კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექიმები ბომბზე სხედან - მათი დიდი ნაწილი, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს

14 ივლისი, 2008

ჟურნალისტური მოკვლევა

ნაწილი III

ნონა სუვარიანი
ეკა ქევანიშვილი

ჯანდაცვის სფეროში რეფორმის დაწყებას ექიმების საწინააღმდეგო კამპანია უძღვოდა წინ. ალბათ, ყველას გახსოვთ, როგორ გადიოდა თითქმის ყველა ტელევიზიის ეთერში თითქმის ყოველ დღე სიუჟეტები იმის შესახებ, თუ როგორ იღუპებოდნენ პაციენტები ექიმების დაუდევრობის გამო. თავად ექიმების თქმით, ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა. თუმცა ისინი მხოლოდ მაშინ გაახმაურეს, როდესაც ეს ვიღაცას დასჭირდა.

წინა მოწვევის პარლამენტარი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი წევრი დავითსაგანელიძე: „ეს პროექტი გულისხმობს ექიმთა დაბალი პერსონალის მაქსიმალურ შემცირებას, ექთნების, სანიტრების, დარაჯის, ლიფტიორების და ა.შ. თუ დაწოლა წამოვიდოდა ექიმების მხრიდან, მაშინ ეტყოდნენ ამ ექიმებს, თქვენ ის კორუმპირებული ექიმები არ ხართ, ადამიანები რომ გააუბედურეთ, ყველაფერს რომ აკეთებთო? ამიტომაც იყო, რომ ამ თემის გაშუქების მასიური ბუმი  დაიწყო ტელევიზიით. მაგრამ ვინც მედიცინასთან ახლოს არ დგას, მას ჰგონია, რომ ყველა ექიმი ასეთია. ამ დროს, არ არსებობს საავადმყოფო, სადაც ადამიანი არ იღუპება  და მსგავსი ფაქტები არ ხდება.  ამ ინიციატივის ავტორი თავად ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი ჭიპაშვილი იყო, რომელიც გამოდიოდა და აბრახუნებდა ხელებს, არც ერთ ექიმს არ დავზოგავ, დავსჯი ასეთ ექიმებსო და ეს ძალიან ყალბი იყო. ეჭვი მაქვს, რომ ამ განცხადებების უკან რაღაც ინიციატივა იდგა და უცებ ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ავტორად კახა ბენდუქიძე მოგვევლინა, რომელიც უძრავი ქონებით იყო დაინტერესებული”.

გაძარცვული კარდიოლოგიის ინსტიტუტი

კარდიოლოგიის 144 თანამშრომელი უკვე ორი წელია უხელფასო შვებულებაშია გაშვებული  - ანუ ისინი, ფაქტობრივად, უმუშევრად არიან დარჩენილები. ინსტიტუტის მინგრეულ-მონგრეულ და გაძარცვულ შენობაში მხოლოდ ორ სართული ფუნქციონირებს. ყბადაღებული 100 საავადმყოფოს პროგრამაში ეს ინსტიტუციც მოხვდა. კარდიოლოგების მომავალს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლოკ-ჯორჯია“ წყვეტს, რომელიც სამედიცინო სფეროში ინვესტიციებს აქტიურად დებს. ეს ის ბლოკ ჯორჯიაა, რომელმაც უკვე ააშენა თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოები ზუგდიდსა და ქუთაისში.

კარდიოლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი ექიმი ლალი ჭავჭანიძე ამბობს, რომ  ჯერ კიდევ გორგი არველაძის ეკონომიკის მინისტრობის დროს მივიდა მათთან ბრძანება, რომლის მიხედვით წელიწადსა და 7 თვეში უნდა აშენებულიყო 190 ადგილიანი საავადმყოფო თანამედროვე აპარატურით და ყველა საჭირო სტანდარტით. პროცესი 2009 წლის თებერვლამდე უნდა დასრულებული.

