კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფესორები რექტორატს უპირისპირდებიან

1 ივლისი, 2008

რა ხდება ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტში?!

                                             ნანა ფაჟავა,ზუგდიდი


ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში პროფესორ-მასწავლებლებსა და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს შორის დაპირისპირება აკადემიურ თანამდებობებზე დასაკავებლად ჩატარებულმა კონკურსმა გამოიწვია. თეონა ხუფენიას წინააღმდეგ კონკურსის შედეგებით უკმაყოფილო პროფესორებმა საჩივრის წერილები პარლამენტში, პრეზიდენტის კანცელარიაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე გააგზავნეს. ისინი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს კონკურსის უკანონო ჩატარებასა და თვითნებობაში ადანაშაულებენ. პროფესორ-მასწავლებლები შესაბამისი ორგანოებიდან დაუყოვნებლივ რეაგირებასა და მათი უფლებების დაცვას მოითხოვენ.

ათწლიანი არსებობის შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის გაუქმებას 2007 წელს დიდი ხმაური მოჰყვა. მაშინ 1800-მდე სტუდენტი და 200-მდე პროფესორ-მასწავლებელი პროტესტს უშედეგოდ გამოთქვამდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფილიალის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აღარ შეცვალა. სამაგიეროდ, მის ბაზაზე ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შარშანვე შეიქმნა. მასთან ერთად ზუგდიდის ლიცეუმი და სენაკის აგრარული ინსტიტუტი გაერთიანდა. ახლადშექმნილმა სასწავლო დაწესებულებამ ბინა ქალაქის ყოფილი #5-ე საჯარო სკოლის შენობაში დაიდო.

რექტორის მოვალეობას მაშინაც და ახლაც თეონა ხუფენია ასრულებს. იგი ამ თანამდებობას ჯერ კიდევ თსუ ფილიალის გაუქმებამდე იკავებდა. მაშინდელი რექტორი, მურმან პაპაშვილი იმ პერიოდში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებოდა.

დაპირისპირება რექტორატსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის სწორედ ფილიალის გაუქმების დღიდან დაიწყო. პროფესორები და საზოგადოების დიდი ნაწილი თავს შეურაცხყოფილად თვლიდა. უმაღლესი სასწავლო კერის გარეშე ზუგდიდის დარჩენა არავის სურდა. მითუმეტეს, საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო სლოგანი _ "ზუგდიდი უნდა იქცეს საუნივერსიტეტო ქალაქად", თავად ხელისუფლებისგან აქტიურად პიარდებოდა.

გურამ კვიკვინია, ფსიქოლოგიის ასოცირებულიპროფესორი: "უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას იგივე დატვირთვა ჰქონდა, რაც კოლეჯის ტიპის სასწავლებელს. უკმაყოფილება არა მარტო პროფესორებისგან, არამედ სტუდენტებისგან და მათი მშობლებისგანაც წამოვიდა. 1750-მდე სტუდენტიდან 113 დევნილი იყო. მხოლოდ მე-4 კურსი დატოვეს, დანარჩენები კი სხვადასხვა სასწავლებლებში იძულებით გადაანაწილეს, ბევრმა სტუდენტმა სწავლა ვეღარ გააგრძელა. ეს ყველაფერი ხუფენიას ინიციატივით მოხდა."

ასეთ ვითარებაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უკვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის მიმართულებები გააუქმა. შედეგად კი 8 პროფესორი სამუშაოს გარეშე დარჩა. გათავისუფლებულმა ადამიანებმა სასამართლოს მიმართეს. ხანგრძლივი სასამართლო განხილვის შემდეგ თანამდებობაზე მხოლოდ რეზო გულუა აღადგინეს. დანარჩენების საქმეს კი ამჟამად ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იხილავს.

კოტე ჩიქობავა, ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი: "ჩვენი გათავისუფლების პროცესი ანონიმურად მიმდინარეობდა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება თეონა ხუფენიას 20 ოქტომბერს დაუწერია. 30 ნოემბერს კი ბრძოლით ამოვიღეთ ეს დოკუმენტი კანცელარიიდან. ერთი თვის კომპენსაციაც მოვითხოვეთ, მაგრამ ვინ მოგვცემდა?! მანამდე თსუ-მ კონკურსის წესით 33 აკადემიური პერსონალი შეგვარჩია, რომელსაც მომავალში რექტორი უნდა აერჩია. შეგროვდა ხელმოწერები. 33-დან 27-მა პროფესორმა ოთარ გუგუჩიას კანდიდატურას მოაწერა ხელი. ხუფენია პროფესორი არ იყო და კანონის მიხედვით მისი რექტორად არჩევა შეუძლებეელი იყო."

