კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს შრომითი კოდექსი - ადამიანებს სამსახურიდან ერთი ხაჭაპურის გაუჩინარების გამო ათავისუფლებენ

19 ივლისი, 2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

საქართველოში დასაქმებულთა უფლებები ირღვევა. არ არსებობს ერთი კანონიც კი, რომელიც ამ ადამიანებს დაიცავს. სწორედ ამ პრობლემებს ეძღვნება საქართველოს პროფესიული კავშირების 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიში.
   
ანგარიშში საუბარია იმ მიზეზებზე, თუ რატომ გართულდა საქართველოში სოციალური მდგომარეობა. ერთ-ერთ მიზეზად პროფკავშირი ხელისუფლებასა და ხალხს შორის დიალოგის ნაკლებობას და არაეფექტიანობას ასახელებს. ამას კი შრომითი კოდექსის დისკრიმინაციული ხასიათი განაპირობებს. „არსებულმა შრომითმა კოდექსმა თითქმის შეუძლებელი გახადა დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა და შრომის საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი მინიმალური სტანდარტების რეალიზება, - აღნიშნავს ირაკლი პეტრიაშვილი, პროფკავშირის თავმჯდომარე“.

შრომითი კოდექსით მცირედ დაცული უფლებების უგულვებელყოფას დამსაქმებლები მოკლევადიანი კონტრაქტებით ცდილობენ. მოკლევადიანი კონტრაქტი ასევე ბერკეტია საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა კონტროლისთვის.
სახელმწიფოს მაღალჩინოსან მოხელეთა მხრიდან პროფკავშირულ ორგანიზაციებზე ზეწოლის ფაქტებიც გახშირდა.

ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება, ბოლოს მოღებული ბიუჯეტის შესაბამისად, 30 მილიონი ლარით შეუმცირდა.

პროფკავშირების მიერ მომზადებული ანგარიში ჯანდაცვის რეფორმასაც შეეხო.

„2007 წლის იანვარში შემუშავებული “ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმა”, სრულიად დახურულად მიმდინარეობს, ექიმების თანამონაწილეობის გარეშე.

რეფორმა სამედიცინო პერსონალის შრომითი უფლებების უხეშ დარღვევაში გადაიზარდა, რაც გამოიხატებოდა საავადმყოფოების შეუთავსებელ ოპტიმიზაციაში, სამედიცინო პერსონალის დათხოვნასა და მოცდენაში, საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ დაზიანებასა და პერსონალის ძალის გამოყენებით შენობიდან გაძევებაში“. 

თუმცა სავალალო მდგომარეობა არა მხოლოდ სამედიცინო სექტორშია.  საკმაოდ ხშირია სამუშაოდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა. ანგარიშში ასეთი ტიპის კონკრეტული ფაქტებია ნახსენები.

2008 წლის 6 მარტს ეკატერინე ნებიერიძემ სამუშაოზე აღდგენისა და მოცდენის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი „საქართველოს ფოსტის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიტანა. ეკატერინე ნებიერიძეს არ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება მისი პოლიტიკური შეხედულების გამო, რადგან 2008 წლის 5 იანვრის საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო კომისიის წევრი იყო. ეს ფაქტორი ეკატერინე ნებიერიძისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ძირითადი მიზეზი გახდა. ის 134 თანამშრომლიდან ერთადერთი იყო, ვისაც შრომითი ხელშეკრულება არ გაუგრძელდა.
    
ეთერ ბერიაშვილმა, ხათუნა გურჩიანმა და ეკა კუჭაველმა სამუშაოდან დათხოვნის შედეგად კომპენსაციის, გამომუშავებული ანაზღაურებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნით 2008 წლის 2 აპრილს ,,მეგამარკეტის” წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი შეიტანეს. 2008 წლის 24 მარტს ისინი ერთი ხაჭაპურის გაუჩინარების გამო გაათავისუფლეს. ხაჭაპური მოგვიანებით აღმოაჩინეს ლიფტის შახტაში (ხაჭაპური საცხობიდან მაღაზიაში გადატანისას დაუვარდათ).  „მითითებულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა. პროფკავშირში ამტკიცებენ, რომ „მოპასუხე არსებული შრომის კოდექსის მოქმედების ფარგლებში ახდენს შრომითი ხელშეკრულებების გაყალბებას და მიმართავს თაღლითობას“.
       
საერთაშორისო ორგანიზაციები ნეგატიურად აფასებენ საქართველოში შექმნილ შრომით პირობებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობისაგან მოითხოვა რეკომენდაციების შესრულება, შრომით კოდექსში ცვლილებების შეტანა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით კომიტეტის ინფორმირება.

პროფკავშირი შრომითი კოდექსის დახვეწისთვის საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას აპირებს, დასაქმებულთა იურიდიულ მომსახურებას, სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის კვლევების ჩატარებას, საერთაშორისო დონეზე საქმიანობის გაფართოებას და საჭიროების შემთხვევაში მასშტაბური გაფიცვებისა და მანიფესტაციების მოწყობას.

ომბუდსმენის აპარატის  წარმომადგენელი, სალომე ვარდიაშვილი: „ჩვენს აპარატში სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნასთან დაკავშირებით განცხადებათა სიმრავლემ პიკს მიაღწია. აქედანვე გამოიკვეთა, რომ სახალხო დამცველის მომავალი საპარლამენტო მოხსენებაში ეს პრობლემა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. თუმცა ამას ომბუდსმენი ყურადღებას ყოველთვის აქცევდა.  ახლა უკვე სავალალო მდგომარეობაა და მეტ ყურადღებას საჭიროებს. შრომის კოდექსი კაბალური და ღირსების შემლახველია. ვითხოვთ სასწრაფოდ შეიცვალიოს შრომის კოდექსის 37-ე, და 38-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც ამ ადამიანებს ათავისუფლებენ. ასევე ვითხოვთ გაიწეროს ამ გათავისუფლების საფუძვლები, რაც დაინტერესებულ პირს ან სასამართლოს იმის შესაძლებლობას მისცეს, რომ ნახოს, რამდენად სამართლებრივად იყო გათავისუფლებული მუშაკი სამსახურიდან“.

პროფკავშირი თავის ანგარიშს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს. ანგარიშის პრეზენტაციას როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. ესწრებოდნენ.


ახალი ამბები