კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნოდ პატიმრობიდან კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებიც გაათავისუფლეს

26 ივნისი, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე ციხეებიდან ასობით პატიმარი გაუშვეს. საპროცესო შეთანხმებისა და შეწყალების საფუძველზე კრიმინალები პატიმრობიდან სწორედ იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიური და გადამწყვეტი მონაწილეობა მიეღოთ. გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდნენ მძიმე დანაშაულებისთვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, რეალიზაციისათვის, გამოძალვისათვის, ყაჩაღობისათვის, მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი პირები და კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებიც.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებით, 2007 წლის 20 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 988 მსჯავრდებულია შეწყალებული; 2008 წლის 13 იანვრიდან 16 მაისის ჩათვლით კი, 579 მსჯავრდებული.

ორჯერ ნასამართლევი გიორგი ახალმოსულიშვილი, მეტსახელად "ბურვაკა", საარჩევნოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტს კურირებდა. ადგილობრივი დამკვირვებლების ცნობით, 21 მაისს ის განსაკუთრებით მშობლიურ სოფელში, ვაზისუბანში გახსნილ საარჩევნო უბნებზე აქტიურობდა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების დამადასტურებელი მოწმობის არქონის მიუხედავად, ახალმოსულიშვილი შენობებში დაუბრკოლებლად შედიოდა და ამომრჩევლებს დავალებებს აძლევდა. მის ულტიმატუმებზე, რომ მოქალაქეებს უნდოდათ თუ არა, საარჩევნო ბიულეტენებში ნაციონალური მოძრაობა და ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი ფარული კენჭისყრის კაბინაში შეუსვლელად უნდა შემოეხაზათ, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები და უბანზე მყოფი დამკვირვებლები რეაგირებას ვერ ახდენდნენ. ახალმოსულიშვილს იცნობენ, როგორც გარდაცვლილი კანონიერი ქურდის ტრისტან სიჭინავას, მეტსახელად "ღოროს" ჯგუფის წევრს.

გიორგი ახალმოსულიშვილი შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა 2006 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად მას 0,07 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეძენილი 20 ცალი ავტომატური ცეხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა და რგდ-5 ტიპის ხელყუმბარა აღმოაჩნდა. პოლიციამ ახალმოსულიშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვისათვის წარუდგინა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ამ დანაშაულებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის მასალების მიხედვით, წინასწარი გამოძიება 2006 წლის 1 დეკემბერს დასრულდა და საქმე განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეცა.

2007 წლის 6 ივლისს გიორგი ახალმოსულიშვილმა განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ პროკურატურას და საპროცესო შეთანხმების ფორმით, სასჯელზე შეთანხმების საფუძვლით, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. დანაშაულის აღიარების შემდეგ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე, ახალმოსულიშვილს, ჯარიმის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში 10 ათასი ლარის გადახდასთან ერთად, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

განაჩენით გიორგი ახალმოსულიშვილს სასჯელის მოხდა დაკავების დღიდან აეთვალა. პატიმრობის ვადა მას 2010 წლის 7 ოქტომბერს ეწურებოდა, მაგრამ ის გაცილებით ადრე, 2008 წლის 21 მაისის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ციხიდან გათავისუფლდა.

პატიმრობიდან გაათავისუფლეს ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გაიოზ ჯაფარიძე. კახეთის საოლქო პროკურატურამ ის სახელმწიფოსათვის 226 ათასი ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობის მატერიალური ზიანის მიყენებისათვის, 2007 წლის 26 აპრილს დააკავა. სასამართლომ ჯაფარიძე დამნაშავედ 2008 წლის 24 იანვარს სცნო და ამავე დროს დაამტკიცა ჯაფარიძესა და კახეთის საოლქო პროკურატურას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე. "გაიოზ ჯაფარიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია), სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" პუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ არაერთგზის), 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე). საბოლოოდ, გაიოზ ჯაფარიძეს სასჯელის ზომად ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს. 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ორი წელი კი ჩაეთვალოს პირობით ხუთი წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ",- ნათქვამია სასამართლოს განაჩენში, რომლითაც გაიოზ ჯაფარიძეს სასჯელის მოხდა დაკავების დღიდან, 2007 წლის 26 აპრილიდან აეთვალა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის 2010 წლის 26 აპრილამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ 2008 წლის 21 მაისს, ჯაფარიძე, გურჯანის საარჩევნო ოლქის ჭანდრის საარჩევნო უბანზე სახელისუფლებო პარტიის აგიტაციას ეწეოდა.

