კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაგვიანებული მატარებელი

3 ივლისი, 2008

სპეციალური რეპორტაჟი

საბა წიწიკაშვილი, გორი

გახსოვთ ალბათ პრეზიდენტს სააკაშვილის ცნობილი სიტყვები:  ,,ვისაც არ უნდა ჩვენი მატარებლით წამოსვლა, ჩავიდესო… ასე შეუთვალა ქვეყნის უმაღლესმა პირმა ხელისუფლებაში მოსვლის მერე ოპოზიციონერებს.  ,,ნაციონალური მოძრაობის” მატარებელი 4 წელია მიჰქრის, გორის რაიონის მოსახლეობა კი მატარებლით გორიდან თბილისში ვერ ჩასულა..

უკვე  50 წელია, რაც ცხინვალის რეგიონში ელექტრომატარებელი თბილისიდან მოძრაობს. ერთლიანდაგიან სარკინიგზო ხაზს დღემდე რესტავრაცია არ ჩატარებია. უფრო მეტიც, 2004 წელს პრემიერი ზურაბ ჟვანიაც კი ჩავიდა ცხინვალში და რკინიგზის აღდგენაზე დაიწყო საუბარი. სოფელ ნიქოზთან სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო კიდეც. თუმცა რამდენიმე დღეში რკინიგზის რესტავრატორების თავზე ყუმბარებმა დაიწყო ცვენა და ინფრასტურქტურის აღდგენას ორივე მხარემ თავი მიანება.

ამ ხნის განმავლობაში თითქმის ნახევარ საუკუნოვან მატარებელს, რომელსაც დღემდე ,,სტალინელს” უწოდებენ, ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. ქალაქ ცხინვალს კომუნისტების დროს ,,სტალინელი” ერქვა. სწორედ აქედან მომდინარეობს ამ მატარებლის სახელწოდებაც, რომელიც დღეს თბილისი-ნიქოზის რეისს ასრულებს. ეს ერთადერთი მატარებელია, რომელიც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ემსახურება როგორც გადაზიდვის, ასევე მგზავრობის თვალსაზრისით…

გზა ზემო მხარედან ქვემო მხარეში…

დილის ხუთ საათზე ,,სტალინელი”-ს შეკივლება იმის მაუწყებელია, რომ ის სოფელ ნიქოზიდან დაიძრა. რკინიგზის ერთადერთ ხაზზე ჩამწკრივებულ ვიწრო ბაქნებისკენ ,,ზემო მხრის” სოფლებიდან ურმებით, მინიტრაქტორებით, ხელის  ურიკებით მოსახლეობა  ბალს, ალუბალს, მარწყვს ეზიდება, უკვე პომიდორიც გამოჩნდა. ვისაც „კეხურა“ ვაშლი აქვს შემორჩენილი, ისიც მოაქვს. დაახლოებით 50 კმ მანძილის გავლას ,,სტალინელი” გორამდე 2 საათს უნდება. საერთოდ მოძველებულ ლიანდაგზე მატარებელი 20-30 კმ სიჩქარით მოძრაობს.

გორის სადგურზე ბარგით გავსებული მატარებელი ჭრიალით შედის. აქ ორი იმდენი მგზავრი ხვდება, ვიდრე მოდის. ვისაც დედაქალაქამდე წასვლა ეზარება, გორის სადგურზევე ცლის ბარგს.  მატარებელი ისევ ივსება და 5 წუთში სადგურს ტოვებს.

აი, აქედან უკვე ჯოჯოხეთი იწყება.

გორიდან თბილისამდე 5 ვაგონიანი ,,სტალინელი” 13 ბაქანზე და 3 სადგურზე ჩერდება. გორში გავსებულ მატარებელში გზადშემხვედრ ბაქნებზე მკვირცხლი მგზავრები ჩატეხილი ფანჯრებიდან ცდილობენ ვაგონში შეღწევას, ისიც უმეტესად საბარგო ვაგონში ხერხდება, დანარჩენ ვაგონებში შესვლა წარმოუდგენელია.

