კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნები ტოტალური გაყალბების ფონზე

27 მაისი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

„არჩევნები ტოტალური დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა“, - აცხადებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრში".  არჩევნების მესამე დღეს ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ყველა იმ დარღვევაზე ისაუბრა, რომელიც მათი დამკვირვებლების მიერ 21 მაისს დაფიქსირდა.

ის, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ძალადობის ფაქტი გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე სხვა არჩევნების დროს, ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს წერდა. როგორც ცენტრის დამკვირვებლები აცხადებენ, პროგნოზი გამართლდა. ზეწოლა, რომელიც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ხორციელდებოდა, 21 მაისს დამკვირვებლებზე ძალადობით დასრულდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩევნებს ზუგდიდის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, სიღნაღის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, გორის, ბათუმის და ახალციხის საარჩევნო უბნებზე აქტიურად აკვირდებოდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი არჩევნებს კახეთის რეგიონის აზერბაიჯანულ სოფლებში აკვირდებოდა. ის აღნიშნავს, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ძალადობა, ამ არჩევნებს სხვებისაგან განასხვავებს.

„ისინი ცდილობდნენ დამკვირვებლთა საარჩევნო უბნებიდან გაყრით და ზედმეტი თვალის მოშორებით, მათი სასურველი შედეგების მიღებას. ასეთი რამ არ ხდებოდა წინა არჩევნების დროს. ცდილობდნენ დარღვევის ნებისმიერი კვალი წაეშალათ. როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გადაიღო, თუ როგორ შემოიტანეს 300-400 პირადობის მოწმობა, ის ჟურნალისტი სცემეს, კამერა კი დაამტვრიეს. დამკვირვებელი სცემეს და გააგდეს უბნიდან შენიშვნის გამო. ერთ-ერთი დამკვირვებელი კი იმის გამო სცემეს, რომ მან ყუთის უბნის გარეთ გატანა გააპროტესტა. ეს შუადღისას მოხდა. გატანამდე ყუთი ცარიელი იყო. შემოტანის შემდეგ კი იმდენად გატენილი,  რომ ბიულეტენის ჩაგდება შეუძლებელი აღმოჩნდა. უნდოდათ კამერის დამტვრევა, რომელმაც დამკვირვებლის ცემის ფაქტი და ბიულეტენების ჩაყრა დააფიქსირა. ბოლოს დაგვიმტვრიეს კიდეც. უბრალოდ კომისიის რამდენიმე წევრმა და დამკვირვებელმა, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენდნენ კორდონი გააკეთეს და ჩვენ ვიდეოფირის გადარჩენა შევძელით. იქ უამრავი ასეთი ფაქტი მოხდა“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი სოსო პაპუაშვილი, მთელი საქართველოს მასშტაბით ცენტრის დამკვირვებლებს კოორდინაციას უწევდა. ისიც აღნიშნავს დამკვირვებლებზე უპრეცედენტო ძალადობის ფაქტს.

„ჩვენთვის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ არჩევნებზე მოხდა ის, რაც არც ერთ სხვა არჩევნებზე არ მომხდარა და რასაც არავინ ელოდა და წარმოიდგენდა -  საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამკვირვებელთა ცემის ფაქტებს ვგულისხმობ, რაც მასობრივი ხასიათის იყო.

დამკვირვებლებზე როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ზეწოლა ხდებოდა. ჩვენი დამკვირვებლები ცდილობდნენ იმ ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების დოკუმენტირებას, რომლებსაც საარჩევნო უბნებზე ჰქონდა ადგილი. როდესაც მათ ხმა ამოიღეს და კომისიის თავმჯდომარეს სთხოვეს რეაგირება მოეხდინა, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხეს. შუადღისკენ ეს ფიზიკურ ზეწოლაში გადაიზარდა, ატყდა სერიოზული ცემა-ტყეპა. სწორედ ამიტომ ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ კახეთის უბნების უმეტესობიდან გამოგვეწვია ჩვენი დამკვირვებლები. მათი სიცოცხლისთვის იქ ყოფნა სახიფათო გახდა. არ ერიდებოდნენ მანდილოსნებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც.  ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და სოდის თანამშრომლებმა ცენტრის ჟურნალისტს, ნანა ფაჟავას სახეში იმის გამო გაარტყეს, რომ ის სურათის გადაღებას ცდილობდა“.

როგორც სოსო პაპუაშვილი აღნიშნავს, ძალადობა არა მხოლოდ დამკვირვებელთა, არამედ მოქალაქეების მიმართაც ხორციელდებოდა.

