კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავისუფლება ინფორმაციას!

15 მაისი, 2008

როდესაც ინფორმაციას ჟურნალისტები უშედეგოდ ელიან

ნონა სუვარიანი, თბილისი

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწერილ განცხადებაზე პასუხს უკვე სამი თვეა უშედეგოდ ელოდება. განცხადება სამინისტროს 5 თებერვალს გაეგზავნა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ტელეკომპანია „საქართველოს“ შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ქსეროასლს ითხოვდა.

როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი იმ შემთხვევაში, როდესაც მას ინფორმაციას არ აწვდიან? ვის უნდა მიმართოს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე და რა მექანიზმების ამოქმედება შეუძლია მას?

საერთოდ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და რაც მთავარია, მიღება,  საქართველოში, ალბათ,  ყველა ჟურნალისტის სერიოზული პრობლემაა. თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ამ საკითხთან მიმართებაში ჟურნალისტების სასარგებლოდ მეტყველებს. თუმცა, ეს საჯარო მოხელეებს არ უშლის ხელს, რომ საჯარო ინფორმაციის მიწოდება უსასრულოდ გადადონ. ხშირად ამაზე ზემდგომი პირებისგან კონკრეტული მითითებებიც აქვთ მიღებული.

პირველი, რასაც ჟურნალისტებს პასუხობენ, ის არის, რომ ინფორმაციას 10 დღეში მიაწოდებენ. არადა კოდექსის მე-40-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს
10 დღისა. ანუ 10 დღე დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მხოლოდ მაშინ, თუ ეს ინფორმაცია მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებას და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

იმ შემთხვევაში  თუ “საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს“.

იდეალური კანონმდებლობაა, თუმცა სამწუხაროდ, ამ სიტყვების ფურცლებიდან რეალობაში გადატანა შეუძლებელია ხოლმე. ყველაზე რთულად ინფორმაციას ძალოვანი სტრუქტურები იძლევიან. ხშირად პრესსამსახურს ან საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირებს პასუხის გაცემისგან თავის არიდების ასეთი მეთოდები აქვთ: „დაშვებული 10 დღის შემდეგ (ისიც თუ მიაკითხეთ), ისინი გეუბნებიან, რომ განაცხადი არ გაქვთ სწორად შევსებული. ან გაძლევენ იმ ინფორმაციას, რომელსაც საერთოდაც არ ითხოვდით. ან გეუბნებიან, რომ ეს ინფორმაცია მათ კომპეტენციაში არ შედის.  სხვათაშორის, იმ შემთხვევაში, თუ უწყება თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე გაურკვევლად პასუხობს ან სხვა ტიპის ინფორმაციას გაწვდის, ეს ასევე კანოდარღვევას წარმოადგენს და თქვენ სასამართლოში ჩივილის უფლება გაქვთ. 

რეალურად, ჟურნალისტები სასამართლოს ძალიან იშვიათად მიმართავენ. შეიძლება ითქვას, რომ არც მიმართავენ. ამის ახსნა მარტივად არის შესაძლებელი: სასამართლოს დასრულებამდე ამ ინფორმაციას აზრი ეკარგება. ჟურნალისტისთვის ინფორმაციის მიღება ხშირად მნიშვნელოვანია სწორედ იმ დროს, როდესაც ის უწყებას მიმართვას. სწორედ ამით სარგებლობენ ბოროტად საჯარო უწყებები, რადგან ისეთი პრეცედენტები, როდესაც მათ პასუხი აგებინეს ინფორმაციის დამალვის გამო, ძალიან მწირია.

ამას თავად ჟურნალისტებიც აცნობიერებენ. ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მიღებაში არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოაჩინე საქართველო-ჟურნალისტური ცენტრი“  ეხმარება. პროექტი „ინფორმაციის თავისუფლებისათვის“, რომელსაც „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრთან“ ერთად ახორციელებს ჟურნალისტებს ინფორმაციის მიღებას უადვილებს. ცენტრი ჟურნალისტებს ინფორმაციის გამოთხოვისას დახმარებას გაუწევს. ორგანიზაციაში მუშაობენ როგორც თავად ჟურნალისტები, ასევე იურისტები.

„კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ იურისტი, ალექსი შოშიკელაშვილი მონაწილეობს პროექტში „ინფორმაციის თავისუფლებისათვის“:

„პროექტი მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების მართვასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში სამართლებრივ დახმარებას. ხშირ შემთხვევაში საჯარო დაწესებულებები ინფორმაციას გასცემენ არა კანონით დადენილ ვადებში. ის 10 დღიანი ვადა, რომელიც ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში წერია, არ გულისხმობს, რომ ინფორმაცია მაინც და მაინც 10 დღეში უნდა გასცენ. ჩვენ შევეცდებით, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია მიიღოს დაუყონებლივ, შევქმნათ პრეცედენტები, როდესაც სახელმწიფოსთან გვექნება კრიტიკული დამოკიდებულება, და ის დაივალდებულებს თავს, რომ დაუყონებლივ, რამდენიმე საათში, ერთ ან ორ დღეში მოგვაწოდოს ინფორმაცია. ასევე ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ ინფორმაციის გაცემისას კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რომლებიც ჟურნალისტებს ინფორმაციის მიღებაში უშლის ხელს. ჩვენი პროექტი გაუწევს იურიდიულ კონსულტაციას განცხადებების და საჩივრების წერის დროს, რომ განაცხადი შევიდეს დაწესებულებაში მაქსიმალურად კონკრეტულად და დახვეწილად“.