საავადმყოფოს გაყიდვამდე ჯანდაცვის სამინისტრომ რემონტი დაიწყო და 2006 წლის აგვისტოდან მედ პერსონალი ყოველ ორ თვეში უხელფასო შვებულებაში გაუშვა.
ექიმებს ვერ გაუგიათ, რას გეგმავს რეალურად ინვესტორი და რა ბედი ეწევა კარდიოლოგიის ინსტიტუტს და მის პერსონალს. დოდო ბახრაძე ამბობს, რომ კონკრეტული და გარკვეული პასუხები დაგროვილ კითხვებზე მათ არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურიდან არ მიუღიათ.ჯანდაცვის სამინისტრო მათ ეკონომიკის სამინისტროში აგზავნის. ეს უკანასკნელი - ინვესტორთან.  უამრავი წერილი დაიწერა სხვადასხვა ინსტანციაში.

„რამდენადაც ჩვენ ვიცით, სატენდერო პირობის - 13 მილიონის ჩადება „ბლოკ ჯორჯიამ“ აიღო თავის თავზე. ჯერ კიდევ ლადო ჭიპაშვილის ჯანდაცვის მინისტრობის დროს მოგვცა მან პირობა, რომ სექტემბერში რემონტი დასრულდებოდა. შემდეგ დავით ტყეშელაშვილი გამინისტრთა, რომელმაც უკვე გვიპასუხა, რომ თქვენ ჩემი ობიექტი აღარ ხართო. ამ დროს საავადმყოფო უკვე გაყიდული იყო. მივწერეთ „ბლოკ-ჯორჯიას“, აღარ ვიცოდით რა გვექნა, როდემდე უნდა ვყოფილიყავით უხელფასო შვებულებაში? ამას ისიც ემატება, რომ სამშენებლო კომპანია „ლიბო +“-ის (რომელიც ინსტიტუტში რემონტს ახორციელებდა სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით) ხემძღვანელობას და „ბლოკ-ჯორჯიას“  ფინანსური დავა აქვთ, რომელიც გაუთავებლად გრძელდება და ამ ამბავში ჩვენ ვიჭყლიტებით“.

ექიმები ამბობენ, რომ რემონტიც კედლების ნგრევა-შენებით და გადატიხვრით დაიწყეს.  სანტექნიკაც კი არ  გამოცვლილა. იმის გამო, რომ წყალი ჟონავდა, წყლის დავალიანება გაიზარდა. გაიზარდა ელექტროენერგიის ვალის, რადგან სარემონტო სამუშაოებში ჩართული მუშები მთელი ზამთრის განმავლობაში, ექიმების თქმით,  ოჯახებინად ცხოვრობდნენ ინსტიტუტის შენობაში.
კარდიოლოგიის ინსტიტუტს „ბლოკ-ჯორჯიასთან“ ერთად კიდევ ერთი დაინტერესებული ინვესტორი - ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ ჰყავს.
ექიმები ამბობენ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ  „ავერსმა“ მოითხოვა მთელი სამი წლის დოკუმენტაცია საავადმყოფოს შესახებ -  მენეჯმენტი, ხელფასები.

მედ პერსონალი შიშობს, რომ „ავერსის“  შემოსვლა ასეთი დოზით ნიშნავს, რომ ისინი თავისი ფარმაცევტული პროდუქციით დატვირთავენ საავადმყოფოს. მათი თქმით, მერვე საავადმყოფოში მისულმა „ავერსის“ წარმომადგენლებმა იქაურ ექიმებს პირდაპირ განუცხადეს, „პსპ“-ეს არც ერთი დასახელების წამალი არ იყოს ჩვენთან გამოყენებულიო. ამ ინფორმაციას კარდიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები საკუთარი კოლეგებისგან ფლობენ და ამბობენ, რომ ანალოგიურად მოიქცევა „პსპ“ „თავის ტერიტორიაზე“ - სხვა საავადმყოფოებში, სადაც ინვესტორად არის შესული.

„ეს არის ის, რაც ხმამაღლა არ ითქმება, მაგრამ რეალურად განხორციელდება. ფარმაფია ძალიან დიდი ბიზნესია მსოფლიოში და ჩვენთანაც უკვე არანაკლები“ - ვარაუდობს ლალი ჭავჭანიძე.