„ჩვენმა დამკვირვებლებმა, განსაკუთრებულად, კახეთის რეგიონში, დააფიქსირეს, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები (ძირითადად მაჟორიტარობის კანდიდატები), საარჩევნო უბნებზე ადამიანების ჯგუფთან ერთად მოძრაობდნენ. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს ადამიანები ციხიდან არც თუ ისე დიდი ხნის წინ განთავისუფლებული კრიმინალები არიან. იმ სურათიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ შევესწარით,  შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და გარკვეულ კრიმინალებს შორის მოხდა გარიგება. მათ უთხრეს, რომ ციხიდან გამოუშვებდნენ, ამის სანაცვლოდ კი დეპუტატობის კანდიდატებს უნდა დახმარებოდნენ, რაც, როგორც აღმოჩნდა, ხალხის დატერორებას  გულისხმობდა“.

ის, რომ საპარლამენტო არჩევნები დარღვევების გარეშე ჩაივლიდა, სოსო პაპუაშვილის თქმით, ამის ილუზია არავის ჰქონდა. ცენტრის მიერ დაფიქსირებულია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი დარღვევები, რომლებიც წინა არჩევნების დროსაც ხდებოდა. კარუსელები, მარკირების გარეშე შეშვება უბანზე, ბიულეტენების ჩაყრა, შემაჯამებელი ოქმების გაუქმება, ზეწოლა.

სოსო პაპუაშვილი საუბრობს იმ დარღვევებზე, რომლის შემსწრეც თბილისში თავად გახდა:

„უბნებთან ადამიანთა ჯგუფები იყვნენ მობილიზებულნი. ძირითადად, ქალბატონები. მათ ამომრჩეველთა სია წინასწარ ჰქონდათ მომზადებული. სიაში დაფიქსირებული იყო ამომრჩევლის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. ქალბატონები ურეკავდნენ მათ და არჩევნებზე მოსვლას სთხოვდნენ. შევეცადეთ გაგვერკვია, რა სია იყო ეს და რატომ ურეკავდბენ ადამიანებს და საარჩევნო უბნებზე მოსვლას აიძულებდნენ. მათ გვიპასუხეს, ჩვენი ამომრჩევლები არიანო და მათ მობილიზებას ვახდენთო. ვფიქრობთ, ამ ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ და პოლიციის მიერ წინასწარ შეირჩა. მაგალითად,  თბილისში, ვაჟა ფშაველას მეორე კვარტალში მეოცე კორპუსში ცხოვრობს ნაცმოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც აქტიურია და იცის მეზობლების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ. ის არჩევდა ისეთ ადამიანებს, ვისთვისაც თანხის გადახდა შესაძლებელი იყო ანუ ყიდულობდნენ ხმებს. ის სიები კი, რომლებიც უბნებთან მობილიზებულ ქალბატონებს ჰქონდათ, სწორედ იმ ადამიანების სიები იყო, რომელთაც  „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემის სანაცვლოდ ფული ჰქონდათ აღებული. სხვა შემთხვევაში ამ სიაში ჩანიშნული ადამიანები ასევე ხმას ახლობლობის ან ხათრის გულითვის აძლევდნენ, ან კიდევ მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ანუ კრიმინალების გამოყენებით ატერორებდნენ ადამიანებს, ეუბნებოდნენ, თუ შენ და შენი ოჯახის წევრები არ მისცემთ ხმას, დაგატერორებთ.

აღსანიშნავია, ის, რაც მოხდა გალის რაიონში, იქმნება ისეთი სურათი თითქოს ეს იყო დადგმული  ინსცენირება იმისა, რომ ყურადღება სროლებზე და არეულობაზე ყოფილიყო გადატანილი.

უჩა ნანუაშვილი ასევე საუბრობს იმ გაყალბების მეთოდებზე, რომელიც ამ არჩევნებზე იყო დაფიქსირებული. მისი თქმით, არჩევნები ტოტალური დარღვევების ფონზე ჩატარდა. გაყალბების მცდელობები და ჟურნალისტების და დამკვირვებლების ცემის ფაქტების ფოტო და ვიდეომასალა არსებობს.

მაგალითად, აზებაიჯანულ სოფლებში ძალიან ბევრი ადამიანია ერთნაირი სახელით და გვარით და მათი განსხვავება უცხო პირისთვის მხოლოდ პირადობის ნომრით არის შესაძლებელი. ამის გამოყენებით ერთი და იგივე ადამიანი რამდენჯერმე აძლევდა ხმას. ადგილი ჰქონდა უბნებზე აგიტაციას, რაც, უჩა ნანუაშვილის თქმით, წინა არჩევნების დროს ამდენად გამოხატული არ იყო. ასევე ხდებოდა აგიტაცია, და ნაცმოძრაობის პლაკატების საარჩევნო უბნებზე გაკვრა.

