კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროცესო შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს არათანაბარ პირობებში აყენებს

20 ივნისი, 2008

 

 ნესტან ლონდარიძე

ნონა სუვარიანი, თბილისი

2004 წელს საქართველოში შემოღებული საპროცესო შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს არათანაბარ პირობებში აყენებს. მოსამართლეებს და პროკურატურას თვითნებურად, საკუთარი სიმპათიებიდან გამომდინარე, შეუძლიათ გააფორმონ ან არ გააფორმონ საპროცესო შეთანხმება.

ამაზე თუნდაც საქართველოს სისხლის სამართლებრივი ისტორიიდან ორი მაგალითი მეტყველებს.
2007 წელს, აგვისტოში არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს. ამ ფაქტზე ბრალდებულების სახით ნუკრი ნიკვაშვილს, ზურაბ ზედელაშვილს და ზვიად ქოქოაშვილს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებულების ახლობლების განცხადებით,  გამოძიება არასწორი მიმართულებით და მიკერძოებით ჩატარდა, რაშიც ისინი სიღნაღის რაიონის პროკურორს ნუგზარ ლაზარიაშვილს ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, “მთავარი დამნაშავეებით: ლია მინდიაშვილით და დავით აბულაშვილით, რომლებიც  დაზარალებულმა პირველ ჩვენებაში დაადანაშაულა, გამოძიება შეგნებულად აღარ დაინტერესდა”.

ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლე, ეკა კუტიბაშვილი დარწმუნებულია, რომ დაზარალებულმა ჩვენება ფინანსური დაინტერესების გამო შეცვალა.

იმავე თვეს გაუპატიურების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. ამჯერად ბრალდებული კუდის ყოფილი თანამშრომელი, გოჩა ჩიქოვანი აღმოჩნდა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი საბრალდებო დასკვნის  მიხედვით,  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების ოპერატიული  თანამშრომელი, გამომძიებელი გიორგი ჩიქოვანი 28 აგვისტოს ღამეს, სახლში მოქალაქე ს. წ.-ს შეეჭრა და განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა: „ჩიქოვანმა წ-ს რამდენჯერმე დაურეკა პირად ტელეფონზე და მოსთხოვა სქესობრივი კავშირის დამყარება. წ-მ კი მობილური ტელეფონი გათიშა და დაიმედებულმა იმით, რომ ჩიქოვანი მას ვეღარ შეაწუხებდა, დაიძინა. ამის შემდეგ ჩიქოვანმა გადაწყვიტა, ქალის ნების საწინააღმდეგოდ ბინაში შესულიყო და სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. მან თავზე ნიღაბი ჩამოიცვა, მეოთხე სართულზე აძვრა და ბინაში აივნიდან შევიდა. ნიღბის მოხსნის შემდეგ, როცა დანის დემონსტრირებით მიზანს ვერ მიაღწია, თავისი განზრახვა განსაკუთრებული სისასტიკით მოიყვანა სისრულეში. ამისათვის მან დაზარალებულს სცემა თავისა და ტანის არეში, რის შედეგადაც მას განუვითარდა ტვინის შერყევა, ქვედაყბის ძვლის მოტეხილობა, ორივე თვალბუდის მრავლობითი სისხლნაჟღენთები იყო... გიორგი ჩიქოვანმა გადალახა რა ს.წ.-ის წინააღმდეგობა, ამ მდგომარეობაში მყოფი ადვილად დაიმორჩილა და მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი ძალადობით და განსაკუთრებული სისასტიკით,“ - წერია საბრალდებო დასკვნაში.

მიუხედავდ იმისა, რომ ჩიქოვანს საკმაოდ მძიმე დანაშაული ედებოდა ბრალად, სახელმწიფო ბრალდებასა და კუდის ყოფილ თანამშრომელს შორის მაისის ბოლოს საპროცესო შეთანხმება მაინც გაფორმდა.

თავდაპირველად ჩიქოვანს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით მიესაჯა. მოგვიანებით კი, 2008 წლის 15 იანვარს მოსამართლე როინ კახიძის კაბინეტში 50 ათას ლარიანი გირაოთი შეიცვალა. თუმცა 5 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც ბრალდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, მას აღმკვეთი დაუმძიმეს.

