კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაცმოძრაობამ წალენჯიხელებს მესამე მაჟორიტარი კანდიდატი წარუდგინა

30 აპრილი, 2008
ნანა ფაჟავა, წალენჯიხა

22 აპრილს წალენჯიხელებს ნაცმოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი როლანდ ფიფია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა წარუდგინა. ორი კვირით ადრე კანდიდატობაზე წარდგენილი და სკანდალურად მოხსნილი რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია მებონია და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გია ხარჩილავა მომხდარს გაუგებრობად აფასებენ, ხოლო პრეზიდენტის ერთგულების მტკიცებაში ერთმანეთს ეცილებიან. წალენჯიხის მოსახლეობა კი განვითარებულ მოვლენებს შიდა სახელისუფლებო და შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირებს.

წალენჯიხაში ამ დაპირისპირებაზე ბევრი საუბრობს, მაგრამ მორიგი კანდიდატის წარდგენამდე რაიონის კულტურის სახლთან შეკრებილი ადამიანების დიდმა ნაწილმა არც წარსადგენი ნაცმოძრაობის სახის და არც მაღალი რანგის პარტმუშაკების სტუმრობის შესახებ იცოდა რამე.

გურამ შანავა: `არ ვიცით ვის წარადგენენ. რახან ჩვენ მოვედით, ნაციონალი იქნება, ჩვენც ნაციონალები ვართ. 2003 წლის ნოემბერში სააკაშვილთან ერთად რომ ვიჯექით ავტობუსში, ისინი ვართ ჩვენ~.

ორასკაციან მომლოდინე ჯგუფში გურამ წულაია ერთადერთი წალენჯიხელი აღმოჩნდა, ვინც ოპონენტებს არ შეუშინდა და ხმამაღალი განცხადებები გააკეთა, ვისაც არც ნატო, არც „მაპი“ და არც ამერიკა აინტერესებს. მისთვის რუსეთთან კეთილმეზობლობა უფრო მნიშვნელოვანია.

გურამ წულაია: "მესამედ კი არა მეხუთედ რომ წარადგინონ კანდიდატი, გაგიკვირდებათ?! ამათ წალენჯიხა მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ. მეათედაც რომ წარადგინონ არაფერი შეიცვლება ჩვენთვის, დაღუპულ სულს არაფერი ეშველება, თვითონ აქვთ თავგზა აბნეული და ჩვენ მოგვაბამენ თავს?! საქართველოში მხოლოდ ერთხელ ჩატარდა სამართლიანი არჩევნები და ეს ზვიად გამსახურდიას დროს მოხდა. ერთადერთი გამოსავალი რუსეთისკენ გზის გახსნაა. თუ მიმოსვლა აღდგება და ენგურის ხიდი გაიხსნება ყველას გვეშველება, მანამდე კი ასეთი დამშეულები ვიქნებით..."

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მიხელ მაჭავარიანისა და ნაცმოძრაობის ყოფილი გენერალური მდივნის, დავით კირკიტაძის წალენჯიხაში გამოჩენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახელისუფლებო მაჟორიტარ კანდიდატად სოფელ ჩქვალერის მკვიდრი, ამჟამად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, როლანდ ფიფია დასახელდებოდა. კულტურის სახლის დარბაზში შეკრებილ წალენჯიხელებს მაჟორიტარობის კანდიდატი თავად მაჭავარიანმა წარუდგინა. თუმცა მან პირველ რიგში ამომრჩეველს ის აუწყა, რომ გოროზია და კირკიტაძე დარბაზში მხოლოდ იმიტომ არ იმყოფებოდნენ, რომ ისინი ჟურნალისტებმა წინასაარჩევნო კანონდარღვევაში არ დაადანაშაულონ.

წინასაარჩევნო კამპანიის კანონდარღვევაში კი კახეთის, გურიისა და სამეგრელი-ზემო-სვანეთის გუბერნატორები არა ჟურნალისტებმა, არამედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებმა დაადანაშაულეს. საიას თავჯდომარის გიორგი ჩხეიძის განცხადებით, გუბერნატორებმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 პუნქტი დაარღვიეს, რომლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურეობრივ ფუნქციებს.

კანონი კი სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ სახელისუფლებო მაჟორიტარების წარდგენით სულ ცოტა, 7-ჯერ დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ როლანდ ფიფიას წარდგენაზე დარბაზის გასასვლელი კარებიდან მას ფეხი არ მოუცვლია, იგი მაინც ჯიუტად იმეორებდა, რომ კანონი არასოდეს დაურღვევია, ხოლო კიდევ ერთი ახალი გუბერნატორი და გოროზიას მეჯვარე კირკიტაძე ჟურნალისტებთან კოლეგას თავგამოდებით იცავდა: "როგორ გეკადრებათ?! ზაზა ოდესმე არღვევდა კანონს?! დიდი-დიდი ადმინისტრაციულ ჯარიმას გადაიხდიდა."

