კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიკვდილით გაწყვეტილი "ცოცხალი ჯაჭვი"

3 სექტემბერი, 2008

                                 ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

საქართველოს ერთიანობის დღედ გამოცხადებული 1 სექტემბერი ზუგდიდში ტრაგიკულად დასრულდა. ცოცხალი ჯაჭვი სოფელ რუხთან გაწყდა-გადამეტებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ხელჩაკიდებულ ადამიანებს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. 23 წლის ნატა ჯიჭონაიას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს... მძღოლი, რომელიც საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, პოლიციელი პაატა ქირია აღმოჩნდა.

ნატა ჯიჭონაია და წიფურიების ოჯახი "ცოცხალ ჯაჭვში" აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ რუხთან ჩაება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომანქანა ენგურის ცენტრალური ხიდიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა. რუხის კულტურის სახლთან კი მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და აქციის მონაწილეებს თითქმის ერთდროულად გადაუარა.

"ავტოავარია იმ ადგილიდან, სადაც მე ვიდექი, ხუთიოდე მეტრში მოხდა. ვხედავდი, როგორი სიჩქარითაც მოძრაობდა მანქანა. დავიბენი და გავშეშდი. თითქმის ყველა ასეთ მდგომარეობაში ყოფილა. ნაბიჯიც ვერ გადავდგი უკან... უცებ შეჯახების და მუხრუჭის საზარელი ხმა გაისმა. ავტომანქანა ჯერ ხატია ქობალიას შეეჯახა, შემდეგ წიფურიებს და ბოლოს ნატა ჯიჭონაიას, რომელიც თითქმის 8 მეტრის მანძილზე მოისროლა და ბეტონის ლოდს შეანარცხა... ქობალია მსუბუქად დაშავდა", _ იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შეჯახების შედეგად მიყენებული ტრამვები ნატა ჯიჭონაიასათვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ახალგაზრდა გოგონას მოტეხილობები მთელ სხეულზე ჰქონდა, განსაკუთრებით კი თავი დაუზიანდა. სისხლდენა ყურებიდან და პირის ღრუდან მას ადგილზევე დაეწყო, თუმცა შენელებულმა გულისცემამ იქ შეკრებილ ადამიანებს მისი გადარჩენის იმედი  დაუტოვა. ნატა ჯიჭონაია საავადმყოფოში მიყვანიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა.

ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დღემდეა მოთავსებული 4 წლის გიგი წიფურია. იგი "ცოცხალ ჯაჭვში" მშობლებთან და პატარა დასთან ერთად ჩაება. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე დედამ ხელში აყვანილი შვილი ინსტიქტურად მოისროლა. 2 წლის გოგონა გადარჩა. მძიმედ დაშავებული დედა კი რამდენიმე საათში ზუგდიდიდან თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს. მამა, ფრიდონ წიფურია მძიმე ტრამვებით ამ დრომდე ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა განცხადებით, მძღოლი პაატა ქირია ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. იგი ჯერ კიდევ მაშინ შენიშნეს, როცა ენგურის ხიდის მიმართულებით მიემართებოდა. ზოგიერთი იმასაც იხსენებს, რომ საპატრულო ეკიპაჟმა ავტომანქანა რუხის ტერიტორიაზე, ავტოავარიიდან რამდენიმე წუთით ადრე გააჩერა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. პაატა ქირია ამჟამად დაკავებულია და მომხდართან დაკავშირებით ს. ს. საქმეა არძრული.

საპატრულო სამსახურმა ასეთივე გაფრთხილება 1 სექტემბერს რამდენიმე მძღოლს მისცა, ადმინისტრაციული სასჯელი კი არავის მიუღია. თუმცა, მშვიდობიანი აქცია ზუგდიდში თავიდანვე არაორგანიზებული და უმართავი იყო.

ქალაქი "ცოცხალ ჯაჭვში" ჩასაბმელად დილიდანვე ემზადებოდა. ზუგდიდის მთავარ ხეივანში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ცენტრალურ ქუჩებში ავტომანქანები გადამეტებული სიჩქარით მოძრაობდნენ. იქ მსხდომი აქციის მონაწილეები კი სახელმწიფო დროშებს აფრიალებდნენ და განუწყვეტლივ ყიჟინებდნენ.

ხალხმრავალი იყო ენგურის ცენტრალური ხიდის მისადგომებიც. შეიარაღებული ქართველი პოლიციელები აქციის მონაწილეებს რუს სამხედროებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა "ცოცხალი ჯაჭვის" რამდენიმე "რგოლი" რუს ჯარისკაცებს ლანძღვა-გინების ტექსტს რამდენიმე მეტრიდან მაინც უგზავნიდა. რუხი-ჭუბურხინჯის საზღვართან "ცოცხალი ჯაჭვი" საქართველოს პრეზიდენტის შავ ჩარჩოში ჩასმული პორტრეტით იწყებოდა...

დიდი გაუგებრობა კი სწორედ "ცოცხალ ჯაჭვში" ჩაბმამ გამოიწვია. მოსახლეობამ აქციის დაწყების დროდ საყოველთაოდ გამოცხადებული დღის სამი საათი მიიჩნია, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ იგი რატომღაც ოთხჯერ შეცვალა.

სამი საათისთვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალი ზუგდიდიდან ენგურის ხიდამდე ხელჩაკიდებული ადამიანებით შეივსო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი აქციის მონაწილეებს ჯერ ოთხის ნახევრამდე, შემდეგ 4 საათამდე და ბოლოს 5 საათამდე გადავადება სთხოვეს. თაკარა მზეში ორსაათიანი ლოდინი უმრავლესობამ ვერ შეძლო, მითუმეტეს ამის მიზეზი მათთვის არავის აუხსნია.

სწორედ ამ დროს იმატა ავტომანქანების მოძრაობამ. "ცოცხალი ჯაჭვი" კი ნელ-ნელა იშლებოდა. მსხვერპლით დასრულებული ავტოავარიაც 5 საათისთვის მოხდა...


ახალი ამბები