კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში მომხდარი მკვლელობის ირგვლივ ისევ კითხვები არსებობს

4 ივნისი, 2008

 

ადვოკატი  ზაზა გიგაური

საბა წიწიკაშვილი გორი

2008 წლის 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, გორში, დუშეთის ქუჩაზე, ზურაბ იასამნიძის ოჯახში მკვლელობა მოხდა. ინციდენტის დროს გარდაიცვალა სოფელ ახალდაბაში მცხოვრები ვეფხია მურადაშვილი. საქმეს იძიებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია. საბრალდებო დასკვნით, ზურაბ იასამნიძე ვეფხია მურადაშვილის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული.

იმავე დღეს სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია შემდეგი სათაურით: ,,ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის საყვარელი მოკლა“. ეს იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ რეალურად არ იყო გარკვეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

გარდაცვლილი ვეფხია მურადაშვილი და მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ იასამნიძე, ერთმანეთს წლების განმავლობაში იცნობდნენ. კერძოდ, ზურაბ იასამნიძის მეუღლე ლალი პაპუაშვილი და ვეფხია მურადაშვილი თანაკლასელები იყვნენ. უფრო მეტიც, როგორც ამბობენ, სკოლაში სწავლის დროს ვეფხია მურადაშვილს ლალი პაპუაშვილი უყვარდა.

მიუხედავად ამისა, ლალი პაპუაშვილი ზურაბ იასამნიძეზე სიყვარულით გათხოვდა და 2 შვილიც შეეძინათ.

ლალი პაპუაშვილი პარფიუმერიით ვაჭრობდა. 15 აპრილს, მუშაობის პერიოდში, ზურაბ იასამნიძემ თავისი მეუღლის ტელეფონზე უცხო ნომრით შემოსული პასუხგაუცემელი ზარები ნახა. ქმარი დაინტერესდა, თუ ვინ რეკავდა მეუღლის მობილურზე და თავისი ტელეფონიდან გადარეკა აღნიშნულ ნომერზე. ზურაბ იასამნიძის ზარს მამაკაცმა უპასუხა. საუბრის მომენტში ზარი გაითიშა. გარკვეული დროის შემდეგ უკვე ვეფხიამ გადმოურეკა იმ მომენტისთვის უცნობ ადამიანს და შეეკითხა, თუ ვინ იყო. ზურა იასამნიძემაც დაუსახელა თავისი თავი, თუმცა როგორც ახლობლები აცხადებენ, ამის მეტი საუბარი მათ შორის არ ყოფილა.

ცოლ-ქმარი სახლში დაბრუნდა. სახლში მისვლის შემდეგ ზურა იასამნიძემ თავის მეუღლეს კითხვა დაუსვა, თუ რატომ დარეკა ვეფხია მურადაშვილმა მის ნომერზე. ლალი პაპუაშვილმა უპასუხა, არ ვიცი, რადგან ზარისთვის პასუხი არ გამიციაო.

როგორც ბრალდებულის მხარე აცხადებს, ზურაბ იასამნიძემ მეუღლეზე ეჭვიანობა ცოდვად ჩათვალა და ცოლ-ქმარმა მოძღვართან წასვლა გადაწყვიტა. დაუკავშირდა თავის მოძღვარს - მამა კონსტანტინეს, რათა აღსარება ეთქვა. მამაო კონსტანტინემ განუცხადა ზურას, რომ იგი ეკლესიაში არ იყო, თუმცა, შეეძლო ასულიყო ეკლესიაში, სადაც მამა  კირილეს ნახავდა და მისთვის შეეძლო  აღსარების თქმა.

იმ დროს, როდესაც ზურა იასამნიძე და მისი მეუღლე ლალი პაპუაშვილი ეკლესიაში წასასვლელად ემზადებოდნენ,  ეზოს ჭიშკარზე ვიღაცამ ზარი დარეკა. ზურამ თავის სარკმლიდან გაიხედა და დაინახა, რომ კართან ვეფხია მურადაშვილი იდგა. ეს მოხდა დაახლოებით 5 საათზე.

კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ზურაბ იასამნიძემ თავის მეუღლეს სთხოვა, გასულიყო და ვეფხია მურადაშვილისთვის წასვლა ებრძანებინა. ლალი პაპუაშვილმა ასეც გააკეთა, მაგრამ კარის მიხურვის შემდეგ ვეფხია მურადაშვილმა უფრო მეტად ატეხა ბრახუნი. ის  ეზოში შეღწევას ცდილობდა.

კარების ბრახუნზე და ხმაურზე ეზოში ქმარიც გამოვიდა და მანაც ხმამაღლა, ყვირილით უპასუხა. ის  ვეფხია მურადაშვილს ტერიტორიის დატოვებას უბრძანებდა. ამ დროს ვეფხიას მხრიდან  ხელ-ფეხით კარებზე ბრახუნი უფრო გაძლიერდა და კარიც გააღო.

