კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ჰუმანური რუსები” ანაკლიელებს ბომბდამშენებისგან იცავდნენ

24 აგვისტო, 2008

ნანა ფაჟავა-ზუგდიდი

შესაძლოა დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ ფაქტია - შავიზღვისპირა სოფლის მოსახლეობა რუსული საჰაერო ავიაციის შეტევას გაურბოდა და თავს რუსეთის სამხედრო ძალების ბლოკ-პოსტს აფარებდა. 10 აგვისტოს, სოფელ ანაკლიაში, რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის პარალელურად საკუთარი სახლებიდან გახიზნულ ადამიანებს სოფლის ცენტრში განლაგებული რუსი სამხედროები რკინის კარებს ფართოდ უღებდნენ. მათი მხრიდან გამოვლენილი ჰუმანურობის დასტურად კი რუსები ფოტო-ვიდეო კამერებს განუწყვეტლივ აჩხარუნებდნენ. რუსი სამხედროების "წუხილი" ანაკლიელებმა ცინიზმად შეაფასეს. 


ანაკლიაში, ზღვის სანაპიროსთან ახლომდებარე დასახლებაში რუსულმა საჰაერო ავიაციამ იერიში დღის სამი საათისთვის მიიტანა. ბომბდამშენებმა პირველი ჭურვი გენადი ჯღარკავას საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამოაგდეს.

გენადი ჯღარკავა: “დაბომბვები რომ დაიწყო, ჩემი სახლიდან ერთი კილომეტრის მოშორებით ვიმყოფებოდი. ცხენით ვიყავი ბალახის მოსაზიდად გასული. ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ რუსების სამიზნე ჩემი სახლი გახდებოდა. დაბომბვები რომ შეწყდა, სახლს მივაშურე. მარტოხელა კაცი ვარ, შინ არავინ მეგულებოდა, მაგრამ მაინც შევშფოთდი. ნანახით გაოგნებული დავრჩი: ჩემს ეზოს ჭიშკარი აღარ ჰქონდა, მის ადგილას კი 8 მეტრი სიგანისა და 4 მეტრი სიღრმის ორმო დამხვდა. ჭურვის აფეთქებას რკინის მესერი მიწაში ჩაეტანა. ეზოს წინ, ზღვის ნაპირისკენ მეორე ისეთივე ორმო გაჩენილიყო, იქაც ჩამოუყრიათ რუსებს ჭურვები...”

ხუთწუთიანი ინტერვალით რუსებმა გენადი ჯღარკავას საცხოვრებელი სახლის მიდამოებში 4 ჭურვი ჩამოაგდეს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თვითმფრინავის მიერ განხორციელებული მანევრები და ჭურვების ჩამოყრა საკუთარი თვალებით იხილეს.

ემზარ ბერულავა: “ჯერ თვითმფრინავის ხმა შემომესმა. შემდეგ დავინახე თუ როგორ შემოფრინდა აფხაზეთის მხრიდან ორი ბომბდამშენი. ისინი ჯერ წრეზე გავიდნენ, მერე ჩვენი ქუჩისკენ შემობრუნდნენ და თითქმის ერთდროულად ორი ჭურვი გამოუშვეს. ვნახე ისიც, თუ როგორ ჩამოვარდა ჭურვები გენადი ჯღარკავას ეზოში”.

გიორგი სოქთოღლი: ”თვითმფრინავების ხმა რომ გავიგონე რატომღაც სახლის სახურავზე ავედი და ზეცას იქედან ვათვალიერებდი. არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი, შიშის გრძნობა უცებ დავკარგე და დაუფიქრებლად ავედი. ჩემი სახლის სახურავიდან რუსების საჰაერო შეტევას ბოლომდე ვაკვირდებოდი. შემზარავი სანახავი იყო...”

აბესალომ ჯღარკავა: “დაბომბვა რომ დაიწყო ჩემი ძმის სახლიდან ასიოდე მეტრში ვიდექი. ქუჩის მეიორე მხარეს ხვედავდი ჩემი ცოლი სახლისკენ როგორ გამორბოდა. ორი ჭურვი ჩემსა დამ მას შორის დაეცა. რამდენიმე ნაბიჯი და ჩემი ცოლი დაიღუპებოდა. იგი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. სახლში ქალიშვილი და შვილიშვილები მყავდა. მთელი ოჯახი რუსების შტაბისკენ გავიქეცით. ჩემი მეზობლებიც იმ მიმართულებით გარბოდნენ. რუსმა სამხედროებმა კარები გაგვიღეს. ჩვენს "დამშვიდებას და ნუგეშს" ცდილობდნენ.