ცირა ქრისტესაშვილი; ქეთი ვახტანგაძე; დიანა ბაღათურია და სხვა ექიმები ამბობენ, რომ ისინი კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოშიც აპირებენ სარჩელის შეტანას: „ეს ორი წელი ვინ უნდა აგვინაზღაუროს? ეს ხომ არის შრომითი პირობების დარღვევა. იძულებით დაგვსვეს სახლში და არ უნდა აგვინაზღაურონ ეს დრო?“.

ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრი

მერვე ლოტში, რომელიც ტენდერზე იყო გამოტანილი ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრი, თბილისის შალვა ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლი და თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრი შედიოდნენ. როგორც ოფთალმოლოგიის ცენტრის ექიმი ნინო დუგლაძე გვიყვება, ამ კონკურსის შესახებ ოფთალმოლოგიის თანამშრომლებმა 8 ივნისს ”24 საათში” გამოქვეყნებული განცხადებიდან შეიტყვეს. კონკურსი კი 21 ივნისს ჩატარდა. გამოდის, რომ განცხადება მხოლოდ 2 კვირით ადრე იყო გამოქვეყნებული, მაშინ, როდესაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად, განცხადება ტენდერის შესახენ 20 დღით ადრე უნდა ქვეყნდებოდეს. ობიექტები ისე გამოიტანეს ტენდერზე, რომ მათი მისამართებიც კი  არ იყო მითითებული.

ნინო დუგლაძე: „ერთი თვით ადრე რომ გვცოდნოდა ამ კონკურსის შესახებ, ჩვენ ავმოძრავდებოდით და პარტნიორებს მოვიძიებდით. სხვათაშორის, ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი მიშა ომიაძეც იყო მისული იმ აუქციონზე თავის კომპანიებთან ერთად, მაგრამ მონაწილეობა არ მიაღებინეს ”.

21 ივნისს ჩატარებულ  ტენდერში ტრადიციულად ”ნიუ ჰოსპიტალსი”, ”ავერსი”, პსპ” მონაწილეობდნენ. თუმცა ტენდერი მოულოდნელი შედეგით დასრულდა და სრულიად უცნობმა პირმა, კახა გელაშვილმა და ფირმა ”უნიმშენმა” გაიმარჯვეს (იხ. მოკვლევის მეორე ნაწილი).

ნინო დუგლაძე იხსენებს, რომ ტენდერის შემდეგ კახა გელაშვილი ცენტრში შევარდა, ყვიროდა, დაცალეთ, ეს ჩემიაო. პერსონალი ანერვიულდა და ამ პიროვნების ვინაობის გარკვევა გადაწყვიტეს.

”გავარკვიეთ, რომ ნევროლოგიის ინსტიტუტში პოლისით მამა უწევს, კომინა გელაშვილი. იგივე პოლისით მერვე საავადმყოფოში დედა ეწვა.

რაც შეეხება ამ 16 მილიონიან საგარანტიო თანხას, აღმოჩნდა, რომ 16 მილიონის საგარანტიო წერილი მას არც ერთი ბანკიდან არ წარუდგენია. იმისთვის, რომ ტენდერში მონაწილეობა მიეღო, მინიმალური გადასახადის სახით 2 მილიონ 250 ათასი ლარის საგარანტიო წერილი უნდა წარედგინა. ასეთი რამ ყველას ჰქონდა. თუმცა მის საგარანტიო წერილს, რომელიც სახალხო ბანკმა მისცა, ვადა 3 თვეში გასდიოდა. ერთი და იგივე თანხის წარდგენისას იმარჯვებდა ის, ვინც იტყოდა, რომ რემონტს დანარჩენებზე მალე დაასრულებდა. კახა გელაშვილმა 23 თვიანი ვადა აიღო. 16 მილიონზე კი ზეპირად განაცხადა. მას კანონით 16 მილიონის საგარანტიო წერილი 1 თვეში უნდა მოეტანა რომელიმე საქართველოშო მოქმედი ბანკიდან ან ორგანიზაციიდან. მან ორი თვის მანძილზე ვერც ერთი მათგანი ვერ წარადგინა”.

მოკლედ. გამოდის, რომ საქართველოში სამედიცინო დაწესებულებს თავისი მიწიანად, საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას ისეთ ადამიანს აძლევენ, ვისი ვინაობაც სახელმწიფოსთვის საერთოდ უცნობია. მეტიც, კახა გელაშვილი ჩვენთან საუბრისას არ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ მისი მშობლები პოლისით იწვნენ საავადმყოფოში,  ”არ მქონდა ფული და რა მექნაო” - განაცხადა მან.

