კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განმუხური - მიტაცებული სოფელი და დევნილებად ქცეული მოსახლეობა

1 სექტემბერი, 2008

 ნანა ფაჟავა,ზუგდიდი

განმუხურის თავზე აფხაზური დროშა ფრიალებს, სოფლის ტერიტორიაზე კი სამი რუსულ-აფხაზური სამხედრო ბლოკ-პოსტია განლაგებული. შეიარაღებული ფორმირებები ტერიტორიაზე დღეში რამდენჯერმე პატრულირებენ. შამგონა-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდთან ე. წ. აფხაზური გამშვები პუნქტი მოქმედებს. ადგილობრივ მოსახლეობას  ზუგდიდის ტერიტორიაზე გადაადგილების სანაცვლოდ აფხაზების მიერ დაწესებული ბაჟის, 10 ლარის გადახდა უწევს. აფხაზებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობებიც არ მოსწონთ და განმუხურელებს რუსეთის ფედერაციის პასპორტების აღებას ურჩევენ. გალის აფხაზური ადმინისტრაცია სოფლის მოსახლეობის "დაპურებაზეც" ზრუნავს და სოფელში პურის ფქვილი შეაქვს. თუმცა განმუხური ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან თითქმის დაიცალა. სოფელში მხოლოდ მოხუცები და შუახნის ადამიანები რჩებიან. განმუხურელების დიდი ნაწილი დევნილებად უკვე დარეგისტრირდა...

ზუგდიდის რაიონის ორი სოფელი, განმუხური და ხურჩა, რომელიც მდინარე ენგურის სანაპიროზე მდებარეობს, დაკარგული და ოკუპირებული ტერიტორიების ნუსხაში შევიდა. ქართულ სოფლებს 12 აგვისტოდან აფხაზურ-რუსული შენაერთები აკონტროლებენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გურიის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა რეგიონალურ სამმართველოში ამ დროისათვის 300-მდე დევნილია რეგისტრირებული.

განმუხურში აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების გამოჩენისთანავე მოსახლეობამ სოფელი მალევე დატოვა. ახალგაზრდებმა, მოზარდებმა და ბავშვებმა თავი ახლომდებარე სოფლებს შეაფარეს. ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სახლები მიატოვეს, ოკუპაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ, მაგრამ ვინაობის გამხელას თავს არიდებენ.

"განმუხურში პირველად ორი ტანკი და 150-კაციანი შეიარაღებული აფხაზურ-რუსული შენაერთი შემოვიდა. 20 კაცი ზღვის პირას, ე.წ. "კოლფეს" ხიდზე დაბანაკდა. 40-მდე ჯარისკაცმა კი დისლოკაციის ადგილად სოფლის ცენტრი და შამგონასთან დამაკავშირებელი ხიდი შეარჩია. ენგურის გამოღმიდან საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორ ჩამოხსნეს აფხაზებმა საქართველოს დროშა  და როგორ აღმართეს - აფხაზური. თავდაპირველად აფხაზებთან ერთად რუსი ჯარისკაცებიც იყვნენ და ხალხს ნაკლებად ერჩოდნენ. ბოლო დღეებში კი ძირითადად აფხაზები არიან და მოროდიორობაც დაიწყეს..."  - განაცხადა სოფლის მცხოვრებმა მამაკაცმა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალბატონები კი თავის ყოფას ასე აღწერენ: "მიტოვებულ სახლებში აფხაზები შედიან და ძარცვავენ. საოჯახო ნივთები მიაქვთ, ფარდებს და ჯამ-ჭურჭელსაც არ ტოვებენ. თუ სადმე საჭმელ-სასმელი ნახეს, გასვლის წინ ჭამენ. სადაც ხალხი დარჩა, იმ სახლებში მიდიან და საჭმელს ითხოვენ. ასე დაძრწიან, არ გვეძალავებიან, მაგრამ გინდა თუ არა, ხომ უნდა გაუმასპინძლდე, სხვა რა გზა გვაქვს?! მაცივარში დაკლული ქათმები გვიდევს ყველას, დიდი ხნით რომ არ დავაყოვნოთ აფხაზები და მალე ვასადილოთ. ასე გამზადებული ვხვდებით მტერს, რომ მორიგი უბედურება თავიდან ავიცილოთ. თუმცა საკვების მარაგიც მალე გამოგველევა, მერე კი აღარ ვიცით..."

