კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დამკვირვებლებს ნაჯახით და იარაღით დევნიდნენ

27 მაისი, 2008

 დამკვირვებლები

გელა მთივლიშვილი

21 მაისის საპარლამენტო არჩევნები კახეთის რეგიონში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევებით ჩატარდა. საარჩევნო უბნებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მივლენილ დამკვირვებლებს არ აძლევდნენ დაკვირვების საშუალებას, ხელს უშლიდნენ საჩივრების დაწერაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე დამკვირვებელს და ძალის გამოყენებით ცდილობდნენ უბნებიდან მათ გაძევებას.

ამისათვის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელები და საარჩევნო უბნებზე მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, უბნებთან საგანგებოდ მობილიზებულ, პატიმრობიდან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გათავისუფლებულ კრიმინალებსაც იყენებდნენ. დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, რომელთა დაშინებაც კომისიის წევრებმა ვერ მოახერხეს, ყაჩაღობისთვის, მკვლელობისთვის და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირები პირდაპირ კენჭისყრის ოთახებში ატერორებდნენ და დანითა და იარაღით, სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ.

"არჩევნებს ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის განჯალას #20 საარჩევნო უბანზე ვაკვირდებოდი. უბნის გასხნისთანავე არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა დავაფიქსირეთ. ბიულეტენების გახსნამდე აღმოვაჩინეთ, რომ ლუქი ახსნილი იყო. არ მუშაობდა მარკირების აპარატი, შესაბამისად არ ხდებოდა ამომრჩევლების მარკირება, რის გამოც ერთი და იგივე ადამიანი რამდენჯერმე აძლევდა ხმას, მანამდე სანამ არ დაიღლებოდა. ამ ყველაფერზე საჩივარს ვწერდით, მაგრამ კომისიის მდივანი ალაიდინ რუსტამოვი არცერთ დოკუმენტს არ იბარებდა. კომისიის თავმჯდომარე ფარხად მუსაევი კი გვიყვიროდა, გვაგინებდა და საცემად იწევდა. უბანში საერთოდ არ გამოაჩინეს სადემონსტრაციო და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, არც მონაცემები შეუტანიათ. კომისიის თავმჯდომარეს ჰქონდა ბეჭედი, ჩანაწერთა წიგნი და საათობით იკარგებოდა უბნიდან. კენჭისყრის ოთახში 9 საათსა და 37 წუთზე ათობით ახმახი მამაკაცით გარშემორტყმული, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ კაკალაშვილი შემოვარდა და იქ მყოფ დამკვირვებლებს უკიდურესად უცენზურო სიტყვებით გვაგინებდა. შემოჭრილთაგან ერთ-ერთი აღმოჩნდა ცესკოს წარმომადგენელი ვინმე შოშიაშვილი, რომელიც ასევე კომისიის წევრებს და უბანზე მყოფ ამომრჩევლებს ხმამაღლა გვაგინებდა. ვინ ვის სცემდა, ვეღარ ვიგებდით. ხელჩართული ჩხუბის დროს ყუთში ბიულეტენებს ყრიდნენ. კაკალაშვილს უბნის დატოვება მოვთხოვე, რაზედაც შემაგინა. ისევ დავწერე საჩივარი, რამაც კომისიის თავმჯდომარე სულ გადარია. იგი ჩემს ცემას ცდილობდა, მაგრამ უბანში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, გვარად კუტიბაშვილმა მას ხელი მოჰკიდა და გაიყვანა.

დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე სამუშაო პირობების არ არსებობისა და მუქარების გამო, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა და კომისიის წევრმა საარჩევნო უბანი დატოვეს. მხოლოდ მე დავრჩი, რის გამოც კიდევ უფრო გართულდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან გამკლავება. მეჩხუბებოდნენ, მიყვიროდნენ, საცემად იწევდნენ. საჩივრის ფორმები წამართვეს და დახიეს. კიდევ სცადეს ჩემი ცემა, რის გამოც იძულებული გავხდი კენჭისყრის შენობა დამეტოვა", - ამბობს ჟურნალისტი მარინა ზარდიაშვილი, რომელიც არჩევნებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდა.

