კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნარკომანია ციხეში

6 აგვისტო, 2008

მოხარშული ტუალეტის ქაღალდი ვენებში - ნარკოტიკი ციხეში ყოველთვის შევა

რა კეთდება ნარკომანი პატიმრებისთვის ?

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

„ნარკოტიკის ციხეში შემოტანა ე.წ. „პერედაჩებით“ ხდებოდა. ხან საჭმელში მალავენ, ხან სხვა რამეში. მე რაც მინახავს, ყველაზე ხშირად ტუალეტის ქაღალდში შპრიცით შეყვანილი შემოჰქონდათ. მერე იმ ქაღალდს ხარშავდნენ და ამ ნაგავს ვენებში უშვებდნენ“ – დღეს თავისუფლებაზე მყოფი ყოფილი პატიმრის ამ სიტყვებს კომენტარი აღარც სჭირდება - ციხე ნარკოტიკების გარეშე ილუზიაა - ამ აზრს იზიარებს ყველა, ვისაც იქ ერთხელ მაინც შეუხედავს. ასეა მსოფლიოს ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, მაგრამ ნარკომანიას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ებრძვიან. ჩვენთან ნარკომანია დაავადებად კი არა, კრიმინალად არის მიჩნეული და მასთან ბრძოლაც შესაბამისი მეთოდებით მიდის.

2007 წლის მონაცემებით საქართველოში 18 310 პატიმარია. ზუსტი პროცენტი, რამდენია აქედან ნარკოტიკის მომხმარებელი, არავინ იცის. ცალკეულ მონაცემებზე დაყრდნობით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ სავარაუდო ცოფრებს ასახელებენ:  „საშუალოდ 9-10 % შეიძლება იყოს ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. ერთხელ მაინც კი ნარკოტიკი პატიმართა და ყოფილ პატიმართა დაახლოებით 67%-ს მაინც მოუხმარია - არა მხოლოდ ციხეში, არამედ მანამდეც“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ სოციალური მუშაკი გიორგი ლომიძე.

„საკმაოდ ბევრი ადამიანი იხდის სასჯელს ნარკოტიკების შენახვის, გასაღების გამო, ბევრია ნარკოტიკზე დამოკიდებული და ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემებიც სულ აქვთ“, - აცხადებს სალომე მახარაძეც, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

ირაკლი ვ-ც, რომელიც თავისი თვალით ხედავდა ტუალეტის ქაღალდის ხარშვის პროცედურებს, დღეს იხსენებს, რომ ნარკომანების რიცხვი ქართულ ციხეებში ძალიან დიდია: „იჭერდნენ ყველას, ვინც ნარკომანი არის ან ყოფილა. ან თუ ვინმეს დაჭერა უნდათ, ნარკოტიკს უდებენ. თუ მომხმარებელი ხარ, მითუმეტეს,  ეს ყველამ იცის და როცა უნდათ, მაშინ ჩაგიგდებენ და დაგიჭერენ.

ნარკოტიკის გარეშე რომ ვინმე ვერ ძლებდეს, ეგეთიც არ მინახავს. მშვენივრად არიან თვეობით და ზოგი კმაყოფილიცაა, წამალი რომ არ აქვთ და უნდათ რომ გადაეჩვიონ. მაგრამ საკმარისია, წამალი გაჩნდეს და უკან არავინ იხევს, მაშინვე გაიკეთებენ. სხვა რა სიამოვნება შეიძლება ციხეში ჰქონდეს ადამიანს, მითუმეტეს, ნარკომანს.

გლდანის ახალ ციხეში, როგორც ვიცი, უკვე სამაგისო პირობები არც უნდა იყოს.
მე ორთაჭალის ციხის მაგალითზე ვყვები, რომელიც უკვე დანგრეულია.
ზონებში კი ისევ ისე იქნება ალბათ. ნებისმიერ დროს გაიკეთებენ, რადგან იქ მუდმივი ზედამხედველობა არ არის. ძირითადად სუბოტექსს მოიხმარდნენ“.

სადაც კი დავსვით კითხვა - რამდენი ნარკომანია დღეს ციხეში? კონკრეტული პასუხი ვერსად მივიღეთ. ზუსტი მონაცემები ციხის გარეთ მათი რაოდენობის შესახებ ასევე არ არსებობს. „დაახლოებით 250 ათასი ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი“ - ეს რაოდენობა გაჟღერდა ცოტა ხნის წინ გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც ნარკოტიკების შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ. თუ ჩავთვლით, რომ თითო ნარკომანის უკან დგას მათი ოჯახი, მინიმუმ 3 ადამიანი, ამ პრობლემით შეწუხებულ მთელ არმიას მივიღებთ. ნარკოტიკის მოხმარებაზე არანაკლები პრობლემა მისი შოვნა და საკუთარი პატიმრისთვის არაკანონიერი გზებით ციხეში შეგზავნაა.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ტრადიციულად კრიტიკულია და ამბობს, რომ  ნარკოტიკების შედინება ციხეებში დღეს გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ეს იყო კოტე კემულარიას მინისტრობის დროს:

