კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებს მასობრივად ათავისუფლებენ

22 ივლისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამსახურებიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ. დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულებები ჯერ-ჯერობით რეგიონებში შეუწყვიტეს. გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებიდან 100-ზე მეტი პედაგოგი გათავისუფლდა. ხელშეკრულებების გაგრძელებაზე უარი უთხრეს გურჯაანის კულტურის ცენტრის 40-მდე თანამშრომელსაც. ოფიციალური ინფორმაციით, სექტემბრამდე მასობრივი საკადრო ცვლილებები განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებშიც.

ამის შესახებ კახეთის მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და საკრებულოებში დასაქმებულმა პირებმა ხელმძღვანელებისგან ზეპირი სახის გაფრთხილებები უკვე მიიღეს.

„რამდენიმე დღის წინ, გამგებელმა ზაზა ზედელაშვილმა გვითხრა, რომ სამხარეო ადმინისტრაციის დავალებით, რეგიონის ყველა რაიონის გამგეობასა და საკრებულოში, ასევე სხვა სახელმწიფო სამსახურებში, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, საკადრო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. გამგებლის განცხადებით, ეს პროცესი უკვე დაიწყო და აგვისტოში დასრულდება. მისივე თქმით, ვაკანტურ ადგილებზე, კონკურსის წესით, სექტემბრიდან მოხდება ახალი კადრების დანიშვნა, რასაც სამხარეო ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად შექმნილი კომისია გააკონტროლებს“, - გვითხრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის სპეციალისტმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა.

სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე იგივე შინაარსის გაფრთხილებები მიიღეს თელავის და საგარეჯოს გამგეობების თანამშრომლებმაც. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურში დასაქმებული პირების თქმით, როგორც მათთვის გახდა ცნობილი, გამოთავისუფლებულ ადგილებზე განმცხადებლების დანიშვნა მოხდება რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით: როგორ იმუშავა პირმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვებისათვის; უპრობლემოდ შეასრულებს თუ არა ხელმძღვანელისგან მიღებულ დავალებებს, თუნდაც ის მის სამსახურებრივ საქმიანობაში არ შედიოდეს; რა ურთიერთობა აქვს რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ, ამ ნიშნით უკვე გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის თანამშრომლები. 

„საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობა მოგვთხოვეს. კარდაკარის პრინციპით მისთვის აგიტაცია უნდა გაგვეწია, რაზედაც აური ვთქვით. არჩევნების შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლება რომ დაგვიპირეს, დახმარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს მივმართეთ, რაც არ გვაპატიეს. ხელმძღვანელმა სამსახურიდან იმავე დღეს გაგვათავისუფლა~, - აღნიშნავს სიღნაღის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი ბიბლიოთეკარი ელეონორა გელაშვილი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ზედელაშვილი გამგეობიდან თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ უარყოფს. როგორც მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, საკადრო ცვლილებების განხორციელების თაობაზე დავალება პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან მიიღო, თუმცა უშუალოდ ვისგან, არ დააკონკრეტა.

ჩვენს მოთხოვნაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, 2008 წლის ივნისსა და ივლისში მიიღო თუ არა გამგეობამ საკადრო ან საშტატო ცვლილებების, შტატების შემცირების შესახებ, წერილობით, რაიმე მითითება გუბერნატორის ან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა შორენა ქადაგიშვილმა უარი გვითხრა. გამგეობის წარმომადგენლის განმარტებით, „საჯარო ინფორმაციის საკანონმდებლო დატვირთვა არ გულისხმობს დაინტერესებული პირისთვის საინტერესო კითხვებზე საჯარო დაწესებულების მხრიდან პასუხის გაცემას“.

საჯარო სამსახურებში დაგეგმილი საკადრო ცვლილებების თაობაზე ინფორმაციას ადასტურებენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც. „გამგეობებსა და სხვა საჯარო სამსახურებში რეორგანიზაცია მოხდება და ამან, შესაძლოა, თანამშრომლების გათავისუფლებაც გამოიწვიოს. რაც შეეხება სპეციალურ კომისიას, ჯერ არ გვაქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული ზუსტად რა ფორმის იქნება ეს კომისია და რა დაევალება მას“, - აღნიშნა გუბერნატორის მოადგილემ გიორგი ბოტკოველმა.


ახალი ამბები