კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგებს უმიზეზოდ ათავისუფლებენ

30 ივლისი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

გატარებული რეფორმის შედეგად მასწავლებლების გათავისუფლება სკოლიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშეც გახდა შესაძლებელი. ამ პროცესს შრომის კოდექსიც ხელს უწყობს. დღეს დირექტორს მასწავლებლის გათავისუფლება ადეკვატური მიზეზის დასახელების გარეშეც  შეუძლია. 
 
თემქის 149-ე სკოლის შესახებ, კერძოდ კი იმ დაპირისპირბის შესახებ, რომელიც დირექტორსა და პედაგოგებს შორის მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ბევრს საუბრობდნენ.  ყველაფერი 7 პედაგოგის (სამეურვეო საბჭოს წევრები, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორის მოადგილე) გათავისუფლებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების ერთი ნაწილი 27 ივნისს, ხოლო მეორე ნაწილი 3 ივლისს გაათავისუფლეს, სამსახურის დაკარგვის მიმეზი მათთვის დღემდე გაუგებარია.

149-ე სკოლაში, ისევე როგორც საქრთველოს ყველა სხვა სკოლაში, დირექტორი 1 წლის წინ ლოტოტრონით აირჩიეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლის დირექტორმა, მაია გიორგაძემ მასწავლებლებთან 1 წლიანი ხელშეკრულებების გაფორმება მოისურვა. როგორც პედაგოგები ყვებიან, დირექტორი ხელშეკრულებების გაფორმებას მოტყუებითაც ცდილობდა. ასე 8 მარტს, როდესაც ისინი სასადილოში მიიპატიჟა ქალთა დღის მოსალოცად, პირველი სადღეგრძელოს შემდეგ კარის ჩაკეტვა, ხელშეკრულებების დარიგება და ხელის მოწერა მოითხოვა. მხოლოდ ჩხუბის და მწვავე დაპირისპირების შემდეგ მოახერხეს პედაგოგებმა ხელის მოწერისგან თავის არიდება.

ამ დაპირისპირებას დირექტორის მოთხოვნა დაემატა, რომელიც მაქსიმალურ ანაზღაურებას უკავშირდებოდა. სკოლის ერთ-ერთი გათავისუფლებული პედაგოგი და სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი, თინათინ ჩიტიაშვილი ამ ინციდენტს ასე იხსენებს.

„როდესაც დირექტორი მოვიდა, სკოლაში მას ვალები დახვდა. როგორც სამეურვეო საბჭოს წევრი, ცხადია, პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ერთი წელია, რაც სამეურვეო საბჭოები შექმნა. არც ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა. პასუხი მოგვთხოვა, ამდენი ვალი რატომ არისო. დავალიანება კი იმიტომ გვქონდა, რომ სკოლა არ ფინანსდებოდა და ყოფილი დირექტორი გადასახადებს ვერ იხდიდა. ახალ დირექტორს, მაია გიორგაძეს მაქსიმალური ხელფასი, 600 ლარი უნდოდა. მოსწავლე კი სულ 573 იყო. ამხელა ხელფასის დანიშვნა უსაფუძვლო იყო. ვთხოვეთ, სანამ ვალებიდან გამოვალთ, 400 ლარს დაგინიშნავთ და შემდეგ გავზრდით-თქო. ამაზე უარი გვითხრა. გამოცდა იმიტომ ჩავაბარე, რომ მაღალი ხელფასი მქონოდაო. ვუთხარი, რომ ავიწყდება, ეს არის ბავშვების ფული. მოკლედ, ჩვენს შორის დაპირისპირება, ფაქტობრივად, დანაკლისი თანხების გამო დაიწყო“.

როგორც პედაგოგები ყვებიან, დირექტორმა სკოლისთვის საზიანო  ცვლილებები განახორციელა. კლასები გააერთიანა. უფროს კლასებში 35-მდე ბავშვი აღმოჩნდა, რაც კლასებს შორის დაპირისპირებამდე მივიდა და სასწავლო პროცესის დონეც დაეცა. ზოგი თანამდებობა იმის საფუძველზე გააუქმა, რომ სკოლას ვალები აქვსო. ბევრ პედაგოგს ხელფასი შეუმცირა. სანაცვლოდ, ხარისხის მართვის მენეჯერი და იურისტი დაიქირავა.

რუსუდან მაჭავარიანი ერთ-ერთი პედაგოგი იყო, რომელიც მაია გიორგაძის კანდიდატურას უჭერდა მხარს. ის აღნიშნავს, რომ დაპირისპირება მასსა და დირექტორს შორის მას შემდეგ წარმოიშვა, რაც რუსუდან მაჭავარიანმა მხარი სხვა პედაგოგებს დაუჭირა, რომლებსაც დირექტორთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ. მისთვის დღემდე გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა მაია გიორგაძემ სწორედ ამ შვიდი პედაგოგის გათავისუფლება.

