კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ჟურნალისტები საკუთარ ნივთებში ნარკოტიკებს პოულობენ

5 აგვისტო, 2008

თამარ მახარაშვილი, კახეთი

გუშინ, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ხელჩანთაში, ცელოფნის პარკში გახვეული ნარკოტიკული საშუალების მსგავსი ფხვნილი იპოვა. ჟურნალისტის თქმით, ამგვარი რამ მის თავს უკვე მეორედ ხდება. პირველად მთივლიშვილმა საკუთარ ხელჩანთაში ასეთივე ფხვნილი გასული წლის ოქტომბერშიც ნახა და ორივე შემთხვევაში გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ნარკოტიკული საშუალების მსგავსი ფხვნილი, ხელჩანთაში, კახეთში მომუშავე ჟურნალისტმა მადონა ბატიაშვილმაც იპოვა.

გელა მთივლიშვილი მომხდარს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, დაშინების მიზნით, მის მიმართ ადრეც არაერთხელ ყოფილა ზეწოლის ფაქტები.

„მომხდართან დაკავშირებით პოლიციისთვის არ მიმიმართავს, რადგან აზრი არ აქვს. სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც ჩემზე თავდასხმის, საცხოვრებელ სახლში ორჯერ ხელყუმბარის აფეთქებისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე აღიძრა, შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს მიერ დღემდე გამოუძიებელია. უფრო მეტიც, 2005 წელს, როცა კახეთის რეგიონული გაზეთის რედაქციის ის ოთახი დაარბიეს, სადაც მე ვმუშაობდი, პოლიციის თანამშრომლებმა იმ მიზეზით, რომ ჩემი სამუშაო ოთახის კარზე ჩემი ხელის ანაბეჭდები აღმოჩნდა, ადგილობრივი მედიასაშუალებების კორესპონდენტების დახმარებით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ოფისი თვითონ დავარბიე. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში რომ პოლიციისთვის მიმემართა, არ გამოვრიცხავ ეთქვათ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ვარ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ პოლიციის გამოძიებული ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით არაფერი მინახავს და რაღა ამ ფაქტს გამოიძიებდნენ ობიექტურად?“, - კითხულობს მთივლიშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაცვის წარმომადგენლების მეშვეობით, შენობიდან გააძევეს. გამგეობის თანამშრომელმა ფიქრია ჯოხარიძემ ჟურნალისტს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენტებთან ამგვარად მოქცევის შესახებ მითითება, გამგებლის მეშვეობით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან მიიღეს. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე მანამ არ აღიძრა, სანამ პოლიციას თავად შეურაცხყოფილმა ჟურნალისტმა არ მიმართა. გამოძიებას მთივლიშვილი ამ დრომდე არ დაუკითხავს.

ცოტა ხნის წინ, ხელჩანთაში ნარკოტიკული საშუალების მსგავსი ფხვნილი იპოვა სიღნაღის რაიონში მომუშავე ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა მადონა ბატიაშვილმა, რომელიც აქტიურად ავრცელებს კრიტიკულ ინფორმაციებს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ. მანამდე, ცეცხლსასროლი იარაღის ვარგისი ტყვია ჩაუდეს ჩანთაში კახეთის რეგიონული გაზეთის `იმედის~ კორესპონდენტს მარინა გოგოლაძეს, რომელიც ლაგოდეხის რაიონში საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა.

როგორც მადონა ბატიაშვილი აღნიშნავს, მისთვის უცნობია საიდან მოხვდა მის ხელჩანთაში გაურკვეველი ფხვნილი. „არც ნათესავი მყავს ვინმე ნარკოტიკების მომხმარებელი და არც ასეთ ადამიანთან ვმეგობრობ. ვერ გეტყვით, ეს ფხვნილი ჩემს ხელჩანთაში საიდან მოხვდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამით ჩემს დაშინებას შეეცადნენ“, - დასძენს მადონა ბატიაშვილი.

რეაგირების თხოვნით სამართალდამცავებისთვის არც მას მიუმართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეგიონში ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. „ფაქტობრივად რეგიონში არსებულ პრობლემებს, ადამიანის უფლებების დარღვევის და სხვა ფაქტებს, რომლის გახმაურებაც ხელისუფლებას ხელს არ აძლევს, რეგიონული ჟურნალისტები აშუქებთ, ადგილობრივი თუ რამდენიმე ცენტრალური საინფორმაციო საშუალების მეშვეობით. კარგად ვიცი, რა პრობლემებს აწყდებით მასალის მომზადებისას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცდილობთ მაქსიმალური მოახერხოთ. ისიც აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჟურნალისტები სამუშაოდ სხვადასხვა დაწესებულებების პრეს-ცენტრებში გადავიდნენ. შეთავაზებებზე უარი მხოლოდ რამდენიმემ თქვა, რამდენიმესთან კი ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ერთი სიტყვით, პროცესები, რომელიც თბილისში განვითარდა, რეგიონებში ინაცვლებს თავისუფალი ინფორმაციის საბოლოოდ ჩასახშობად და ვფიქრობ, რომ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი. 

ახალი ამბები