კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპირებული სამეგრელო - რუსი სამხედროები რეგიონს არ ტოვებენ

18 აგვისტო, 2008
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

სამეგრელოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ჯარები ჯერ კიდევ რჩებიან. რუსეთის სამხედრო შენაერთებისა და მძიმე ჯავშანტექნიკის ფართომასშტაბიანი გადაადგილება ბოლოს 14 აგვისტოს, ზუგდიდში განხორციელდა. საღამოს 7 საათისათვის ზემო აფხაზეთიდან სენაკის მიმართულებით 150-მდე ერთეული ტანკი დაიძრა. პარალელურად, ენგურის ცენტრალური ხიდის მიმართულებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი 40-მდე სატვირთო ავტომანქანამ გადაკვეთა, რომელიც ფოთისა და სენაკის სამხედრო ბაზებიდან ნაძარცვით დატვირთული აფხაზეთში ბრუნდებიდა. ნადავლით კმაყოფილ რუს ჯარისკაცებს გზის გასაყარზე ნანახით უკმაყოფილო ზუგდიდელები ხვდებოდნენ, რომლებიც კბილებამდე შეიარაღებულ სამხედროებს მხოლოდ წყევლა-კრულვას აყოლებდნენ. ქალაქი პარალიზებულია. მოსახლეობის დიდი ნაწილი გახიზნული. მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის გამო მოსახლეობა პანიკურ მდგომარეობაშია.

სამეგრელოს პანიკის ტალღამ რუსულ ავიაგამანადგურებლებთან ერთად რამდენჯერმე გადაუარა. ოფიციალური მონაცემებით, რუსული ავიაციის მიერ სენაკსა და ფოთში განხორციელებული დაბომბვების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. არაოფიციალური წყაროს ცნობით კი ჭურვების აფეთქებას 75 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა სამეგრელოს დაბომბვა 9 აგვისტოს, ღამის პირველი საათისათვის დაიწყეს. აფხაზეთის ტერიტორიიდან 5 ავიაგამანადგურებელი ერთმანეთის მიყოლებით შემოიჭრა. 10 წუთიანი ინტერვალით ბომბდამშენებმა ფოთის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ბაზის ტერიტორიაზე ჭურვები ჩამოყარეს, ხოლო შემდეგ სენაკის სამხედრო ბაზაზე გადაინაცვლეს და რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

იმ დროისათვის იქ რეზერვისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ცხინვალის მიმართულებით გასვლას გეგმავდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, რეზერვისტების ნაწილი ავტობუსში იჯდა, ნაწილი კი კაზარმაში იმყოფებოდა და გასასვლელად ემზადებოდა. დაბომბვების მსხვერპლი ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მცხოვრები 7 რეზევისტიც გახდა...

რუსულმა ბომბდამშენებმა ჭურვები სენაკის ტერიტორიაზე, დევნილებით ჩასახლებულ სასტუმროს შენობაშიც ჩამოყარეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა. ბომბები რკინიგზის მაგისტრალსაც დაუშინეს. ფოთსა და სენაკში განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია დღემდე არ არსებობს.

რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამ დროისათვის სამეგრელოს დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ძლიერი აფეთქებების ხმა აღარ ისმის, თუმცა მოსახლეობის მოჩვენებით სიმშვიდეს რუსული ტანკების გრუხუნი ხშირად არღვევს, რომელიც ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში ინტენსიურად გადაადგილდება.

გურამ დარასელია, ზუგდიდის მკვიდრი: "ტანკებისა და სხვა სხვა სამხედრო ტექნიკის მოძრაობას ზუგდიდში ბოლო აღარ უჩანს. რუსი ჯარისკაცები თავისუფლად დათარეშობენ. ვხედავთ, როგორ ეზიდებიან საქართველოდან სახელმწიფო ქონებას და როგორ გადააქვთ იგი აფხაზეთში. ეზიდებიან და ვეღარ გაიტანეს. გული მისკდება, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, ასეთი მონსტრის წინაშე ყველანი უძლურები გავხდით. შემთხვევით ერთი ტყვიაც რომ გაუვარდეს ვინმეს, დარწმუნებული ვარ ომი გარდაუვალი იქნება. ამიტომ სიმშვიდის შენარჩუნება ვამჯობინეთ..."