„რამდენიმე ადამიანი ერთდროულად აძლევდა ხმას. აბსოლუტურად ყველა უბანში ბიულეტენების და ამომრჩეველთა რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ბიულეტენები ნაკლები რაოდენობის იყო. ბეჭედი, რომელიც რეგისტრატურორებთან უნდა ყოფილიყო, უცებ იკარგებოდა. ჩვენ ასევე ვიპოვეთ წინასწარ გამზადებული დაბეჭდილი ბიულეტენები. იყო შემთხვევები, როდესაც იმ რეგისტრატორებთან, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენდნენ არც ერთი ამომრჩეველი არ მიდიოდა. ყველა ეს ადამიანი „ნაცმოძრაობის“ ერთ კონკრეტულ რეგისტრატორთან მიდიოდა. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც რეგისტრატორის ფუნქციას „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ დამკვირვებელი ასრულებდა. დარღვევებში არა მხოლოდ ამ ორგანიზაციის, არამედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის „რაციო ლეგის“ დამკვირვებლებიც მონაწილეობდნენ. მათ ხალხი ერთი უბნიდან მეორეზე გადაჰყავდათ. იყო შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავები დამკვირვებლები იყვნენ. იყო დიდი რაოდენობა გადაცმული პოლიციელებისა, რომლებიც კომისიის წევრები ან დამკვირვებლები იყვნენ.

დილის 10 საათისთვისაც კომისიის წევრებს შორის ფუნქციები არ იყო გადანაწილებლი. კომისიის წევრები საჩივრებს არ იღებდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ ასე ჰქონდათ ნაბრძანები. საარჩევნო პროცესის კამერით გადაღებისას ხელს გვიშლიდნენ. საარჩევნო უბნიდან გაგვაგდეს კიდეც იმ არგუმენტით, რომ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარეს აქვს გადაღების ნებართვის უფლება.

ხდებოდა უბნებზე წინასწარ დაგეგმილი შევარდნა. უცნობ ადამიანებს შარვალში ჰქონდათ დამალული ბიულეტენების დასტა. როგორც ადგილობრივები ამბობდნენ, ამაში წინასწარ უხდიდნენ მათ ფულს. ისინი შევარდებონენ უბანზე, სადაც ხდებოდა მასობრივი ჩაყრა. იწყებოდა ქაოსი და პროცესებს ვერავინ აკონტროლებდა.

სოსო პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ინციდენტი იყო წინასწარ დადგმული, რომ მოსახლეობას ყურადღება ამ გაყალბებებიდან სხვა საკითხზე გადაეტანა.

21 მაისის არჩევნებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელი ივარ დალეც აკვირდებოდა. სოფელ ხურჩაში მომხდარი აფეთქების მეორე დღეს ივარ დალემ გადაწყვიტა საკუთარი თვალით ენახა შემთხვევის ადგილი. თვითმხილველებმა მას უამბეს, რომ ქართველი ამომრჩევლები საქართველოს მიმართულებით ხმის მისაცემად მართლაც მოემგზავრებოდნენ.

„ავტობუსები ხურჩის სტადიონზე გაჩერდნენ, სადაც მოგვიანებით აფეთქება მოხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აფეთქებამდე იქ უკვე იმყოფებოდნენ ტელეჟურნალისტები. ხოლო სროლისთანავე ადგილზე სამხედროებიც მოვიდნენ. მოგეხსენებათ, სოფელი ხურჩა დემილიტარიზებულ ზონაში მდებარეობს. უახლოესი სამხედრო ბაზა 20 წუთის სავალზეა. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხა შეიარაღებულმა ძალებმა ასე სწრაფად შემთხვევის ადგილზე მისვლა. კიდევ ერთი რამ აეჭვებს ჩვენთან ერთად ადგილზე მისულ გაეროს სამხედრო ექსპერტს. ყუმბარა, რომელიც ავტობუსებს ესროლეს განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს. თან მისი სროლა მხოლოდ ახლო მანძილიდან არის შესაძლებელი“.

ივარ დალეს ასევე მიაჩნია, რომ აფეთქების ტრაგიკული სცენარი წინასწარ იყო მომზადებული იმისთვის, რომ ყურადღება არჩევნებიდან სხვა საკითხზე გადაეტანათ.

ახალი ამბები