კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გარდაცვლილებიც მიიღებენ

8 მაისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ამომრჩეველთა სიებში კორექტივების შეტანის ვადა ამოიწურა. 9 მაისის ჩათვლით სიებში ცვლილებები მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა შესულიყო, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნით, ცესკომ ეს ვადა 13 მაისამდე გააგრძელა. სიის საბოლოო, სრულყოფილი ვარიანტი 15 მაისისთვის უნდა იყოს მზად. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 461 851 მოქალაქეა რეგისტრირებული. სადამკვირვებლო ორგანიზაციების შენიშვნების მიუხედავად, სიაში ამ დრომდე რჩებიან გარდაცვლილები.

თელავის #17-ე საარჩევნო ოლქის #14 და #15 საარჩევნო უბნებზე, სიებში 2006 – 2008 წლებში გარდაცვლილები ციალა ლამაზოშვილი, გურამ მჭედლიშვილი, ტარიელ ამონაშვილი და გიორგი ნანიჩაშვილი მოხვდნენ.

როგორც #12 გურჯაანის საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატალია ბეგაშვილი ამბობს, კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან 300-მდე გარდაცვლილი ამოიღო. მიუხედავად ამისა, გაერთიანებული ოპოზიციის რაიონული საარჩევნო შტაბის უფროსის ზურაბ კანდელაკის ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილები ისევ რჩებიან.

"გასულ წელსაც ამოიღეს გარდაცვლილები სიიდან, მაგრამ არჩევნების დღეს ისევ სიაში იყვნენ, როგორც ამომრჩევლები. ამჟამადაც სიაში ბევრი გარდაცვლილია. მაგალითად, 1929 წელს დაბადებული ალექსი ლომიძე, 1938 წელს დაბადებული გიორგი ვარსიმაშვილი და ა.შ"- აცხადებს კანდელაკი.

ოპოზიციის ბრალდებებს საოლქო – საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ.
"სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან გარდაცვლილების ამოღება მუდმივი სამუშაო პროცესია, თუმცა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სიაში კორექტივები აღარ შედის", - აღნიშნავს ბეგაშვილი.

ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში გარდაცვლილების არსებობაზე საუბრობენ ლეიბორისტულ პარტიაშიც. პარტიის წევრის სოსო შატბერაშვილის თქმით, ლეიბორისტული პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადგილობრივ საარჩევნო კომისიებს, ათობით გარდაცვლილის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. "საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანის ვადის გასვლამდე ცესკოში გარდაცვლილების სია 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც წარვადგინეთ, მაგრამ აღნიშნული მონაცემები საარჩევნო სიაში მაინც დარჩა. ამ არჩევნებზეც იგივეს ველოდებით", - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში გარდაცვლილების მოძიებისა და გადამოწმების  პროცესი გართულდა. "თუ ადრე შესაძლებელი იყო ცესკოს ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიანი საარჩევნო სიის ნახვა, ახლა ეს შეუძლებელია. ვერ მიიღებ პასუხს, თუ პირის ვინაობასთან ერთად ძებნის დროს არ მიუთითე მისი პირადი ნომერი პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით", - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი.

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ საერთაშორისო დამკვირვებლებსაც.

ახალი ამბები