ნაცმოძრაობის ახალი მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენაში მონაწილეობა არც მუნიციპალიტეტის გამგებელს, გია მებონიას მიუღია, რომელიც გუბერნატორის მიერ წარდგენილი რიგით #1 კანდიდატი იყო წალენჯიხაში. სამაგიეროდ დარბაზში მოულოდნელად გამოჩნდა #2 კანდიდატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე გადამდგარი თავმჯდომარე გია ხარჩილავა.

გია ხარჩილავა: "პირველსა და მეორე წარდგენას მე გაუგებრობად შევაფასებდი. კანდიდატის მესამედ დასახელების მოტივაცია ჩემთვის გასაგებია. ბიზნესმენის ხალხის სამსახურში ჩაყენება და ინვესტიციების მოზიდვა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. წალენჯიხა ღირსეულად უნდა იყოს ჩართული არჩევნებში და ღირსეული სიტყვა თქვას პრეზიდენტის წინაშე".

გია ხარჩილავა, როგორც პარლამენტის თავჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მიერ დასახელებული კანდიდატი არასასიამოვნო კონტექსტში ცოტა ხნის წინ ახსენეს. ერთ-ერთი საგაზეთო სტატიის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ფინანსურად მხარდამჭერმა ბიზნესმენმა, გულიკო ხარჩილავამ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს მილიონი ლარი მხოლოდ იმიტომ შესთავაზა, რომ გია ხარჩილავა სახელისუფლებო მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებულიყო. ეს ყველაფერი კი ბურჯანაძის ცნობილ განცხადებამდე სამიოდე დღით ადრე მოხდა. ხარჩილავას კანდიდატურის დასახელებამ გუბერნატორ გოროზიას განაწყენებაც გამოიწვია. ერთ-ერთი ინფორმაციით, მებონია-ხარჩილავა-გოროზიას დაპირისპირება საქმის გარჩევითა და მუშტი-კრივით დასრულდა.

მმართველმა პარტიამ ახლადწარდგენილ კანდიდატზე, როლანდ ფიფიაზე არჩევანი, როგორც ჩანს, მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ იგი სარატოვში მოღვაწე ქართველი  ბიზნესმენია. თუმცა სხვა ინფორმაციის მიხედვით უფრო წარმატებული და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი მისი ძმა - რომან ფიფიაა, რომელიც ინგლისსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მოღვაწეობს. მისი სახელი უკავშირდება ზუგდიდის თხილის ქარხანას, სადაც აქციათა დიდ ნაწილს ფლობს. რომან ფიფიას ბიზნესინტერესებზე თბილისშიც აქტიურად საუბრობენ. იგი კომპანია "ჰაიატის" დამფუძნებელია, რომელიც დედაქალაქში სასტუმროთა ქსელის მშენებლობით არის დაკავებული.

როლანდ ფიფია რომ რუსეთში სერიოზული ბიზნესით არ ყოფილა დაკავებული, ამაზე მისი კომენტარიც მიანიშნებს: "სარატოვში ვვაჭრობდი, მაღაზიები მქონდა, 15 წელია იქ ვმუშაობ. წალენჯიხის განვითარებისათვის კონკრეტული პროგრამა ჯერ არ მაქვს, ყველაფერი დასაწერი და დასახატია, დრო გვანახებს. უფრო მეტს მაშინ გეტყვით, როცა მეცოდინება რითი დავიწყო."

მიხეილ მაჭავარიანმა ხელისუფლების სახელით როლანდ ფიფიას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. მან წალენჯიხელების წინაშე მყარი პირობაც დადო, რომ მეოთხედ კანდიდატის წარდგენა აღარ მოხდებოდა.

მიხეილ მაჭავარიანი: "ვიცი, რომ მესამედ გიწევთ ასეთი შეკრება. გპირდებით, რომ მეოთხედ აღარ მოგიწევთ იმიტომ, რომ როლანდის სახით დავასახელეთ კანდიდატურა, რომელიც ნაცმოძრაობის საბოლოო გადაწყვეტილებაა... იმ მხარდაჭერაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წალენჯიხაში აქვს, ვერავინ შეეცილება. ამიტომაც ძალიან ბევრს შურს თქვენი. საქართველოს პარლამენტში აქედან ძლიერი ხმა უნდა ისმოდეს."

წალენჯიხიდან ხმების მისაღებად კიდევ მაჟორიტარი დეპუტატობის 11 კანდიდატი იბრძვის. სახელისუფლებო კანდიდატს "ტრადიციონალისტები-ჩვენი საქართველო და ქალთა პარტიიდან~ ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრი, გიორგი ცანავა დაუპირისპირდება. პარლამენტის დეპუტატის მანდატების მოსაპოვებლად წალენჯიხაში ასევე იბრძოლებენ: პაატა სორდია, საარჩევნო ბლოკი "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", მერაბ მორგოშია, საარჩევნო ბლოკი "მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე-მრეწველები", რესპუბლიკური პარტიიდან - ფრიდონ ჭურღულია, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება "ქართულ პოლიტიკას" პარტიის ლიდერის, პარლამენტის ყოფილი წევრის, გოჩა ფიფიას სეხნია წარმოადგენს.

ახალი ამბები