კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ჯარიმას უდანაშაულო ადამიანებს ახდევინებენ

4 ივლისი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

კანონის მუხლი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო კონვენციებს ეწინააღმდეგება, დღემდე აიძულებს ადამიანებს ჯარიმა იმისთვის გადაიხდონ, რაც მათ არ ჩაუდენიათ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-51  ნაწილი: „თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანი და გადახდისუუნაროა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს“. (მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 29 დეკემბერს #4213). ეს მუხლი, სახალხო დამცველის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის ზოგად დებულებებს და ევროკავშირის კონვენციის მეშვიდე მუხლს ეწინააღმდეგება. ამიტომ სახალხო დამცველმა ეს პუნქტი საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებისთანავე   გაასაჩივრა.

სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, მერი მაღლაფერიძე საუბრობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე, რომელთა შესაბამისადაც, ადამიანს სასჯელი კანონის გარეშე არ უნდა ენიშნებოდეს.

„ეს არის ევროკონვენციის მეშვიდე მუხლით დამტკიცებული პრინციპი, რომლის თანახმადაც არავინ უნდა  მიეცეს პასუხისგებაში იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი  ჩადენის დროს დანაშაულად არ ითვლებოდა. ეს პრინციპი ასევე მოიცავს იმას, რომ არ შეიძლება პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ქმედებისათვის, რომელიც კანონით როგორც სამართალდარღვევა არ არის განსაზღვრული. აუცილებელია, რომ პირს ჩადენილ ქმედებასთან რამე ბრალეულობა გააჩნდეს“.

42-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან პირს 14-დან 18 წლამდე (თუმცა ახალი კოდექსით პასუხისგება 12 წლიდან იწყება), რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება დამოუკიდებლად ჩაიდინა, სასჯელად ჯარიმა ენიშნება. თუკი მას ამ თანხის გადახდა არ შეუძლია,  მის ნაცვლად სასჯელი მშობელს ენიშნება, ანუ ჯარიმა მშობლის გადასახდელი ხდება. ჯარიმა სასჯელის სახეა. გამოდის, რომ მშობელს, რომელსაც შვილის მიერ ჩადენილ  დანაშაულში ბრალი არ მიუძღვნის, სასჯელი ყოველგვარი ბრალის გარეშე ეკისრება. რაც თავისთავად დარღვევაა.

„სასამართლო დამნაშავედ ცნობასთან ერთად პირს უნიშნავს სასჯელს. სასჯელის დანიშვნა ხდება მხოლოდ იმ პირის მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაული. სისხლის სამართალში აღნიშნული პრინციპი ცნობილია, როგორც სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი (nulla poena sine culpa).

საქართველოს კონსტიტუციაში, მართალია, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი დეკლარირებული არ არის, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად: "საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან, - წერია სახალხო დამცველის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილ სარჩელში.

მერი მაღლაფერიძე ამბობს, რომ ეს პრინციპი თავის გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლოსაც აქვს გამოხატული.

„თავის დროზე საასმართლომ ქონების კონფისკაცია იმის გამო გააუქმა, რომ ის ზიანს არა მხოლოდ დამნაშავე პირს, არამედ მისი ოჯახის უდანაშაულო წევრებსაც აყენებდა. ამას სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი ჰქვია. სასჯელი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი. კონსტიტუციაში არ არის მკვეთრად გამოხატული ის მუხლი, რომელსაც მიღებული კანონი ეწინააღმდეგება. წინააღმდეგობა ზოგადად კონსტიტუციის მეორმოცე მუხლის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ასევე, გარკვეულწილად, 42 მუხლის პრინციპებსაც ეხება. რაც მთავარია, ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლს, რომლის თანახმადაც საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობენ“. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნორმა ომბუდსმენის აპარატმა უკვე წელიწადზე მეტია რაც გაასაჩივრა, ცვლილება ჯერაც არ მომხდარა. დღემდე მშობლები ან მეურვეები ჯარიმას იმისთვის იხდიან, რაც მათ არ ჩაუდენიათ. აღსანიშნავია, რომ ჯარიმის მინიმალური თანხა 2 ათასი ლარიდან იწყება.  სასამართლოს ჯარიმის დამატებით სასჯელად დანიშვნა ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია. ხოლო თუ მუხლი ითვალისწინებს, შეიძლება ძირითად სასჯელადაც დაინიშნოს.

ახალი ამბები