კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური ნიშნით თელავის უნივერსიტეტიდან ლექტორები გაანთავისუფლეს

16 ივნისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ლექტორები გაანთავისუფლეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ჰამლეტ რაზმაძის განცხადებით, ასოცირებული პროფესორი და ამავე დროს რექტორის აპარატის უფროსი ნელი ცქიტიშვილი, ასევე იურიდიული სპეციალობის კოორდინატორი არჩილ ჯორჯაძე პირადი განცხადებების საფუძველზე განთავისუფლდნენ.

წინასაარჩევნოდ, სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე განცხადებები მუქარებისა და იძულების გამო რომ დაწერეს, ამის შესახებ ლექტორებმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე საჯაროდ განაცხადეს. პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო არჩილ ჯორჯაძემ თელავში პრესკონფერენციაც გამართა, რომელიც ცენტრალური ტელეკომპანიების წარმომადგენლებმაც გადაიღეს, მაგრამ სიუჟეტი სატელევიზო ეთერში არ გასულა.

 

 არჩილ  ჯორჯაძე

"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თელავის უნივერსიტეტის შენობის დარბაზში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ლევან გაჩეჩილაძე, სალომე ზურაბიშვილი, კობა დავითაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე და სხვები უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებს და სტუდენტებს შეგვხვდნენ. შეხვედრის დროს დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ფარნა მაყაშვილი, იმედა კევლიშვილი, დავით თუშიშვილი და სხვები შემოვარდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ისინი ხმამაღლა იმუქრებოდნენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს ვინც ვხვდებოდით, ყველას გადაგვიღებდნენ და პრობლემები შეგვექმნებოდა.

იმ დღის შემდეგ მმართველი პარტიის თელავის საარჩევნო შტაბის უფროსი და ამავე დროს ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გია პაპუნაშვილი გვდევნიდა. არაერთხელ პირდაპირ შემომითვალა, რომ განცხადება დამეწერა და უნივერსიტეტიდან წავსულიყავი, რაზეც უარს ვამბობდი. შემდეგ დამემუქრნენ, რომ თუ თვითონ არ წავიდოდი, ძალით გამაგდებდნენ, სპეციალობას გააუქმებდნენ და ჩემთან ერთად სხვა პედაგოგებიც სამსახურის გარეშე დარჩებოდნენ. იყო სხვა ზეწოლებიც, მათ შორის დაპატიმრების, რის გამოც იძულებული გავხდი და 13 მაისს უნივერსიტეტიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დავწერე", - ამბობს არჩილ ჯორჯაძე.

"უნივერსიტეტში მოღვაწეობასთან ერთად, პარალელურად გაერთიანებულ ოპოზიციასთან ვთანამშრომლობ და თელავში ამ პოლიტიკური ძალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის საარჩევნო შტაბის იურისტი ვარ. აქედან გამომდინარე, ჩემზე ხორციელდება მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი. ყოველივე ამის გამო, გთხოვთ, გამანთავისუფლოთ იურიდიული სპეციალობის კოორდინატორის თანამდებობიდან, რათა ჩემი უნივერსიტეტში ყოფნით საფრთხე არ შეექმნას უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელობას", - აღნიშნულია ჯორჯაძის განცხადებაში.

 

 ნელი  ცქიტიშვილი

უნივერსიტეტიდან წასვლის თაობაზე განცხადება არჩევნებამდე დაწერა ასოცირებულმა პროფესორმა, რექტორის აპარატისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნელი ცქიტიშვილმაც. პროფესორი არ მალავს, რომ ეს გადაწყვეტილება ზეწოლის გამო მიიღო, რაზედაც 2008 წლის 8 მაისით დათარიღებულ განცხადებაშიც ხაზგასმით მიუთითებს: "მე, როგორც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის საარჩევნო შტაბის აქტიური წევრი, ვგრძნობ, რომ საფრთხეს ვუქმნი უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელობას, რადგან ქვეყანაში ისეთი მმართველი რეჟიმია, რომლისთვისაც მიუღებელია განსხვავებული აზრი, თავისუფალი სიტყვა და სამართლიანი არჩევნები. ვითავისებ რა პასუხისმგებლობას უნივერსიტეტის წინაშე, გთხოვთ, გამათავისუფლოთ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რექტორის აპარატის უფროსის თანამდებობიდან".

ამ განცხადებების შინაარსის მიუხედავად, 2008 წლის 22 მაისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამლეტ რაზმაძემ გამოსცა ბრძანებები #171 და 172, რომლითაც ცქიტიშვილიც და ჯორჯაძეც დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.

- ბატონო ჰამლეტ, ჯორჯაძე და ცქიტიშვილი განცხადებებში პირდაპირ მიუთითებენ, რომ ისინი ზეწოლას განიცდიდნენ. ამასთან ერთად, ცქიტიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის პარტიული სიით დეპუტატობის კანდიდატი გახლდათ.

- ნელი ცქიტიშვილმა უნივერსიტეტის რექტორს განცხადებით 8 მაისს მიმართა, ხოლო არჩილ ჯორჯაძემ 13 მაისს. არჩევნებამდე, ანუ 21 მაისამდე მათ ჰქონდათ დრო, რომ საკუთარი განცხადებები გაეთხოვათ, რაც არ გაუკეთებიათ.

- არ დაინტერესდით მაინც, მუქარის რა ფაქტებზე საუბრობდნენ თქვენი კოლეგები?

- მათთვის ამ საკითხების გასარკვევად არ მიგვიმართავს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის არავის დაუვალებია ლექტორების სამსახურიდან გათავისუფლება.

ნელი ცქიტიშვილმა და არჩილ ჯორჯაძემ დახმარებისათვის საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართეს. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა ზეწოლის ფაქტებზე მოკვლევა დაიწყეს.

 

ახალი ამბები