კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ამირანაშვილი - პოლიტიკური პატიმარი

9 ივლისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნისა და დაჭერის  ფაქტები ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. დილის 5 საათზე საცხოვრებელ სახლებში ნიღბიანების ჯგუფური შევარდნები და ხელის გადაგრეხვები დღეს უცხო არავისთვისაა. სხვა სახით ეჭვმიტანილის დაკავება საქართველოში პრაქტიკულად აღარ ხდება.

გასული წლის ნოემბრის მოვლენებამდე ქუთაისში პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის გიორგი ამირანაშვილის დაკავება მოხდა. ირაკლი ოქრუაშვილის თანამოაზრეს 25 ოქტომბერს გამთენიისას, საკუთარ სახლში ნიღბიანები დაესხნენ თავს. კარ-ფანჯრების მტვრევის შემდეგ სოდის თანამშრომლებმა ამირანაშვილი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით აიყვანეს. ამირანაშვილი დღემდე გაუსამართლებელია და ქუთაისის №2 საპყრობილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

„გიორგი ამირანაშვილის დაკავება კანონის უხეში დარღვევით მოხდა. იგი აიყვანეს ისე, რომ მის მიმართ დადგენილება ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ გამოტანილი არ ყოფილა. გამოძიება მიიჩნევს, რომ ამირანაშვილმა დანაშაული 2007 წლის თებერვალში ჩაიდინა. მას, თურმე, სატელეფონო საუბარი ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრთან, რუსთავის №1 საპყრობილეში მოთავსებულ კახა ცანავასთან. მოგვიანებით, გამოძიებამ გაარკვია, რომ კახა ცანავასთან კი არ უსაუბრია თურმე ამირანაშვილს, არამედ, კახა ჩოგოვაძესთან. თუ ამირანაშვილი ისეთი საშიში დამნაშავე იყო, რომ მის ასაყვანად სპეცოპერაციის ჩატარება გახდა აუცილებელი, რას ელოდა გამოძიება მთელი ცხრა თვის განმავლობაში, 2007 წლის თებერვლიდან 25 ოქტომბრამდე“, - ამბობს გიორგი ამირანაშვილის ადვოკატი თენგიზ ასლანიკაშვილი.

ამირანაშვილის ახლობლები განმარტავენ, რომ ერთადერთი დანაშაული, რის გამოც ე.წ. ეჭვმიტანილის დაკავება მოხდა, მისი პოლიტიკური მოსაზრებებია, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციურ აზრს არსებობის უფლება უბრალოდ, არ აქვს.

„გიორგის დაკავება გამთენიისას, ჩვენს ოჯახში მოხდა. ნიღბიანებმა 3-4 წუთში შემოგლიჯეს კარები. ბავშვი შიშისგან გაგიჟდა და მდგომარეობიდან დღესაც არ გამოსულა. იატაკზე დააგდეს გიორგი, რომელიც განწირული ხმით ყვიროდა, რატომ მღუპავთ, იარაღს რატომ მტენითო. ჩხრეკას კი, მე არ დამასწრეს“, - ამბობს ამირანაშვილის ახლობელი ნინო დაშნიანი.

როგორც ირკვევა, ამირანაშვილს ჩხრეკისას სამართალდამცავებმა თავისივე ჩადებული იარაღი აღმოუჩინეს. ადვოკატი ამ „მტკიცებულებას“ შემდეგნაირად ხსნის: „რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ეფექტურად მუშაობს ე.წ. „სათადარიგო ბრალდების“ შექმნის მექანიზმი. ეს არის მსხვერპლისათვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადების დამუშავებული მეთოდი. ასე იქმნება „უტყუარი მტკიცებულება“ მოწმეთა გარეშე ჩატარებული ჩხრეკის პირობებში.

საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ  ამირანაშვილი, როგორც ქურდული სამყაროს წევრი, აქტიურადაა ჩართული ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში. ასევე, მონაწილეობას იღებს ქურდულ გარჩევებში; თავად უწევს ორგანიზებას ქურდული გარჩევების ჩატარებას; მის სიტყვიერ დავალებებს ემორჩილება  ქურდული სამყაროს გარკვეული წრე; იგი საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. სინამდვილეში კი, ერთადერთი მტკიცებულება (სატელეფონო საუბარი), რის საფუძველზეც პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი დააკავეს, უსაფუძვლოა.

„საინტერესოა, რის საფუძველზე დაადგინა გამოძიებამ, რომ საუბარი შედგა კახა ცანავასა და გიორგი ამირანაშვილს, ან კახა ჩოგოვაძესა და ამირანაშვილს შორის, მაშინ როცა ხმების იდენტიფიკაციის დასადგენად ექსპერტიზა საერთოდ არ ჩატარებულა. როცა ამირანაშვილის პირადი ტელეფონის ნომერი არანაირად არ ემთხვევა გამოძიების მიერ ამოღებულ არცერთ ნომერს. აღნიშნული ბრალდებები გამოძიებისა და პროკურატურის ფანტაზიის ნაყოფია. სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურას არ ჰყავს არცერთი მოწმე, ეჭვის დონეზეც კი რომ ადასტურებდებს ვარაუდს, რომ ამირანაშვილს რაიმე კავშირი ჰქონდეს რომელიმე ქმედებასთან“, - ამბობს ადვოკატი თენგიზ ასლანიკაშვილი. მან მოითხოვა ხმის იდენტიფიკაციის დასადგენი ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო საბოლოო განაჩენს უახლოეს დღეებში გამოიტანს. თუ მართლმსაჯულება სწორად შეაფასებს საქმეში არსებულ მასალებს, ამირანაშვილი, როგორც  უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური პატიმარი, გამართლდება. უარეს შემთხვევაში მას სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ქურდული სამყაროს წევრობა -  თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე) და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (იარაღის ტარება - 3 წლამდე) გათვალისწინებული სასჯელის მოხდა მოუწევს.

ახალი ამბები