გურამ კვიკვინია: "განათლების შესახებ კანონის 87-ე მუხლის მიხედვით უმაღლესი დაწესებულების რექტორად ყველა შემთხვევაში პროფესორი უნდა დანიშნულიყო. ხუფენიას დოქტორის ხარისხიც არ ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილიც შეიყვანეს შეცდომაში და ბრძანებას -  მის დანიშვნაზე ხელი მოაწერინეს. მოგვიანებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო დანიშვნის შესახებ ბრძანების ანულირება, მაგრამ როგორც ჩანს ხუფენიას ძლიერი მფარველები გამოუჩნდა და იგი თანამდებობაზე მაინც დატოვეს."

დაპირისპირების ტალღა უკვე მეორედ მას შემდეგ აგორდა, რაც ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების მიხედვით ცნობილი პროფესორები გარეთ დარჩნენ. ისინი დღეს თეონა ხუფენიას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი პროფესორ-მასწავლებლების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

თეონა ხუფენია: "თუ უკანანონო იყო ეს კონკურსი, მაშინ რატომ მიიღეს მონაწილეობა?! რაკი მიიღეს, აღიარებულია მათ მიერვე. მათი პრეტენზია საკონკურსო კომისიის წევრებთან დაკავშირებით სრულიად გაუგებარია. მე სხვადასხვა სასწავლებლებიდან მოვიწვიე ცნობილი, კომპეტენტური ადამიანები. კონკურსი კი გამოცხადებიდან დაწყებული კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა. ვიდრე რექტორი არ არის არჩეული, ვიდრე მართვის ორგანოები არ არის შექმნილი, ყველა სტრუქტურული ცვლილება რეგულირდება საქართველოს პრეზიდენთის 473-ე ბრძანების საფუძველზე და მას რექტორის მოვაეობოს შემსრულებელი ახორციელებს."

პროფესორ-მასწავლებლები ამბობენ, რომ კონკურსის ჩატარების მიმართ ეჭვი თავიდან არავის გასჩენია, რომ კონკურსის აშკარად უკანონო, უსამართლო შედეგებმა აიძულა ისინი უფრო ღრმად ჩაეხედათ საქმეში, რის შედეგადაც გამოიკვეთა არა მარტო ადმინისტრაციული დავის საგანი, არამედ კრიმინალური ქმედების ნიშნებიც, რის გამოც, შესაძლოა, გამოძიებაც კი ჩატარდეს.

ზეინაბ სარია, ფილოლოგიის ასოცირებული პროფესორი: "რეორგანიზაციის პერიოდში კონკურსის ჩატარება დაუშვებელი იყო, ვინაიდან არ იყო დამტკიცებული ინსტიტუტის წესდება, არ იყო დანიშნული რექტორი, არ იყო განსაზღვრული კონკურსის ჩატარების პირობები და წესები. მიუხედავად ამისა, კომისიამ 2008 წლის 10 ივნის ჩაატარა სხდომა და ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებით უკვე სახელმწიფო ინსტიტუტის სახელით მიიღო გადაწყვეტილება. დარღვეულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქ.კანონის მოთხოვნები მასზედ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს მხოლოდ წესდების დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან. აქ კი არც წესდებაა დამტკიცებული, არც წარმომადგენელია დანიშნული. შესაბამისად, ზუგდიდის ინსტიტუტს იურიდიული პირის სტატუსი არ აქვს და მისი სახელით გადაწყვეტილების მიღება უკანონოა. ალბათ ამიტომაც გაჩნდა საკონკურსო დოკუმენტებზე ორ-ორი ბეჭედი გადაბმულად_ერთი დაწესებულების, მეორე კი ინსტიტუტის. ამას თვალებში ნაცრის შეყრა ჰქვია!"

