კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ I ჯგუფის ინვალიდს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

16 ივლისი, 2008

 

 მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი

გელა მთივლიშვილი, კახეთი

მძიმე ფორმის ფიბროზულ - კავერნოზული ტუბერკულოზით და მარჯვენა ფილტვის ციროზით დაავადებულ ილია თარაშვილს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა 8 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა განსასჯელის ჯანმრთელობის ფაქტობრივი მდგომარეობა. თარაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. აქვს სუნთქვის უკმარისობა და პერიოდული სისხლდენა. მოსამართლე არც განსასჯელის ჩვენებით დაინტერესდა, რომლითაც ის გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ამხელდა.

სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც ბრალდებულის სტატუსით პოლიციის თანამშრომლებმა ილია თარაშვილი დააკავეს, 2003 წლის 10 თებერვალს, სიღნაღის საგამოძიებო განყოფილებაში, ძროხების ქურდობის ფაქტზე აღიძრა.

"საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო სიღნაღის შს განყოფილებიდან შემოსული წინასაგამოძიებო შემოწმების მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ 2003 წლის 05 თებერვალს, ღამის საათებში, ილია თარაშვილი, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ თაჯირ ბაირამოვთან და ვინმე შახვალთასთან ერთად, სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში გ. ოტიაშვილის საცხოვრებელი ბინის გვერდით არსებული საქონლის სადგომიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ერთ სულ ძროხას, რითაც მას მიაყენეს 900 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. იმავე ღამეს ისინი დაეუფლნენ ამავე სოფელში მცხოვრები გ. მათეშვილის ორ სულ ძროხას, რითაც მას მიაყენეს 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ძროხები გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის ტერიტორიაზე დაკლეს, ხორცი გაყიდეს და აღებული თანხა ერთმანეთში გაინაწილეს", - ნათქვამია სიღნაღის რაიონული პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში.

სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებელმა, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მერაბ ფიროსმანიშვილმა განსასჯელისთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

განაჩენის გამოტანამდე განსასჯელმა სასამართლოს წინაშე, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ იშუამდგომლა. "ვარ მძიმე ავადმყოფი, I ჯგუფის ინვალიდი. დაავადებული ვარ ტუბერკულოზით. ჩემი ჯანმრთელობისათვის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსება იქნება სასიკვდილო განაჩენი, თუკი სასამართლო ასეთ სასჯელს მომისჯის", - აღნიშნა ილია თარაშვილმა.

პროკურორი განსასჯელის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ბრალმდებლის თქმით, სასამართლოს მიერ, თარაშვილს წინა განაჩენის მოხდაც გადავადებული აქვს და კვლავ ჩაიდინა დანაშაული. პროკურორის წინააღმდეგობის მიუხედავად მოსამართლემ ილია თარაშვილის შუამდგომლობა საფუძვლიანად მიიჩნია და ექსპერტიზა დანიშნა.

სასამართლოს კითხვებზე, დაავადებულია თუ არა ილია თარაშვილი მძიმე ავადმყოფობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუშლის თუ არა ხელს თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდას, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტები ბახტაძე და მაღრაძე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის კლინიკის დირექტორი ქირია, პასუხობენ: "ილია თარაშვილი ფთიზიატრიული თვალსაზრისით ამჟამად მძიმე ავადმყოფი არ არის, თუმცა ამ ეტაპზე ფილტვების აქტიური ტუბერკულოზის არ არსებობის მიუხედავად, ფილტვების ტუბერკულოზის გადატანის შემდგომი დიდი ნარჩენი ცვლილებებით გამოწვეული სერიოზული და შეუქცევადი ხასიათის გართულებების გათვალისწინებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეფასდეს როგორც პროგნოზულად მძიმე. თარაშვილს ესაჭიროება მკურნალობა თერაპევტისა და პულმონოლოგის მეთვალყურეობით ამბულატორიულ რეჟიმში, ხოლო გართულების შემთხვევაში სტაციონარის პირობებში, ფთიზიატრის კონტროლი".

ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ "ნახველის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა ვერ მოხერხდა, რადგან ავადმყოფმა ვერ შეძლო მისი გამოყოფა", შესაბამისად, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, შეუძლებელია ექსპერტიზას თარაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხი განესაზღვრა.

განსასჯელმა სასამართლო პროცესზე ისიც აღნიშნა, რომ მას ქურდობა არ ჩაუდენია და რომ ის, შეცდომაში, გამომძიებელმა სანდრო  კუტიბაშვილმა შეიყვანა.

"ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდა რომ გადამივადეს, ჩემთან სახლში მოვიდა გამომძიებელი სანდრო კუტიბაშვილი. მან მთხოვა, ნუკრიანში მომხდარი ძროხების ქურდობის ფაქტი დამებრალებინა და მეღიარებინა, რაზედაც ავადმყოფობის გამო მაინც აღარ დამაკავებდნენ. სამაგიეროდ კი, გამომძიებელი, რომელსაც ხელმძღვანელობამ საქმის გახსნა კატეგორიულად მოსთხოვა, სამსახურს შეინარჩუნებდა. იმდენჯერ მთხოვა, რომ დავთანხმდი. მანვე დამისახელა ორი აზერბაიჯანელი ეროვნების პირი, რომლებიც დანაშაულის თანამონაწილეებად უნდა დამესახელებინა. მათი ვინაობა გამომძიებელმა თავისივე ხელით დამიწერა და დღემდე არ დაუდგენიათ ვინ არიან. მზად ვარ ამ საკითხზე გამოძიებასთან ვითანამშრომლო", - განაცხადა თარაშვილმა და გამართლება ითხოვა. სასამართლო განსასჯელის ამ ჩვენებით არ დაინტერესდა.

პროცესის დასრულების შემდეგ, თარაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით სიღნაღის პროკურორმა კომენტარი არ გააკეთა.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ილია თარაშვილს 8 წლითა და 7 თვით პატიმრობა შეუფარდა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ნინო ანდრიაშვილი, რომელიც თარაშვილის ინტერესების დასაცავად, მისი ოჯახის თხოვნით, საქმეში რამდენიმე დღეა რაც ჩაერთო, რაიონული სასამართლოს განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ადვოკატი განაჩენის გაუქმებას ითხოვს.

ახალი ამბები