კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხაშურის მოსახლეობა მოუწესრიგებელ კანალიზაციაზე ჩივის

1 მაისი, 2008

 

მინისტრთან შეხვედრისას კი ხალხს ლაპარაკის ეშინია

საბა წიწიკაშვილი, გორი

,,დიდი საინვესტიციო გარემო" - ასეთი შეფასება გაისმა  ხელისუფლებისგან  ხაშურის ერთ-ერთ უბანში, სადაც საერთო საცხოვრებელი კორსპუსები შეღებეს და  გადახურეს. ,,ჯერ სახლებს გადაგიხურავთ, მერე გაზის მილებს მოგიყვანთ, მერე შეგიღებავთ და მერე ყველაფერიც იქნება" - ამშვიდებდა ხაშურში სტალინის ქ.32-ში მცხოვრებ მოსახლეობას ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ცდილობდა რამენაირად უკმაყოფილო ხალხი გუბერნატორს და რეგიონული მმართველობის მინისტრ დავით ტყეშელაშვილს მოერიდებინა.

სახელმწიფო მინისტრი რეგიონების მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი ხაშურამდე იძულებული იყო გორში შეჩერებულიყო და ადიდებული და განრისხებული ლიახვის ტალღები ეხილა. თითქმის ერთი თვეა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ადიდებულ ლიახვს ებრძვის, თუმცა ამაოდ. დაახლოებით ერთი თვის წინ ტყეშელაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გორის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 მეტრის სიგრძეზე გაჩაღებულ ნაპირსამაგრ სამუშაოებს ათვალიერებდა, როდესაც თქვა - ,,აწი, გორელებს საფრთხე აღარ ემუქრება, ისე გავამაგრეთ ლიახვის მარცხენა ნაპირიო"... გავიდა ერთი კვირა  და მარცხენა ნაპირიდან დაქანებული წყალი მარჯვენა ნაპირზე მდებარე ხიდის ბურჯს მიადგა და ძირიც გამოაცალა. მანამდე წყალმა თბილისი-სენაკის მაგისტრალზე მდებარე უფრო მასშტაბური ხიდის საყრდენი გამოაცალა მიწას.

ერთი სიტყვით, ცენტრალურ მაგისტრალზე და გორის ქუჩებში მოძრაობა გადატვირთულია. ექსპერტების თქმით, ტვირთბრუნვა შემცირებულია და შესაბამისად, ეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ასახვას ჰპოვებს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გორის ცენტრში მდებარე ხიდსაც ლიახვი ძირს აცლის, ავტომანქანების რაოდენობის გაზრდის გამო აღნიშნული ხიდის უფრო მეტად დაზიანების რისკიც გაიზარდა. დიდმა სატვირთო მანქანებმა მთლიანად მწყობრიდან გამოიყვანა გორის ცენტრალურ ქუჩებში გამავალი ელექტრო და სატელეფონო სადენები. რამდენიმე ადგილას სატვირთო ავტომანქანების კოლონამ ტროლეიბუსების ხაზები დაწყვიტა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, გორის ცენტრში მდებარე ლიახვის ხიდის ბურჯების შესარემონტებლად 500 000 ლარი გამოიყო. გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი აცხადებს, რომ ეს თანხა მდინარის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე მდებარე საყრდენი ბურჯების გამაგრებას მოხმარდება, რადგან არ არის გამორიცხული, ლიახვის კალაპოტის შეცვლით ძლიერმა ნაკადმა მარჯვენა ბურჯის ნაცვლად ახლა მარცხენა ბურჯს გამოაცალოს მიწა. ერთი სიტყვით, თუ მართლაც ეს ერთადერთი ხიდი ჩაინგრა, მაშინ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს წყალგამყოფი სწორედ მდინარე ლიახვი იქნება.

გორის გამგებელი დავით ხმიადაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ გორის ხიდის ჩანგრევის შემთხვევაში, სოფელ ვარიანთან მდებარე ხიდს მიეცემა უპირატესობა, რომელიც ასევე ავარიულ მდგომარეობაშია.
გორიდან სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი ხაშურში გაემგზავრნენ. მოსახლეობასთან შეხვედრა სტალინის ქუჩაზე მოხდა. ეს ის ადგილია, სადაც კორპუსები დგას. აქ, ძირითადად, ის ხალხი ცხოვრობს, რომელიც კომუნისტების დროს ე.წ. გალანტერიის ფაბრიკაში მუშაობდა და მუშებს საერთო საცხოვრებელი მისცეს. დღესდღეობით ამ საერთო საცხოვრებელში არც კანალიზაციაა მოწესრიგებული და კედლებიც ნახევრად დანგრეულია.

მთავრობამ მოსახლეობას ფასადები შეუღება, წინ სტადიონი გაუკეთა. უკვე მიმდინარეობს კორპუსებამდე გაზის მილების მიყვანა, თუმცა, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, გაზის მილებს ცენტრალური მაგისტრალიდან სახლამდე მოსახლეობა თავად მიიყვანს. ერთმა ქალბატონმა, რომელიც ჟურნალისტების გარემოცვაში მყოფ გუბერნატორს ხან ერთი გვერდიდან მიუდგებოდა, ხან მეორედან - ბოლოს გვითხრა, რომ ერთი თხოვნა მაქვს გუბერნატორთან... განვადებით იქნებ გაზის მილები სახლამდე მიმაყვანინოსო. ცოტა ხანში გუბერნატორიც ჩაერთო საუბარში, დაუძახა ხაშურის ხელისუფლების წარმომადგენელს და უთხრა - ამ ქალბატონს მიმიხედეთ, გაითვალისწინეთ მისი მდგომარეობაო.

მეორე ადგილობრივმა ქალბატონმა ხათუნა კოჟორიძემ გვითხრა, რომ გალამაზებულ ფასადს აზრი არა აქვს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სახლებში კანალიზაციის მილებია მწყობრიდან გამოსული და ანტისანიტარია სუფევს. მას თან რამდენიმე მოსახლეც დაემოწმა და გვითხრეს, იქნებ თქვენ მაინც უთხრათ უფროსებს, ყველაფრისთვის მადლობლები ვართ, მაგრამ კანალიზაცია მოგვიწესრიგონო.

ხელისუფლების ყველაზე მადლობელი ერთ-ერთი მაცხოვრებელი ეთერ გოგალაძე იყო. როგორც ქალბატონი ეთერი აცხადებს, ის ხელისუფლების ყურადღებით ძალიან კმაყოფილია. ცოტა ხანში, როდესაც მაღალჩინოსნები შეკრებილ ხალხს გაეცალნენ, მოსახლეობამ ერთმანეთში დაიწყო საუბარი - ,,რატომ არაფერი უთხარი, რატომ ხმა არ ამოიღეთ?... შენ ამოგეღო ხმა, შენ ხომ კარგი მოლაპარაკე ხარ... და ა.შ."

წამოსვლისას ხაშურის კორსპუსებში მცხოვრებმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, ჩინოვნიკებს კანალიზაციოს პრობლემა შეახსენეთო. როგორც გავარკვიეთ, ერთ-ერთ კორპუსზე გაკეთებული სახურავიც ქარს აუყრია და იქ უკვე წვიმაც ჩამოდის. ოფიციალური ინფორმაციით, ხაშურში 28 კორპუსის სახურავი გადახურულია და 15 კორპუსიც მთავრდება. სახურავების გადახურვას შპს ,,გომი 98" ასრულებს, ხოლო ფასადების შეღებვას შპს ,,იბერია". ეს უკანასკნელი ის კომპანიაა, რომელმაც მთელი გორი გადაღება.

 

 

 

ახალი ამბები