კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციურ სახელმწიფოში პროკურორები გუბერნატორები ხდებიან

1 მაისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. დასავლეთ საქართველოს საოლქო  პროკურორი პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გასულ კვირას სახელმწიფო მინისტრმა რეგიონალური მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილმა თავად წარადგინა. ქუთაისელთა „წინასწარმეტყველება“ გამართლდა - დე-ფაქტო სიტუაცია ცენტრალურმა ხელისუფლებამ იურიდიულად გააფორმა.

„აქ გასაკვირი არაფერია. ჩვენ ხომ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ამას ჩვენი ხელისუფლება აღნიშნული ფაქტით კიდევ ერთხელ გვახსენებს. მიხეილ ჩოგოვაძის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. იგი გუბერნატორის ფუნქციებს მანამდეც ასრულებდა. ქუთაისის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო ფონდს სწორედ ბატონი პროკურორი განკარგავდა და მასში ჩახედვის უფლება არც წინამორბედ გუბერნატორს, არც ქუთაისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ჰქონდა. ნორმალურ სახელმწიფოში ეს არ უნდა ხდებოდეს. პროკურორს ქალაქმშენებლობასთან ასეთი მკვეთრი შეხება არ უნდა ჰქონდეს“, - ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვლადიმერ ნაკაშიძე.

ქუთაისელი „რესპუბლიკელის“ გარდა ჩოგოვაძის „დამსახურებებზე“ ქუთაისის „აღმშენებლობის საქმეში“  სხვებიც ბევრს საუბრობენ. მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის სარეკონსტრუქციო გეგმის პრეზენტაციაზე, მთელი ქვეყნის გასაგონად განაცხადა, რომ ამ საქმისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 30 მილიონი გადაირიცხა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხის განმკარგავად სწორედ პროკურორი ჩოგოვაძე დაინიშნა.

მოკლედ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის ფიგურა პროკურატურის მიღმა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლო თვეებში გამოიკვეთა. თავად მიხეილ ჩოგოვაძე ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვებს ყოველთვის გაურბოდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი, აცხადებდნენ, რომ „იგი ნიჭიერი ადამიანი და კარგი ქუთაისელია. ამდენად, აქვს უფლება მსგავს პროცესებში ჩაერიოს და თავი გამოიჩინოს“.

მხარის უკვე გაგუბერნატორებულმა პროკურორმა თავის გამოჩენა მანამდეც არაერთხელ სცადა. მან შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მხარდამხარ, კანონიერი ქურდის გია ზვიადაძის სახლის წინ გამართულ ბრიფინგზე, მთელი ქვეყნის გასაგონად განაცხადა, რომ მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი სახელმწიფო საკუთრება გახდა და იქ ქუთაისის პოლიციის განყოფილება შესახლდება. სახლი დღემდე ცარიელია.  გავრცელებული ინფორმაციით, ზვიადაძის სატელეფონო საუბრის შემდეგ ჩოგოვაძესთან, პოლიცია მას „დაეხსნა“. მთავარია, სანახაობა შედგა - ხალხმა ტელევიზიით ნათლად დაინახა, ზემდგომების როგორი ერთგულია მხარის პროკურორი და როგორ უყვარს მას ქვეყანა კრიმინალების გარეშე.
„ეს ის არაა, შალიკიანს ქონებას რომ „აწერდა“? მახსოვს მისი სახე სატელევიზიო გადაცემებიდან. დაგიჭერთ, შენს საკუთრებას თუ არ დათმობო. ყველაფერს ისედაც გვართმევენ და ახლა ასეთები რომ გვეყოლება გუბერნატორებად, წარმომიდგენია რა გველის“, - ამბობენ ქუთაისში.

როგორც ჩანს, მიხეილ ჩოგოვაძე საზოგადოებას გახმაურებული დიალოგიდანაც მკვეთრად დაამახსოვრდა. სატელეფონო საუბარი ნოემბრის მოვლენების წინა პერიოდში პარლამენტარმა ვალერი გელბახიანმა გამოიტანა დღის სინათლეზე. სატელეფონო საუბარში მხარის პროკურორი ჩოგოვაძე ტყიბულის ყოფილ მაჟორიტარს ბონდო შალიკიანს აუწყებდა, რომ მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და იგი შეწყდებოდა, თუ შალიკიანი მის მფლობელობაში არსებულ ქონებას სახელმწიფოს გადასცემდა.

ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე ფართი, რომელსაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დიდხანს უტრიალა, შალიკიანმა არ დათმო. სამაგიეროდ, ჩოგოვაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთგული და პატრიოტია.
„მე ვგრძნობ, რა დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა ამ თანამდებობაზე დანიშვნით და ყველანაირად ვეცდები გავამართლო ნდობა, რომელიც გამომიცხადეს“, - თქვა ჩოგოვაძემ გუბერნატორად წარდგენის დღეს. მას, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ, ამჯერად არჩევნების კონტექსტში მოუწევს ქვეყნისთვის (უფრო სწორად, მმართველი პარტიისთვის) ერთგულების დამტკიცება.

„პროკურატურა და მთლიანად ძალოვანი სტრუქტურები ისედაც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში. ახლა ჩოგოვაძე თავის „მანქანას“ მთლიანად ხელისუფლების სასარგებლოდ აამუშავებს. ეს იმერეთს და განსაკუთრებით ქუთაისს ძალიან დასჭირდება, რადგან აქ საარჩევნოდ სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლას ვარაუდობენ. ასე რომ, კარგი გადაწყვეტილებაა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩოგოვაძისთვის ამ ნდობის მანდატის გადაცემა“, - ამბობენ ქუთაისელები.
 საზოგადოება უკმაყოფილებას არ ფარავს, იმის გამო, რომ „ქვეყანაში „პარადი“ ძალოვანებს მიჰყავთ“ და  რომ საქართველოს „პოლიტიკურ ხერხემლად“ ვანო მერაბიშვილი ითვლება.


ახალი ამბები