კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისელი „რესპუბლიკელები“ ზეწოლაზე საუბრობენ

8 მაისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

„რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციაში, თავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადებები, მისსავე მაგიდაზე 8 მაისს, დილიდან გაჩნდა. საუბნო საარჩევნო კომისიის „რესპუბლიკელი“ წევრები განცხადებაში ვლადიმერ ნაკაშიძეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ აუწყებენ.

„კომისიის წევრებზე ზეწოლის და დაშინების ფაქტები დღითიდღე ხშირდება. ისინი მოდიან და პირდაპირ წერენ განცხადებას გათავისუფლების შესახებ. როცა ვკითხულობ, რა არის მიზეზი, მეუბნებიან, რომ მათზე სერიოზული ზეწოლა მიდის, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების, ისე პოლიციის მხრიდან. მე მართლა შემეცოდნენ ეს ადამიანები, რომლებიც ცრემლმორეული წერდნენ განცხადებებს გათავისუფლების თაობაზე. ისინი იმდენად შეშინებული ჰყავთ, რომ დეტალებს არ ახმიანებენ“,- აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ნაკაშიძე.

ქუთაისის 77-ე, 22-ე და 83-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მანანა ლეშკაშელი, ეკა ტვილდიანი და ლეილა მახარობლიძე, მათივე განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა დააშინეს. მათ პირდაპირ უთხრეს, რომ თუ არ წავიდოდნენ, ეს ამბავი მათთვის ცუდად დამთავრდებოდა. უბანი, სადაც ისინი კომისიის წევრებად ფიქსირდებოდნენ, დევნილების კომპაქტური დასახლებაა.

„მოგეხსენებათ, დევნილები არჩევნებში ხელისუფლების სერიოზული დასაყრდენია. შესაბამისად, მაქსიმალურია მცდელობა კომისიის წევრები გაანეიტრალონ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აკაკი ბობოხიძეს, იმერეთის ყოფილ გუბერნატორს, რომელიც ახლა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატია  და იმ სტრუქტურებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ამ ზეწოლას. ეს ეხება ადგილობრივ პოლიციას, და უშიშროების სამსახურს, რომელიც გაცილებით აქტიურია, ვიდრე იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. 21 მაისის შემდეგ აუცილებლად დადგება მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ერთ შემთხვევაში ბრძანებების გაცემაში და მეორე შემთხვევაში - უკანონო ბრძანებების შესრულებაში. ვინმეს არ ეგონოს, იმას მიაღწევენ, რაც ჩაიფიქრეს“, - აცხადებს ნაკაშიძე.

ლეილა მახარობლიძე, რომელიც  კომენტარის გაკეთებისგან გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებს, საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც კომისიის წევრი იყო. მას, ნაკაშიძის განმარტებით, კომისიის თავმჯდომარესთან სერიოზული პრობლემები მაშინაც ჰქონდა. იგი მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის დედა და „ნაციონალების“ კადრია.
ვლადიმერ ნაკაშიძის განმარტებით: „ქალბატონ ლეილასთან მივიდა უბნის რწმუნებული და ჰკითხა, რა იყო მისი „რესპუბლიკელებში“ ყოფნის მიზეზი. ამის შემდეგ ურჩია დაეტოვებინა ოპოზიციური პარტია. მისცა საკუთარი მობილურის ნომერი და უთხრა დაერეკა მისთვის. მეორე დილით პოლიცია მივიდა მასთან სახლში და გამოუცხადეს, რომ დაიკარგა „LG“-ის მარკის ტელევიზორი, თურმე რომელიც მისმა შვილმა მოიპარა. შევიდნენ და ოჯახში  აღმოაჩინეს არა „LG“-ის, არამედ  „SONY“ -ის მარკის ტელევიზორი. თუმცა მახარობლიძის შვილი მაინც დააკავეს. ტელევიზორი დrემდე არ დაუბრუნებიათ. დაკავებული კი, იმ პირობით გამოუშვეს, რომ  აწი მაინც დედამისი „ჭკვიანად მოიქცეს“ .

„რესპუბლიკელების“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მადლობელი არიან იმ ადამიანების, რომლებმაც პატიოსნად თქვეს, რომ ისინი აიძულეს წასულიყვნენ. თუმცა, კომისიებში არიან ისეთებიც, რომლებიც გარიგებაზე მიდიან, თვალს ხუჭავენ და ტერორის ქვეშ აგრძელებენ მუშაობას. მათი განმარტებით: „პოლიციის თანამშრომლები დადიან უბნებში და იკვლევენ ხალხის პოლიტიკურ ორიენტაციას. ამომრჩეველს პირდაპირ ეკითხებიან, ვის აძლევს ხმას. ასევე, იწერენ ტელეფონის ნომრებს. ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა მაქინაციებისა. საოლქო საარჩევნო კომისია კი, ამაზე შეგნებულად არ რეაგირებს.“

 „საოლქო საარჩევნო კომისია ჭორების დონეზე გახმიანებულ ფაქტებზე რეაგირებას ვერ მოახდენს. „რესპუბლიკურ პარტიას“ აღნიშნულ დარღვევებზე ერთი საჩივარიც კი არა აქვს შემოტანილი. რაც შეეხება კომისიის წევრთა განცხადების საკითხს, იგი უნდა დაწერილიყო არა „რესპუბლიკელთა“ თავმჯდომარის, არამედ, საოლქო კომისიის თავმჯდომარის სახელზე. კომისიის წევრები საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები არიან და ჩვენს განკარგულებას უნდა ემორჩილებოდნენ. მუშაობის წესი ასეთია.  ისინი ხელფასს საარჩევნო ბიუჯეტიდან იღებენ. ერთი კი უნდა ითქვას, კომისიის წევრები საარჩევნო უბნებზე  შტაბებიდან „დაქოქილი“ მიდიან და ცდილობენ, ყველაფერზე სრულიად უსაფუძვლოდ იჩხუბონ“, - განმარტავს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

რაც შეეხება კომისიის წევრებზე ზეწოლის ფაქტებს, „რესპუბლიკელთა“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე  ჩააყენეს საქმის კურსში და, ალბათ, ისინი საკუთარ პოზიციას ღიად დააფიქსირებენ.


ახალი ამბები