კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთ დღეში - ხუთი თავდასხმა ჟურნალისტებზე

6 ივნისი, 2008

 

 ადალატ სადაროვმა "ადამიანის უფლებათა

ცენტრის"ჟურნალისტს სკამი ჩაარტყა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

2008 წლის 21 მაისს, კახეთში, დამოუკიდებელ დამკვირვებლებთან და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად ცესკოს მიერ აკრედიტებული ჟურნალისტებიც სცემეს.

გაზეთ "რეზონანსის" მორიგე რედაქტორს ელისო ჩაფიძეს, #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის #26 ქვემო მაღაროს საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების არ მქონე პირები ნოდარ კაპანაძე და ოთარ ლამაზოშვილი. თავდამსხმელებმა ჟურნალისტს ხელები გადაუგრიხეს, ვიდეოკამერა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საგარეჯოს საარჩევნო ოლქის იორმუღანლოს საარჩევნო უბნებზე სცემეს ვებ პორტალ "პრესა.გე"-ს კორესპონდენტი კონსტანტინე სტალინსკი, ასევე ოპერატორები მალხაზ ვარშანიძე და ირაკლი გოგუაძე. ლაგოდეხში ფიზიკურად გაუსწორდნენ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ჟურნალისტს. კომისიის თავმჯდომარემ მას ჯერ სკამი ჩაარტყა, რის შემდეგაც შეიარაღებულმა პირებმა იარაღი დაადეს და უბნიდან გააძევეს.

სპეცრაზმელები კენჭისყრის შენობაში

"საპარლამენტო არჩევნებს სიღნაღის საარჩევნო ოლქში ვაკვირდებოდი. დაკვირვება დილის 7 საათიდან სოფელ ტიბაანში დავიწყე. საარჩევნო უბნის გახსნის შემდეგ სოფელ ჯუგაანში გადავინაცვლეთ. უბანზე მისვლისთანავე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ხმის მიცემის პროცესი ღიად მიმდინარეობდა. ამომრჩევლები პირდაპირ მაგიდაზე ხაზავდნენ საარჩევნო ბიულეტენში 5-იანს, აჩვენებდნენ კომისიის წევრებს და ისე მიჰქონდათ ყუთში ჩასაგდებად. ასეთი ფაქტების თვითმხილველები ჩვენც გავხდით. ერთ-ერთმა ქალბატონმა, როცა ვიკითხე, ეს ხალხი კაბინაში რატომ არ შედის-მეთქი, თვალებზე ამაფარა ორი ბიულეტენი და მითხრა, შენ ვინ გეკითხება, მე არ ვმალავ, რომ ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" ვაძლევო.

ამის შემდეგ სახელისუფლებო პარტიამ უფრო მძიმე არტილერია ჩართო საქმეში და უბანზე ნასვამი ახალგაზრდები შემოუშვეს. ერთ-ერთი მათგანი მომვარდა და მიყვიროდა, 17 ჭრილობა მაქვს და შენ ვინ გეკითხება, კაბინაში შევალ თუ არაო. ჯუგაანის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განმიმარტა, ჩვენ უფლება არა გვაქვს, ნასვამ ამომრჩეველს არ მივცეთ უბანში შემოსვლის უფლება და მითუფრო შევზღუდოთ, რომ ბიულეტენები საჯაროდ არ შეავსონო", - აღნიშნავს ელისო ჩაფიძე.

მისი თქმით, დაახლოებით 13:30 საათზე, მას ჟურნალ "სარკის" ჟურნალისტი თეა ხურცილავა დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ქვემო მაღაროს საარჩევნო უბანზე შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ათამდე წევრი მივიდა, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულნი.

ელისო ჩაფიძე: "გადამღები ჯგუფით ამ უბანზე მივედი. მას შემდეგ რაც კენჭისყრის შენობიდან ოპერატორი გარეთ გამოაძევეს, კამერით ოთახში თვითონ შევედი. კომისიის წევრებს წარვუდექი, ავუხსენი რომ ვიყავი ჟურნალისტი, ვაჩვენე აკრედიტაცია და დავაპირე სპეცრაზმელთა გადაღება, რადგან არც კომისიის თავმჯდომარემ და არც პოლიციის წარმომადგენელმა, ჩემი მოთხოვნის მიუხედავად ისინი შენობიდან არ გააძევეს. ზუსტად ამ დროს მომვარდნენ უცნობი, ათლეტური აღნაგობის მამაკაცები, ხელები გადამიგრიხეს, ვიდეოკამერა წამართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. ვყვიროდი და შენობაში მყოფ პოლიციელს მამუკა დეკანოიძეს დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ უშედეგოდ. ერთსაათიანი ჩხუბის შემდეგ თავდამსხმელები კაპანაძე, ლამაზოშვილი და მათთან ერთად სხვებიც, რომლებიც როგორც თვითონ აღნიშნეს "გაერთიანებული ქართული დარბაზის" დამკვირვებლები იყვნენ, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის კუთვნილი მანქანებით წავიდნენ.

