კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უპატრონო სახლად” ქცეული საცხოვრებელი ბინა

24 აპრილი, 2008
გულო კოხოძე, ადიგენი

დაბა ადიგენი მესხეთის ქუჩით იწყება. პირველი ნომრის ორსართულიან კორპუსში ხუთი ოჯახი ცხოვრობს - ,,ყველა ქვრივი, გაჭირვებული და ღატაკი აქ ვართ“, - ამბობენ კორპუსის ბინადარნი. ბინას ადიგენელები უპატრონოთა სახლს ეძახიან.

ადგილობრივები ამ სახლის მშენებლობის პროცესს ასე იხსენებენ: ,,კორპუსი ადრე, შაბათობას რომ ეძახდნენ და ყველა გამვლელ-გამომვლელს ასაქმებდნენ, მაშინაა აშენებული. ბინების მშენებლობის არაფერი იცოდა იმ ხალხმა“... 

ფანჯრის მინები პარკებს შეუცვლია. ისიც დროთა განმავლობაში გაშავებულა, დახეულა და რაც ქარს გადარჩენია, ცემენტჩამოყრილ კედლებს და ნახევრად დამპალ ჩარჩოებს შერჩენია.

,ბირჟა” შენობის უკანა მხარესაა.  ნახევრადჩამონგრეული კორპუსის ჩრდილს შეფარებული, ხის „მოლაყლაყებულ“ სკამებზე მჯდომი მოხუცები თავიანთი გაჭირვების შესახებ თავჩაღუნულები გვიამბობენ.

,,მარტო ვცხოვრობ. თვიდან თვემდე პენსიით გამაქვს თავი. თვალშიც დამაკლდა და ყურშიც, მაგრამ პენსია მოვიდაო როცა მეუბნებიან, მაშინვე ვიგებ”, - ამბობს 74 წლის ქრისტინე ტაბატაძე.

მარტოხელა მოხუცი პენსიას 55 ლარს იღებს და მიაჩნია, რომ თანხა მისი სამუშაო სტაჟის შესაბამისი არ არის: ,,ჯერ სკოლაში ვმუშაობდი დამლაგებლად. მერე გაზის კანტორაში. მუშაობის დახლოებით 25 წლიანი სტაჟი მაქვს. 55 ლარი ამდენ წლიანი შრომის საფასურია?”

მის გარდა კორპუსში ოთხი ოჯახი ცხოვრობს.

,,34 წელია მარტო ვცხოვრობ. არსად ვმუშაობ, პენსია რაშიც მყოფნის, იმას ვყიდულობ. ადრე ხილის ქარხანაში ვაშლის გადარჩევაზე ვმუშაობდი.
დღეში ხუთი მანეთს ვიღებდი”, - გვიამბობს იზოლდა ჩაგუნავა.

,,საკონსერვო ქარხანაში მუშა ვიყავი, კომპოტებს და წვენებს ვამზადებდით. ნორმალური ხელფასი მქონდა. კაი დრო იყო”, - იგონებს 62 წლის კლარა თურმანიძე.

კორპუსში წყალი არ მოდის. წყალს დაახლოებით ოთხას მეტრზე მდებარე წყაროდან ვედროებით ეზიდებიან.

ხუთი ოჯახიდან ტელევიზორი მხოლოდ ერთს აქვს. „ტელევიზორიან ოჯახში“ სტუმრად მისული ქრისტინე ბებო, ეკრანზე გამოჩენილ სააკაშვილს კოცნის და იმედი აქვს, რომ ,,მის ხელში ტკბილი სიბერე” ექნება. თუმცა, ამჯერად ირგვლივ სასიკეთოს ვერაფერს ხედავს: ,,მიჭირს მეც და ჩემს მეზობლებსაც”.

ორსართულიან კორპუსს სახურავი დაზიანებული აქვს. წვიმის დროს წყალი პირველ სართულამდე ჩადის. ,,ტაშტები გვიდგას ყველგან”, - ამბობენ აქაურები.

ხანდაზმულებს პოლიტიკაზე საუბარი უყვართ.

,,სააკაშვილის გამზრდელმა იხარა, შეშის ვაუჩერები მოგვცა, დენისაც”, - ამბობენ ისინი. თუმცა, შეშის ვაუჩერი არავის გამოუყენებია.

,,რად მინდა ეს ვაუჩერი? შეშას ტყიდან როგორ ჩამოვიტან? ჩემი პენსიით? - უკვირს კლარა თურმანიძეს – ,მაინც სააკაშვილის იმედი მაქვს. მაგაზე უკეთესს ვერავის ვხედავ. თუ დააშავებს, ნიკოლოზი გადააგდეს და მაგას ვერ გადავაგდებთ?”

ეზოში ბავშვების ჟრიამული არ ისმის. პატარების სამოსი არც ეზოში გაფენილ „სარეცხში“ შეინიშნება. კორპუსის მცხოვრებთ ბავშვების ხსენებაზე თვალები უნათდებათ, თუმცა შვილიშვილები მხოლოდ კლარა თურმანიძეს ჰყავს, ისიც დედაქალაქში.

,,შვილიშვილები ზაფხულში ჩამოდიან და მაშინაც მეშინია სახლში შეყვანა, ყველაფერი ყანყალებს. სწრაფად რომ გაივლი ოთახში, კარადები ისე გრიალებს, გაგიჟდები”, - ამბობს კლარა თურმანიძე.

სტუმარს მონატრებულმა მასპინძლებმა ყავაზე მიგვიპატიჟეს – ,,მთლად ასე გაუბედურებულებიც კი არ ვართ”.

ქრისტინე ბებომ ფოტოსთვის თმებიც შეისწორა, ჯოხი კუთხეში მიმალა და ჩაილაპარაკა - ,,სიბერეს მოუკვდა მომგონი”.

,,ბევრი არაფერი გვინდა, რაიონი ამ კორპუსით იწყება და გარე მხარეს მაინც მიხედონ”, -  რჩევას აძლევენ ადგილობრივ ხელისუფლებას მოხუცები.

ახალი ამბები