კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდის #4 საპყრობილეში პატიმარი შიმშილობს

1 აგვისტო, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

სენაკის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგმა სოსო მაქაცარიამ ზუგდიდის #4 საპყრობილეში შიმშილობა გუშინ გამოაცხადა. გუშინ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და სამართალდამცავებმა იგი დარბაზიდან აიყვანეს. სოსო მაქაცარიას ბრალი ს.ს.ს. კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ედება. საქმე ეხება 10 თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ ქართლოს ესებუას, რომელსაც მაქაცარიამ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა და რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მიყვანიდან 5 საათში გარდაიცვალა. ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა 2007 წლის 27 სექტემბერს მოხდა. ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ქართლოს ესებუა და ავტომანქანის მძღოლი გ.ხუბუნაია სენაკის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ესებუა, რომელსაც კლინიკური გამოკვლევების შედეგად შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა დაენიშნა, დაუდგინდა მარცხენა ბარძაყის ამოვარდნილობა. საავადმყოფოში მიღებიდან ორ საათსა და თხუთმეტ წუთში ავადმყოფი საოპერაციოში გადაჰყავთ, სადაც ენდოტრაქეული ნარკოზით უკეთდება ბარძაყის ამოვარდნილობის გასწორება. ცოტა ხანში მას ასისტოლია უვითარდება, რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ავადმყოფის გულის მუშაობის აღდგენა ხერხდება.

ექიმის ჩანაწერის მიხედვით: "ავადმყოფი საოპერაციოში შეყვანიდან 2 საათში, მოთავსებიდან კი 4 საათსა და 15 წუთში რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ, სადაც 15 წუთში კვლავ აჩერებს გულს, კვლავ ხერხდება გულის მუშაობის აღდგენა. 1 საათსა და 15 წუთში მესამედ ფიქსირდება ასისტოლია და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგოა. 28 სექტემბერს, 01 სთ. 40 წთ-ზე, საავადმყოფოში მიყვანიდან 5სთ-სა და 10 წთ-ზე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა".

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სენაკის პოლიციაში ს.ს.საქმე იმავე დღეს აღიძრა, თუმცა დღემდე ავტომანქანის მძღოლი ხუბუნაია ს.ს. პასუხისგებაში არავის მიუცია. იგი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი ქირურგის, სოსო მაქაცარიას ს.ს. პასუხისგებაში მიცემას პირველი დღიდან ითხოვდნენ.

ქართლოს ესებუას ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამჯერ ჩაუტარდა. პირველი დასკვნა ფოთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ, ხოლო მეორე ქუთაისის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო. მესამე, სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა კი საქართველოს ექიმთა ასოციაციამ გააკეთა.
საქართველოს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტის, თ.ს.ს.უ. ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გ.ლომიძის მიერ ჩატარებული გამოკვლევებით სოსო მაქაცარიას ბრალეულობა არ იკვეთება, თუმცა ქუთაისის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაკეთებული დასკვნა ექიმის დაკავების მიზეზი გახდა.

ამ დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილს მარცხენა ფილტვზე ჭრილობა აღენიშნა, რომელიც სამედიცინო მანიპულაციის შედეგად გაჩნდა და რომელმაც ფილტვის ქვედა ნაწილი დააზიანა. "ქირურგის ჩანაწერის მიხედვით, ავადმყოფის გულის გაჩერება მარცხენა პლევრის ღრუს ფუნქციის ჩატარებამდე მოხდა. ამავე ჩანაწერის მიხედვით პლევრის ღრუს ფუნქცია უნდა ჩატარებულიყო დაახლოებით 23 სთ-ზე, ამის შემდეგ ავადმყოფს კიდევ ერთხელ უჩერდება გული. ფილტვის ნაჩხვლეტიდან მკვეთრი ჰიპერტონიის პირობებში პლევრის ღრუში დაგროვდა დიდი რაოდენობის სისხლი, რომელიც სიკვდილის მიზეზი გახდა. გაურკვეველია რატომ დასჭირდა ქირურგს ადგილობრივი ანესთეზიის გაკეთება ლაპაროცენტეზის დროს, თუკი ოპერაცია ენდოტრაქეული ნარკოზით მიმდინარეობდა?!"

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ბრალდებულმა სოსო მაქაცარიამ მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო და თავი დამნაშავედ არ სცნო. პროტესტი მან მეორე დღეს ზუგდიდის #4 საპყრობილეში შიმშილობის დაწყებით გამოხატა.

პაატა სოტკილავა, ადვოკატი: "ბრალდებულმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. სოსო მაქაცარია მიიჩნევს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა და საქმის მასალები, ექსპერტიზის დასკვნები კერძო პირების ინტერესს ემსახურება. სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია საქ. ექიმთა ასოციაციის მიერ გაკეთებული დასკვნა. მან არ გაითვალისწინა დანაშაულის ნაკლებად მძიმე ხასიათი, არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა საპატიმრო ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ".

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულების ფონზე ბრალდებულის მხარემ კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს.

 

 

ახალი ამბები