ტიტე მოსია, ფილოლოგიის სრული პროფესორი: "სამართალდარღვევის გარდა კომისიამ განათლების შესახებ კანონის მოთხოვნებიც არ შეასრულა, რომლის მიხედვითაც კონკურსი საჯაროობის, გადაწყვეტილების მიღებაში პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობის პირობებში უნდა ჩატარებულიყო. საჯაროობის პრინციპის შეზღუდვა ყოვლად დაუშვებელია. ამ შემთხვევაში კი კომისიის შემადგენლობა და მუშაობა ძალზე გასაიდუმლოებული იყო. კანონის იმპერატიული მოთხოვნა კონკურსის ღია წესით ჩატარების თაობაზე დარღვეულია."

პროფესორები საკონკურსო ვადების დარღვევებზეც საუბრობენ. მათი განცხადებებით კონკურსი 22 ივნისამდე არ უნდა ჩატარებულიყო.

გურამ კვიკვინია: "ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ თავდაპირველად 22 აპრილს, გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნდა. 22 ივნისამდე იგი არ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ თეონა ხუფენიას, როგორც ჩანს ეჩქარებოდა, ამიტომ, ე.წ. კონკურსი 10 ივნისს, გასაუბრების სახით ჩაატარა. მანამდე კი ხუფენიამ  კომისიის წევრები საკუთარი სურვილით სოხუმის, თელავისა და წნორის უმაღლესი სასწავლებლებიდან მოიწვია, სადაც წნორის კოლეჯის წარმომადგენლები სჭარბობდნენ; 5-დან 3 წევრი, კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით, წნორიდან იყო. ეტყობა, მათზე მეტი გავლენა ჰქონდა."

პროფესორ-მასწავლებლები იმასაც აცხადებენ, რომ ჩატარებულ კონკურსს გამოცხადებული შტატების თვითნებურად შეცვლაც არ დაკლებია. ისტორიის მიმართულებაზე გამოცხადებული ერთი ასოცირებულისა და ერთი ასისტენტ-პროფესორის ნაცვლად ორმა ასოცირებულმა პროფესორმა გაიმარჯვა. კონკურსში გამოცხადებულ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებებს კი კომისიის შედეგებში ფილოლოგიის მიმართულება ჩაენაცვლა. პროფესორების განმარტებით თეონა ხუფენიას ასეთი ეშმაკური სვლა იმისათვის დასჭირდა, რომ გასრულპროფესორობის გზაზე კონკურენტი არ დახვედროდა.

საკუთარ კონკურენტუნარიანობასა და კომპეტენციაში ეჭვი არც თეონა ხუფენიას ეპარება. იგი მზად არის მისი მოქმედების გამამართლებელი ნებისმიერი დოკუმენტი დადოს.

თეონა ხუფენია: "პიროვნულად მე არანაირი სურვილი არ მქონდა ვინმე გამეთავისუფლებინა, ეს კომისიამ გადაწყვიტა. კონკურსის მეორე ეტაპზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პროფესორის საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების ცოდნას, კონკურენტუნარიანი პროგრამების შედგენის შესაძლებლობებს, ლოგიკური აზროვნებისა და გადმოცემის უნარს. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გვაიძულებს კონკურენტუნარიანი გარემო შევქმნათ. ყველა საკონკურსო პრიორიტეტი გაკეთებული იყო ჩვენი ადმინისტრაციის მიერ, ის, რაც სჭირდება დღეს ინსტიტუტს. თუ ვინმემ ვერ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნები არ ნიშნავს იმას, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვინმეს უფლებებს არღვევს."

ასეთი რთული სიტუაციიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ პროფესორ-მასწავლებლების დიდმა ნაწილმა რექტორის მომავალ არჩევნებში თეონა ხუფენიას მხარი დაუჭიროს. მითუმეტეს, მას რექტორის მოვალეობის შემსრულებლადაც შეუფერებლად მიიჩნევდნენ. "ხუფენიას არავითარი აკადემიური თანამდებობა არ ეკავა, იგი კოლექტივში ცნობილი იყო როგორც დაბალკვალიფიციური კადრი, რომელიც ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებსაც კი არიდებდა თავს. მისი სამეცნიერო-შემოქმედებითი საქაღალდე ძალზე მწირია." - აცხადებენ უკმაყოფილო პროფესორები.

ჯერჯერობით უცნობია რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი და რექტორად გახდომის მსურველთა ვინაობა, მაგრამ ბევრისათვის ცნობილია, რომ კიდევ ერთი დაპირისპირება ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტში გარდაუვალი იქნება.

ახალი ამბები