ვაგონებში მგზავრებზე მეტად ხილით სავსე ყუთები ალაგია.
,,- ნელა კაცო, სად მოდიხარ, მალინა არ ჩამიჭყლიტო…”
,, - სად მოვდივარ რა, შენს ბაღში კი არ მოვდივარ! მატარებელი სამგზავროა, საბარგო კი არა…” - არ უთმობენ ერთმანეთს მგზავრები საყვედურებს.
,, - ხომ დაინახეთ რომ მატარებელში არ არის ადგილი, რას ამოხვალთ ხოლმე, მაგ „იაშიკზე“ რო დაჯექი, არ ჩაიმტვრევა?”
,, - ხო გაიძახდით მიშა, მიშაო, ეხლაც იძახეთ მიშა, მიშა, იქნება გაიგოს და მოგხედოთ” - უკვე ხუმრობაზე გადავიდნენ სოფელ გრაკალში ამოსული რკინიგზის მუშები, რომლებმაც გარგარით სავსე ყუთებს გადაფარებული თავშალი გადააცალეს და თითო-თითოდ გაუსინჯეს გემო ხილს.
,,რამდენსა ჭამთ, თქვე ოხრებო, თბილისში რაღა ჩავიტანო, ნაკლულ ყუთს აღარავინ იყიდის”, - შუა ვაგონიდან ყუთის პატრონი ქალბატონის ყვირილი ისმის, რომელიც გადატენილ ვაგონში თან ფეხზე დგას და თან შორი მანძილიდან ათვალიერებს თავის ყუთებს.

ამას აშკარად ეტყობა, რომ ვაჭარია. გორის სადგურზე საბითუმოდ რამდენიმე ყუთი სხვა და სხვა სახეობის ხილი აიღო გლეხებისგან იაფად და შემდეგ თვითონ თბილისში ჩააქვს და იქ სამმაგ და ოთხმაგ ფასად ჰყიდის.

,,ჩქარა წყალი, ქალი ცუდად არის… ფანჯარასთან მიიყვანეთ დასვით!” - ესღა აკლდა ვაგონს. სწრაფად წამოიშალნენ ფანჯარასთან მსხდომი მამაკაცები და ქალი დასვეს. მოკლედ სანამ ვინმე ცუდად არ ხდება, ერთმანეთს ადგილს არ უთმობენ. ყველაზე მძიმე დღეში დერეფანში გაჭედილი მგზავრები არიან. ვერც წინ მიდიან, ვერც უკან. წინ ვედროები ალაგია, უკან ყუთები.
,,აბა, გადავიხადოთ…!” - დიდის გაჭირვებით და თან ომახიანად შემოდის მოლარე, თან ორი პოლიციელი მოსდევს, თუ ვინე თანხას არ გადაიხდის, ჩააგდებენ უკან.

,,გადაიხადე, ქალო, შენ გელაპარაკებიან!” - დიდგულზეა პოლიციელი, რომელსაც ფორმაზე აწერია: ,,დაცვა”, ისე რომ ვერ გაიგებს კაცი, თუ ვისი დაცვა ავალია, ადამიანის უფლებების თუ მოლარის?

,,რა, ჯანდაბა გადავიხადო, რაც მომაქვს ყველაფერი დამიჭყლიტეს, რა უნდა გავყიდო, რომ ფული ავიღო!” - ჩივის ერთი მოხუცებული ქალი, რომელსაც ხელში მარწყვით სავსე ერთი პატარა ვედრო უჭირავს, რადგან ჯერ ერთი, დასადგმელი ადგილი აღარ არის, მეორეც ეშინია, რომ არავინ გაუჭყლიტოს.

,,თუ არა გაქვს ფული რას დადიხარ, მოიტა ეგ მარწყვი მაინც მაჭამე” - და პოლიციელი პატარა ვედროსკენ წაიღებს ხელს.

,,ხელები გასწი შე ოჯახქორო, თუ გინდა იყიდე ან კიდევ აგერ, ის ბალი ჭამე, მარწყვს თავი დაანებე”, - ხელს აფარებს მოხუცი მარწყვის ვედროს. მატარებლის მოლარე კი რკინიგზის მუშებს ეჩხუბება, რომლებიც მგზავრობის საფასურს არ იხდიან, რკინიგზის თანამშრომლები ვართ, რატომ უნდა გადავიხადოთ თანხაო.

,,რკინიგზელების” ჩხუბი ასე იოლად არ მთავრდება. მოლარე წყობილებიდან გამოდის და შეტევაზე გადადის: - ,,რაში მჭირდება თქვენი რკინიგზელის საბუთები? ეხლა რომ რევიზია მომდევდეს, ხომ მომხსნის სამსახურიდან! თქვე კაი ხალხო, აიღეთ ტალონები და იმ ტალონებით იარეთ!” - უყვირის მოლარე რკინიგზელებს, რომლებსაც რკინიგზის ბილეთები აუფრიალებიათ, რომელზეც არც ბილეთის მფლობელის სურათია და არც წარწერა  ჩანს ნორმალურად.