ფოტო და ვიდეო კამერები მოგვიშვირეს. არც ერთ ჩვენთაგანს კრინტი არ დაუძრავს, ბავშვებმაც არაფერი უთხრეს, ან ლაპარაკის თავი სად ჰქონდათ, ერთიანად კანკალებდნენ და “მეშინიას" გაჰყვიროდნენ. რამდენიმე წუთში "ზასტავიდან" აფეთქების ხმა შემოგვესმა. რუსმა ჯარისკაცებმა არ გვითხრეს თუ რა იბომბებოდა. ჩვენ კი გვეგონა სახლებს გვიბომბავდნენ. ერთი რუსის ჯარისკაცი "გვამშვიდებდა" ხშირად: "ნუ გეშინიათ, თქვენ არავინ გერჩითო”. ამაზე მეტი ცინიზმი და ბედის ირონია რაღა გინდა, როცა რუსის ბომბებისგან ისევ რუსი რომ გიცავდა?!”

დაბომბვის ხმა კი რუსი სამხედროების ბლოკ-პოსტიდან დაახლოებით 1 კმ-ში ისმოდა. რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ქართველი მესაზღვრეების შტაბზე მიიტანეს იერიში თუმცა შტაბის ტერიტორიას არც ერთი არ მოხვედრია და არც არავინ დაზარალებულა. მსხვერპლი არც მშვიდობიან მოსახლეობაშია. შავი ზღვის სანაპირო ცეცხლის ალში იყო გახვეული. რუსეთის ავიაციამ იმ ადგილებში 16 ჭურვი ჩამოაგდო.

19 აგვისტოს, საღამოს 10 საათისთვის რუსულ-აფხაზურმა სამხედრო შენაერთებმა განმუხურის პატრიოტთა ბანაკი მთლიანად გადაწვა.

კახა ჩარგაზია: “ანაკლიის ცენტრიდან, იქ სადაც ჩემი სახლი დგას, განმუხურის პატრიოტთა ბანაკი კარგად ჩანს. ფაქტობრივად მდინარე ენგური გვყოფს, რომელიც ამ ადგილზე შავ ზღვას უერთდება. ვხედავდით, თუ როდორ შევიდა ბანაკის ტერიტორიზე 2 ჯავშანმანქანა და ორი სატვირთო მანქანა. ვნახეთ მათი გადაადგილებები, როგორ დარბოდნენ კოტეჯებში და როგორ ასხამდნენ ბენზინს. შემდეგ როგორ წაუკიდეს ცეცხლი და როგორ იწვოდა მთელი სანაპირო...”

ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს 18 აგვისტოს ღამესაც, როდესაც ერთ-ერთ კოტეჯში სავარაუდოდ მათ მიერვე დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა ერთი და აფეთქდა ორი აფხაზი. მათი მოსაზრებით აფხაზების განრისხება შესაძლოა ამ ფაქტსაც უკავშირდებოდეს, თუმცა პატრიოტთა ბანაკის განადგურება მაინც მოსალოდნელი იყო.

განმუხურის ბანაკში 56-ივე დასასვენებელი კოტეჯი გადაწვეს. ხანძრის შედეგად განადგურდა ბუნგალოები, სტადიონები, საზღვაო ინვენტარები და პლაჟი.

ამ დროისათვის რუსულ-აფხაზური სამხედრო შენაერთები უკვე ყოფილი ბანაკის ტერიტორიაზე მხოლოდ პატრულირებას ახდენენ.

ხანძარს გადაურჩა ქართველი პატრიოტების მიერ რკინის ბოძებზე აღმართული  საქართველოს სახელმწიფო 3 დროშა, რომელიც დღემდე ფრიალებს.

თუმცა განმუხურში დღეს აფხაზური დროშაც ფრიალებს. აფხაზურმა შენაერთებმა იგი იმ დღეს ააფრიალეს, როცა განმუხურთან ერთად ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების სხვა სოფლების, ხურჩის, ოტრსანტიის, ფახულანის, მუჟავასა და ფოცხოს ტერიტორიები უკანონოდ დაიკავეს...

ახალი ამბები