კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ სჯიან ოპოზიციას საქართველოში

15 ივლისი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

სახალხო დამცველი საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებს, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ითვალისწინებს. ამ ცვლილებებს პარტიებიც ეწინააღმდეგებიან. ორივე მხარის მტკიცებით, ცვლილებები საერთაშორისო კანონმდებლობას და კონსტიტუციას ეწინაღმდეგება.

ინიციატივა, რომლის ავტორებიც პალიკო კუბლაშვილი, მურთაზ ზოდელავა, ჩიორა თაქთაქიშვილი და კახა ანჯაფარიძე არიან, იურიდიულ კომიტეტზე უკვე განიხილეს და შესწორებებიც შეიტანეს. ცვლილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ „პარტიას, რომელსაც უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შედეგის მიხედვით ამ კანონის („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“) 30-ე მუხლის შესაბამისად ეკუთვნის  თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაფინანსებას ვერ მიიღებს ან დაფინანსება შეუწყდება:
ა) თუ პარტიის პროპორციული სისტემით არჩეულ ყველა წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება;
ბ) თუ პარტიის პროპორციული სისტემით არჩეულმა ყველა წევრმა დატოვა პარტია.“

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ ცვლილება ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე–11 მუხლით. მისი აზრით კანონში არ უნდა აისახებოდეს ერთჯერად მოვლენებზე ორიენტირებული ცვლილებები. ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს საკანონმდებლო ბაზის მართებულ განვითარებაზე. ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვების კრიტერიუმს წარმოადგენს არა პარლამენტში ყოფნა, არამედ პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებში 4%-იანი ბარიერის გადალახვა.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა მიიღონ. მათ შეუძლიათ პროტესტის ნებისმიერი ფორმის არჩევა. სახელმწიფოს კი მათი საქმიანობის განსაზღვრის უფლება არ აქვს. სახელმწიფოს სანქციის დაწესების უფლება იმ შემთხვევაშიც არ აქვს, თუ პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა განსაზღვრულ მოთხოვნებს არ შეესაბამება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პარტიები ამომრჩეველთა 4% წარმოადგენენ და მათი სახელით თუნდაც პროტესტის შერჩევის დროსაც მოქმედებენ. დაფინანსების შეწყვეტა იმითაც არ არის სასურველი, რომ ისედაც დასუსტებულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ უფრო დაასუსტებს.

 

 მურთაზ ზოდელავა

პროექტის თანაავტორი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მურთაზ ზოდელავა ირწმუნება, რომ ცვლილებები საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამობაში არ მოდის.

„მეტიც, სწორედ ჩვენმა გუნდმა შემოიღო პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული რეალური რეგულაცია. 2005 წლამდე ეს რეგულაცია არ არსებობდა.

ის ნაბიჯები, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა გადადგეს, ამგვარი ცვლილებების აქტუალიზაციას, თავისთავად, განაპირობებდნენ. გარკვეულმა პარტიებმა პარლამენტი სრული შემადგენლობით დატოვეს. ეს ქმედება სწორედ ისეთ შეფასებას იმსახურებს, როგორიც ჩვენ მივეცით მას. და ის ამომრჩევლის ნებას ეწინააღმდეგება. ამომრჩეველი მათ იმისთვის ირჩევდა, რომ პარლამენტში ემოქმედათ. მათ ეს ნაბიჯი გააზრებული ჰქონდათ, ასე რომ,  მსგავსი ცვლილების მოლოდინი აუცილებად ექნებოდათ. მეტიც, ამ ცვლილებების გარეშეც მათ არ ჰქონდათ მორალური უფლება იმისა, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მოეთხოვათ, რადგან საბიუჯეტო დაფინანსება სწორედ იმისთვის არის, რომ ამ პარტიებმა იმოქმედონ ლეგალურ პოლიტიკურ სიბრტყეში და თავიანთი ფუნქციები კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში განახორციელონ“.

ამ ცვლილებების შესაბამისად, დაფინანსება მხოლოდ რამდენიმე პარტიას უწყდება.

ესენი ”მემარჯვენეები” არიან, რომელიც თვითმმართველობის შედეგებთან დაკავშირებულ დაფინანსებასაც ვერ მიიღებენ. რადგან ბოიკოტი ბოლო თვითმმართველობის არჩევნებსაც გამოუცხადეს. დაფინანსებას ვერც „საქართველოს გზა“, ვერც მოძრაობა „ერთიანი საქრათველოსათვის“,  ვერც ბლოკი, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ეწოდება (გულისხმობს პარტია „:თავისუფლებას“; ავტ.შენ.) მიიღებენ.  რაც შეეხება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე მოქმედ პარტიებს, ”კონსერვატორები”, რესპუბლიკელები“ და სხვა რამდენიმე პარტია, ისინი ყველა ვარიანტში დაფინანსდებიან, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა ჩვენს კანონპროექტს. დაფინანსების სისტემა ითვალისწინებს არა მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, არამედ ბოლო თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესაბამის დაფინანსებას. ამ პარტიებმა ბოლო თვითმმართველების არჩევნების დროს გარკვეული ზღვარი გადალახეს, ამიტომ გარკვეულ დაფინანსებას მიიღებენ. ეს ოდენობა, შესაძლებელია, არც იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ისინი მიიღებდნენ, ვინაიდან ამ პარტიებს ბოლო თვითმმართველობის არჩევნების დროს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. დღეს მოქმედი კანონმდებლობით პარტია თავად ირჩევს, რომელი შედეგით მოხდეს მისი დაფინანსება“.

ამ ცვლილებებს არც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიესალმება.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა იმდენად მგრძნობიარე სფეროა, რომ მასში ქირურგიული მეთოდებით ჩარევა, უმრავლესობაში მყოფი პარტიის მიერ, მისთვის ხელსაყრელ რეალობაზე სამართლის ნორმების მორგება და არჩევნებში დამარცხებული სუბიექტების „სადამსჯელო“ ცვლილებების განხორციელება - ვეჭვობთ, არ მოუტანს სიკეთეს ისედაც მყიფე ქართულ დემოკრატიას და არ იქნება ორიენტირებული პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისაკენ“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, რომელმაც დაფინანსება მიიღო, ამ ცვლილების წინააღმდეგია. პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში სოლიდარობის გამოცხადება აუცილებელია. მისთვის ამ ცვლილების მიღება იმიტომაც მიუღებელია, რომ ამ პოლიტიკური დაფინანსების რეჟიმის დადგენა 1 წლის წინ უკვე მოხდა და მას 2010 წლამდე უნდა ემოქმედა.

„ჩვენ პატივი ჩვენს მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას უნდა ვცეთ. მეორე, ხელისუფლების  მოტივაცია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს და მნიშვნელოვანია ამ პრობლემებზე კონცენტრირებაა, ამ ტიპის ანგარიშსწორებისთვის ხელისუფლებას ან უნდა ეცალოს. მით უმეტეს, მსოფლიო პრაქტიკა, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში არის დაგროვილი გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების რეჟიმი უნდა იყოს სტაბილური, რომ პარტიას საქმიანობის დაგეგმვა შეეძლოს და არ იყოს ხელისუფლების ერთპიროვნულ ნებაზე დამოკიდებული. არსებული მოდელის შემუშავება ევროპის საბჭოს ეგიდით მოხდა“.
 
რესპუბლიკურმა პარტიამ უკვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციბს. ეს საკითხი ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან შეხვედრისას განიხილა.


ახალი ამბები