„7 გათავისუფლებულ პედაგოგში ისეთები არიან, რომელთა გათავისუფლებაც გაუგებარია. მათ საერთოდ ხმა არ ამოუღიათ და რატომ გაათავისუფლა არავინ იცის. მან გვერდში ისეთი პედაგოგები დაიყენა, ვისი საჩივრებიც იყო შესული და ვისაც ჩვენ ვიცავდით“.

გათავისუფლებამდე რამდენიმე ხნით ადრე მასწავლებლები გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზზე თინათინ ჩიტიაშვილი საუბრობს.

„დირექტორი ითხოვდა, რომ მისი კაბინეტი პირველი სართულიდან სამასწავლებლოში გადაეტანათ, რადგან ის კაბინეტი ძალიან ცივი იყო. თავად სამასწავლებლოში უნდა გადასულიყო. ხოლო დირექტორის კაბინეტში პირველ სართულზე მეორე კლასი უნდა გადასულიყო. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სამასწავლებლოს გასაღებები დაიკარგა და ბავშვები კლასებში ვერ შედიოდნენ, ზარი დაირეკა, ბავშვები ყირაზე იდგნენ, კლასებში ვერ შეგვყავდა. ყველა კლასს ბოქლომი ედო. ვეღარ მოვითმინეთ და გაფიცვა მოვაწყეთ. ეს ფაქტი ყველა მასწავლებელმა გააპროტესტა, მაგრამ ორგანიზატორად რატომღაც მხოლოდ მე ჩამთვალა.

გაფიცვის შემდეგ ერთ თვეში, 15 მაისს ქალბატონმა მაიამ დამიბარა და ასეთი სიტყვებით მომმართა, მასწავლებლებს მინდა შევურიგდე და შუამავლად დაგვიდექიო. ბოლოს ხელი ჩამომართვა. მეორე დღეს კი  ბრძანებით საყვედური გამომიგზავნა...“

პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის იურისტი, მაია ლიპარტელიანი  განმარტავს, რომ მსგავს საყვედურებში უნდა განიმარტებოდეს მიზეზი. ამ შემთხვევაში არ იყო ახსნილი, თუ რატომ უსაყვედურეს პედაგოგს.

„თუ გამოიკვეთებოდა რომ ქალბატონმა თინამ კანონის დარღვევით მოაწყო ეს გაფიცვა, შეგნებულად ჩაშალა სასწავლო პროცესი და ა.შ., ზოგადი განათლების შესახებ კანონი ავალდებულებს დირექტორს, რომ წერილობით დაასაბუთოს პრეტენზია და მასწავლებელს მისცეს შესაძლებლობა, რომ ამ დარღვევაზე აზრი გამოთქვას“.

პროფკავშირი სიტუაციის დარეგულირებაში მაშინ ჩართი, როდესაც ის საკმაოდ დაიძაბა.

„ჩვენ ვცდილობდით ამ სიტუაციის დარეგულირებას, რომ ბავშვები არ დაზარალებულიყვნენ და სასწავლო პროცესი არ ჩაშლილიყო. ორივე მხარე თითქოსდა თანახმა იყო, რომ დაემთავრებინათ ეს გაუთავებელი დავა. როდესაც  ჩავთვალეთ, რომ სიტუაცია რეგულირდება, დირექტორმა ერთ-ერთ პედაგოგს წერილობითი საყვედური სახლში გაუგზავნა“.

მაია ლიპარტელიანის თქმით, პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტულ დირექტორშია, არამედ განათლების სამინისტროს დამოკიდებულებასა და შრომის კოდექსში, რომელიც დამსაქმებელს იმის უფლებას აძლევს, თანამშრომელი ყოველგვარი განმარტების გარეშე გაათავისუფლოს.

