა იდგა კიდევ ერთი კანდიდატის - ლევან ტერაშვილის საკითხი, რომელიც ოქრუაშვილის ყველა მინისტრობის დროს მისი თანაშემწე  იყო სხვადასხვა საკითხებში. იმ დროს, როდესაც გორელები ,,ეროვნული საბჭოს" ადგილობრივ შტაბში ტლაშაძისა და ტერაშვილის შიდა კინკლაობას ელოდნენ, სწორედ მაშინ ,,ნაციონალებს" გიორგი მოსიძე დაუპირისპირეს. მოსიძის მამა წლების განმავლობაში გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელია და აქედან გამომდინარე, გორთან გარკვეული შეხებაც აქვს.

22 აპრილს გაერთიანებულმა ოპოზიციამ გორში საკუთარ კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. მაჟორიტარად ბლოკში გაერთიანებული -  ,,ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მოსიძე დასახელდა.

მოსიძემ წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე შტაბში განაცხადა, რომ ხელისუფლება გორში არჩევნების მოგებას პოლიციით აპირებს. ამაში ოპოზიცია პოლიციის მიერ ოპოზიციურად განწყობილი  აქტივისტების და პარტიის წევრების მასობრივად დაპატიმრებას გულისხმობდა. მოსიძის ბრალდებას გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი გამოეხმარა და მოსიძის განცხადებას აბსურდული უწოდა.

რაც შეეხება ჯუმბერ პატიაშვილს, იგი ჩვენი ინფორმაციით, მრეწველებთან ბლოკ ,,ერთობის" გაერთიანების შემდეგ წარადგინეს. პატიაშვილი გორის მაჟორიტარი კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც 2003  წლის არჩევნებში მაჟორიტარად არჩეულმა ირაკლი ოქრუაშვილმა პარლამენტარობაზე უარი თქვა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა.

პატიაშვილის ფაქტორი იმდენად დიდი იყო გორის პოლიტიკურ სივრცეში, რომ მაშინდელ ,,ნაციონალურ მოძრაობას" მასზე ფსონის დადება საკმაოდ ძვირად დაუჯდა. 2004 წელს გორის მაჟორიტარად ,,ბურჯანაძე-დემოკრატებიდან" გოგი მჭედლიშვილის წარდგენა უნდოდათ, თუმცა, როგორც მაშინ ამბობდნენ, ოქრუაშვილის ინიციატივით, ,,ნაციონალების" სახელით სწორედ  ჯუმბერ პატიაშვილი გორის მაჟორიტარად დაასახელეს. სხვათა შორის, ოქრუაშვილმა ჯუმბერ პატიაშვილს ამით სამაგიერო სიკეთით გადაუხადა. ამომრჩეველს კარგად ახსოვს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ციებ-ცხელება და ვარდების რევოლუციის დასაწყისი. იმ პერიოდში გაერთიანება ,,ერთობის“ სახელით ჯუმბერ პატიაშვილი გორის მაჟორიტარად კენჭს იყრიდა. ,,ვარდების რევოლუციამდე" იგი ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილ ირაკლი ოქრუაშვილის კონკურენტად ითვლებოდა. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯუმბერ პატიაშვილმა საკუთარი კანდიდატურა ,,ნაციონალების" და ირაკლი ოქრუაშვილის სასარგებლოდ მოხსნა.

არასამთავრობო ორგანიზაციები არასათანადო პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას. მაგალითად, საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის (საია) საარჩევნო პროექტების სამუშაო ჯგუფმა წინასაარჩევნო კამპანიის  დროს პოლიტიკური ძალების უკანონო ქმედებებზე დასკვნა გამოაქვეყნა.

საიას დაკვირვებით, საჯარო მოხელეები - სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, კახეთის გუბერნატორი ლევენ ბეჟაშვილი და გურიის გუბერნატორი რამაზ ნიკოლეიშვილი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში კანონდარღვევით მონაწილეობენ, რაც საჯარო მოხელეების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის მოსახლეობისათვის წარდგენით გამოიხატა.

საიას თავმჯდომარის გიორგი ჩხეიძის განცხადებით, ამ ქმედებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 პუნქტი დაირღვა, რომლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურეობრივ ფუნქციებს. „ვთვლით, რომ  გუბერნატორები წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობენ, რაც გამოიხატება მათ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენითა და მათთვის მხარდაჭერის დაფიქსირებით", - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ გამართულ ბრიფინგზე.

ახალი ამბები