„ისევ ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მაინც, გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე ახლა, ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების სისტემის სათავეში მოსვლის შემდეგ. ნათელია, რომ ეს სარფიანი ბიზნესია და ვიღაც ხელისუფლებიდან ამით ხელს ითბობს. ამით ხდება ნარკოტიკზე დამოკიდებული პატიმრების დაშინება და დაშანტაჟება: ჩვენ გადაგიკეტავთ ამ გზას, თუ... და ისევ ციხის თანამშრომლების ხელით ხდება ნარკოტიკის შეტანა და რეალიზება. ცოტა ხნის წინ ქალთა დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა ზედმეტი დოზით თუ უვარგისი წამლის გამო და მეორეც მოწამლული იყო და ეს არის გახმაურებული ფაქტები.მაგრამ არის უამრავი სხვა ფაქტიც, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ დღეს ეს პროცესი გაცილებით მასშტაბურია.

აქ ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ციხეებში მონიტორინგის საშუალება უნდა იყოს და რაც მთავარია, ადმინისტრაცია არ უნდა იყოს დაინტერესებული.  უნდა ისჯებოდეს თანამშრომელი, ვინც კორუფციულ გარიგებაზე მიდის და ციხეში ნარკოტიკი შეაქვს. ეს არ უნდა იყოს ხელისუფლებისგან წახალისებული ქმედება“ .
კაკაბაძეს კატეგორიულად არ ეთანხმება სალომე მახარაძე, რომელიც ამბობს, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ციხეებში ამ კუთხით კატასტროფული ვითარებაა.
„ნარკომანიის პრობლემა ციხეში არსებობს, მაგრამ არა ისე მწვავედ, როგორც ორი წლის წინ იდგა. შეტანა ბოლო ორი წლის მანძილზე გაცილებით შეზღუდულია არსებობს თანამშრომლების დასჯის არაერთი პრეცენდენტი. თითქმის ყოველდღე მიწევდა საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ დააკავეს ესა თუ ის  მედდა, ექიმი, ნარკოტიკის შეგზავნაზე. არსებობს უამრავი სასამართლო გადაწყვეტილება. დასჯამ გაჭრა თუ სხვა რამემ, ფაქტია, რომ პროგრესი ამ მხრივ ნამდვილად არის“.

„თანადგომის“ წარმოამდგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვირაში ორჯერ შედიან, თუმცა სხვა პროგრამით, რომელიც აივ-შიდსზე პატიმრების შემოწმებას გულიხმობს. გიორგი ლომიძე ამბობს, რომ  ნარკოტიკი მაინც ხვდება ციხეში. ამ პრობლემის მოგვარებას  სხვანაირი მიდგომა სჭირდება და მხოლოდ რამდენიმე თანამშრომლის დაჭერა და დასჯა არ უშველის: „არის ასეთი ცნება  - ზიანის შემცირება, რაც გულისხმობს ჩანაცვლებით თერაპიას, ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნას და ა.შ. ორი მიმართულებით არის სამუშაო, სამართალდამცავების მხრიდან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. სამწუხაროდ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები დღეს უფრო იგნორირებულია. თუ განვიხილავთ, რომ ნარკოტიკის მომხმარებელ ავადმყოფია, სხვანაირად უნდა მივუდგეთ და თუ ვიტყვით, რომ ყველა კრიმინალია, და  ჩვენთან ჯერჯერობით მათ აღიქვამენ კრიმინალებად, მაშინ ეს პრობლემა ასე ადვილად ვერ მოგვარდება“.

დაახლოებით ამავე აზრის არის ალექსი შოშიკელაშვილიც, რომელიც  „ნარკოტიკების მომხმარებელთა დაცვის მონიტორინგის პროექტის“ დირექტორია: „სამართალდამცავები ტრაბახობენ, თითქოს გამსაღებლებს ებრძვიან. ამ დროს რეალური სტატისტიკური მონაცემებით რომ ვიხელმძღვანელოთ, გაირკვევა, რომ ისინი მომხმარებლები არიან. დასაჭერებს კი არ იჭერენ...
პოლიცია გამსაღებლებთან შეკრულია. ეს არის ის მაფიოზური გაერთიანებები, რომლებსაც სახელმწიფო ხელს არ ჰკიდებს. ეს დანაშაული დასაყრდენს ყოველთვის სახელმწიფო დაწესებულებებში, პარლამენტში ძალოვან სტრუქტურებში პოულობს“.

რა კეთდება ციხეში ნარკომანიის საწინააღმდეგოდ? თითქმის ვერაფერი. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს, რომელიც ჩვენთან 2005 წლიდან არსებობს და ჯერ ვერც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შეუფასებია მისი ეფექტურობის დონე საბოლოოდ და ვერც უცხოელ დონორებს, რომლებმაც სულ პირველად ეს პროგრამა (ე.წ. 12 ნაბიჯი) დააფინანსეს.

