კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გაზეთის დახურვის ინიციატივით გამოდის

6 მაისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარინა უტიაშვილი, კახეთის რეგიონული გაზეთის „იმედის“ დახურვის ინიციატივით გამოდის. მმართველი პარტიის წარმომადგენელი ოფიციალურად აცხადებს, რომ გაზეთი, რომელიც სულ დარღვევებს ეძებს, არ უნდა არსებობდეს.

უტიაშვილის აღშფოთება გაზეთ „იმედში“, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას უკავშირდება, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების ჩარევით, საჯარო სკოლებიდან პედაგოგების უკანონოდ გათავისუფლების კონკრეტულ ფაქტებზე იყო საუბარი.

სტატიაში გურჯაანის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ქოროღლიშვილი მისი სამსახურიდან გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებდა: „სკოლიდან იმიტომ გამათავისუფლეს, რომ ჩემი მეუღლის ძმა პრეზიდენტობის კანდიდატის არკადი პატარკაციშვილის რაიონულ საარჩევნო შტაბში მუშაობდა. როგორც გავიგე, ჩემი დასჯა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოითხოვა“.

ამ განცხადების შემდეგ, მმართველი პარტიის წევრი მარინა უტიაშვილი, რომელიც ამავე დროს გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორია, თამარ ქოროღლიშვილს სკოლის შენობაში აღარ უშვებს. „სკოლის ორგანიზატორის თანამდებობიდან გაშვების შემდეგ, რამდენიმე საათი დამრჩა, როგორც ხელოვნების მასწავლებელს, მაგრამ დირექტორის ბრძანებით, გაკვეთილების ჩატარების საშუალებას არ მაძლევენ. უტიაშვილს გაფრთხილებული ჰყავს სკოლის დარაჯები, რომ შენობაში არ შემიშვან“, - ამბობს თამარ ქოროღლიშვილი.

მარინა უტიაშვილი პედაგოგის უფლებების დარღვევის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. ჩვენ მოვიპოვეთ მისი წერილი, რომლითაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობას მიმართავს და მედიისთვის ცენზურის დაწესებას ითხოვს. „მე ვემსახურები ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს პრეზიდენტს, ქვეყანას ვუზრდი მომავალ თაობას. მაქვს ინიციატივა, რომ დაწესდეს ცენზურა, რათა გაზეთ „იმედში“ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვეღარ ილაპარაკონ. საერთოდაც, გაზეთი, რომელიც სულ დარღვევებს ეძებს, უნდა დაიხუროს. ვფიქრობ, ამის პრობლემა არ უნდა იყოს“, - აცხადებს უტიაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციაში პარტიის წევრის ამ განცხადებებთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.

გაზეთი „იმედი“ დამოუკიდებელი რეგიონული გამოცემაა კახეთში. იგი 2003 წლიდან გამოდის.

 

 

ახალი ამბები