კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნებზე დაკვირვების ანგარიში 20-21 მაისი, 2008

23 მაისი, 2008

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები საქართველოში


დამკვირვებლები: ივარ დალე, ოგე ბორჩგრევინკი, ,,ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი”, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”

„მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ტექნიკურად არჩევნების პროცესს ეფექტურად ატარებდნენ, დაკვირვების შედეგად, სადამკვირვებლო გუნდის წევრებს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდათ, რომ ხმის მიცემა ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა. ქვემოთ ჩამოთვლილია დაკვირვების ცალკეული შედეგები“...

1. 2008 წლის 20 მაისს სადამკვირვებლო ჯგუფი გაემგზავრა თბილისიდან აბაშაში, სამეგრელოში (საარჩევნო ოლქი # 63), შემდეგ კი სვანეთში. სვანეთში ჩავედით 21 მაისს, დილით ადრე. არჩევნების დღეს სვანეთში, საარჩევნო ოლქ # 47-ში # 7 საარჩევნო უბანზე ჩვენ ვაკვირდებოდით უბნის გახსნის, ხმის მიცემისა და დათვლის პროცესს. ჩვენ ასევე მოვინახულეთ # 47-ე საუბნო კომისია, სადაც გავესაუბრეთ ამომრჩევლებს, კომისიის წევრებს და ასევე დაუდგენელი წარმომავლობის პირებს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე შეგვხვდნენ. არჩევნების დღეს ჩვენმა სადამკვირვებლო ჯგუფმა გამოიყენა ,,არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის” ფორმები, რომლებსაც საერთაშორისო დამკვირვებლები ავსებენ არჩევნებზე დაკვირვებისას.
2. აბაშის # 62-ე ოლქში ჩვენ მოგვმართეს საჩივრით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ჯულიეტა ლომაიას დაშინების თაობაზე. 1968 წელს დაბადებული ჯულიეტა ლომაია „გაერთიანებულ ოპოზიციას“ წარმოადგენდა საუბნო კომისიაში (პროპორციული არჩევნებში ,,გაერთიანებული ოპოზიცია” როგორც იცით, მეშვიდე ნომრად იყო  წარმოდგენილი, ხოლო ,,გაერთიანებული ოპოზიციის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აბაშაში იყო კონსტანტინე გამსახურდია). ქალბატონმა ლომაიამ განაცხადა, რომ მას რამდენჯერმე დაემუქრნენ ტელეფონით. მან გადმოგვცა სატელეფონო ჩანაწერი. უცნობი მამაკაცი, რომელმაც დარეკა ნომრიდან 891 27 64 15, აგინებდა და უყვიროდა ქალბატონ ლომაიას. 20 მაისს, დაახლოებით 8 საათზე, ჩვენ წავედით აბაშის პოლიციიის განყოფილებაში, რათა გვენახა თუ როგორ შეიტანდა საჩივარს ქალბატონი ლომაია აღნიშნული სატელეფონო ზარის თაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მიხეილ მოდებაძემ თავდაპირველად უარი თქვა ქალბატონი ლომაიას საჩივრის მიღებაზე და მოიყვანა უარის არასერიოზული მიზეზები (მან განაცხადა, რომ იმ დღეს მორიგე არ იყო, შემდეგ თქვა, რომ არ ჰქონდათ ფურცელი საჩივრის დასაწერად, არ ჰქონდა ბეჭედი), მაგრამ საბოლოოდ, პოლიციამ საჩივარი მიიღო და რეგისტრაციაში გაატარა.
3. სვანეთის 47-ე ოლქში საარჩევნო უბნებთან ჩვენ ვნახეთ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ასევე უნიფორმიანი პოლიციელები, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, მძიმედ შეიარაღებული ნიღბიანი სპეც რაზმელები და ასევე გაურკვეველი წარმომავლობის სამოქალაქო პირები, რომლებიც ადგილობრივების თქმით, თბილისიდან ჩამოსული უშიშროების დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ. უშიშროებისა და პოლიციის დანაყოფების ასეთი კონცენტრაცია, რაც ყველაზე შესამჩნევი მესტიაში იყო, ქმნიდა შიშის ატმოსფეროს განსაკუთრებით მესტიაში. ოპოზიციის კანდიდატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ უამრავი საჩივარი დაწერა მის დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს ავიწროვებდნენ პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლები, რომლებიც უნომრო მანქანებით მოძრაობდნენ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე. ჯაფარიძის საჩივრებს თან ახლდა დარღვევების ამსახველი ფოტოსურათები და მოწმეთა ჩვენებები.
4. საქართველოს სახალხო დამცველმა 18 მაისს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ადგილობრივი საჯარო მოხელეები და სამართალდამცველები სამთავრობო კანდიდატების მხარდაჭერით ახორციელებდნენ ზეწოლას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა თანამშრომლებს აიძულა ხატზე დაეფიცათ, რომ უერთგულებდნენ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ კანდიდატს რეგიონში, კახა კვიციანს. პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უარი განცხადა ფიცის დადებაზე და ინფორმაციის თანახმად, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ ფაქტს ადასტურებენ მესტიის პოლიციის თანამშრომლებიც.
