კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რას ითხოვენ პატიმრები ქუთაისის ციხიდან

17 ივლისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

 „სასჯელაღსრულების სისტემის მდგომარეობის შესწავლისას აღმოჩენილია პატიმრების წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის არაერთი ფაქტი. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია პატიმრების მკურნალობისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებამ. მრავალი პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა და მათთვის მკურნალობის ჩატარება მხოლოდ ჩვენი ჩარევის შემდეგ მოხერხდა“, - ეს მცირე ამონარიდია საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშიდან. დღეს, 2008 წლის ივლისში მდგომარეობა უცვლელია - პატიმრები ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე ჩივიან.

გადატვირთული საკნები, შეზღუდული სამედიცინო მომსახურება, საკვებად უვარგისი პროდუქტი მენიუში და უწყლობა 35-40 გრადუსი ტემპერატურის პირობებში - ასეთია ქუთაისის №2 საპყრობილეში მყოფი პატიმრების მდგომარეობა.

იქ არსებულ  მძიმე საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის პირობებზე ინფორმაცია მისი გახსნის დღიდანვე გაჟღერდა. ევროსტანდარტებით აღჭურვილ ციხეში წყალგაყვანილობა მისი ექსპლუატაციაში გაშვებისთანავე გამოვიდა წყობიდან და შენობა წყლით დაიტბორა. უამინდობისას კი, რიგ საკნებში ისე წვიმდა, როგორც გარეთ და პატიმრებს მთელი დღის მანძილზე „სტიქიასთან ბრძოლა“ უწევდათ. ამას ემატება ციხის თანამშრომლების მხრიდან უხეში დამოკიდებულება, რაც საერთო ჯამში პატიმართა ახლობლების პროტესტს იწვევს.

„ნუთუ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს? ადამიანი რადგან პატიმარია, უნდა აწამონ და წამებაში მოკლან? ვის არ მივმართეთ, რომელი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია არ ჩავაყენეთ საქმის კურსში, მაგრამ უშედეგოდ. ქუთაისის ციხეში იგივე გაუსაძლისი პირობებია და პატიმრები სიკვდილს ნატრობენ. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, შუაღამეზე შემოგვიცვივდნენ და საშინლად გვცემესო. უთქვამთ, თბილისიდან ვართ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან, ახალაიას დავალებას ვასრულებთო. გალეშილები ყოფილან, მიულეწიათ იქაურობა და წასულან. ეს ამბავი კარგა ხნის შემდეგ გავიგეთ. ამაზე ჩემს ქმარს საუბარი არ სურდა“, - ყვება ერთერთი პატიმრის მეუღლე.

„დაშინებული ჰყავთ როგორც პატიმრები, ისე მათი ოჯახის წევრები. ეს ჩვენი ქვეყნის ერთგვარი რეჟიმია. უნდათ და სცემენ პატიმრებს. უნდათ და აშინებენ მათი ოჯახის წევრებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმარმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მას ციხის თანამშრომლებზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებაა. იგი საშინლადაა ნაცემი ციხის თანამშრომელთა მიერ. 15 დღის განმავლობაში კარცერში ჰყავდათ და იმის საშუალებაც არ მისცეს ახლობლებს დაკავშირებოდა, რათა ადვოკატი აეყვანა“, - ამბობს ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი.

მისი განმარტებით, პატიმარ არჩილ რობაქიძის საქმე დარღვევებით წარიმართა. უსაფუძვლო მტკიცებულებების მიუხედავად, იგი მაინც გასამართლდა. განაჩენი იმ მტკიცებულებების საფუძველზე დადგა, რომელიც არ დადასტურდა. არც რობაქიძის თანასაკნელები დაკითხულან.

„რომ გენახათ, რა პირობებში ჰყავდათ ეს პატიმარი, გაგიჟდებოდით. ეს იყო საკუჭნაოს მსგავსი ოთახი, სადაც სუნთქვაც კი შეუძლებელია. სანამ ერთი ამბავი არ ავტეხე და არ დავიმუქრე ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებს შემოვიყვან და ვანახებ რა დღეში გყავთ პატიმრები-თქო, ყური არ გააპარტყუნეს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს რობაქიძე კამერაში. ციხეზე პატიმრებს საშინლად აწამებენ და მერე ბრალს იქეთ უყენებენ, თავს დაგვესხა და ცემა დაგვიპირაო. ასეთი მდგომარეობაა, მაგრამ პატიმრები ხშირად ამაზე საუბარს ერიდებიან. დაშინებული ჰყავთ. არჩილ რობაქიძემ გაბედა ამის თქმა და რაც დაემართა, უკვე გითხარით. საქართველოს პირობებში ბრძოლას ნაკლებად აქვს აზრი. სიმართლის დასადგენად ალბათ სტრასბურგამდე მოგვიწევს ჩასვლა“, - ამბობს ბაბუნაშვილი.

ქუთაისის №2 საპყრობილეში არსებულ პრობლემებზე სხვა ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ხშირად საუბრობენ. მათ გასულ კვირას, ქუთაისში ჩასულ სახალხო დამცველს კონკრეტული ფაქტები მიაწოდეს.

„სოზარ სუბართან, რა თქმა უნდა,  გვქონდა საუბარი ციხეში არსებულ მდგომარეობაზე. საკნები საშინლადაა გადატვირთული. 6 საწოლიან საკნებში 8-10 პატიმარი ჰყავთ და მორიგეობით უწევთ დაწოლა. ახალმიღებული პატიმრები მთელი ერთი თვის მანძილზე არიან კარანტინში, როცა შემოწმება-გაჩხრეკისა და სხვა პროცედურებისთვის მაქსიმუმ ერთი კვირა საკმარისია. ამ და სხვა სახის პრობლემების შესახებ სახალხო დამცველსაც არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება თავის ანგარიშებში, მაგრამ რეაქცია ნოლია. სამედიცინო კუთხითაც საშინელი მდგომარეობაა. მედიკამენტები არ არსებობს და პატიმრებს თავიანთი ახლობლები უგზავნიან ხოლმე. თუ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ როგორმე მათ ხმას მიაწვდენენ“,- ამბობს ადვოკატი ანა ჩაფიძე.

როგორც ირკვევა, სასჯელაღსრულების №2 დაწესებულებაში ათობით პატიმარია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სახის ჩარევას საჭიროებს და მათი საავადმყოფოში გადაყვანა, გაურკვეველი მიზეზის გამო, დღემდე ვერ ხერხდება.

„პაციენტების ავადმყოფობის ისტორიებისა და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების ანალიზმა ნათლად აჩვენა, რომ პატიმართა სიკვდილიანობა უმრავლეს შემთხვევაში არასწორი და არასათანადო მკურნალობის, ადმინისტრაციისა და ექიმების მხრიდან გულგრილობის შედეგია. სახელმწიფო არ ახორციელებს კონტროლს ჯანდაცვაზე სასჯელაღსრულების სისტემაში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მოხსენებაში.

როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, თუნდაც ის პატიმარი იყოს და სასჯელს ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის იხდიდეს.

 

ახალი ამბები