ზაზა გიგაური: (ზურაბ იასამნიძის ადვოკატი) - ,, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა თოფი გამოიტანა, როგორც თვითონ ამბობს, ვეფხიას შესაშინებლად. ზურამ გააკეთა მიზანმიმართულად გვერდითი გამაფრთხილებელი გასროლა, ისე რომ ვეფხიას არ მოხვედროდა და კიდევ ერთხელ დაუყვირა, წასულიყო მისი სახლიდან. უფრო მეტიც,  ვეფხია მურადაშვილმა ხელიც კი ჰკრა ზურას მეუღლეს. ამ დროს ზურამ მეორედ გაისროლა საფანტის თოფი, მიზანმიმართულად ააცილა ვეფხიას და კიდევ ერთხელ დაუყვირა მოშორებულიყო სახლს. ვეფხია მისკენ დაიძრა. ამასობაში მესამე გასროლაც მოხდა. ცოლ-ქმარს არ ახსოვთ  მესამე გასროლა. ერთადერთი რაც მათ დაინახეს, ვეფხია, დაყვირების შემდეგ, შებრუნდა და ჩქარი ნაბიჯით ეზოს გაშორდა. ზურა იმის დასარწმუნებლად, რომ ვეფხია წავიდა, თოფი კედელზე მიაყუდა. დაახლოებით 50 მეტრის გავლის შემდეგ ვეფხია მურადაშვილი წაიქცა, ზურა გაიქცა მისკენ, ნახა რომ იგი დაჭრილი იყო, დაურეკა თავის მობილური ტელეფონით პატრულს და სთხოვა სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოეძახათ. ამავე დროს იგი ყვიროდა და მეზობლებს სთხოვდა დახმარებას".

ამის შემდეგ ზურა იასამანიძემ დაურეკა ერთ-ერთ პოლიციელს და უთხრა, რაც მოხდა. პოლიციელს ასევე განუცხადა, რომ სურდა თავის ფეხით ჩაბარებოდა პოლიციას.

ეს არის მოკლე ისტორია, რომელიც ჩვენთვის ახლობლებისგან გახდა ცნობილი. თუმცა გამოძიება გრძელდება. ადვოკატ ზაზა გიგაურს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტის განზრახ მკვლელობით დაკვალიფიცირება არასწორია.

კერძოდ, მისი არგუმენტებია:

1)გარდაცვლილი ვეფხია მურადაშვილი სახლში მივიდა ზურა იასამნიძესთან. ზურა იასამნიძემ რამდენჯერმე მოსთხოვა დაეტოვებინა სახლი. მაშინაც კი, როდესაც ვეფხია მურადაშვილმა ჯიბისკენ და დანისკენ წაიღო ხელი, არც მაშინ გასჩენია რაიმე განზრახვა, მკვლელობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ამის საწინააღმდეგო საქმეში არაფერია. უფრო მეტიც, ზურამ მიზანმიმართულად ორჯერ ააცილა თოფი, რათა შეეშინებინა და აეძულებინა ვეფხია წასულიყო მისი სახლიდან. ხოლო ვეფხია, პირიქით, ცდილობდა მისკენ მიახლოებას და ამ მიზნით ხელის კვრით მოიშორა კიდეც ზურას მეუღლე  - ლალი. გამორიცხული იყო, რომ თოფით დაახლოებით 6 მეტრი მანძილიდან ააცილო ადამიანს ფრინველის საფანტით დატენილი გილზა.

2) თავად განზრახვა, რაიმე ცუდი გაეკეთებინა ვეფხიასთვის, ზურას არ ჰქონია. აღნიშნული მტკიცდება ზურა იასამნიძის ქმედებით თავის მოძღვართან წასულიყო და მოენანიებინა ის ეჭვიანობაც კი, რაც მას გულის თქმაში მეუღლის მიმართ გაუჩნდა. აღნიშნულის მტკიცებულებებია ზურა იასამნიძის ტელეფონიდან განხორციელებული ზარი მამა კონსტანტინესთან, თავის მოძღვართან. განზრახვა არ გასჩენია მას არც იმის შემდეგ, რაც დაინახა მის კარებთან ვეფხია მურადაშვილი, რადგან ამ შემთხვევაში ფანჯრიდანაც უფრო ადვილად შეიძლებოდა იარაღის სროლა, თუკი ასეთი სურვილი ექნებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მშვენივრად იცოდა, რომ პირველი სამი ტყვია მწყრის საფანტით  იყო დატენილი. აბსურდია ვარაუდიც კი იმის შესახებ, რომ ადამიანს უნდოდეს მოკვლა ვინმესი, ჰქონდეს ტყვიები და მწყრის საფანტით შეეცადოს მოკვლას. ვერც ერთი ექსპერტი დაბეჯითებით ვერ იტყვის, რომ მწყრის საფანტით უეჭველად დადგებოდა სიკვდილი. კიდევ ერთი გარემოება, ზურამ ვერ დაინახა, რომ ვეფხია დაიჭრა. კიდევაც რომ დაენახა, ვეფხია წავიდა მისი სახლიდან და მიდიოდა ჩქარი ნაბიჯებით. თუ ზურას ვეფხიას მოკვლა უნდოდა, რატომ უნდა გაეშვა იგი ცოცხალი და რატომ არ ესროლა ზურგიდან? საიდან იცოდა ზურამ რომ ვეფხია დაიღუპებოდა?

3) საფანტი ფილტვს რომ არ შეხებოდა, არც ერთი ორგანო სხვა დაზიანებული ვეფხიას არ ჰქონდა. გამორიცხულია ვინმეს აზრად მოუვიდეს, რომ შესაძლებელია ვინმემ გათვალოს სროლის დროს, შეძლებს მიზანმიმართულად ადამიანის ფილტვის დაზიანებას, რათა დადგეს სიკვდილის შედეგი. ე.ი პირდაპირ ვაცხადებ, გასროლის დროს ვეფხია მურადაშვილი ოდნავადაც რომ შეტრიალებულიყო ან ნაბიჯი უკან გადაედგა, არც ერთი სასიკვდილო დაზიანება მას არ ექნებოდა.

ამდენად, ბრალდებულის ადვოკატს კვალიფიკაცია მიაჩნია არასწორად და იბრძოლებს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურატურა ბრალდებულის მხარის პოზიციას არ იზიარებს და კვლავ განზრახ მკვლელობის ბრალდებით გასამართლებას ითხოვს.


ახალი ამბები