კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგებს, ოპოზიციური პარტიებიდან, დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრა აუკრძალეს

7 მაისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საჯარო სკოლების პედაგოგებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრა აუკრძალეს. ასეთი დავალება სკოლის დირექტორებმა მასწავლებლებს საგანმანათლებლო რესურს - ცენტრისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელების სახელით, გასულ კვირას მისცეს. ამასთან ერთად, მასწავლებლები დაავალდებულეს, სურვილისა და მიზეზების მიუხედავად, ყველა მათგანი დაესწროს სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრას.

„ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“ - საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 24.

„ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“ - საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 25.

ეს უფლებები სახელმწიფოს უზენაესი კანონით კი არის გარანტირებული, მაგრამ როგორც პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ირწმუნებიან,  წინასაარჩევნოდ მაინც იზღუდება.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციებიდან, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებმა სპეციალური დავალება მიიღეს. დავალება ასეთია: საჯარო სკოლების პედაგოგები, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს უნდა შეხვდნენ. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დირექტორი ამ დავალებას ვერ შეასრულებს, მას პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლებენ.

„სკოლის დირექტორმა, პედაგოგები, რამდენიმე დღის წინ, საგანგებოდ გაგვაფრთხილა, რომ საარჩევნო პროგრამების გაცნობის მიზნით, სკოლაში შემოსვლას აპირებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებსაც არ უნდა შევხვდეთ, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისა. დირექტორის ეს გაფრთხილება მასწავლებლების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მაშინვე გავაპროტესტეთ, მაგრამ ხელმძღვანელმა აგვიხსნა, რომ მას ეს დავალება რესურს - ცენტრის უფროსმა და სახელისუფლებო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა მისცეს და რეგიონის ყველა სკოლისთვის სავალდებულოა. თუ მათ დავალებას არ შევასრულებდით, ჩვენი სამსახურიდან გაშვების საკითხს განიხილავდნენ.
დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრა გვინდოდა, რათა მათთვის თითქმის გაუსაძლისი სამუშაო პირობები გაგვეცნო, მაგრამ ვერ ვახერხებთ“, - გვითხრა საგარეჯოს #1 საშუალო სკოლის პედაგოგმა, რომლის ვინაობასაც საჯაროდ გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ. რესპონდენტის ჩანაწერის სტილი დაცულია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის ცნობით, სკოლის დირექტორმა ისიც გააფრთხილა, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მაინც შეხვდა. „შეხვედრის დროს ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები გვაკვირდებოდნენ და ვინ ვიყავით კანდიდატთან მისული, ინიშნავდნენ. საღამოს სახლში დამიძახეს და მკაცრად მითხრეს, მეორედ ოპოზიციის შეკრებაზე აღარ მივსულიყავი“, - ამბობს არაშენდის საჯარო სკოლის მასწავლებელი.

რესპუბლიკური პარტიიდან გურჯანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზვიად ყვირალაშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მას პედაგოგებთან შეხვედრის პრობლემა უკვე აქვს. „რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო შტაბიდან დავუკავშირდით რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორს. მათ ავუხსენით, რომ საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდ პედაგოგებთან შეხვედრა გვსურდა. იცით, დირექტორებმა რა გვიპასუხეს? მასწავლებლებს ჩვენი არჩევანი უკვე გაკეთებული გვაქვს და ვეღარ შეგხვდებითო. უფრო მეტიც, რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორმა, დარბაზში, ჩვენთან შესახვედრად მას შემდეგ შემოუშვა მასწავლებლები, რაც განვაცხადეთ, რომ პედაგოგებზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიეღოთ. საგულისხმოა, რომ მომდევნო შეხვედრებსაც სულ რამდენიმე პედაგოგი დაესწრო, როცა მანამდე, სხვა სკოლებში, დარბაზი მასწავლებლებით იყო სავსე“, - აღნიშნავს ყვირალაშვილი.

პედაგოგთა უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა აბაშიძეც. იგი ამბობს, რომ პედაგოგებთან შეხვედრები წინა დღეებში უფრო ხალხმრავალი იყო, ვიდრე დღეს არის.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას ახდენენ, პედაგოგებს ასეთი გაფრთხილება მართლაც აქვთ. „სამართლიანი არჩევნების“ კახეთის რეგიონული კოორდინატორის ნანა დევიძის ცნობით, აკრძალვასთან ერთად, მასწავლებლები დაავალდებულეს, სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეხვედრებს ამომრჩევლებთან, ყველა მათგანი დაესწროს. „როგორც პედაგოგებისგან ვიცი, თუ ისინი დავალების მიხედვით არ მოიქცევიან, ოპოზიციის მხარდამჭერთა სიაში მოხვდებიან და პრობლემები შეექმნებათ. შესაძლოა, ისინი სამსახურიდან არც გაათავისუფლონ, მაგრამ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც დაუშვებელია“, - ამბობს ნანა დევიძე.

პედაგოგების შეზღუდვის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი ზურაბ ხევიაშვილი ასეთ კომენტარს აკეთებს: „რა თქმა უნდა, ჩვენ სახელმწიფო რესურსი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ოპოზიციას. პედაგოგებიც ჩვენი პარტიის კანდიდატს ხვდებიან და სად არის ამაში კანონდარღვევა? არათანაბარი პირობები შეიძლება იმიტომ არის, რომ ჩვენ გამორჩეული კანდიდატი გვყვავს“, - აღნიშნავს ხევიაშვილი.

„სკოლა არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და სასწავლო პროცესს ვერ ჩავშლით. პედაგოგების კონსტიტუციური უფლებაა, ვისაც სურთ, იმას მოუსმინონ. თუ ვინმეს არ ხვდებიან, ეს არ არის ჩვენი პრობლემა“, - აღნიშნავს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი.

 

 

ახალი ამბები