კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურა პოლიციის იმ მაღალჩინოსანს მფარველობს, რომელმაც ადამიანი დააინვალიდა

17 ივნისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

"პოლიციის უფროსის მოადგილემ ოთარ დიღმელაშვილმა სახე მანქანის ძარაზე დამარტყმევინა, რის გამოც ოთხი კბილი მაშინვე ამომვარდა. რამდენიმე კი ტუჩის არესთან, ხორცში გაიჭედა. სახეც გამისკდა და ყბის ძვალი გამიტყდა. მოსამართლე თამაზ ჯალიაშვილთან რომ მიმიყვანეს, თავპირიდან სისხლი მდიოდა და არ უკითხავს ამ მდგომარეობაში როგორ აღმოვჩნდი. პოლიციელების ცრუ ჩვენება ირწმუნა, თითქოს დაზიანებები წაქცევის შედეგად მივიღე და სამართალდამცავებისათვის დაუმორჩილებლობის საბაბით, 7 დღე-ღამით პატიმრობა შემიფარდა", - ამბობს მოქალაქე გელა კუტიბაშვილი.

ინციდენტი, ცოტა ხნის წინ, სიღნაღის რაიონის სოფელ წნორში მოხდა. საღამოს, გზაზე მიმავალ მიკროავტობუსს საპირისპირო მხრიდან მოძრავმა ავტომანქანამ მაშუქი ფარები აუნთო. მიკროავტობუსი, რომელსაც სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები გელა კუტიბაშვილი მართავდა, არ გაჩერდა, რის გამოც უცნობი მანქანა მას გამოედევნა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე შეჩერებულ კუტიბაშვილს შორიახლოს გაჩერებული მანქანიდან დაუძახეს და დოკუმენტების მიტანა მოსთხოვეს. "მანქანასთან მივედი და ვიკითხე, ვინ იყვნენ და ჩემს დოკუმენტებს რატომ ითხოვდნენ. მძღოლის გვერდით მჯდომმა პირმა კითხვა იუკადრისა და ხელიდან საფულე გამომგლიჯა, სადაც საბუთების გარდა ფულიც მქონდა. მე მას საფულის დაბრუნება მოვთხოვე. ვუთხარი, რომ თუ საბუთები აინტერესებდა, საფულიდან ფულს ამოვიღებდი და ისე მივაწვდიდი. რამდენიმე წუთში უცნობმა გახსნილი საფულე მომაწოდა და მკითხა, აბა, ფული სად არისო და თან იცინოდა. მალევე უცენზურო სიტყვებით გინება დამიწყო, რასაც მეც გინებით ვუპასუხე. ამ დროს, მოულოდნელად, მანქანის ძარაზე თავი დამარტყმევინა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მივიღე", - აღნიშნავს კუტიბაშვილი.  

დაზარალებულმა მას შემდეგ გაიგო, რომ ცხვირ-პირი შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ოთარ დიღმელაშვილმა ჩაუმტვრია, რაც მანქანაში მსხდომთაგან ერთ-ერთი სამართალდამცავი თამაზაშვილი ამოიცნო.

სწორედ ამ უკანასკნელის მიერ არის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. იგი მიუთითებს, რომ კუტიბაშვილი სიმთვრალის გამო იყო არაადეკვატური, არ დაემორჩილა პოლიციის უნიფორმაში მყოფი თანამშრომლების მოთხოვნას, გადაყვანილიყო პოლიციის სამმართველოს შენობაში და მანქანაში ჩაჯდომისას ნიკაპი ჩამოჰკრა ავტომანქანის ძარას, რის გამოც დაზიანებები მიიღო. სამართალდადრღვევის თვითმხილველთა სტატუსით, ოქმს თან დაერთვის სიღნაღის პოლიციის თანამშრომლების ხანდოლიშვილისა და მევლუფიშვილის წერილობითი განმარტებები. კუტიბაშვილი ირწმუნება, რომ პოლიციის თანამშრომლებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ და დიღმელაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასევე ხანდოლიშვილი და მევლუფიშვილი არ ყოფილან შემთხვევის თვითმხილველები. მისი თქმით, ისინი ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ოღონდ ინციდენტის ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, რაც მიყენებული დაზიანებებით გამოწვეული ტკივილისგან ხმამაღლა ყვიროდა.

ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, კუტიბაშვილი, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, სიღნაღის რაიონული სასამართლოდან პირდაპირ შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. "იქ მომიყვანეს საავადმყოფოს მთავარი ექიმი, რომელმაც ყოველგვარი გაყუჩების გარეშე ამომიღო კბილები. სათანადო სამედიცინო დახმარება რომ არ გამეწია, ჭრილობაში ინფექცია შეიჭრა და ჩირქი მდის. დაზიანებების მიღებიდან მხოლოდ 18 საათის შემდეგ გადამიყვანეს წნორის საავადმყოფოში, სადაც ჩემი ხარჯით გავდიოდი მკურნალობას. მთლიანად დავკარგე ათი კბილი, ვერ ვიღებ საკვებს და წყალსაც დამხმარე მილის საშუალებით ვსვამ", - ამბობს კუტიბაშვილი, რომელსაც მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების მიხედვით, 21 207 ლარი სჭირდება.

მომხდართან დაკავშირებით სიღნაღის რაინულ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 332 მუხლის I ნაწილით არის აღძრული (სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენება). გამოძიებამ გელა კუტიბაშვილი დაზარალებულად სცნო, თუმცა დღემდე მისი არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"მოვითხოვეთ შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის ოთარ დიღმელაშვილისთვის ბრალის წარდგენა, ასევე მისი თანამდებობიდან გადაყენება, მაგრამ არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თავად გელა კუტიბაშვილმა პროკურატურას მიმართა შუამდგომლობით, რათა ეცნოთ სამოქალაქო მოსარჩელედ, შესაბამისად ოთარ დიღმელაშვილი სამოქალაქო მოპასუხედ, რაც, როგორც სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი ინგა ჯაბანაშვილი თავის დადგენილებაში განმარტავს, არ დაკმაყოფილდა იმ მიზეზით, რომ "სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე კი წინასწარი გამოძიების მიერ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს ოთარ დიღმელაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ".

უნდა აღინიშნოს, რომ სიღნაღის პროკურატურა ამ საქმის მიმართ არის ტენდენციური, რაც არაერთხელ გამოვლინდა: დაზარალებულ გელა კუტიბაშვილის ინტერესების დასაცავად ორდერის წარდგენის მიუხედავად, საქმეში ჩართვისას, სიღნაღის რაიონული პროკურორის იოსებ გულოშვილის უშუალო ჩარევით ხელი შემიშალეს დაცვის უფლების განხორციელებაში. საავადმყოფოში მოთავსებულ კუტიბაშვილთან შეხვედრის დროს პოლიციელებმა შენობიდან გამაძევეს. გარდა ამისა, პროკურატურა იმ მიზეზით, რომ "წინასწარ გამოძიებას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში ხელი არ შეეშალოს", ხშირად აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებისთვისაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვს. ამ შემთხვევაში კი, როცა დიღმელაშვილი პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, საქმის მიხედვით კი მოწმეები, ხანდოლიშვილი და მევლუფიშვილი მისი ხელქვეითები არიან და ცხადია, რომ ისინი ვერ იტყვიან სიმართლეს, რომელიც მათ ხელმძღვანელს ავნებს, პროკურატურა არაფერს აკეთებს", - აცხადებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი ლია ხუროშვილი, რომელიც კუტიბაშვილის ინტერესებს იცავს.

აღსანიშნავია, რომ ოთარ დიღმელაშვილს პოლიციელად მუშაობის დროს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ადვოკატმა თენგიზ ბეჟაშვილმა მოგვაწოდა, კიდევ ერთი ადამიანი ჰყავს ნაცემი.

დაზარალებული მხარის პრეტენზიებთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.


ახალი ამბები