საბოლოოდ, კახა გელაშვილმა  15 ოქტომბერს ეს შენობა კომპანია ”ნიუ ჰოსპიტალსს” მიჰყიდა ათას დოლარად.

ყველა საბუთში „პსპ“-ეს შვილობილი ფირმა ”ნიუ ჰოსპიტალსი“ ფიგურირებდა. მოგვიანებით ოფიციალურ დოკუმენტაციაში ისევ ”პსპ” გამოჩნდა. თუმცა „პსპ“-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი თავიდანვე ამბობდა, რომ ეს კლინიკები მას ეკუთვნოდა.

კახა ოქრიაშვილი, იმ დროს, როდესაც ტენდერი ტარდებოდა, საქართველოს პარლამენტის წევრი და ხელისუფლებასთნ საკმაოდ დაახლოვებული პირი იყო. ამ პროცესებში მისი აქტიური ჩართულობა კანონით  - დარღვევაა. ალბათ სწორედ ამიტომ გვეუბნებოდა უარს კომენტარზე... ნაჩუქარი კლინიკების მეპატრონე მისი ძმა, ნიკა ოქრიაშვილი გახდა.

ნინო დუგლაძე: ”თავიდან ვერაფერში გავერკვიეთ, ჯერ გვითხრეს, რომ ”ნიუ ჰოსპიტალსი” და ”პსპ” ერთად არიან. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ხელმძღვანელი, მამაცაშვილი, თვალითაც არ გვინახავს. მოდიან სულ ოქრიაშვილები“.
მას შემდეგ, რაც ოფთალმოლოგიის ცენტრი პსპ-ს ხელში ჩავარდა, ამ უკანასკნელმა თანამშრომელთა მიმართ იმ პოლიტიკის გატარება გადაწყვითა, რომელიც რეფორმას სრულიად ეწინააღმდეგებოდა.

ოფთალმოლოგიის ყოფილი გენერალური დირექტორი, პროფესორი მიხეილ ომიაძე:
”არანაირი დოკუმენტი არ უჩვენებიათ, უბრალოდ მოვიდნენ და ქონების მართვის უფლების დამადასტურებელი საბუთი გვანახეს, რაც ჩვენი იურისტების თქმით, არაფერს ნიშნავს. ვალდებულების ხელშეკრულება 100 გვერდიანი დოკუმენტია, სადაც აღნიშნულია რას გააკეთებს კომპანია. ამ დოკუმენტის გაფორმების შემდეგ იწყება იმ 23 თვის ათვლა. ბატონი ოქრიაშვილი რომ მოვიდა, პირველი სიტყვები იყო, ჩქარა, კრება ჩავატაროთ, უკვე რემონტი დავიწყოთ, რადგან  23 თვის ათვლა დაიწყოო.

კიდევ გვითხრა, რომ „კეთილი“ ორგანიზაციაა, და თუ წინა ხელმძღვანელობის დროს შემოსავლის 40 % იღებდითო, ახლა 90% გადაგიხდითო. ოღონდ იმ თანხიდან, რომელიც დარჩება სამეურვეო თუ სხვა ხარჯებიდან. გაირკვა, რომ ეს თანხა 2 ლარს შეადგენს.
 
კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ამ ორგანიზაციას უზარმაზარი ვალები აქვს, მილიონ ლარზე მეტი. ეს თანხა კი ჩვენი გასასტუმრებელი იქნება. ეს ფული ამოსაღებია. გამოდის რომ ჩვენ უნდა რადიატორზე მიგვაბან და გვამუშაონ”.

მიხეილ ომიაძის თქმით, კერძო ინვესტორისთვის არსებობს სრულიად წამგებიანი დარგებიც. ინვესტორი ამ პრობლემას იმით გადაწყვეტს, რომ უბრალოდ დახურავს. ექიმის თქმით, თუ ეს პროცესები გაგრძელდება, 5-6 წელიწადში აპენდიციტის ოპერაციისთვის ხალხი აზერბაიჯანში წავა.

