კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა საფრთხეს ქმნიდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ჩავარდნილი გზა?!

14 ივლისი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის სოფელ ცაიშის მონაკვეთზე მოძრაობა 27 მაისიდან პარალიზებულია. ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა მხოლოდ შემოვლითი გზით ხორციელდება. ცენტრალური მაგისტრალის 329-ე კმ-ზე 45 მეტრი სიგრძის მიწის მონაკვეთი 4-5 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სავალი გზის დაზიანება მეწყერმა გამოიწვია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საპროექტო დოკუმენტაცია ამ დრომდე შედგენილი არ არის. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებში სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. გზის ჩავარდნასთან დაკავშირებით მოკვლევას მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო „დრო და სივრცე“ აწარმოებს.

ცენტრალური მაგისტრალის 329-ე კილომეტრი საშიშ ზონად წლების განმავლობაში ითვლებოდა, მაგრამ მის მოსალოდნელ ჩანგრევაზე რატომღაც არავინ საუბრობდა და მისი გამაგრებაც არავის უცდია. 2008 წლის გაზაფხულიდან გზის ამ მონაკვეთზე ნგრევის დაწყების პროცესი აშკარა იყო. მაისის დასაწყისში, რამდენიმე სანტიმეტრით ჩაწეულ ადგილზე ასფალტის საფარი დააგეს. იგივე განმეორდა მაისის შუა რიცხვებშიც - ჩანგრეული ნაწილი ასფალტის საფარით მეორედ მოაპირკეთეს და სავალი ნაწილი ცალმხრივად ჩაკეტეს. 27 მაისის ღამეს კი იგი საბოლოოდ ჩაინგრა. მაგისტრალის რღვევის პროცესს ადგილობრივი მაცხოვრებლები თვალს შორიდან ადევნებდნენ.

ჯანო ჯანაშია: „კოკისპირულად წვიმდა. საღამო ჟამს მიწა დაახლოებით 15 სმ-ით ჩაიწია. საპატრულო ეკიპაჟმა გზის ერთი მხარე ჩაკეტა და საგზაო ამკრძალავი ნიშნები დადო. დილით, სახლიდან რომ გავიხედე, გზა აღარ ჩანდა. ახლოს რომ მივედი უკვე სამმეტრიანი ღრმული იყო გაჩენილი. საღამოსკენ კიდევ უფრო გაიზარდა“.

ზვიად პაჭკორია: „ვამჩნევდით, რომ გზა დღეს თუ ხვალ ჩაინგრეოდა, მაგრამ ასე ერთბაშად თუ მოხდებოდა, ვერ წარმოგვედგინა. ასფალტის საფარი ჯერ გაიბზარა, მერე თითქოს მიწა გასკდა, შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო ჩაწევა. ტერიტორიას მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა“.

ჟურნალისტური გამოძიების სააგენტომ „დრო და სივრცე“ ჟურნალისტური მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც გზის ჩანგრევის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან შეიტყო. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ „დრო და სივრცის“ დირექტორმა, თენგიზ ჩხიკვაძემ სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორსა და საოლქო პროკურორს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება წერილობით სთხოვა.

თენგიზ ჩხიკვაძე: „გუბერნატორ ზაზა გოროზიას მხოლოდ იმ კითხვებით მივმართეთ, რაც მის უშუალო კომპეტენციაში შედის. გვაინტერესებდა, როდის შეიტყო რეგიონის პირველმა პირმა გზის მოსალოდნელი ნგრევის შესახებ, აქვს თუ არა ადმინისტრაციას სრულყოფილი, დოკუმენტალური ინფორმაცია მხარეში არსებული საავტომობილო გზების შესახებ, რამდენად უსაფრთხოა მათი ექსპლუატაცია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით რა სახის სამუშაოებია ჩატარებული და რა იგეგმება. წერილობითი პასუხი გუბერნატორის მოადგილის, ალექსანდრე ახვლედიანისგან მივიღეთ, მაგრამ არა იმ 19 კითხვაზე, რომელზეც პასუხი უნდა გაეცათ, არამედ ის წერილი გადმოამისამართა, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიიღო“.

დეპარტამენტმა თავის მხრივ შპს. „გზაპროექტის“ მოხსენებითი ბარათიც გამოაგზავნა, სადაც მეწყრული პროცესების გამომწვევი წინასწარი მიზეზებია აღწერილი. ცენტრალურ მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ „გზაპროექტმა“ უნდა განახორციელოს.

„გზაპროექტის“ მიერ ჩატარებული გეოლოგიური და გეოდეზური კვლევაძიებით დგინდება, რომ  „საკვლევი ობიექტი მდებარეობს მდინარე ჯუმის ხეობაში - ოდიშის პლატოს თხემურ ნაწილში, რომელსაც კვეთს მდ.ჯუმის მარჯვენა შენაკადი. კალაპოტის ჩაჭრის სიღრმე 14-16 მეტრის ფარგლებში მერყეობს, ფერდობების დახრილობა კი 30 გრადუსამდე აღწევს... მარცხენა ფერდობზე, რელიეფში შემორჩენილია ძველი მეწყრული ფორმის ფრაგმენტები, რაც იმას მიანიშნებს, რომ პერიოდულად ადგილი ჰქონდა მცირე, ლოკალური უბნების გააქტიურებას... ფერდობის შუა ნაწილში გვხვდება გრუნტის წყლების ფრონტალური გამოსავლები წყაროების სახით.

ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვით დგინდება, რომ ასეთი წყაროს გამოსავალი მცირე ბლოკური ჩამოქცევის შედეგად გადაიკეტა და წყარო დაიკარგა. წყაროს გამოსავლის დახშობამ გამოიწვია გრუნტის წყლის დონის აწევა, რომელმაც ადვილად შეაღწია და გააწყლოვანა მაკროფოროვანი თიხნარები და ქვიშნარები, რომლითაც აგებულია ფერდობი. გრუნტის ტენიანობის მომატებით და დამძიმებით შეიქმნა გრავიტაციული დაწევა, რამაც მოძრაობაში მოიყვანა ფერდობი, რომლის თავშიც საავტომობილო გზა გადიოდა“.

„დრო და სივრცის“ ჟურნალისტები რეგიონის გუბერნატორსა და საოლქო პროკურორს გულგრილობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.

თენგიზ ჩხიკვაძე: „ზაზა გოროზია მხოლოდ მაშინ დაინტერესდა გზის ჩანგრევით, როცა მისგან წერილობითი ინფორმაცია მოვითხოვეთ. მანამდე, ალბათ არც კი დაინტერესებულა იმით, თუ რა ხდებოდა სამეგრელოს გზებზე. არანაკლები გულგრილობა გამოიჩინეს საოლქო პროკურატურაში მაშინ, როცა საოლქო პროკურორმა პასუხის გაცემაც არ იკადრა, ხოლო ზუგდიდის პროკურორმა კოკა არნანიამ ჩემთან შეხვედრისას განაცხადა: „სისხლის სამართლის საქმე რა მოტივით უნდა აღგვეძრა, ვერ ნახეთ ტელევიზიით, გზის ჩანგრევა მეწყერმა გამოიწვიაო“. ტელევიზია რა, ექსპერტიზის ბიუროა?! საქმე უნდა აღძრულიყო, ვინაიდან ფაქტი მოხდა, გზა ჩაინგრა, რომლის მეპატრონე სახელმწიფოა და რომლის ბიუჯეტსაც ზიანი მიადგა. უნდა გაერკვიათ, თუ ვინ და რა გახდა ამის მიზეზი. უსაფრთხოების მიზნით გზა ჯერ კიდევ აპრილში ჩაეკეტათ. ხომ შეიძლება უბედური შემთხვევა მომხდარიყო. ეს გამორიცხული არ იყო“.

ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოსათვის ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტიც, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს მაგისტრალის ნგრევის პროცესის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის საგზაო მოვლა-შენახვის სამმართველოს უფროსმა, დემურ საჯაიამ მიაწოდა.

თენგიზ ჩხიკვაძე: „საჯაია არ იყო ვალდებული ვინმესთვის ეცნობებინა, მითუმეტეს ასფალტის საფარით დაემალა ნგრევის ადგილი. მან მხოლოდ ტელეფონით შეატყობინა დეპარტამენტის ხელმძღვანელს რომან დალაქიშვილს და არა მოხსენებითი ბარათით. დალაქიშვილმა კი უკანონოდ, სიტყვიერად დაავალა საჯაიას მოასფალტება, მან ამ საშუალებით გადაწყვიტა სწრაფი რეაგირების მოხდენა და პრობლემის მოგვარება. დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, გურამ ვახტანგიშვილიც არ უარყოფს იმას, რომ ასფალტი ორჯერ დააგეს. ჩაწეული ნიადაგი მათ უბრალოდ დამალეს, იქნებ არ განვითარდესო. ეს დანაშაულია! ვახტანგიშვილმა იმ 16 კითხვაზეც არ გაგვცა პასუხი, რომელიც გავუგზავნეთ“.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს გზებზე გეოლოგიური მონიტორინგი არ ჩატარებულა. შპს „გზაპროექტის“ გეოლოგიური განყოფილების უფროსის, ც. ტოგონიძის განმარტებით, საქართველოს ხელისულებამ გზებზე გეოლოგიური მონიტორინგის ჩატარებაზე მოთხოვნა უგულვებელყო, რამაც გზებზე მოძრაობა რისკის ქვეშ დააყენა. შედეგად კი საქართველოს ტერიტორიაზე ხშირ შემთხვევაში უცნობია ის ადგილები, სადაც მეწყერსაშიშროება არსებობს.

„დრო და სივრცის“ ჟურნალისტების მტკიცებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს გზებზე გეოლოგიური მონიტორინგი არ ჩატარდება, რისკის ფაქტორი გაიზრდება, ქვეყანაც, ხალხიც და ბიუჯეტიც დაზარალდება.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის 329-ე კილომეტრი ახლა მხოლოდ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. რეაბილიტაციის პროექტი ჯერ არ არსებობს. შპს „გზაპროექტის“ დასკვნებით გზის აღსადგენად საჭიროა ჩაქცეულ მონაკვეთზე სუსტი გრუნტების გამოცვლა და სადრენაჟო სამუშაოების ჩატარება, რომ გრუნტის წყლის დონემ დაიწიოს და მეწყრული ფერდობების გაწყლიანება აღარ მოხდეს. ჯერ არავინ იცის მაგისტრალზე მოძრაობის აღდგენის თარიღი, სამაგიეროდ ცნობილია რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის რაოდენობა - 1 მილიონი ლარი.

ახალი ამბები