მონიტორინგის საშუალებას არ აძლევდნენ ამავე საარჩევნო ოლქის უზუნთალის 21 საარჩევნო უბანზე მყოფ დამკვირვებელსაც. "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" წარმომადგენლისგან განსხვავებით, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელს ნატო სარქისაშვილს ცესკოს წარმომადგენელი შოშიაშვილი უბნიდან გაძევებით დაემუქრა. შენობაში შეჭრილმა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატმა ისაკო ცქიფურიშვილმა კი მას ხმამაღლა განუცხადა, რომ საჩივრის დაწერის შემთხვევაში, "კედელზე ტვინს მიასხმევინებდა".

თვითონაც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლის სტატუსით ვაკვირდებოდი არჩევნებს ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის კაბლის მე-18 საარჩევნო უბანზე. უბანში შევლისთანავე დავინახე, რომ ბიულეტენები შენობის გარეთ იყო გატანილი, ხაზავდნენ და ყუთში ჩასაგდებად მერე შემოჰქონდათ, რაც გავაპროტესტე. კომისიის თავმჯდომარეს ადალათ სარდაროვს შენიშვნა მივეცი და დარღვევის დაუყოვნებლივ აღკვეთა მოვთხოვე. საუბარი დამთავრებული არ მქონდა სარდაროვმა რკინის სკამი რომ აიღო და ჩემი მიმართულებით გამოისროლა. შემდეგ კომისიის რამდენიმე წევრთან ერთად მომვარდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მყოფ პოლიციის თანამშრომელს რეაგირებისთვის არაერთხელ მივმართე, მაგრამ უშედეგოდ. დანაშაულის აღკვეთით თავი არც ჩვენი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ შს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოდან მოსულ სამართალდამცავებს შეუწუხებიათ. უფრო მეტიც, პოლიციელი, რომელიც ლაგოდეხის პოლიციის უფროსის მოადგილედ გაგვეცნო, კომისიის თავმჯდომარეს ეკითხებოდა, ვინ გავაძევო შენობიდანო და თან ჩემზე ანიშნებდა.

მას შემდეგ რაც კენჭისყრის ოთახში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფი შემოიჭრა, იძულებული გავხდი შენობიდან გავსულიყავი. რამდენიმე წუთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გავჩერდი, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ კაკალაშვილი და ამავე პარტიის დეპუტატობის კანდიდატი ისაკო ცქიფურიშვილი, ჩემთვის უცნობ თანმხლებ პირებთან ერთად მოვიდნენ. უცნობთაგან ერთ-ერთი მომიახლოვდა და ცეცხლსასროლი იარაღი მომადო. შემაგინა და დამემუქრა, რომ თუ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არ შევწყვეტდი, მომკლავდა. ამავე დროს ვიგრძენი ყელზე ცივი ნივთი რომ მომაბჯინეს. დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "რაციო ლეგის" დამკვირვებლის მოწმობით იყო აღჭურვილი, ერთი ხელით დანას ათამაშებდა, მეორე ხელით კი მქაჩავდა და მიბრძანებდა, უბანი სასწრაფოდ დამეტოვა. უცნობებს გავცილდი თუ არა, დახმარებისათვის იქვე მდგომ სამართალდამცავებს მივმართე, მაგრამ ამაოდ. პოლიციის უფროსის მოადგილემ, მე არაფერი დამინახავსო, განაცხადა.

კაბალის კიდევ ერთ საარჩევნო უბანზე მისულ დამკვირვებლებს, მას შემდეგ რაც ვთქვით, რომ ყუთში ბიულეტენების ჩაყრა შევნიშნეთ და საჩივარს ვწერდით, კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე ნაჯახით გამოგვიდგნენ.

დამკვირვებლებს კახეთის სხვა საარჩევნო უბნებზეც დევნიდნენ, მაგრამ განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.

ზეწოლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლებმა პროკურატურას წერილობით მიმართეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე არ არის აღძრული.

ახალი ამბები