ოპთალმოლოგიის თანამშრომლებსა და კომპანიას შორის ბრძოლა ივნისიდან დაიწყო. თანამშრომლები წერილებს ყველა მინისტრის სახელზე აგზავნიდნენ. თუმცა ადეკვატურ პასუხს მათ არავინ სცემდა. ერთადერთი, რაც უპასუხეს, ის იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აღარავითარი უფლება აქვს ჩაერიოს ამ საქმეში. გამოდის, რომ სამინისტრომ ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა ექიმების უფლებებთან დაკავშირებით და ბედის ანაბარა კომპანიის ხელში დატოვა.

”ისინი ამბობდნენ, რომ არავის შეეხებოდა შემცირება, რომ არავის სახლში არ გაუშვებდნენ. პირიქით, დაასაქმებდნენ. ბრძანებაში კი, რომელსაც ნიკა ოქრიაშვილი აწერს ხელს, ექვსი თანამშრომელი  განთავისუფლებული და უმუშევრად დარჩენილია. იყო ზეწოლა ბუღალტერიის თანამშრომლებზეც -  თუ მათ ბრძანებებს არ შეასრულებდნენ, სამსახურს დაკარგავდნენ. მართვის სადავეები ყოველგვარი ვალდებულების ხელშეკრულების გარეშე ჩაიგდეს ხელში, რაც იურიდიულად არ შეიძლება. მთელი ადმინისტრაცია გადააყენეს. ადმინისტრაცია არანაირ პროცესში  არ მონაწილეობს, ბეჭედიც ჩამოართვეს. გააუქმეს გენერალური დირექტორის თანამდებობა, ნიკა ოქრიაშვილმა კი საკუთარი თავისთვის  საზოგადოებრივი დირექტორის თანამდებობა ”შექმნა” - ამ ყველაფერს  ცენტრის თანამშრომლები ერთ-ერთ შეხვედრაზე ჯერ კიდევ მარტში ყვებოდნენ.

ადმინისტრაცია ექიმების მისამართით უშვერ სიტყვებსაც არ იშურებდა. ასე, 8 მარტს ნიკა ოქრიაშვილმა მანდილოსნებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამას მოყვა კახა ოქრიაშვილის ვიზიტი, რომელიც, როგორც წესი, საავადმყოფოში მაშინ ჩნდებოდა, როდესაც მის ძმასა და კოლექტივს შორის კონფლიქტი წარმოიშვება ხოლმე.

კიდევ ერთი საინტერესო რამ. მას შემდეგ, რაც ოფთალმოლოგიის ცენტრი პსპ-ეს ხელში აღმოჩნდა, ოქრიაშვილმა ის იპოთეკაში ჩადო. ალბათ, სწორედ ამ ფულით გადაწყვიტა საავადმყოფოს გარემონტება.

ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლში ექიმებს კაბინეტებიდან ყრიდნენ

ოპთალმოლოგიის ცენტრის მსგავსად, მეოთხე სამშობიაროც პსპ-ეს ერგო წილად. ისევე, როგორც პირველს, მეორე საავადმყოფოს ახალ მეპატრონესთან სერიოზული პრობლემები შეექმნა. მეტიც, „ნიუ ჰოსპიტალს“-მა გადაწყვიტა ოფისი ამ საავადმყოფოს შენობაში განეთავსდებინა, ამიტომ ზოგი ექიმი კაბინეტის გარეშე დარჩა. პერსონალის პრობლემების შესახებ ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” მათ  ერთ-ერთ შეხვედრაზე ესაუბრა. ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა. მაშინ პერსონალი ამბობდა, რომ რეფორმა აბსურდულია და საკითხი მხოლოდ მანიფესტაციების გზით უნდა მოგვარდეს.

ისინი უარყოფითად აფასებდნენ საავადმყოფოების გაჩუქებას და ამაში კერძო ინტერესს ხედავდნენ.

საშა ფალავანდიშვილი, ექიმი: „ბოლო 20 წელიწადი ხელისუფლებას ამ საავადმყოფოში კაპიკი ფული არ ჩაუდევს. ყველაფერი პერსონალის შეგროვილი ფულით გაკეთდა. ამ დროს 1000 დოლარად კერძო პირს აძლევენ. ჯერ კოლექტივისთვის მიეყიდა ეს საავადმყოფო. რატომ არ მიჰყიდა?“.

ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ საავადმყოფოები სწორედ ამ კომპანიებს იმიტომ გადაეცა, რომ მათი ვალი ჰქონდა. ვალი კი საარჩევნო კამპანიების დაფინანსებამ გააჩინა.

„სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ინვესტორი აბუჩად იგდებს ექიმებს. ხალხი კაბინეტებიდან გამოყარეს და თავისთვის იკეთებენ ამ კაბინეტებს. კაბინეტი არ მაქვს, რომ დავისვენო. და ვიღაცები კაბინეტებს იშენებენ.

კაცთმოძულე ცინიკოსები არიან. ერთთან თუ გაუვათ ეს საქმე, ყველას გაგვაგდებენ. ყველას მოგვადგებიან. ერთმანეთს გვერდში თუ არ დავუდექით”.

ექიმების თქმით, ხელფასის ასაღებად მათ ორთვიანი შრომითი ხელშეკრულების დადებას აიძულებდენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ ექიმის სამსახურიდან გაშვება პრობლემას აღარ წარმოადგენდა.

”იურისტებს რომ ვკითხეთ, გვითხრეს, შრომის კანონი ისეთი კაბალურია, რომ ხელშეკრულებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. კოდექსი უფრო მაღლა დგას. ამიტომ ბრძოლას აზრი არ აქვს”.

მაია მაჭავარიანისთვის გაუგებარია, იმ სამშობიაროს, რომელიც ნორმალურად ფუნქციონირებს და სტაბილური შემოსავალი და პაციენტები ჰყავს, რატომ უნდა სჭირდებოდეს ინვესტორი.

ექიმების ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემაა და ამიტომ სამშობიაროებს განსაკუთრებული მნიშველობა აქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს სახელმწიფო სამშობიარო, რომელიც მხოლოდ მოგებაზე არ იქნება ორიენტირებული, სადაც პაციენტებს უფასო მაღალკვალიფიციურ დახმარებას აღმოუჩენენ, სადაც ნორმალური ტექნიკა იქნება და ნორმალური პერსონალი. 

მედპერსონალი საუბრობდა იმ დირექტივაზეც, რომელსაც მათ ხელმძღვანელობა აძლევდა.

”შეხედეთ პაციენტს, თუ  ფული არ აქვს და ვერ გადაიხდის, არ მიიღოთო. და ამის მერე გვინდა, რომ შობადობამ იმატოს? მშობიარე, რომელსაც დახმარება ესაჭიროება და საშუალო სიმძიმის არის, გვეუბნებიან, არ მიიღოთო. რომელიც საჭიროებს ზედმეტ დახმარებას, გამოკვლევებს, ანუ ზედმეტ ხარჯებს, გვეუბნებიან სხვაგან განათავსეთო. თუ მშობიარე ასეთ პირობებში აღმოჩნდება, მას გაჩენის სურვილი არ ექნება. ოთხ კლინიკას რომ მოივლის ქალი და მეხუთეში რომ მივა გასაჩენად, ამ ქალს მეორედ გაჩენის სურვილი ექნება კიდევ?”

ღუდუშაურშიც რა ხდება. რეანიმაცია გადატენილია. დღეები და კვირებია საჭირო, რომ პაციენტი გადავიყვანოთ. რაღაც მონსტრი შექმნეს  და ადგილი არ არის, რომ პაციენტი მოათავსონ”.

პერსონალის თქმით, ერთადერთი, რაც გააკეთა პსპ-ემ, მესამე თაობის ექოსკოპიის აპარატი შეიტანა სამშობიაროში. თუმცა მათივე თქმით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის შესახებ თითქმის ყველა საავადმყოფოს ექიმს ანალოგიური დამოკიდებულება აქვს. უმრავლესობა რეფორმას უარყოფითად აფასებს.

მეოთხე სამშობიაროში ამბობდნენ, რომ 100 ახალი საავადმყოფო არავის სჭირდება, ურჩევნიათ არსებულებს მიხედონ. მათი თქმით, 2 წელიწადში 100 საავადმყოფო ვერ აშენდება.