„ამ შემთხვევაშიც ყველა პედაგოგის გათავისუფლების ბრძანება ერთმანეთს ტყუპისცალივით ჰგავს, ყველაგან შრომის კოდექსის 37-ე „დ“ პუნქტია ნახსენები, სადაც წერია, რომ შრომითი ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველზე და არანაირი სხვა მიზეზით. როდესაც ეს ადამიანები სამინისტროში მივიდნენ, მე თავად გავხდი იმის მოწმე, როგორ გამოიძახეს სასწრაფო, როგორ ხდებოდნენ ეს ადამიანები ცუდად. შეუძლებელია დამსაქმებელი დასაქმებულს ასე ექცეოდეს. სამინისტროში ამ ადამიანებს დაპირდნენ, რომ მათ საქმეს სამართლიანად შეისწავლიდნენ. ამ შეხვედრას მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. იმაზე შეთანხმდნენ, რომ დირექტორის ეს ბრძანება უკანონოდ ჩაითვლებოდა და რომ პედაგოგების უფლებების აღდგენა მოხდებოდა. სამართლებრივად, მინისტრს, თუკი ჩათვლიდა, რომ დირექტორის ბრძანება არის უკანონო, კანონიერი უფლება აქვს, რომ დირექტორის ბრძანება გააბათილოს. თან ამ დირექტორის შესახებ თავადაც იცოდნენ. მასზე არაერთი საჩივარი დაიწერა. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად გადაწყდა. სამინისტრო 21 ივლისამდე სწავლობდა ამ საკითხს. 21 ივლისს კი გამოიცა ბრძანება, რომელსაც მინისტრი აწერდა ხელს. იქ წერია, რომ დირექტორს დარღვევები აქვს, მაგრამ რატომღაც მისი ბრძანებების გასაბათილებელი და ამ პედაგოგების სამსახურში აღსადგენი ბრძანება არ გამოიცა. ზეპირ საუბარში ერთ-ერთმა იურისტმა, არ ვიცი ეს შეგნებულად თქვა თუ წამოსცდა, თქვა, რომ არ უნდათ დაუშვან იმის პრეცედენტი, რომ მინისტრი თავის ბრძანებით სკოლის დირექტორის ბრძანებას აბათილებს“.

მაია ლიპარტელიანი ამბობს, რომ ყველაფერში სამინისტროა დამნაშავე, რადგან ზოგადი განათლების შესახებ კანონის ავტორი სწორედ ის არის. ამიტომ მას უნდა ჰქონოდა ბერკეტები,რომელიც ასეთ დირექტორებს გააკონტროლებდა.

„ახლა თუკი რაღაც კანონმდებლობის გამო სამინისტრო ჩიხშია, ეს არ უნდა გადატყდეს ამ პედაგოგების თავზე. იმისთვის, რომ ამ ხალხს დაენახა, რომ მათზე ვიღაცა ზრუნავს (მით უმეტეს, ბრძანებაში წერ და ადასტურებ, რომ მათი გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა), როგორც მინიმუმ, სამინისტროს ეს ბრძანება ბათილად უნდა ეცნო და შემდეგ დირექტორის გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხი შეესწავლა“.

სამინისტროს პოზიცია მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლებულ პედაგოგებს სკოლაში დარჩენილი მასწავლებლები უჭერენ მხარს. თუკი ისინი ვერ დაინახავენ სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერას, ვეღარაფერს მოიმოქმედებენ. უბრალოდ, აზრი აღარ ექნება, რადგან დირექტორის ნებისმიერ ქმედებაზე,  რამდენად უსამართლოც არ უნდა იყოს, სამინისტრო მაინც თვალს დახუჭავს.

გათავისუფლებული პედაგოგები ამბობენ, რომ სკოლის დირექტორი ურეკავს ყველა იმ პედაგოგს, რომელიც მათ მხარს უჭერს და გაგდებით ემუქრება.

ამ პუბლიკაციაში ჩვენ თავად დირექტორის პოზიცის დაფიქსირებაც გვსურდა. სამწუხაროდ, მაია გიორგაძემ სატელეფონო კომენტარზე უარი გვითხრა და შეხვედრა რამდენიმე დღით გადაგვიდო.  არ აგვიხსნა პედაგოგების გათავისუფლების მიზეზიც. მხოლოდ ასეთი სიტყვებით შემოიფარგლა: „რომ არ ჩამეთვალა საჭიროდ, ხომ არ მიიღებდა დირექტორი ასეთ გადაწყვეტილებას. ეს მთელი წლის დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნა იყო. ისინი ვერ ასრულებდნენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას.“ თუმცა მაია გიორგაძემ არ დაგვისახელა ერთი მაგალითი მაინც, თუ რაში გამოიხატებოდა „სამსახურებრივი მოვალეობის“ უგულებელყოფა. ქალბატონმა მაიამ გვირჩია, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ გამოგვექვეყნებინა, რადგან ის გადაუმოწმებელია და დაგვემუქრა, რომ გამოქვეყნების შემთხვევაში პასუხს მოგვთხოვს. მართალია, კომენტარზე უარი გვითხრა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მისი პოზიცია ნებისმიერ დროს დავაფიქსიროთ.  

ახალი ამბები