ზუგდიდი სიმშვიდეს მართლაც ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა რუსების მიერ ქართული პოლიციის განიარაღებასა და უმოქმედობაზე ინფორმირებულია, არც ერთი კრიმინალური ფაქტი არ მომხდარა. ვითარების გაკონტროლებას საპატრულო სამსახური ცდილობს, რომელიც რუსმა სამხედროებმა მხოლოდ პისტოლეტის ამარა დატოვეს.

ფუნქციონირებს ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი, თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრი მუშაობს, შეზღუდვით მოძრაობს საქალაქო ტრანსპორტი, მაგრამ არ მუშაობს საბანკო ფილიალები. საკვები პროდუქტების მარაგი ქალაქს ჯერჯერობით შემორჩა. ხალხი ქუჩებში კანტიკუნტად მოძრაობს. ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დიდი ნაწილი გახიზნულია. ისინი თავს სამეგრელოს სხვა რაიონებსა და იმერეთის რეგიონს აფარებენ.

ლიანა ჯიქია, სენაკის მკვიდრი: "შინ მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე დავრჩით, სახლი ვერ მივატოვეთ, სიამაყემ გვძლია. შვილები და შვილიშვილები გავხიზნეთ. ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოდ არიან, მაგრამ არავინ იცის რუსი როგორ იმოქმედებს. ავიგამანადგურებლები ჩემი სახლის სახურავზე გადადიოდნენ. უკვე მხოლოდ ღვთის იმედი გვაქვს. რუსი მოვიდა, და თუკი წავა თავისი ჩექმის ნაკვალევს აუცილებლად დატოვებს..."

ზემო აფხაზეთიდან დევნილების ნაკადი ზუგდიდმა უკვე მიიღო. 14 აგვისტოს ქალაქის ცენტრალური სტადიონი 1400-მდე დევნილით იყო მოფენილი. ქალები, ბავშვები და მოხუცები საავიაციო და საარტილერიო დარტყმებს ომარიშარადან, გენწვისიდან, ჩხალთადან, აჟარადან და ღვალვაშიდან გამოექცნენ. ისინი ზუგდიდში სატვირთო ავტომანქანებით, `ურალისა~ და `უაზის~ ტიპის ავტომანქანებით ჩამოვიდნენ.

დევნილებს შორის მცირეწლოვანი და მეძუძური ბავშვების რიცხვი სჭარბობდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ დახმარების ხელი პირველი წუთებიდანვე გაუწოდა. საკვები და ტანსაცმელი ზუგდიდელებმა დევნილებს იმერეთში გამგზავრებამდე გაუტანეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა ქუთაისში გამთენიისას ჩაიყვანა.

ზუგდიდს დღეს დევნილები საკუთარი სოფლებიდანაც ჰყავს. რუსმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ორი დღის წინ განმუხური, ხურჩა და ორსანტია დაიკავეს. აფხაზურ-რუსული შენაერთები განლაგდა წალენჯიხის რაიონშიც. სოფელ ფოცხოს, მუჟავასა და ფახულანს ისინი სრულად აკონტროლებენ. ამ სოფლების თავზე სეპარატისტული მთავრობის დროშები ფრიალებს. რუსულ-აფხაზურმა სამხედრო შენაერთებმა ენგურჰესის ადმინისტრაციაც დაიკავეს და იქ სრული კონტროლი დაამყარეს.

შეიარაღებული ჯგუფები გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებშიც გააქტიურდნენ. 15 აგვისტოს სოხუმიდან ჩამოსულმა სპეციალურმა ჯგუფმა ნაბაკევში მცხოვრები 4 მამაკაცი საკუთარი სახლებიდან იარღის მუქარით გაიყვანა. უცნობია რეზო ძიგუას ადგილსამყოფელი. ახლობლების ცნობით ავთო ეხვაია, ჯემალ მამფორია და ზურაბ თორია გალისა და სოხუმის მილიციის იზოლატორებში არიან მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით შეიარაღებული ჯგუფები სოფლებში "უაზის" მარკის ავტომანქანებით გადაადგილდებიან და 400-კაციანი სიით ხელმძღვანელობენ, რომელიც მათ სოხუმის უშიშროების სამსახურმა საგანგებოდ გადასცა. სავარაუდოდ სიაში ის ქართველი მამაკაცები არიან შეყვანილი, რომლებიც 1992-93 წ.წ. და 1998 წელს საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. ამჟამად დაკავებული ნაბაკეველები სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს.

გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში ამ დროისათვის მოროდიორობისა და ძარცვის რამდენიმე შემთხვევა მოხდა. განსაკუთრებით ავტომანქანების წართმევა გახშირდა, რის სანაცვლოდაც შეიარაღებული აფხაზები გამოსასყიდ თანხას ითხოვენ. მამაკაცები სახლებს მალულად ტოვებენ...

რუსი ჯარისკაცები კი პატრულირებას სამეგრელოს ქუჩებში ღიად ახდენენ. რუსეთის სამხედრო ძალები ზუგდიდში სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას, კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ძალების შტაბბინასა და სამთავრობო რეზიდენციას ამ დრომდე იკავებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების 8 ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა ამ ტერიტორიაზე დღემდე რჩება. შენობიდან მათ მიერ უკვე გატანილია საოფისე ნივთები და ტექნიკური აღჭურვილობა.

რუსული სამხედრო შენაერთები ამ დრომდე განლაგებული არიან სოფელ თეკლათთან, ფოთის, სენაკისა და ხობის გზის გასაყართან. იქვე მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა, გაშლილია საველე კაზარმები, განთავსებულია ორი სამხედრო ვეტმფრენი. ახლომდებარე, ნახევრადდანგრეული შენობის  სახურავზე სნაიპერები ზიან. ფოთის საავტომობილო ტრასაზე შეიარაღებული პირები არიან ჩასაფრებული. მათ მიერვე დაკავებულია აბაშის რაიონში მდებარე სამხედრო დანიშნულების ობიექტები.
თითქმის სრულიად განადგურებულია ფოთში არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა. სამხედრო და სანაპირო დაცვის ხომალდებს რუსი სამხედროები დღემდე ანადგურებენ.

რუსმა გენერლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან დადებული ყველა პირობა დაარღვიეს. ქართული მხარე რუს სამხედროებთან აქტიურ მოლაპარაკებებს 10 აგვისტოდან აწარმოებს.

მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ცნობილი განცხადების შემდეგ დაიწყო. ზუგდიდზე მოსალოდნელი სამხედრო შეტევის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მოსახლეობაში წარმოუდგენელი პანიკა გამოიწვია. დაახლოებით 2 საათში ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტი ქუჩებში გასულ მოსახლეობას სიმშვიდის, სიმტკიცისა და ერთიანობისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა ზუგდიდი თავდაცვისთვის ემზადებოდა.

ალექსანდრე ახვლედიანი, გუბერნატორის მოადგილე: "მძიმე წუთები იყო, ხალხის დარწმუნება კი ძალიან ძნელი. ფაქტობრივად უძლურები ვიყავით. პირველი შეხვედრა ენგურის ცენტრალურ ხიდზე, დსთ-ს სამსვიდობო ძალების 301-ე საგუშაგოზე შედგა. რუსულ მხარესთან შეიარაღებული  დაპირისპირების თავიდან აცილების გზებს ვეძებდით. რუსი გენერალი სერგეი ჩაბანი პირობას დებდა, რომ საჯარისო ნაწილები 12 კილომეტრიან უსაფრთხოების ზონას არ გასცდებოდნენ, მაგრამ ვიცოდით, რომ მათი გადაადგილება ფართომასშტაბიანი გახდებოდა.

ვიცოდით და თავად გენერალმა უსტინოვმა განგვიცხადა, რომ თუ წინააღმდეგობას გავუწევდით ბაბუშერას აეროდრომიდან სადესანტო ჯარების 5 000-კაციან შემადგენლობას აუცილებლად გადმოსხამდნენ. არჩევანი აღარ დაგვიტოვეს. ასეთ ვითარებაში უმთავრესი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა გახდა."

სამეგრელოში სამხედრო ბაზები იწვის, ინაღმება ტერიტორიები. რეალური საფრთხე რუსი ჯარისკაცების გასვლის შემდეგაც არსებობს, თუმცა რეგიონის დატოვებას ისინი ჯერჯერობით არ ჩქარობენ.                                    


ახალი ამბები