კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

9 შვილის დედას ,,იებს" დახმარება ურჩევნია

29 ივლისი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

ყოველდღიურად გაუთავებელი რიგები ჩინოვნიკების მისაღებში იმის მაუწყებელია, რომ ზოგს შვილის საოპერაციო თანხა სჭირდება, ზოგს ჭერი თავზე ენგრევა, ზოგიც კი უსახსრობის გამო შიმშილობს. გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ხმალაძის ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში სოციალურად გაჭირვებულებზე სულ 80 000 ლარი დაიხარჯა.ეს თანხა 165 მოქალაქეზე განაწილდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისს ის ხალხი აკითხავს, რომლებმაც  ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარება ვერ მიიღეს და ვითარებაში გარკვევა ითხოვეს. საკრებულოში მისულ გაჭირვებულ ხალხს უენებიან, რომ ბიუჯეტში თანხა აღარ არის და ვერ დაეხმარებიან.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლებმა გაარკვიეს, რომ 2008 წლის მაისის თვეში შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა რეგიონების მართვის მინისტრს ასეთი რამ  სთხოვა: ,,რთული რელიეფური პირობების გამო და რეგიონის სხვადასხვა სოფელში მოძრაობის სირთულის შედეგად გთხოვთ გვიშუამდგომლოთ ფინანსთა სამინისტროსთან, რათა დამატებითი მანქანა გამოგვიყონ, შესაძლებელი რომ გახდეს ჩვენი ეფექტური მუშაობა".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  2008 წლის 18 ივნისის #409 ბრძანებულებით რეგიონების მართვის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს 70 000 ლარი გამოუყო, რათა ამ თანხით შიდა ქართლის რწმუნებულისთვის ავტომანქანა შეეძინათ.

თითქმის ერთი თვეა, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას კიდევ ერთი 70 000 ლარიანი ,,ჯიპი“ შეემატა. ის ,,ჯიპი", რომლითაც ლადო ვარძელაშვილი მოძრაობდა, ამჯერად მისი მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი სარგებლობს. ახალი ,,ჯიპით" კი ლადო ვარძელაშვილი მოძრაობს. ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, მართლა სოფლებში სასიარულოდ უყიდა დავით ტყეშელაშვილმა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას ორივე ჯიპი თუ უბრალოდ კომფორტისთვის, რადგან დიდი ხანია ლადო ვარძელაშვილი მოქალაქეებს აღარ იღებს, ხოლო სოფლებში ვიზიტზე საუბარი ზედმეტია.

„ჯიპების“ საერთო ღირებულება 150 000 ლარს აღწევს. მაშინ როდესაც სოციალურად გაჭირვებულებზე, საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, სულ 79 995 ლარი დაიხარჯა, ისიც ერთჯერადად. იმ 165 მოქალაქეთა უმრავლესობა დღესაც ითხოვს დახმარებას.

მაგალითად, გორში მცხოვრები ქეთევან ტლაშაძე, რომელიც 9 შვილის დედაა, ხელისუფლებისგან დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. მას წლის დასაწყისში ლადო ვარძელაშვილმა 150 ლარი მისცა. ტლაშაძე იძულებულია პრეზიდენტი სააკაშვილი ბევრჯერ შეაწუხოს და უკვე რამდენიმე დაზღვეული წერილი გორის ფოსტიდან გაიგზავნა კიდეც.

აი, რას სწერს ქეთევან ტლაშაძე მიხეილ სააკაშვილს:

,,არაერთი წერილი მაქვს კანცელარიაში გამოგზავნილი, სამი წერილი პარლამენტში, ნინო ბურჯანაძესთანაც კი გავაგზავნე, ერთი მაჭავარიანთან. მაგრამ მე ჯერ არც ერთის პასუხი არ მიმიღია, არც თქვენ არ მიგიღიათ ზომები. რისთვის დააყენეთ თქვენი ახალი მთავრობა, თუ ხალხს არ დაეხმარებოდნენ, დახმარებაზე სულ არას გაიძახიან. ორი წელი მრავალშვილიან დედებს 500 ლარი მოგვცეს, ამ წელში ის 500 ლარიც აღარ იყო. თავიანთ შვილებს წელიწადში ერთხელ აჭმევენ? დედათა დღეს მარტო იები გადმოგვცეს მრავალშვილიან დედებს. თბილისში თუ აფასებთ მრავალშვილიან დედებს, ჩვენ რა დავაშავეთ? სიღატაკის ზღვარზე სამი წელია ვჩივივარ. პირველ ჯერზე 52 920 ქულა მქონდა, როცა 57 ათასზე ხალხი თანხას იღებდა, მე კი ამ ქულით არ მომცეს. შემდეგ თბილისში გავასაჩივრე, ამიწიეს 74 000-ზე, კიდევ გავასაჩივრე და დამიკლეს 64 000-მდე, ამდენი წლის მანძილზე ბავშვები გაიზარდნენ. ნახევრად მშიერი ოჯახი მაქვს, პატარა ბიჭი ფილტვებით ავადმყოფია, 14 წლისაა..." (სტილი დაცულია)

ქეთევან ტლაშაძის წერილი ამ სიტყვებით არ მთავრდება, მაგრამ ესეც საკმარისია მისი წუხილის გამოსახატად. პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ ყველა წერილი შესაბამის უწყებას გაუგზავნა რეაგირებისთვის, თუმცა ყველა წერდა, რომ მათ არ შეუძლიათ დაეხმარონ ოჯახს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქეთევან ტლაშაძემ ყველანაირი დახმარება მიიღო, რაც კი არსებობს ქვეყანაში.

ქეთევან ტლაშაძეს იმაშიც ეჭვი ეპარება, რომ პრეზიდენტის გამოგზავნილი ნამდვილი წერილი ადრესატამდე არ მიდის. ის აცხადებს, რომ პრეზიდენტის წერილებს გამგეობა მაძლევს, სადაც ნამდვილ წერილებს აყალბებენო.

საბოლოოდ ერთი თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა პირადად მისწერა ქალბატონ ქეთევანს:

,,ქალბატონო ქეთევან,
გულდასმით გავეცანი თქვენს პრობლემებს. გარწმუნებთ, რომ ძალღონეს არ ვიშურებთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ისეთ სახელმწიფოდ, სადაც ყოველი მოქალაქე სათანადოდ იქნება დაფასებული და დაცული. ჯერ ისევ ბევრს უჭირს, ბევრია უმუშევარი და ბევრიც სიღარიბეს ებრძვის. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯები სოციალური დაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად: გაიზარდა პენსია, ეფექტიანად ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო სოციალური დაცვის პროგრამა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ ვიცით, რომ გასაკეთებელი ბევრად მეტია, ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას, რათა თქვენთან ერთად დავამარცხოთ სიღარიბე და შევქმნათ შრომისა და ცხოვრების ღირსეული პირობები საქართველოს ყოველ კუთხეში. აუცილებლად დაგეხმარებით და ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა თქვენ, ისევე როგორც ყველა მოქალაქემ, მალე იგრძნოთ, რომ განვითარებული, ძლიერი და მზრუნველი სახელმწიფო შვილები ხართ“.


ახალი ამბები