კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის 10 დღიანი ბლოკადა

27 აგვისტო, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორიდან

გორის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჰუმანიტარული დახმარების გარეშე რჩება. რამდენიმე უბანში მეგობარი ქვეყნების ნაჩუქარი პროდუქტი ბევრს თვალითაც არ უნახავს. ბლოკირებულ ქალაქში ზოგი დახმარებას სამჯერ იღებდა, ზოგი - არცერთხელ. ამ ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აბრალებს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები საკვებით უკმაყოფილო მოსახლეობას აშინებდნენ კიდეც: რუსების გასვლის შემდეგ გასწავლით ჭკუასო...

,,დაბომბვები რომ დაიწყო, ჩვენი მიმხედავი არავინ იყო. ვინც წასვლა შესძლო, ქალაქიდან გაიქცა, ვინც არა და დავრჩით ქალაქში. მით უმეტეს, არც არავინ გვეუბნებოდა, რა უნდა გვექნა. თუ მართლა წასასვლელები ვიყავით ქალაქიდან,  ვინმეს ხომ უნდა  გავეფრთხილებინეთ. პირიქით, პირველები თვითონ გაიქცნენ ქალაქიდან და მოსახლეობა ისე დატოვეს", - აცხადებს გორის მცხოვრები.

ადგილობრივი ხელისუფლებით მოსახლეობაში მართლაც ბევრია უკმაყოფილო. სტალინის 4-6 ნომერში მცხოვრებლები მაღაზია ,,სამების" მეპატრონის მზეს ფიცულობენ, რადგან მან რუსის ჯარის  ქალაქში ყოფნის დროსაც არ დაკეტა მაღაზია.

,,ჯერ ერთი, მოსალოდნელი ომის პირობებში მოსახლეობას ის მაინც უნდა სცოდნოდა, თავშესაფრებს სად მიეგნო. მე მაგალითად ვიცი, რომ წლების წინ კომუნისტების დროს სამოქალაქო თავდაცვის ე.წ. მიწისქვეშა თავშესაფარი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ არ ვიცი ის დღესაც არსებობს თუ არა. ელემენტარულად, ხელისუფლების წარმომადგენლებს იმაზე მაინც უნდა ეზრუნათ, რომ ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებში მოეთავსებინა", - აცხადებს 60 წლის გრიშა აწკარუნაშვილი, რომელსაც გორი არ მიუტოვებია და არც ნანობს რომ ეს გააკეთა.

სტალინის N4-ში მცხოვრები შუახნის მამაკაცი იხსენებს, რომ რუს ჯარისკაცებთან ტკბილი საუბარით პანიკაც დაიცხრო და შიშიც.

,,11 თუ 12 აგვისტოს სოფელში ვიყავი. ატყდა პანიკა, არიქა რუსები შემოვიდნენ გორში, ყველაფერს წვავენ, ძარცვავენ, კლავენ და ასე შემდეგ. ჩემი სოფელი ხიდისთავი გორთან ახლოსაა და წამოვედი მაინც გორში. იმ დროისთვის ქალაქში სიმშვიდე იყო. ჩავრთე ტელევიზორი, თუმცა იქ საინტერესო არაფერი უთქვიათ. რამდენიმე ხანში გადმოვიხედე ფანჯრიდან და ტანკები დავინახე. ჩემი კორპუსის დაბლა ხიდთან გაჩერდნენ და იქ დადგნენ", - ამბობს შალვა გ-შვილი.

რუსული ტანკების დანახვაზე შუა ხნის მამაკაცს ნერვიულობისგან წნევამ აუწია. სახლში მარტო იყო, რადგან მთელი ოჯახი სოფელში ჰყავდა გახიზნული.

,,ცოტა რომ მომშივდა, დაბლა ჩამოვედი და ჩემს ბედად, მაღაზია ღია დამხვდა. ვენაცვალე, მაგ მაღაზიის პატრონს, ცოტაოდენი პური ჰქონდა დარჩენილი და იმას გვაძლევდა. ამ დროს მაღაზიაში რუსის ჯარისკაცები შემოვიდნენ რაღაცის საყიდლად. თანხას იხდიდნენ. მაღაზიის გამყიდველს უთხრა, რუსული ფული გვაქვს და ვალუტის კურსის მიხედვით, მოგვყიდე საჭმელი და სიგარეტიო. იმის მერეც ჩვეულებრივ შემოდიოდნენ მაღაზიაში და რაც უნდოდათ, იმას ყიდულობდნენ" - ამბობს შალვა გ-შვილი.

სამეფო (ყოფილი ლენინის) ქუჩის მცხოვრებლები იხსენებდნენ, რომ რუსი ჯარისკაცები ქალაქში ყველა მნიშვნელოვან პუნქტს ათვალიერებდნენ.

,,ერთ დილას მე და ჩემი მეზობლები სახლიდან გამოვედით, რადგან დახმარების აღება გვინდოდა. თამარ მეფის ქუჩაზე ოთხი რუსი ჯარისკაცი მოდიოდა ავტომატებით. მათ დანახვაზე ყველანი უცბად შევცბით და დავიბენით. მოგვიახლოვდნენ და ერთი-მეორის მიყოლებით გვითხრეს ,,ზდრასტვუიტე"... ჩვენც, რასაკვირველია, დაძაბულობა მოგვეხსნა და მივესალმეთ. ისინი მე-6 სკოლაში შევიდნენ და იქაურობა გაჩხრიკეს", - ამბობს მარიკა ტ-ძე.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" მესამეჯერ დაბომბილ ქალაქში მაშინ შევიდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. მედვედევის განცხადებას მხოლოდ საჰაერო იერიშების შეწყვეტა მოჰყვა. გორელებმა ამოისუნთქეს და მზის სინათლეზე გამოვიდნენ.

ერთი საათის შემდეგ გორის სატანკო ბატალიონის შენობაში შევედით. კარებთან აფეთქებული ორი მსუბუქი ავტომანქანა და დაზიანებული ორი ტანკი ვნახეთ. შიგნით ტერიტორია მთლიანად გადათხრილი და გადამწვარი დაგვხვდა. უშველებელი ორმოები იმის მაუწყებელი იყო, რომ დიდი ზომის ჭურვებს ცოცხალი ვერავინ გადაურჩებოდა. ცეცხლისგან გატრუსული ხეები შუაზე გადატეხილიყო.

ადგილზე ერთი ჯარისკაცი დაგვხვდა, რომელმაც გვითხრა, მარტო ყაზარმიდან 28 დაღუპული ჯარისკაცი გამოვასვენეთო.  მათ გარდა კიდევ რამდენი დაშავდა, ეს უკვე არ იცოდა.

ახალი ამბები