ელისო ამირეჯიბმა, რომელიც ქალთა კლუბ „პეონს“ წარმოადგენს და ციხეში ამ პროგრამით პირველად სწორედ ის და მისი ორგანიზაცია შევიდნენ, პირველად ამ პროგრამის შესახებ ვარშავაში, ადამიანის უფლებათა უმაღლეს სკოლაში გაიგო. სარეაბილიტაციო ცენტრებიც იქ ნახა და საქართველოში იგივეს გაკეთებაც პირველად მან სცადა. ეს ჯერ კიდევ 2002 წელი იყო. სურათი კი მას უმძიმესი დახვდა: „არსებობდა ნარკოლოგიის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ტრადიციული მეთოდით მკურნალობს ნარკომანიას, მედიკამენტებით. ჩვენთან იყო  დამკვიდრებული აზრი, რომ ფსიქო-რეაბილიტაციის ცენრები აქ არ იმუშავებდა, მაგრამ ჩვენ ყველას ვუხსნიდით, რომ ცდა ღირდა. რომ მეთოდიკა არა მარტო ფსიქოლოგის მუშაობაზეა დაფუძნებული და კონსულტანტის, რომელიც ყოფილი ნარკომანია, არამედ მთავარი ღერძი აქ  სულიერებაა, რომელიც ყველა რელიგიის ადამიანისათვის მეტ-ნაკლებად ერთია და მუშაობს ამერიკაშიც, სადაც უამრავი რელიგიის ადამიანი ცხოვრობს, მუსულმანურ, კათოლიკურ სამყაროშიც. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ თავიდან სწორედ დახურული ტიპის დაწესებულებაში მოგვესინჯა  და 2005 წელს შევედით ქალთა კოლონიაში. სადაც  პატიმრების 65 % იყო გასამართლებული სწორედ ნარკოტიკების გამო. ზოგი რეალიზატორი იყო,მაგრამ მოხმარებასთან ეს მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, მათი ნაწილი არც მალავდა, რომ ისინი თავად იყვნენ მომხმარებლები...

თავიდან იყო დიდი უნდობლობა ჩვენს მიმართ. მათ ჰქონდათ და აქვთ დამოკიდებულების პრობლემა. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდით, რომ ეს დამოკიდებულება მოგვეხსნა. უკვე მეოთხე წელია ეს ცენტრი მუშაობს. მუდმივად გადიან ფსიქო-რეაბილიტაციის პროგრამას, ესწრებიან შეხვედრებს, ხან ღიაა ეს შეხვედრები, ხან დახურული. და ძალიან ბევრს აქვს პროგრესი“.

ელისო ამირეჯიბი ამბობს, რომ ამ პროგრამამ ის მაინც გააკეთა, რომ არაერთ პატიმარში ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. ისინი ახლა  ებრძვიან ამ პრობლემას. ციხეში არსებული ცენტრების გარდა კიდევ ერთი ადგილი, რომლის შეთავაზებაც შეუძლიათ დღეს მათ, ფერიცვალების მონასტერში არსებული არსებული ცენტრი „თაბორია“, სადაც 12 ნაბიჯის პროგრამა  საპატრიარქოსთან ერთად უკვე წლებია ხორციელდება.

ელისო ამირეჯიბის თქმით, ეს დღეს ერთადერთი პროგრამაა, რომლითავ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პატიმრებთან მუშაობენ. დღეს უკვე პროგრამის დაფინანსება შეწყვეტილია და დონორების გადაწყვეტილებაც უცნობი.

რუსთავის მეექვსე საპყრობილეში ანალოგიური ცენტრი სასჯელაღსრულების დეპარტამენტმაც გახსნა - 12 პატიმარზე გათვლილი ეს ცენტრი დღესაც ფუნქციონირებს. პროგრამაში მონაწილეობა იქაც ნებაყოფლობითია.  ოთხთვიანი კურსის გავლა 12-მა ადამიანმა სცადა  და მათგან  8 მიყვა ბოლომდე. სალომე მახარაძის განმარტებით, თუ ეს ცენტრი გაამართლებს, შესაძლოა, დაფინანსება გაიზარდოს და მეტ პატიმარს მიეცეს პროგრამაში ჩართვის საშუალება: „მთელი 12 საათის განმავლობაში ეს ადამიანები ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, უყურებენ ფილმებს, ვარჯიშობენ, საუბრობენ, ჰყავთ ინდივიდუალური ფსიქოლოგები“...

12 ადამიანზე გათვლილი ცენტრი, 18 000 პატიმრის არსებობის პირობებში, რაც უნდა იდეალურად მიდიოდეს იქ მუშაობა, მინიმალურ შედეგს მოიტანს. ეს მარტივი ლოგიკაა. ექსპერტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ჯერ იმაზე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ნარკომანია დაავადებაა და არა დანაშაული.

ახალი ამბები