,,ყოველდღე სად გვცალია ტალონებზე ვირბინოთ? ხან უფროსი არ არის კაბინეტში, ხან გასულია. ჩვენ კი სამუშაოს რომ ვამთავრებთ საღამოს, მაშინვე დეპოსკენ გავრბივართ, მატარებელმა არ გაგვასწროს. ყოველდღიური ტალონი გაგიგიათ, ხალხო?!” - პასუხობენ მუშები და საბოლოო ჯამში გამარჯვებულებიც რჩებიან.

,,სულ პატარა ბიჭები მოიყვანეს რკინიგზაში, აზრზე არ არიან ვაგონი რა არი და რისგან შედგება. მოდიან და მერე ზემოდან გიყურებენ? დიდი სამამულო ომის მერე რკინიგზაში ვმუშაობ, ეგენი მასწავლიან რა არის რკინიგზა? მე ამდენი წელი ვემსახურე დეპოს, მე უნდა გადავიხადო და გუშინდელმა მოსულმა ფული აკრიფოს და ჯიბე გაისქელოს?” - ამბობს დეპოს მუშა.

,,ჩვენი მკლავი და მარჯვენა ვის რაღათ უნდა? ხომ ხედავ ნიქოზის მატარებელი (სტალინელი) შუადღეზე ჩადის თბილისში. სამუშაოზე გვაგვიანდება, უფროსი საყვედურს გვეტყვის და გაგვანთავისუფლებს. პირდაპირ რომ ვერ გვყრიან, ასეთი მეთოდებით ცდილობენ ჩვენს გაყრას სამსახურებიდან. ერთ ახალ უფროსს უთქვამს, სოფლელი მუშები აღარ დავინახო, მაგათ სოფელში მიწას მიხედონო. ჩვენს ბედ-იღბალსაც ეგეთი პირი უჩანს”, - სიტუაციაში გვარკვევს მეორე რკინიგზელი.

კასპს რომ გასცდება მატარებელი, ქსანთან  ნახევარი საათით ჩერდება, ეს მაშინ თუკი ,,სტალინელს” უკან ნავთობით დატვირთული მატარებელი წამოეწევა და გასწრებაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში, ,,სტალინელი” ჩერდება და ნავთობით დატვირთულ მატარებელს ატარებენ. დაახლოებით 20 წუთი ამ პროცესს სჭირდება.

ქსნიდან 40 წუთში მატარებელი თბილისის ქვაბულს უახლოვდება, სიცხე თანდათან მატულობს. მზეც უკვე დიდი ხანია ამოვიდა და ვაგონში სუნთქვა შეუძლებელია.  ჰაერს სიგარეტის კვამლი ახშობს. რამდენიმე ფანჯარას მინა ჩამტვრეული აქვს, ყველა მწეველი „პაპიროსს“ აბოლებს, თან არ გეგონოთ ,,ვინსტონს” ან ,,კენტს” ეწეოდნენ, სად აქვთ ძვირადღირებული სიგარეტის ფული ღარიბ მუშებს და გლეხებს? უფილტრო ,,პრიმას” და ,,ასტრას” კვამლით არის გაჟღენთილი ვაგონის კედლები.

გორიდან 1 სთ-სა 40 წუთში მატარებელი ,,სტალინელი” დიდუბის სადგურში შედის. მგზავრების ნაწილი აქ ჩადის, ნაწილი კი მატარებელს ბორჯომის ვაგზალზე მისდევს.

,,რამდენი ხანია მოვდივართ, რაღა უნდა გავაკეთოთ ქალაქში დაღამდა უკვე…” - ყველას დააგვიანდა სამუშაოზე: მუშას სამასხურში; ექთანს -  საავადმყოფოში, უნივერსიტეტში -  სტუდენტს, გლეხს ბაზარში... მტვერსა და სიბინძურეში ამოსვრილ შარვლებს და ფეხსაცმელებს მგზავრები წყლის შადრევანთან ისუფთავებენ. აქაც რიგები გაჩნდა - ზოგს წყალი სწყურია, ზოგს კი ხელ-პირის დაბანა გადაუწყვეტია.

ახალი ამბები