როგორც მოგვიანებით გავიგე, კაპანაძე და ლამაზოშვილი დილის 7 საათზე საარჩევნო უბანზე მიუყვანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალ დეპუტატს გიორგი ბაბაკიშვილს, რომელიც ჩემი უბანზე ყოფნის განმავლობაშიც საარჩევნო პროცესს ხელმძღვანელობდა. ვცდილობდი გამეპროტესტებინა სხვა დარღვევებიც, რომელიც ქვემო მაღაროს საარჩევნო უბანში ხდებოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. ყვიროდნენ და გვლანძღავდნენ.

იძულებითი ღია არჩევანი

კარში იდგა ახალგაზრდა, რომელიც ყვითელ რვეულში მომსვლელების სახელებსა და გვარებს იწერდა. შემდეგ ამომრჩევლები მიდიოდნენ რეგისტრაციის მაგიდასთან, სადაც ისინი იღებდნენ ბიულეტენებს, ხაზავდნენ კაბინაში, გამოჰქონდათ გაშლილი, შემოხაზული მხარით იმ ქალბატონისაკენ, რომელიც მათ კონვერტებს აძლევდათ. ამასობაში "ახალი თაობა ახალი ინიციატივის" წარმომადგენლები ინიშნავდნენ, ვინ მისცა ხმა ნაციონალებს, მხოლოდ ამის შემდეგ აგდებდა ამომრჩეველი კონვერტს ყუთში.

ასევე იწერდნენ ყველა იმ ადამიანის სახელსა და გვარს, ვინც გაკეცა ბიულეტენები. რამდენიმე ადამიანმა ბიულეტენები ოთხად გაკეცა, რამაც კომისიის თავმჯდომარე დალი დავითაშვილი, რომლის შვილი, გია დავითაშვილიც ყაჩაღობისთვის იხდის 7 წლიან სასჯელს, აღაშფოთა. სარწმუნო წყაროს ცნობით, მმართველი პარტიის და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნუგზარ აბულაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, დავითაშვილს შვილის გათავისუფლებას დაპირდნენ", - ამბობს გაზეთ "რეზონანსის" ჟურნალისტი.

 

დამწვარი ბიულეტენები, გაზეთ "კახეთის

ხმის" ფოტო 

ელისო ჩაფიძის ცემის ფაქტზე შს სიღნაღის რაიონულ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე იმავე დღეს, მხოლოდ მას შემდეგ აღიძრა, რაც ჟურნალისტზე თავდასხმა ცენტრალური ტელევიზიების ეთერით გაშუქდა. "პოლიციის თანამშრომლებმა სუხიაშვილმა და დიღმელაშვილმა განმიცხადეს, რომ სიამოვნებით და აუცილებლად დამიჭერდნენ, თუკი რაიმე გადაჭარბებულს ვიტყოდი. გამომძიებელმა გიორგი ხაჩიაშვილმა კი გაიკვირვა, როგორ ვიყავი ნაცემი, როცა დალურჯებები არ მქონდა. გამოძიებას უკვე გადავეცი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიჭები, რომლებიც თავს დამესხნენ და მუშაობაში ხელი შემიშალეს, 21 მაისს, სოფელ მაღაროში თეთრი ფერის ნისანის ჯიპით მარკის მანქანით გადაადგილდებოდნენ, სოდ-ის ნომრებით. მიუხედავად ამისა, გამოძიებას ოფიციალურად დღემდე არ აქვს დადგენილი თავდამსხმელების ვინაობა,"  - აცხადებს დაზარალებული ჟურნალისტი.

დარბევა და ცემა-ტყეპა საგარეჯოში

21 მაისს, კახეთში კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი სცემეს. ვებ პორტალ "პრესა.გე"-ს კორესპონდენტს კონსტანტინე სტალინსკს, საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #37 ქვემო ლამბალოს საარჩევნო უბანზე ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როცა ის ვიდეოკამერით კენჭისყრის შენობაში მომხდარ ინციდენტს იღებდა.

"საარჩევნო უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა კობა კუპატაძემ მორიგი დარღვევის, ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ერთად ჩაყრის აღკვეთა სცადა, რის გამოც იგი საუბნო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და კავშირი "რაციო – ლეგის" დამკვირვებელმა სასტიკად ცემეს. ზუსტად ამ ფაქტებს იღებდა ვიდეოკამერით კონსტანტინე სტალინსკი, რაც უბანზე შემოჭრილ ნასვამ მამაკაცთაგან ერთ-ერთმა შეამჩნია და ყვირილით მისი მიმართულებით გავარდა. ამ პირებს, რომლებიც მანამდე კენჭისყრის შენობას არბევდნენ და ყუთში ბიულეტენებს ყრიდნენ, სხვა აზერბაიჯანელი დამკვირვებლები და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც დაეხმარნენ და სტალინსკისთვის კამერის წართმევა სცადეს. ჟურნალისტი მათ შეეწინააღმდეგა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ", - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელი მარინა წიკლაური.