საშა ფალავანდიშვილი: ”100 საავადმყოფოს პროგრამა თავიდან ბოლომდე ბლეფია. ესენი აკეთებენ პატარა რემონტებს, რომ აჩვენონ. აი, რემონტი გავაკეთეთო“.

ექიმებისთვის ასევე მიუღებელია ფარმაცევტული კომპანიების მიერ საავადმყოფოების ხელში ჩაგდება.

საშა ფალავანდიშვილი :  „მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ფარმაცევტული ფირმა არ ყიდულობს საავადმყოფოებს. ეს ყველაზე დიდი დარღვევაა. თავის წამალს შემოიტანს საავადმყოფოში. მილიონები აქ კეთდება. ერთადერთი მოთხოვნა, უნდა გაუქმდეს ეს პროგრამა“.

მიშა ომიაძე ფარმაცევტული კომპანიებიის ხელში საავადმყოფოების გადაცემას მგლისთვის ცხვრის ფარის ჩაბარებას ადარებს.

„ოპერაციებს ვერ ვაკეთებდით იმის გამო, რომ გარკვეული მედიკამენტები, ერთჯერადი მოხმარების საგნებზეა საუბარი, და აღჭურვილობა შეგნებულად არ შემოჰქონდათ, რადგან ეს კონკურენტი კომპანიისა იყო.

საერთოდ, წამლებზე ფასის ზრდის პრობლემა საკმაოდ მკვეთრად დგას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესის შემდეგ არც ისეთი დიდი დრო გავიდა, საავადმყოფოებს ეს პრობლემა უკვე დაეტყო. საავადმყოფოებში კონკურენტი კომპანიების წამლების შეტანა აიკრძალა.

მიშა ომიაძე: ”როდესაც ინვესტორი 102 მილიონს ჩადებს და აღმოაჩენს, რომ, მაგალითად,  ნევროლოგიური განყოფილება ზარალი მომტანია, მოგების მიღების ერთადერთი შანსი წამლებზე ფასის ზრდა დარჩება. ის უბრალოდ იძულებული იქნება, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. მისაღებია  კანონი, სადაც ეწერება, რომ ფარმაცევტულმა კომპანია არ შეიძლება კლინიკას დაეუფლოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ექიმების შემცირებაა. გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა. 2006 წელს ექიმების რაოდენობამ 20 555 შეადგენდა, ხოლო საშუალო სამედიცინო კადრების რიცხოვნობა ამავე წელს 20 169 იყო. 100 ახალი საავადმყოფოს შემთხვევაში, თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეულ საავადმყოფოში მაქსიმუმ 100 ექიმი  დასაქმდება, საბოლოოდ სამსახური მხოლოდ 10 ათასი ექიმს ექნება. ანუ უმრავლესობა სამსახურის გარეშე დარჩება.

ამას თავად ექიმებიც აღნიშნავენ.
ნინო დუგლაძე: ”პსპ-ემ რეალურად სამი საავადმყოფო შეიძინა. დამწვრობის ცენტრი, ოპთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრი, და  მეოთხე სამშობიარო. ამ სამ საავადმყოფოს 771 კაციანი კოლექტივი ჰყავს. პსპ ამბობს, რომ 150 საწოლიან მრავალპროფილურ საავადმყოფოს გააკეთებს. ბავშვსაც ესმის, რომ 771 კაცი იქ ვერ წავა და მასიური შემცირება გარდაუვალი იქნება.. „პსპ“ გვეუბნება, რომ გამოცდებს ჩაგვიტარებს. რა უფლება აქვს კერძო კომპანიას გამოცდა ჩამიტაროს? სპეციალობაში როგორ უნდა ჩამიტაროს მე ვინმე პადაგოგმა გამოცდა? ჯანდაცვის სამინისტროს ჩამოართვეს ყველა ფუნქცია და თვითნებურად აკეთებენ ყველაფერს“.

ექიმები დღემდე მოლოდინში არიან. მათი ნაწილს ჯერ კიდევ არ გადაუფიქრებია სასამართლოში დავის გაგრძელება.
 

 

 

 

ახალი ამბები