5. უბნების გახსნა, ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და ჩვენ საკმაოდ მცირე დარღვევები დავაფიქსირეთ. შვიდ საარჩევნო უბანზე არ იყო ვიდეო-კამერა. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ტექნიკურად არჩევნების პროცესს ეფექტურად ატარებდნენ, დაკვირვების შედეგად სადამკვირვებლო გუნდის წევრებს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდათ რომ ხმის მიცემა ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა. ქვემოთ ჩამოთვლილია დაკვირვების ცალკეული შედეგები.
6. მესტიის მეორე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლები. ზოგიერთ მათგანს ფორმა ეცვა, ზოგი კი სამოქალაქო ტანსაცმლით იყო (ისინი სასაზღვრო პოლიციის მანქანებით მოძრაობდნენ უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე). დროდადრო ჩნდებოდნენ სამხედრო მანქანით (სახელმწიფო ნომერი  ZXZ – 342) სპეცრაზმის წევრები, რომლებიც ნიღბებითა და ავტომატური იარაღით შეიარაღებული უახლოვდებოდნენ საარჩევნო უბნებს. მამაკაცი, რომელიც ეკონტაქტებოდა პოლიციელებს, შევიდა საარჩევნო უბანზე. ოპოზიციის კანდიდატი, ვიქტორ ჯაფარიძე ამტკიცებდა, რომ ეს ადამიანი, ვინმე ოჭინავა, უშიშროების თანამშრომელი იყო თბილისიდან. ამ მამაკაცმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის იყო „კერძო პირი თბილისიდან“, თუმცა ვერ აგვიხსნა მისი უბანზე ყოფნის მიზეზი. მეორე საარჩევნო უბანზე დაძაბული სიტუაცია იყო.
7. მესტიის #1 საარჩევნო უბანზე პოლიციელების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. იყვნენ  შეიარაღებული და ნიღბიანი სპეცნაზელებიც.
8. მესტიის # 22 უბანზე რამდენიმე ამომრჩეველი ხმის მიუცემლად გააბრუნეს უკან, თუმცა ისინი სიაში იყვნენ. ესენი იყვნენ სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები, რომელთა დისლოკაციის ადგილი სოფელი მოლახია. ერთ-ერთმა მესაზღვრემ, ჯიმშერ მარგიანმა  განაცხადა, რომ კომისიის თავმჯდომარემ მას და მის თანამშრომლებს ხმა არა # 22 უბანზე, არამედ # 24-ზე უნდა მიეცათ. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ ცესკოს იუსიტმა, ელიზბარ ჯაფარიძემ, როცა მას კომისიის წევრმა დაურეკა რჩევისათვის, ამ პროცედურას მხარი დაუჭირა. კომისიის წევრმა ფორმალური საჩივარი დაწერა ამ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც განაცხადა რომ არსებობდა მცდელობა ზეწოლა მოეხდინათ საზღვრის დაცვის თანამშრომლებზე. ჩვენ კითხვით მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც  თავიდან გვიპასუხეს, რომ საზღვრის დაცვის თანამშრომლები რამდენიმე უბანზე იყვნენ რეგისტრირებულები; მაგრამ მოგვიანებით განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ ცესკოს ბრძანებას ასრულებდნენ. გადასატან ყუთს მხოლოდ კომისიის ერთი წევრი გაყვა და არა ორი, როგორც ეს საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული. # 22 უბანზე დაძაბული ატმოსფერო იყო.
9. მესტიის # 3 საარჩევნო უბანზე ჩვენ მოვისმინეთ კომისიის წევრის საჩივარი, რომელიც ორმაგ ხმის მიცემის ფაქტზე საუბრობდა. თუმცა, ის გაჩუმდა, როცა საუბრის დროს კომისიის სხვა წევრებიც შემოგვიერთდნენ. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა მისი საჩივრის დეტალურად ჩაწერა. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ორი მამაკაცი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. მათ თავი წარმოგვიდგინეს როგორც თბილისიდან ჩამოსულმა აკადემიკოსებმა, თუმცა მათი უბანზე ყოფნის მიზეზი ვერ ახსნეს. ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ კომისიის წევრებს ჩვენთან საუბრის ეშინოდათ. ისინი არ ამოწმებდნენ ყველას პირადობის მოწმობას და მარკირების სითხეს არ ასხამდნენ შემოსულ ამომრჩევლებს.
10. მესტიის # 4 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სამი ამომრჩეველი გააბრუნეს უკან, რადგან მათ უკვე გავლილი ჰქონდათ მარკირება სხვა უბანზე. გადასატან ყუთს მხოლოდ კომისიის მხოლოდ ერთი წევრი გაყვა ნაცვლად ორისა, რაც საარჩევნო კოდექსითაა გათვალისწინებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომისიის წევრებს ეშინოდათ ჩვენთან საუბარი.
11. # 5 საარჩევნო უბანზე კომისიის თავჯდომარემ აგვიკრძალა კომისიის წევრებთან საუბარი. ადგილზე იმყოფებოდა ეკა კვიციანი, დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ISFED-დან. ის ამტკიცებდა, რომ არანაირი დარღვევები არ დაუფიქსირებია არჩევნების დღეს. დამკვირვებელმა დაგვიდასტურა, რომ ის მესტიაში სამთავრობო კანდიდატის ნათესავი იყო. ჩვენი შთაბეჭდილებით კომისიის წევრებს ეშინოდათ ჩვენთან საუბარი.
12. # 18 საარჩევნო უბანზე სოფელ დიზიში ხმების დათვლის დროს არანაირი დარღვევა არ დაგვიფიქსირებია.


ახალი ამბები