"ამ დილით რომ გადმოვედი, განმუხურის ხიდთან 15 აფხაზი იდგა. პირადობის მოწმობა მომთხოვეს და რომ ნახეს, მითხრეს, ჩვენ ქართულად ვერ ვკითხულობთ და მეორედ რომ გამოივლი რუსულად თარგმნილი წამოიღეო. როცა ავუხსენი, რომ ეს შეუძლებელი იყო, ერთ-ერთმა აფხაზმა ,,ბოევიკმა“ გამომიცხადა, წადი გალში და გამოცვალე, რუსული პასპორტი აიღეო. მე კი ვუპასუხე, აჰა, ჩემი პასპორტი და შენ თვითონ გამოცვალე-მეთქი. აფხაზმა მწარედ გამიღიმა. მე მგონი, სახუმაროდ არც მაგას აქვს საქმე... მათ ძალიან კარგად ესმით ქართული და მეგრულადაც მშვენივრად საუბრობენ. პასპორტიდან ამოკითხვაც კარგად შეუძლიათ".

ზუგდიდში მომავალ განმუხურელებს რუსულ პასპორტებთან ერთად აფხაზი ,,ბოევიკები“ ფულს სთხოვენ. ე.წ. გამშვებ პუნქტთან აფხაზებმა ერთი ადამიანის გადმოსვლის საფასურად 10 ლარი დააწესეს. რამდენიმე დღის წინ იგივე ,,ტარიფი“ 3 ლარი იყო. ტვირთის გადმოტანის საფასური მის რაოდენობაზეა დამოკიდებული. იგი 3-დან 30 ლარამდე მერყეობს. ხოლო ერთი ტომარა თხილის გადმოტანა განმუხურელებს 5 ლარი უჯდებათ.

"ორი ტომარა თხილი გადმოვიტანე დღეს და აფხაზებმა 10 ლარი წამგლიჯეს. ამას დავამატოთ ჩემი გამოშვების თანხა და ეს ყველაფერი 20 ლარი დამიჯდა. შემდეგ ზუგდიდამდე ჩამოიტანე... მოკლედ, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. ისიც კი გვითხრეს აფხაზებმა, მალე თხილს გალში ჩააბარებთ, ზუგდიდში გადატანა აგეკრძალებათო", - ამბობს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მამაკაცი.

ზოგიერთმა განმუხურელმა ამ ვითარებიდან გამოსავალი იმაში ნახა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებითა და რძის ნაწარმით დატვირთული ნავებით ისინი განმუხურიდან ანაკლიაში მდინარე ენგურით გადმოდიან. 50-მდე დევნილმა თავშესაფარი ანაკლიაშიც ნახა. ამ გზით განმუხურელები დღის განმავლობაში საკუთარ სახლებში მისვლას, საქონლის დაბინავებასა და თხილის მოგროვებასაც ახერხებენ, შებინდებისას კი უკან ბრუნდებიან.

განმუხურელები ჰყვებიან იმაზეც, თუ როგორ მივიდა მათთან სასაუბროდ ბაღაფშის პირადი წარმომადგენელი გალის რაიონში, რუსლან ქიშმარია და როგორ "აღუთქვა" მოსახლეობას დახმარება. მათი მონათხრობიდან ირკვევა, რომ ქიშმარიამ განმუხურელებს საჩუქრად 10-10 კგ. ფქვილი დაურიგა და რუსული პასპორტების მიღებაც ურჩია. მან თურმე მოსახლეობას საკონტაქტო ტელეფონის ნომრებიც დაუტოვა და მათ მიმართ რაიმე სახის ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში მასთან დაკავშირება სთხოვა.

ამ დრომდე რუსების მიერ ოკუპირებულ ქართულ სოფლებში ვითარების გასაცნობად და მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოში ევროკავშირის ეგიდით მყოფი ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შესვლას ვერ ახერხებს. რამდენიმე დღის წინ ხურჩასა და განმუხურში ჰუმანიტარული დახმარებით მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატი შევიდა, რომლებსაც რუსულ-აფხაზურმა მხარემ ერთჯერადი აქციის ჩატარების ნებართვა მისცა.

ამ დროისათვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გურიის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის დევნილთა რეგიონალურ სამმართველოში ზუგდიდის რაიონის სოფლებიდან დევნილი 300-მდე ადამიანია რეგისტრირებული. მათი რიცხვი კი დღითიდღე იზრდება...

ახალი ამბები