დანაშაული სიმძიმე არც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს როინ კახიძეს გაუთვალისწინებია. და საპროცესო შეთანხმება ძალაში დატოვა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე საუბრობს იმ ხარვეზებზე, რომლებსაც საპროცესო შეთანხმება შეიცავს.

ჩვენს ცენტრს საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით რამდენიმე საქმე აქვს წარმოებაში. ეს ორი აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო საქმეა. ერთი ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთას შეეხება, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის144-ე მუხლის მეორე ნაწილით: მოქალაქე ზაურ გონაშვილი პანკისის ხეობაში გაიტაცეს, ავტომატური იარაღით დაჭრეს. გატაცების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი მერაბ ტაბაღუა იყო. ამის მიუხედავად, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და 30 ათასი ლარის სანაცვლოდ ის გამოუშვეს. აღსანიშნავია, მერაბ ტაბაღუას ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ გირაოს სახით 50 ათასი ლარი გადაეხადა. სასამართლომ ამაზე უარი განაცხდა იმ მიზეზით, რომ მერაბ ტაბაღუა გამოძიებას ხელს შეუშლიდა. ამის შემდეგ კი მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და 30 ათასად საერთოდ გაანთავისუფლეს.

მეორე საქმეს რაც შეეხება, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია დიზელის საწვავის ქურდობის ფაქტზე. პიროვნებამ 151 ლარისა და ოცი თეთრის ღირებულების საწვავი მოიპარა. აღნიშნული ფაქტი დიდ ოდენობად ჩაითვალა, რადგან 150 ლარს ლარითა და ოცი თეთრით აღემატებოდა. მასთან საპროცესო შეთანხმება 10 ათასი ლარის სახით გაფორმდა. თან თავისუფლების აღკვეთის ოთხი წელი მიესაჯა. აქედან  ორწელიწადნახევარი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში უნდა მოიხადოს, დანარჩენი კი სანიმუშო ყოფა-ქცევის შემთხვევაში, პირობითად ჩაეთვლება“.
ნესტან ლონდარიძე ამ ორ ფაქტს ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ საპროცესი შეთანხმების პირობები დაუზუსტებელი და ბუნდოვანია.

„ადამიანმა 10 ათასი ლარი გადაიხადა 151 ლარის ღირებულების საწვავის გამო, მაშინ, როდესაც მეორემ გატაცებისა და დაჭრის გამო  30 ათასი ლარის სანაცვლოდ საერთოდ გაანთავისუფლეს. თან დაზარალებული არ არის დაცული, რადგან არ აქვს გარანტია, რომ ასე იოლად განთავისუფლებული დამნაშავე, კვლავ არ შეეცდება მისი სიცოცხლის ხელყოფას“.

ნესტან ლონდარიძე კანონმდებლობის დაზუსტების აუცილებლობაზე საუბრობს. ეს იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც დააზუსტებს, რა დანაშაულზე არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ის საპროცესო შეთანხმების კიდევ ერთ ხარვეზს უსვამს ხაზს. 

„საპროცესო შეთანხმების დროს არ არის გათვალისწინებული დაზარალებულის ინტერესი. არავინ ინტერესდება მისი ბედით, აუნაზღაურდება თუ არა მისთვის მიყენებული ზიანი. ჩემი კლიენტი 7 წელზე მეტია მკურნალობს. დღესაც საავადმყოფოში იმყოფება. მას რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა“.

ადვოკატი, საადვოკატო ბიურო „ტურაზაშვილი, ძაგანია, რაზმაძე“-ს მმართველი პარტნიორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი გიორგი ტურაზაშვილი: „ჩემი აზრით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში თუ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება, უნდა იყოს გათვალისწინებული, რა სამართლებრივი ღირებულების სიკეთე იქნა გადარჩენილი ან გამოკვეთილი“.

რამდენადაც ადვოკატ გიორგი ტურაზაშვილისთვის არის ცნობილი, დაზარალებულის არმონაწილეობა საპროცესო შეთანხმებაში იურისტების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში არის გასაჩივრებული.


ახალი ამბები