წინასაარჩევნოდ პატიმრობიდან მხოლოდ მსჯავრდებული პირები არ გაუთავისუფლებიათ. მარტო კახეთის რეგიონში პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე, რაიონული სასამართლოების მოსამართლეებმა, წინასწარი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის, გირაოთი შეცვლის შესახებ 100-მდე ბრძანება მაინც გამოსცეს.

მაგალითად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი ორთვიანი პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვისათვის ბრალდებულებს თამაზ ეთერიშვილს და რევაზ ბერიკაშვილს. არასამთავრობო ორგანიზაცია
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლების ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო კამპანიაში ეთერიშვილი და ბერიკაშვილი აქტიურად მონაწილეობდნენ, სოფელ კარდენახში. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, სახელისუფლებო პარტიისთვის, პატიმრობიდან გათავისუფლებულებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებიც აგროვებდნენ პირადობის მოწმობებს და სოფლის მაცხოვრებლებს სთხოვდნენ, ხმა ნაციონალებისთვის მიეცათ, რათა ეთერიშვილისთვის და ბერიკაშვილისთვის თავისუფლება შეენარჩუნებინათ. 


რესპონდენტმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, იმის შესახებ გვიამბო, თუ ვისი ჩარევით შეეცვალა ეთერიშვილს წინასწარი პატიმრობა გირაოთი. "მეგობარს ვახლდი თან, საქართველოს ბანკის გურჯაანის ფილიალში თანხა უნდა გადაეხადა. მოლარე, ახალგაზრდა, წვერიან მამაკაცს ესაუბრებოდა, რა დროსაც ჰკითხა, ციხიდან გამოსვლა როგორ მოახერხა. მან უპასუხა, რომ პროკურატურასთან გიორგი ღვინიაშვილმა უშუამდგომლა, სანაცვლოდ კი, არჩევნებში გამარჯვებისთვის მას უნდა დახმარებოდა", - გვითხრა რესპონდენტმა.

თბილისის ყოფილი პროკურორი, ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი კრიმინალების გათავისუფლების ფაქტებთან კავშირს უარყოფს. "წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ამომრჩევლები მოგვმრთავდნენ, რომ მათ ახლობლებს უსამართლოდ ჰქონდათ თავისუფლება აღკვეთილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ან ჩემი საარჩევნო შტაბის რომელიმე წევრი, პროკურორის და მოსამართლის ფუნქციებში ჩავერიეთ. პატიმრების გათავისუფლების ფაქტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

საარჩევნოდ პატიმრობიდან გათავისუფლებული პირები აქტიურობდნენ თელავსა და დედოფლისწყაროშიც. ამომრჩევლებს ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემას თელავში კაკო იობაშვილი ავალდებულებდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იობაშვილი 2006 წლის ივლისში ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა წინასაარჩევნოდ ისიც გათავისუფლდა. დედოფლისწყაროში საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ნატროშვილი. სამოხელეო დანაშაულის ბრალდებით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ის ცოტა ხნის წინ დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ ციხეებიდან გათავისუფლებული პატიმრები და მათი ახლობლები არ აქტიურობდნენ. საუბნო – საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებად და წევრებად ხშირ შემთხვევაში პატიმრების მშობლები და ახლო ნათესავები იყვნენ დანიშნულნი. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მტკიცებით, გამარჯვების შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" პატიმრების გათავისუფლებას მათაც დაპირდა. მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის სიღნაღის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სიღნაღის საარჩევნო ოლქის ქვემო მაღაროს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დალი დავითაშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა ხმის მიცემის დროს დარწმუნებულიყო, რომ ამომრჩევლები ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევდნენ. ამისათვის ის ამომრჩევლებს შენიშვნასაც არ აძლევდა, რომ არჩევანი ფარული კენჭისყრის კაბინაში გაეკეთებინათ. უფრო მეტიც, საარჩევნო უბანზე მყოფი მმართველი პარტიის აქტივისტები, მისი თანხმობით, ამომრჩევლებს სთხოვდნენ, ხმა კაბინაში შეუსვლელად მიეცათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გია დავითაშვილი, რომელიც დალი დავითაშვილის შვილია, სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდის.


ახალი ამბები