 „აღმოაჩინე საქართველო-ჟურნალისტური ცენტრის“ ხელმძღვანელის რეზო გეთიაშვილის თქმით, საჯარო დაწესებულებები ხშირად ჟურნალისტებს მხოლოდ მათთვის სასარგებლო ინფორმაციას აწვდიან.

„ხშირად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ფაქტები საზოგადოების მიღმა რჩება.
ჩვენი პროექტი ეხება პრესცენტრების მუშაობის წახალისებას და მათი მუშაობის აფიშირებას. ჟურნალისტებთან ერთად გვინდა შევქმნათ პრეცედენტები და სააშკარაოზე გამოვიყვანოთ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებას არ ასრულებენ ისე, როგორც საჭიროა“.

გაზეთ „24 საათის“ ჩანართის „რეალური კაპიტალის“ რედაქტორი კახა ჭაბაშვილი, ადრე პრესსამსახურში მუშაობდა. ის აღნიშნავს, რომ პრობლემა, პირველ რიგში, პრესსამსახურში მომუშავე კადრების გაუნათლებლობაშია.

„საჯარო უწყების პრესცენტრის არც ერთი უფროსი პროფესიონალი არ არის. ევროპის, ამერიკის ქვეყნებში შექმნილია უშველებელი ინსტიტუტები, რომლებიც საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობას ასწავლიან. იქ არა მარტო პრესასთან, ჟურნალისტთან, არამედ, ადამიანთან ურთიერთობას წლების მანძილზე ასწავლიან. ჩვენთან ასე არ ხდება, 3 თვიან კურს გაივლიან სადმე, აიღებენ სერთიფიკატს და უცბად  საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგარი სპეციალისტები ხდებიან“.

თუმცა ის იმასაც აღნიშნავს, რომ დიდი პროფესიონალიზმით არც ჟურნალისტები გამოირჩევიან. გარკვეულ წილად, საჯარო ინფორმაციის მიღებას  ესეც აფერხებს:
„რუსთავი 2-ის ჟურნალისტი მირეკავს და მეუბნება, ბოლო 2 წლის საბიუჯეტო შემოსავლების შესახებ ინფორმაცია უნდა მომცე. ვეუბნები, ამას სჭირდება ჯერ ჩემი ოფიციალური წერილი თავმჯდომარეს, შემდეგ თავმჯდომარე უნდა დაავალოს სტატისტიკის დეპარტამენტს, სტატისტიკის დეპარტამენტმა უნდა დაავალოს სამმართველოს უფროსს, სამმართველოს უფროსმა უნდა დაავალოს მთავარ სპეციალისტს“.

„მოდი, მაშინ ვილაპარაკოთ, რამდენად სწორია ასეთი პროცედურების ჩატარება. რატომ არ შეიძლება, რომ საჯარო ინფორმაციის მიწოდება გამარტივდეს და ჟურნალისტს ცხრა კაბინეტის მოვლა არ სჭირდებოდეს“,- აპროტესტებს კახა ჭაბაშვილის მიერ მოხაზულ სქემას ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი.

კახა ჭაბაშვილი: „გეთანხმებით, ინფორმაციის გამოთხოვის წესი და პრინციპია შესაცვლელი. ჟურნალისტს არ უნდა უწევდეს 10 დღიანი ლოდინი. გარდა იმისა, რომ არ არსებობს ნორმალური „პიარშიკი“, არ არსებობს ინფორმაციის გამოთხოვის წესი, არ არსებობს ნორმალური საჯარო პირი. ანუ ყველა საჯარო პირს, გარდა გამონაკლისებისა, აკანკალებს, როდესაც ჟურნალისტი მოდის. პრესცენტრის ხელმძღვანელად ვმუშაობდი ერთ-ერთ უწყებაში, სადაც ხელმძღვანელობამ მითხრა, შენი ფუნქცია ჟურნალისტების მოშორებააო“.

პროექტი „ინფორმაციის თავისუფლებისთვის“ ივლისამდე იმოქმედებს. ასე რომ  ჟურნალისტებს პროექტში ჩართული იურისტების და ჟურნალისტების დახმარებით ექნებათ შესაძლებლობა მინიმალური დროის დაკარგვით მაქსიმალური ინფორმაცია მოითხოვონ.

 

 

ახალი ამბები