თავად კონსტანტინე სტალინსკის თქმით, ყველაზე რთული სიტუაცია ლამბალოს საარჩევნო უბნებზე სუფევდა. ორი საარჩევნო უბანი ერთი სკოლის ერთ დერეფანში იყო განთავსებული და ერთმანეთისგან სამი მერხით იყო გაყოფილი. კენჭისყრის დაწყებისთანავე ეს გამყოფი გაირღვა - ამომრჩევლები ერთი უბნიდან მეორეზე გადადიოდნენ და ერთ უბანზე რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის შემდეგ, იგივეს დერეფნის მეორე ბოლოში იმეორებდნენ.
უბანზე ერთდროულად 10-ზე მეტი ამომრჩეველი შედიოდა. ყოველი მათგანი ეხმარებოდა მეორეს შემოეხაზა რიცხვი "ბეშ", რაც აზერბაიჯანულად ხუთს ნიშნავს.

კონსტანტინე სტალინსკი: "გაურკვეველი იყო, საიდან ჩნდებოდა ამომრჩეველთა ხელში რამდენიმე ბიულეტენი. როდესაც იქვე მყოფი დამკვირვებლები ეუბნებოდნენ, რომ რამდენიმე ბიულეტენის ერთად ჩაყრა არ შეიძლებოდა, პასუხად მხოლოდ აგრესიას იღებდნენ. ამ ყველაფერს ვიღებდი, რის გამოც აგრესიიის მსხვერპლი გავხდი.
ჩემთვის ცოტა უცნაური პოზიცია დააფიქსირა მოგვიანებით მოსულმა ეუთოს დამკვირვებელმა ინგე-მაი ლონგვისტმა, როდესაც საკუთარი თვალით იხილა არჩევნების მსვლელობის ანარქია: "გირჩევთ, არაფერი არ გადაიღოთ, ვინაიდან თქვენი კამერა ადგილობრივ მოსახლეობას აღიზიანებს".

მალევე ჩემმა თანმხლებმა გამაფრთხილა, რომ იორმუღანლო სასწრაფოდ უნდა დამეტოვევინა, რადგან სხვა უბნებზე მყოფ ოპერატორებზე თავდასხმები განხორციელდა. იმავე დროს ბაქოელმა ჟურნალისტმა რომან ტემნიკოვმა დამირეკა. მითხრა, რომ ჩემი "ვინაობა და მოძრაობის მარშრუტი ადგილობრივმა კრიმინალებმა იცოდნენ და საფრთხეში ვიყავი".
იგივე ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან გავიგე: "აზერბაიჯანულ მოსახლეობას ღვინო დაურიგეს. საღამოსთვის ისინი საარჩევნო უბნებზე შტურმს გეგმავენ. საღამოს შეიძლება სისხლი დაიღვაროს. მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს, მათ შორის ვინც დარღვევას დააფიქსირებს ან გადაიღებს".

ალბათ, ეს სოფელი იმით დამამახსოვრდება, რომ აქ ერთი საათის ინტერვალით ორი ოპერატორი სცემეს და ორივეს კამერები წაართვეს. ერთი მათგანი, რეჟისორი მალხაზ ვარშანიძე კამერის გარდა კასეტების, მობილური ტელეფონის და პირადი ნივთების, მათ შორის - ტანსაცმლის გარეშეც კი დარჩა.

ამ უბნების მეორე "მსხვერპლი" ოპერატორი ირაკლი გოგუაძე აღმოჩნდა. ირაკლიმაც მოასწრო დღის პირველ ნახევარში დაფიქსირებული დარღვევების ამსახველი კადრების გადარჩენა".

საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა იოსავას ინფორმაციით, ჟურნალისტების კონსტანტინე სტალინსკის და ოპერატორების ვარშანიძისა და გოგუაძის ცემის და მათთვის ვიდეოკამერების წართმევის ფაქტებთან დაკავშირებით, საგარეჯოს რაიონულ პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 178 მუხლის მე-3 ნაწილით (ძარცვა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის). დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პ.ს. სხვათაშორის, როდესაც დარბევის ფაქტებზე „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ პრესკონფერენცია გამართა და ინფორმაცია გააჟღერა, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა გაიკვირვა, თუ რატომ არ იყვნენ ნაცემი ჟურნალისტები საავადმყოფოში გადაყვანილი. როგორც ჩანს, ადამიანები სასიკვდილოდ უნდა გაიმეტონ, რომ მათ მიმართ ინტერესი გაჩნდეს და  შედარებით დაცულმა მედიამ  ჩათვალოს, რომ მათი უფლებები ნამდვილად დაირღვა.

 

ახალი ამბები